ოტერჰაუნდი

ოტერჰაუნდი ძველი ბრიტანული მდევარი ძაღლის ჯიშია. ის ძალიან ძველი ჯიშია და მისი წარმოშობის ისტორია არ არის ცნობილი. გამოყვანილია ინგლისში ძველი კელტური მდევრების, ველშჰაუნდების, ბლოგდჰაუნდებისა და ფრანგული უხეშბეწვიანი მდევრების მიზანმიმართული შეჯვარებით. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომ აღნიშნული ჯიშის წყლის სპანიელებისა და ფოქსჰაუნდების ბაზაზეა მიღებული.
პირველი ცნობები, ჩანაწერების სახით, ამ ძაღლზე, მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. ჩანაწერიდან ვგებულობთ, რომ იმ დროისათვის ოტერჰაუნდი ცნობილი იყო ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით.
ოტერჰაუნდი საკმაოდ დიდი ტანის ძაღლია. ხვადების სიმაღლე 61-68 სმ-ია, ძუების 56-66 სმ. დასაშვებია თითქმის ნებისმიერი კომბინაციის ფერი, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება რუხი ან ქვიშისფერი, შავი და ყავისფერი მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქებით. დაფარულია უხეში ბეწვითა და ხშირი წყალგაუმტარი თივთიკით. კიდურები მძლავრი აქვს, ძვლოვანი, სწორი. თითებს შორის შესამჩნევი საცურაო აპკებითაა აღჭურვილი. ოტერჰაუნდი ძალიან ძლიერია, აქვს გრძელი სხეული და მთლიანობაში მძლავრი სხეულის პატრონია, რაც ხელს უწყობს მისი ხანგრძლივ მოქმედებას. სანადიროდ წარმატებით გამოიყენებენ ხმელეთზეც და წყალშიც. ძაღლის ცხვირი ძალიან მგძნობიარეა და უბადლო ყნოსვის უნარი ძალიან ეხმარება ნადირობაში. ოტერჰაუნდი ასევე გამოირჩევა ცნობისმოყვარეობით რის გამოც მას განსაკუთრებული ზედამხედველობა ჭირდება.
ოტერჰაუნდი ძალიან იშვიათი ძაღლია. არსებობს ვარაუდი რომ მსოფლიო მასშტაბით მათი რაოდენობა 1000-ს არ აღემატება. იგი ითვლება, ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ მშობლიური ჯიშის ძაღლად, ბრიტანეთში. 2011 წლის ოფიციალური მონაცემებით ამ წელს დარეგისტრირდა მხოლოდ 15 ახალი ეგზემპლიარი (მსოფლიო მასშტაბით) ოტერჰაუნდი არასოდეს ყოფილა მრავალრიცხოვანი. იგი მეოცე საუკუნეში პოპულარული იყო წავზე სანადიროდ. წავზე ნადირობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა იმ პერიოდისათვის და მასზე უბადლო მონადირე ძაღლის გადარჩენაზე აქტიური ზრუნვაც ამან გამოიწვია.
ეს ჯიში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს ძალიან იშვიათია, ხანდახან გამოჰყავთ მხოლოდ დიდ გამოფენებზე. გამონაკლის შემთხვევაში ამ ძაღლებს ენოტზე სანადიროდაც იყენებენ ისეთ ჭაობიან ადგილებში, სადაც სხვა ჯიშის მდევრები მუშაობაზე უარს ამბობენ.