პატარა ზომის ცხოველია. ზურგზე მუქი წითური ფერის სხვადასხვა იერი გადაჰკრავს, მუცელი კი მოყვითალოა. ცხვირიდან ყურებისაკენ ორივე მხრივ შავი ზოლი მოდის. ყურის ქვემოთ ოდნავი შავი ლაქა ემჩნევა. ბურბუშელა კუდის ორივე მხარეს ბალანი უფრო გრძელი აქვს. ძუძუთა რიცხვი - 8, ქალას სიგრძე - 24 – 26 მმ. ტყის ღნავი ცხოვრობს ბუჩქებზე. მხოლოდ ზამთარში ჩადის მიწაში და ძილს ეძლევა გაზაფხულამდე. ბუდეს იკეთებს მაის-ივნისში ძეძვზე, თხილზე, პანტაზე ან სხვა დაბალ მცენარეზე გზის ბილიკების ახლოს 0,5 – 5,5 მეტრის სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან. ბუდე მომრგვალოა, რომელსაც გვერდიდან შესაძრომი აქვს. მასში აფენს კომშის, კაკლის ან სხვა მცენარეთა ფოთლებს, ან მწვანე ხავსს და ფრინველების ბუმბულს, ზოგჯერ ცხვრის მატყლსაც.
ტყის ღნავი იკვებება შინდის, თხილის, კაკლის ხის, ვაშლისა და სხვა მცენარეთა ნაყოფით, აგრეთვე, ძეძვის თესლითაც.
საჭმლის მოსაპოვებლად იგი ბუდიდან ამოდის ერთი საათით ადრე დაღამებამდე. შემოდგომაზე (ოქტომბერი) იძინებს და მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში იღვიძებს. ბალნის ცვენა ეწყება აგვისტო - სექტემბერში.
ტყის ღნავს მავნებლობა მოაქვს, რადგან იგი ხეხილს ჭამს. ხშირად შემოდის ბაღებში, სახლებში კი - იშვიათად.
საქართველოში ორი ქვესახეობაა:
1. Dyromys nitedula tichomirovi Sat. - მცხეთა და სამხრეთით.
2. Dyromys nitedula caucasicus ognev - კავკასიონის მთავარი ქედი ანანურამდე.