ნიბლია გავრცელებულია ევროპაში, ციმბირში, მცირე აზიაში, სირიაში, პალესტინაში, კავკასიაში, ჩრდ. ირანში, ჩ.-დ. აფრიკაში, აზორისა და კანარის კუნძულებზე.
საქართველოს ფარგლებში ნიბლია მოიპოვება თითქმის ყველგან როგორც მობინადრე და მოზამთრე ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე.
ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ბაღებში, ზოგჯერ ვენახებში, სოფლის ეზოებში. ბუდეს იკეთებს ხეზე, ხშირად საკმაოდ დიდ სიმაღლეზე. აპრილში დებს 4 – 7 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 13 დღემდე. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საკვებს შეადგენენ მწერები, რიგ შემთხვევებში ჭამს პანტას, მსხალს, თესლებს.
ცნობილია ნიბლიას რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში გვხდება კავკასიური ნიბლია - Fringilla coelebs solomkoi.
ი. ჩხიკვიშვილის (1951) ცნობით საქართველოში გვხდება აგრეთვე ევროპული ნიბლიაც - Fringilla coelebs coelebs, რაც არ დასტურდება გ. დემენტიევისა და სხვათა გამოკვლევებით.
