შხამიანი გველის ამოცნობა ნაკბენით
შხამიან გველს ორი ძირითადი კბილი აქვს ზედა ყბაზე და ნაკბენიც ორ, შედარებით მოზრდილ სისხლმდენ ნაჩხვლეტს ტოვებს სხეულზე.
უშხამო გველის ნაკბენი ნახევარწრედ არის განლაგებული და კბენის ადგილზე ჩანს ექვსი, რვა, ათი და ა. შ. ნაჩხვლეტი.
განსხვავება
უშხამო
შხამიანიროგორ მოვიქცეთ გველის დანახვისას?
გველი არის სრულიად ყრუ და არააგრესიული. ის რეაგირებს ნაბიჯებით გამოწვეულ ვიბრაციაზე და ეშინია მასზე გაცილებით დიდი ცოცხალი არსებების და არა ჩვენი ყვირილის, ამიტომ თუ ქვეწარმავალს შეამჩნევთ, ჩათვალეთ რომ უკვე უსაფრთხოდ ხართ! კბენა, როგორც წესი, ხდება ადამიანისთვის მოულოდნელად, ან მაშინ როცა ადამიანი გველს აწვალებს. საკმარისია გაჩერდეთ, უხმაუროდ ნელა უკან დაიხიოთ და გველი თვითონ გაგეცლებათ.
შხამიანი გველები ცდილობენ ამაოდ არ გახარჯონ შხამი, რომელიც საკვების მოპოვებისთვის სჭირდებათ, ამიტომ სისინით აფრთხილებენ ადამიანს, რათა ახლოს არ მივიდეს და დარჩეს უსაფრთხო მანძილზე. გველი არ არის აგრესიული და მხოლოდ ძალიან ახლოს მისვლის, გაფრთხილების იგნორირების, ფეხის დაბიჯების და ადამიანის მიერ მისი წვალების დროს ცდილობს კბენას.
სად ბინადრობენ გველები და როგორ ავირიდოთ კბენა?
– მღრღნელები ეტანებიან მაღალ ბალახს და დანაგვიანებულ გარემოს, ამიტომ ურბანულ ზონაში სასურველია ბალახის გათიბვა, ნაგვის დროულად გატანა და მღრღნელებთან ბრძოლა, რადგან სადაც მღრღნელები მიდიან, იქ მოდის გველიც.
– ლაშქრობისას სანამ ჩრდილში დაჯდებით, კარგად დააკვირდით გარემოს, რადგან გველიც ჩრდილს ეტანება.
– გველს შესაძლოა გადააწყდეთ წყაროსთან, ან მდინარის პირას.
– ლაშქრობაში, ან მაღალ ბალახსა და ბუჩქნარში შესვლისას ჯობია ჩაიცვათ გრძელი შარვალი და ყელიანი ფეხსაცმელი.
– არ დაუწყოთ ჯოხით წვალება გველს, რადგან აგრესიული ხდება და ეცდება კბენას.
– ასწავლეთ ბავშვებს მოერიდონ გველებს და მათი გავრცელების არეს.
რა სიმპტომები აღენიშნება ადამიანს კბენის შემდეგ და როგორ მოვიქცეთ?
შხამიანი გველის მიერ კბენის შემთხვევაში 3-5 წუთი საკმარისია, რათა ნაკბენზე შეშუპება და ძლიერი ტკივილი განვითარდეს. თუ ეს ორი სიმპტომი არ ვლინდება, საშიში არაფერია, ნაკბენი ჩამოიბანეთ, ბინტით შეიხვიეთ და ექიმს ეწვიეთ.
თუ ნაჩხვლეტი ორია და მტკივნეული, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და ეცადეთ რაც შეიძლება სწრაფად მიხვიდეთ ექიმთან, რადგან მოწამვლა გამოიწვევს დასუსტებას, გულის ღებინებას და სხვა არასასურველ გამოვლინებებს.
აკრძალულია: ლახტის დადება (ეფექტური არაა), ჭრილობის ამოწვა (აზრი არა აქვს), გაჭრა (ეფექტი ნაკლებია), პირით გამოწოვა (დაავადებული პირის ღრუდან ინფექციას შევიტანთ. შეიძლება ცარიელი შპრიცის გამოიყენება), ალკოჰოლის მიღება (აძლიერებს შხამის მოქმედებას)!
მნიშვნელოვანია მშვიდად ყოფნა, რადგან აჩქარებული გულისცემა შხამის ორგანიზმში გავრცელებას უწყობს ხელს. თანაც დროც საკმარისი გაქვთ რეაგირებისათვის და გველის შხამისგან გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი ძალიან დაბალია.
უნდა შევინარჩუნოთ უძრაობა და მივიღოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხე.
კბენა ძირითადად ხდება ხელზე და ფეხზე, ამიტომ უნდა ვეცადოთ მოვიქცეთ ისე, როგორც მოტეხილობის შემთხვევაში, რათა დაზარალებულმა რაც შეიძლება ნაკლებად ამოძრაოს კიდურები.
რა დრო გვაქვს ექიმთან მისვლამდე?
მართალია გიურზას ნაკბენი საშიშია, მაგრამ თუ ადამიანს ალერგია არა აქვს მის შხამზე (რაც დიდი იშვიათობაა. ხოლო შხამი ცილაა და ჭრილობის გარეშე საშიში საერთოდ არაა), ჯანმრთელია და დაიცვა პირველი დახმარების წესი 4-5 საათი გვაქვს საავადმყოფოში მისვლამდე, თუმცა უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება სწრაფად მოვხვდეთ ექიმთან. რეკომენდირებული დრო 40 წუთია, ხოლო დაკბენილთა საშუალო სტატისტიკური გამძლეობა 3 საათია.




ზევით ასვლა









