Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძველი ქართული მედიცინა
არქეოლოგიური მასალის მიხედვით

ქართლ ხალხურ მედიცინას მდიდარი ტრადიციები გააჩნია. იგი აერთიანებს, როგორც ემპირიულ ისე ტრადიციულ-წერილობით (კარაბადინების) სამედიცინო ცოდნას. ჩვენამდე მოღწეული სამედიცინო ხელნაწერი წიგნები (XI-XII სს.) იმის დასტურია, რომ თეორიული და პრაქტიკული მედიცინა საქართველოში იმდროინდელი კულტურული მსოფლიოს მოწინავე დონეზე იდგა.
ძველი ქართული მედიცინის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის ანალიზი. საინტერესოა არქეოლოგ გ. ნიორაძის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ საკაჟიას გამოქვაბულში მცხოვრებმა პალეოლითელმა ადამიანმა იცოდა ერთგვარი მალამო - ცხოველის თავის ტვინი ქონთან ერთად.
აღნიშნული სახის მალამოს გამოყენების ფაქტი საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დღესაც შესაძლებელია. მაგ.: სვანეთში ,,ჭრილობის სამკურნალოდ საქონლის ძვლის ტვინსა და ქონის ნაზავს იყენებდნენ~.
ქვის ხანისა და ენეოლითის არქეოლოგიური ძეგლები მედიცინის შესახებ მწირ მასალას იძლევა, მდგომარეობა იცვლება ბრინჯაოს ხანიდან, როდესაც საქართველოს მოსახლეობის კულტურამ და მეურნეობამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. უფრო გვიან, გვიანი ბრინჯაოს და ადრე რკინის ხანაში საქართველო და მთელი კავკასია, განვითარების ტემპებისა და დონის მხრივ ერთ მთლიან ერთეულად ყალიბდება. ქართველი ტომები სხვა ხალხებთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობენ წინა აზიის უძველესი კულტურის შექმნაში.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ძვლოვანი მასალის, სადასტაქრო იარაღების, წამლის მოსამზადებელი და შესანახი ჭურჭლის და სხვ. შესწავლა-გაანალიზებას უკვე კარგა ხანია მიაქციეს ყურადღება მედიცინის ისტორიით დაინტერესებულმა მკვლევარებმა და გამოთქმულია საყურადღებო შეხედულებები.
ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საკითხის შესწავლა იმ მხრივაცაა საინტერესო, რომ საშუალებას გვაძლევს ხალხური მედიცინის შესახებ ყოფაში დაფიქსირებული ცნობები შევაჯეროთ არქეოლოგიურ მასალასთან.

გველის გამოსახულებიანი ჭურჭლის დანიშნულების შესახებ
არქეოლოგიურ მასალებში საერთოდ, და კერძოდ საქართველოშიც, ძალიან ხშირია გამოსახულება ჭურჭელზე, რომლის დანიშნულების შესახებ მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
ბ. კუფტინის მიერ თრიალეთში მოპოვებული გველის გამოსახულებიანი ორი დიდი ჭურჭელი შუა ბრინჯაოს ხანას (ძვ. წ. ა. II ათასწლეულის შუახანები) ეკუთვნის. ბ. კუფტინი მას მიმდინარე წყლის ნაკადს და სამიწათმოქმედო კულტს უკავშირებს.
გველის გამოსახულებიანი ჭურჭელი საქართველოში თრიალეთის გარდა აღმოჩენილია მცხეთაში, ასევე ბაკურციხეში, ქვასათალში, ნაცარგორაზე და სხვ.
ქართველი არქეოლოგები ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ არმაზისხევის ანტიკური დროის ჭურჭლის ყურზე დაძერწილ გველის გამოსახულებას მაგიური დანიშნულება ჰქონდა.
მედიცინის ისტორიის მკვლევარი ლ. კოტეტიშვილი გველის გამოსახულებიან ჭურჭელს მაგიური მედიცინის ხანას უკავშირებს. ზოგი, ქართული ხალხური მედიცინის ისტორიაში პროფესიონალი მკურნალების გამოჩენას.
მცხეთაში, სამთავროს სამაროვანში, ნაპოვნია ძალზე საინტერესო აგებულების თიხის ორსართულიანი ჭურჭელი, გველის რელიეფური გამოსახულებით. იოსინი დათარიღებულია ძვ. წ. VIII-VI სს. მას წამლის მოსამზადებლად მიიჩნევენ.
სვანეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში ჩვენს მიერ დამოწმებულია ნახარში წამლის მოსამზადებელი, სპეციალური ,,ორსართულიანი ჭურჭელი~, რომელსაც შემდეგნაირად აწყობდნენ _ დიდ დოქში თანაბარი რაოდენობის ფიჭვის ფისსა და გოგირდს ჩაყრიდნენ ფენა-ფენად. დოქს დოლბანდით მოუკრავდნენ თავს. ქვაბის სახურავს, ან ფიცარს ისე ამოჭრიდნენ, რომ დოქის პირი შიგ ჩატეულიყო და მას ქვაბზე დააპირქვავებდნენ. შემდეგ ქვაბს მთლიანად და სანახევროდ დოქსაც მიწაში ჩამარხავდნენ. დოქზე ზემოდან ცეცხლს დაანთებდნენ. დოქი ცხელდებოდა, რომ გაწითლდებოდა, შიგ მოთავსებული ფისი დნობას იწყებდა და წამალი ქვაბში იწურებოდა. აღნიშნული წამალი კანის დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
არქეოლოგიური თხრისას კახეთში მოპოვებულია ისეთი ჭურჭლებიც, რომელთაც ყურების მაგივრად გველის, ცხვრის სკულპტურული გამოსახულება აქვთ.
ეთნოგრაფიული მასალებით ცნობილია, რომ მრავალ ხალხში ჭურჭლის ყურს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მაგ., დაღესტანში ჭურჭლის ყურს ავი სულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ უყურო ჭურჭლის დახურვა აუცილებელია, ყურიანისა კი არა, რადგან მასში ეშმაკი ვერ ჩაძვრება.
მცხეთაში აღმოჩენილია ოქროსა და ბრინჯაოს ბეჭდები, რომელთა გემაშიც გამოსახულია მედიცინის მფარველი ღვთაება ასკლეპიოსი.
გამოთქმულია ვარაუდი, რომ ოქროს ბეჭედს მცხეთაში ატარებდა სამეფო კარის მკურნალი ექიმი ხოლო ბრინჯაოს ბეჭედს, შედარებით დაბალი რანგის ექიმი.
მსგავსი ბეჭდები ნაპოვნია ურბნისში და სხვ. ძველ საქართველოში გავრცელებული იყო ისეთი სახის თქმულებები, რომელთა მიხედვითაც საექიმო საქმის სწავლება გველს უკავშირდება, იგი საექიმო სიბრძნის მცოდნეთაა აღიარებული. სვანი სახალხო მკურნალები თავიანთ სამედიცინო ცოდნას გველს უკავშირებენ.
ე.ი. არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ასევე მითოლოგიური გადმოცემებითაც გველი მჭიდროდაა დაკავშირებული სამედიცინო საქმიანობასთან.

ვერძის თავის გამოსახულებიანი ნივთების დანიშნულების შესახებ
გველთან ერთად ხშირია ჭურწელზე თუ სხვა ნივთებზე ვერძის თავის გამოსახულებაც, ხან ერთიმეორის პარალელურად, ხანაც ცალკე. ვერძის თავის სტილიზებული ან რელიეფური გამოსახულება ხშირია თიხის ჭურჭელზე, სარკოფაგის ფეხებზე, ამულეტებზე და სხვა. როგორც ჩანს, მასაც ავი თვალისაგან თუ ავი ძალისაგან დამცავი მნიშვნელობა ჰქონდა.
ცხვარი – ერთი იმ ცხოველთაგანია, რომელთა გამოსახულებასაც ადამიანი ძველთაგანვე მიაწერდა ავი სულებისაგან დაცვის უნარს. შეიძლება იმიტომ, რომ ცხვარი, ჩვეულებრივ სამსხვერპლო ცხოველს, ზვარაკს წარმოადგენდა.
ცხვარი ან ცხვრის თავი საქართველოში ძველი დროიდანვე წარმოადგენს მცირე პლასტიკის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავრცელებულ მოტივს. ფიქრობენ, რომ იგი ალბათ ძირითადად აპოტროფიული ფუნქციის მატარებელი იყო.
ვერძის თავის გამოსახულებანი ნაპოვნია აფხაზეთში, წალკაში. ბეშთაშენის სამაროვანზე აღმოჩნდა ბრინჯაოს აბზინადა, რომლის ნისკარტი რქახვეული ცხვრის თავითაა დაგვირგვინებული. იგი მოიპოვება ყაზბეგის განძშიც და სხვა.
მკვლევართა ნაწილი ვერძის თავისა და გველის გამოსახულებას ჭურჭელზე ერთსა და იმავე მნიშვნელობას ანიჭებს. და ბოლოს, საქართველოში გვიან, შუა საუკუნეებამდე და ზოგან XIX საუკუნიდან შემორჩა წესი, საფლავის ქვების ცხვრის სახით გამოკვეთისა. ცხვარი, როგორც საკულტო ცხოველი, საქართველოში დღესაც ფართოდაა გავრცელებული. წმ. გიორგისათვის შესაწირად, ძირითადად, ცხვარია მიღებული.
წმ. გიორგი კი ბოროტი ძალების წინააღმდეგ იბრძვის და ავი თვალისა და ავი ძალებისაგან დამცავ წმინდანად ითვლება.

სამარხეული ამულეტები
საქართველოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად უხვადაა ნაპოვნი ავი ძალისაგან დამცავი სხვადასხვა ფორმისა და ხარისხის ამულეტები. მაგალითად: სოფ. მელაანის სამლოცველოში, რომელიც მიეკუთვნება ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევარს, აღმოჩენილია 12 საავგაროზე.
მცხეთაში, უმრავლეს სამარხებში, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საავგაროზე ნივთებია აღმოჩენილი. ერთ-ერთში აღმოჩნდა ოქროს რვა ვიწრო სიფრიფანა ლენტი, დაკეცილი და შეკუმშული, თითოეულ მათგანზე `არმაზული~ წარწერის თითო ბწკარი იყო ამოკაწრული, წარწერა ამოუკითხავია, გ. წერეთლის ვარაუდით, იგი რაღაც მაგიურ ტექსტს, შელოცვას უნდა წარმოადგენდეს. ამ აღმოჩენამ დაადასტურა ვარაუდი, რომ ეს თავისებური საგნები ავგაროზებად ჩათვლილიყო. საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დღესაც შეგვიძლია სხვადასხვა ფორმისა და მასალისაგან დამზადებული `შენალოცი~ საგნების დამოწმება, რომლებსაც `ავი თვალისაგან~ დამცველი ფუნქციები აქვს მინიჭებული და მათ გარკვეული წესით ამზადებენ.

არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული სამედიცინო დანიშნულების იარაღ-ჭურჭელი
ძველი ქართული მედიცინის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი სამედიცინო დანიშნულების სადასტაქრო იარაღები თუ წამლის მოსამზადებელი და შესანახი ჭურჭელი.
უძველეს პერიოდში (პალეოლითი, ენეოლითი) ასეთი ხასიათის მასალა საქართველოს ტერიტორიაზე არ მოგვეპოვება. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ობსიდიანის დანები შეიძლებოდა წარმატებით გამოეყენებინათ სადასტაქრო საქმიანობისთვისაც. ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან, უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ზოგიერთ იარაღ-ჭურჭელზე, რომ ისინი სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა. ამ პერიოდის სამარხებში აღმოჩენილია ნეშტრისებრი ბრინჯაოს დანები, ჩქიფები (პინცეტები), სისხლის გამოსაშვები იარაღები და სხვ. ამ საგნების შესწავლა საფუძველს იძლევა, ისინი სამედიცინო დანიშნულების იარაღებად მივიჩნიოთ, შესაძლებელია ზოგიერთი მათგანი ქირურგიულ პრაქტიკაშიც ყოფილიყო გამოყენებული.
პ. ფირფილაშვილმა შეისწავლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთები და გამოთქვა მოსაზრება, რომ ისინი შეიძლება ყოფილიყო, როგორც საოჯახო _ სამეურნეო დანიშნულების, ისე სადასტაქრო გამოყენებისათვის გამიზნული.
წამალთმცოდნე ს. სალუქვაძე თვლის, რომ ბრინჯაოს ნემსებს უფრო ზიანის მოტანა შეეძლო, ვიდრე განკურნება. ამასთანავე, ბრინჯაოს ზონდს იგი მახათს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი ავადმყოფს ახალ იარას გაუჩენდა, რაც გადაჭარბებულად გვეჩვენება, რადგან ზონდი მიჩნეულია ჭრილობებში პატრუქის ჩასადებად და არა გასაკერად.
აღნიშნული პერიოდი – კლასიკური ბრინჯაო – კალანარევი ბრინჯაოს ეპოქაა, რომელიც, დარიშხანიანი ბრინჯაოსაგან განსხვავებით, მავნე მინარევებს არ შეიცავს. აქედან გამომდინარე შეიძლებოდა ზემოაღნიშნული იარაღების სადასტაქროდ გამოიყენება. ბრინჯაოს დანის გამოყენება ოპერაციების ჩასატარებლად შესაბამისი პერიოდის წერილობით წყაროებითაც დასრულდება.  ძვლოვანი მასალის, კერძოდ ტრეპანირებული თავის ქალების შესწავლით დასტურდება, რომ იმ პერიოდში ქირურგიული საქმიანობა საკამაოდ მაღალ დონეზე მდგარა. თავის ქალაზე გაკეთებული ხვრელის ფორმა, კიდეების სისადავე და მისი დამუშავების ნიშნები შესაბამის სადასტაქრო იარაღების არსებობასაც თხოულობდა.
ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება, რომ ხევსური და სვანი სახალხო მკურნალები თავიანთ წარმატებულ სადასტაქრო საქმიანობას ადგილობრივი მჭედლების მიერ გაკეთებული რკინის იარაღებით ეწეოდნენ.
მცხეთაში, სამთავროს სამაროვნის ზოგიერთ სამარხში მრავლადაა აღმოჩენილი მინის ჭურჭელი. ზოგი მათგანი ნელსაცხებლის, ზოგი კი წამლისათვის იყო განკუთვნილი. ყურადღებას იქცევს აღნიშნული ჭურჭლის დიდი რაოდენობით აღმოჩენა სამარხში. მედიცინის ისტორიის მკვლევართა აზრით, აღნიშნული სამარხი უნდა ეკუთვნოდეს წამალმკეთებელს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს საქმე განვითარების მაღალ დონეზე უნდა ყოფილიყო.
წამლისათვის ცალკე ჭურჭლის არსებობის შესახებ ცნობას ჯერ კიდევ არგონავტების მითში ვხვდებით, საიდანაც ვიგებთ, რომ მედეა, უკუნ ღამეში, კასპიურ ნიჟარაში აგროვებდა პრომეთეს ბალახის წვენს. არქეოლოგიური გათხრების დროს I ათასწლეულის სამარხებში ნაპოვნია არაერთი ნიჟარა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ისინი წამლის ჭურჭლად იხმარებოდა. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ქართველ სახალხო მკურნალებს ჰქონიათ წამლის დასამზადებელი (თიხის, თუჯის) და შესანახი (ხის, საქონლის რქის) ჭურჭელი, რომელთაც მხოლოდ აღნიშნული მიზნისათვის იყენებდნენ.
მცხეთაში აღმოჩენილია, აგრეთვე, ძველი ქართული ხელის სასწორი და წვრილი საწონები, რომლებიც I-III საუკუნეებით თარიღდება; აგრეთვე, მინის კოლბა, სითხოვანი წამალი, ფორმების დოზატორი, ასევე I-III საუკუნეებისა, რაც აშკარად მიუთითებს ფარმაცევტულ საქმიანობაზე.

განათხარი ნამკურნალევი ძვლოვანი მასალა
რენტგენოპალეოპათოლოგიური გამოკვლევებით შესაძლებლობა მიეცათ მეცნიერებს დაედგინათ გარდასული დროის ადამიანთა ძვლების ასაკი და კონსტიტუციური თავისებურებანი, პათოლოგიური პროცესების სიძველე, სიხშირე, თავისებურებანი და მათი პათოგეოგრაფია, ინვალიდობის ხანგრძლივობა, ხარისხი და უძველესი საექიმო ტექნიკის მდგომარეობა.
სამედიცინო თვალსაზრისით, საქართველოში მოპოვებული ძვლოვანი მასალა შესწავლილი აქვს ფირფილაშვილს. მათ შორის დეფექტიანი 2 თავის ქალა, რომელთაც აშკარად ემჩნეოდათ მკურნალობის კვალი, განეკუთვნებოდა ძვ. წ. X-Vსს.
საქართველოს მთიანეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში, თავის ქალის ტრეპანაცია XX საუკუნეშიც არის დამოწმებული. იგი სამკურნალო მიზნით კეთდებოდა და ამ საქმეში დახელოვნებულ დასტაქრებს დიდი სახელი და პატივი ჰქონდათ ხალხში დამსახურებული.
ასევე წარმატებით მკურნალობდნენ ძველ საქართველოში სხვადასხვა სახის ტრავმებს, როგორც მოტეხილობებს – მხრის ძვლის მოტეხილობას, იდაყვის ძვლის, წვივის და სხვა, ისე ბასრი იარაღით მოყენებულ ტრავმებს. ამ მიზნით შესწავლილი ძვლოვანი მასალა განეკუთვნება ძვ. წ. XIII-I საუკუნეებს.
ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით სულ ახლო წარსულში ქართველი სახალხო მკურნალები - `დასტაქრები~ (ხევსურეთი) `აქიმები~ (სვანეთი) – დიდი წარმატებით ეწეოდნენ სხვადასხვა სახის ტრავმულ დაზიანებათა მკურნალობას.
ამგვარად, როგორც დავინახეთ, არქეოლოგიური მასალა ქართული მედიცინის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა, რომლის შეჯერებაც ეთნოგრაფიულ მონაცემებთან საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ხევსურათში მოგზაურობისას , ერთერთ კერძო მუზეუმში ...(მგონი ლიკოკელების) ტრეპანაციის ჩასატარებელი ხელსაწყოები ვნახე...ისეთი მინიატურული და ბასრი რომ  მართალი გითხრათ გასაოცარი იყო...


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტვილდიკას აქვს გადაღებული ფოტო და დადებს. ძალიან თხელი და ნატიფი გამოჭედილია. იმ დროინდელი ტექნოლოგიები, ხევსურეთის რეალობაში თუ ამის საშუალებას იძლეოდა ბარაქალა ლიქოკელებს.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?