Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ოქრომრავალი კოლხეთი

391.jpg?w=500&h=333

 

 

 

სამოსის მოსაწყობი ოქროს ნაწილები

საიდან მოვდივართ, როგორია ჩვენი წინაპრების ისტორია, რა ადგილი უჭირავს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კულტურის ისტორიაში და რატომ იყო რომ მუდამ ჩვენსკენ მოისწრაფოდნენ… ასე იყო იმ უშორეს წარსულშიც, როცა ქართველ ტომთა ცხოვრებაზე ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულში წერდნენ ასურელები, ურარტუელები, ძველი ბერძნები, რომაელები. საქართველოს ყოველი კუთხე ისტორიული და კულტურული ძეგლთა საგანძურს წარმოადგენს, რომელიც უამრავი ლეგენდის საბურველშია გახვეული, ისეთშიც კი მსოფლიო საზოგადოების აზროვნებასაც რომ დაამჩნია თავისი კვალი, სადაც ირეალურისა და რეალურის ძიებას მრავალი ასეული წელი შეეწირა, მაგრამ მაინც აქტუალურია და ინტერესს იწვევს მათ შორის ერთ-ერთი თქმულება ,,არგონავტებზე”, ,,მედეასა” და ,,ოქროს საწმისზე”. ძველ ბერძენთა ლაშქრობაზე ოქრომრავალ კოლხეთში უამრავი დაწერილა, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ ინგლისელმა მოგზაურმა ტომ სევერინმა თავისი ,,არგოთი” კიდევ ერთხელ დაარღვია რიონის სიმყუდროვე და ჭყვიშში ამოყო თავი ლეგენდის რეალურობის დასამტკიცებლად. ჭყვიში ვანის რაიონშია, ვანი ყველაზე მეტად შეიძლება მოისაზროს კაცმა აიეტისა და მედეას საუფლოდ, აქ აღმოჩენილი სიძველეთა ნაირფეროვნების გამო. წელსაც აგებენ ,,არგოს” უცხოეთში და ისევ ცდილობენ ლეგენდის რეალობად ქცევას.

ვინც ვანის რაიონული ცენტრის კარიბჭესთან შემოგეგებებათ, ეს ვერძზე ამხედრებული კოლხი ასული მედეაა. სიმბოლო, რომ ფეხს ადგამ იმ მიწას, რომელსაც ამ ასულის ნატერფალი ამჩნევია.

ახვლედიანების გორა… არქეოლოგიური გათხრების ცენტრი…..

თითქმის 150 წელზე მეტი გავიდა, რაც საზოგადოებაში გაჩნდა ინფორმაცია ქუთაისის მახლობლად, ვანში აღმოჩენილ უნიკალურ სიძველეთა შესახებ. ჯერ კიდევ 1847-1848 წლებში საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობდა შესანიშნავი ფრანგი ქართველოლოგი აკადემიკოსი მარი ბროსე. ქუთაისში ყოფნისას საპატიო სტუმრისათვის მიურთმევიათ მამაკაცის თავის ქანდაკება, რომელიც ,,საჩინოს” ერთ-ერთ საფლავში ყოფილა ნაპოვნი. სამწუხაროდ, არავინ იცის დღეს რა ბედი ეწია ამ ქანდაკებას და სად ინახება ახლა იგი. მარი ბროსეს აღწერით, ეს იყო ,,მამაკაცის ბიუსტი მხრების დასაწყისამდე, თმიანი და წვერიანი, არწივისებრი დიდი ცხვირითა და სარდონიკული სიცილით” (ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973 წ. გვ. 281).

ახლა გავარკვიოთ რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ვანსა და საჩინოს.

ძველი ანტიკური ხანის ქართული ნაქალაქარი დაახლოებით 200 მეტრი სიმაღლის სამკუთხა ბორცვზეა განლაგებული და მოიცავს 8,5 ჰექტარ ფართობს. გორაკს ირგვლივ გაბატონებული მდგომარეობა უკავია. აქედან კარგად მოჩანს რიონის დაბლობი, ქალაქი ქუთაისი და შორს სვანეთის მთებიც. აქედან შეიძლებოდა მარჯვედ ედევნებინათ თვალყური ვანზე გამავალი დიდი სავაჭრო გზისათვისაც, რომელიც ინდოეთიდან მოემართებოდა კასპიის ზღვამდე, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით მდ. ყვირილა რიონით აღწევდა შავ ზღვამდე, დღევანდელ ფოთთან (ძველი ქალაქი ფასისი). აქ არა მარტო სატრანსპორტო გზები იყო, არამედ ისეთიც, როგორიც სამხრეთ საქართველოდან, მესხეთი გურიისაკენ მიემართებოდა. ჩვენი აზრით, სრულიადაც არ არის გასაკვირი, რომ ასეთ მნიშვნელოვან სტრატეგიული დანიშნულების ადგილზე ოქრომრავალი კოლხეთის ხელმწიფეს, მზის ღმერთის ჰელიოსის ძეს, აიეტს თავისი სატახტო, ან სამისნო ქალაქი ჰქონდა, რა მოხდა თუ წყაროებში ქალაქი და ქვეყანა ,,აია კუტაია” მოიხსენიება და არსად ჩანს სახელი ,,საჩინო” და ,,ვანი”, ,,აია-კუტაია” საკუთრივ ქუთაისის სამოქალაქოსაც ნიშნავდა და იმ ქვეყანასაც ანუ ტერიტორიას, სადაც მისი პოლიტიკური უფლება ვრცელდებოდა (ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ. ტ. I თბ. 1955. გვ. 299.).

მაინც საიდან იღებს სათავეს ცნობები ვანის ტერიტორიაზე იშვიათი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების არსებობის შესახებ?

1876 წლის ქართული გაზეთი ,,დროება” წერდა: ,,ისე წვიმა არ მოვა, ახვლედიანების კარებთან თან არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, …ხან ბეჭდები, ხან რა და რა ნივთები” ახვლედიანები XVIII საუკუნიდან ლეჩხუმიდან ჩამოსახლებულან და ამ მაღლობზე დასახლებულან. XIX საუკუნის II ნახევარში რამდენიმე ოჯახი იყო, ამიტომ ეძახდნენ ახვლედიანების გორას.

1880 წლის 18 ნოემბერს გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გიორგი წერეთელმა საარქეოლოგიო ყრილობის მოსასამზადებელი კომიტეტის თბილისში გამართულ სხდომას მოახსენა ვანის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის აუცილებლობა.

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა (1879-1897 წწ.-ში) ალექსანდრე სტოიანოვმა, წარმოშობით ბულგარელმა, დიდი ამაგი დასდო ქართული კულტურის პოპულარიზაციას, იგი 1871 წლიდან მოგზაურობდა სვანეთში, აღწერა სვანეთის ყოფა-ცხოვრება, გამოიკვლია სვანური ენა – ხალხური პოეზიის ნიმუშები და გამოსცა წიგნი ,,მოგზაურობა სვანეთში”. ჩვენ ქუთაისის სახელმწიფო ცენტრალურ არქივში მივაკვლიეთ მრავალრიცხოვან მიმოწერას, რომელიც ადასტურებს რომ იგი ერთ-ერთი პირველი დაინტერესდა ვანის საჩინოს სიძველეებით. 1879 წელს სასწავლო ოლქის მზრუნველს აცნობებდა, რომ ,,ქუთაისის მახლობლად სოფელ ვანში, სადაც წვიმის შემდეგ მოსახლეობა ძველ ნივთებს პოულობს, წასული იყო ბავშვებთან ერთად ექსკურსიაზე” მზრუნველს თხოვდა, რომ დაერთო ნება ყოველ შაბათს წაეყვანა მოსწავლეები და მიეცა სამარხების გათხრის უფლება. (ქ ს ც ა ფონდი 94, საქმე 843, გვ. 48, გვ. 198)

მიმოწერიდან ჩანს, რომ ა. სტოიანოვს გამოკვლევა ვანში 1889 წლის 22 მაისს დაუწყია. ეს გათხრები, როგორც პატაკებიდან ვგებულობთ, 6 ივნისამდე გრძელდებოდა და საკმაოდ შედეგიანიც გამოსულა, აქ მოპოვებულმა მასალამ იმდროინდელი პრესისა და საზოგადოების დიდი ყურადგება გამოიწვია (ქ ს ც ა ფონდი 94, საქმე 843, გვ. 203).

სტატიები გამოქვეყნდა იმდროინდელ რუსულ და ქართულ პრესაში, გაზეთ ,,ივერიაში”, ,,ტიფლისკი ნოვოსტში”, “კუტაისკიე ვედომოსტში”, რომლებიც ჩვენ ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოვიძიეთ. შევჩერდებით ერთ მათგანზე (1889 წ. #24). გაზეთები წერდნენ, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელსაც აწარმოებდა გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე სტოიონოვი სოფ. ვანის მახლობლად, უპოვია ოქროსა და ვერცხლის მონეტები, რომლებიც მისი ვარაუდით 2000 წელზე მეტი ხნით ადრე იყო მოჭრილი, რომ ამ ადგილას ჯერ კიდევ ქრისტეს წინარე ეპოქაში ცხოვრობდნენ ბერძნები, რომლებსაც მოწყობილი ჰქონდათ ოქროს და ვერცხლის სადნობი ქარხანა და ზარაფხანა. სტოიანოვის სურვილი იყო მსოფლიოსათვის ეცნობინებინათ ცივილიზაციის ახალი კერის აღმოჩენა.

ვანში გათხრები ჩაუტარებია ფრანგ მეცნიერს იაკობს, რომელსაც აქ ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები გაუთხრია და მის იატაკქვეშ აკლდამა უპოვნია, მაგრამ, როდესაც აკლდამა გახსნეს და იქ არაფერი აღმოჩნდა იაკობმაც მიატოვა იქაურობა.

ვანის სიძველეთა შესწავლას დიდი ამაგი დასდო ექვთიმე თაყაიშვილმა. იგი იყო ერთადერთი ქართველი არქეოლოგი, რომელიც რუსეთის იმპერიის არქეოლოგიური კომისიის დავალება-ნებართვით აწარმოებდა გათხრას საქართველოში.

1947 წლიდან აქ გათხრებს აწარმოებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და ქალბატონი ნინო ხოშტარია. ვანს მთელი თავისი მეცნიერული მოღვაწეობა მიუძღვნა ბატონმა ოთარ ლორთქიფანიძემ, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ატარებდა საერთაშორისო სიმპოზიუმებს და მსოფლიოს აწვდიდა ცნობებს კოლხური კულტურის სიძველისა და იშვიათობის შესახებ.

გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზით დადგენილია ძველი ქალაქის ისტორიული განვითარების ეტაპები დაწყებული ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის ჩათვლით. აღმოჩენილია ძველი ქალაქის კარიბჭე და გალავნის კედლები, საკულტო და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობანი, წარჩინებული ქალისა და მამაკაცის მდიდრული სამარხები – ოქრომჭედლობის უნიკალური ძეგლები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, კოლხური მეურნეობის მრავალფეროვანი ნიმუშები, შემოტანილი ნაწარმი, რამაც თვალსაჩინო გახადა ძველი კოლხეთის საზოგადოების სოციალური, სამეურნეო და კულტურული ცხოვრების დონე.

აქედან მომზირალს თვალწინ გადაგეშლება ულამაზესი პეიზაჟი, ამიტომაც იყო, რომ პროფესორი ოთარ ლორთქიფანიძე ვანს, ისევე როგორც დელფოს, უძველეს სატაძრო ქალაქად მიიჩნევდა, ძველ ქართულ წარმართულ სალოცავად.

დიდი ზომის ქვევრები, შედარებით მომცრო დერგები, მრგვალი ქოთნები, დოქები, სხვადასხვა სასმისები, ტიპიური კოლხური ჭურჭელი ნათლად მეტყველებს, რომ აქ დაწინაურებული ყოფილა მევენახეობა-მეღვინეობა, ტყუილად კი არ ეძახიან საქართველოს დიონისურ ქვეყანას.

“დიონისე ლხინის ღმერთი (ვინც გვეხატა მარანზე)

კოლხიდაში იზრდებოდა – ღმერთების აგარაკზე,

ბავშვობაში აქ დარბოდა ცხენისწყალთან, რიონთან,

მაშინ, როცა ჩვენს ქუთაისს, კუტაია ჰქვიოდა.

აქ დარბოდა და ტყეებში ალებს აწიოკებდა

აქ მღეროდა ჭურისთავზე ყელმაღალა დოქებთან

და ცეკვავდა პორიზონტი ამ რიტმებზე გაზრდილი

ცეკვავდა და კოლხეთის ტანს ეხვეოდა ვაზივით.

(შოთა ნიშნიანიძე)

ვანის ნაქალაქარი იმაზეც მოწმობს, რომ აქაურებს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონიათ მეზობლებთან. აქ არის ბერძნული კერამიკა. სამარხებში აღმოჩენილია ბრინჯაოს, ვერცხლის და თიხის ჭურჭლები, რომელიც არამარტო დასავლურ, არამედ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც იყო შემოსული.

ფრიად საყურადღებოა ლომის თავები. როგორც ჩანს, ლომი დამახასიათებელია ქართული როგორც წინარექრისტიანული, ასევე ქრისტიანული ხანის საკულტო ნაგებობებისათვის. ეს იმასაც ამტკიცებს, რომ ჩვენს უშორეს წინაპრებსაც ჰქონდათ ცოდნა, რომ საქართველო ლომის ზოდიაქოს ნიშნის მატარებელია.

ჩვენს ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი კრამიტის სწორი ფილები, სპეციალური გადაბმის ღარებით, თანამედროვე კრამიტი თითოეულში ალბათ ოთხიც კი გამოიჭრება, ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა – თიხისა და ჩალა-ბალახის ნაზავის ძლიერ ხანძარს გადარჩენილი მკვრივი ფილები. უზარმაზარი ჭურჭლის დეტალები. ჭურჭელი არწივის კლანჭების გამოსახულებიან სადგარზე მდგარა. მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ჭურჭლის ბრინჯაოს ქანდაკებაა – ფრთოსანი ქალღმერთი ნიკე, ძნელია თვალი მოაცილო მას და ასევე ჭურჭლის სხვა მოსართავ ნაწილებს, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის ღმერთის – დიონისეს წრის ღვთაებას გამოსახავს. ამ ქანდაკებებმა წელს არაერთი საერთაშორისო გამოფენა მოიარეს და მსოფლიო განაცვიფრეს.

ვანის არქეოლოგიური გათხრებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოქრომჭედლობის ნიმუშებია – ყელსაბამების, დიადემების, კოლხური ოქროს საყურეების, სასაფეთქლეების მსგავსი ნაკეთობა საქაართველოს გარეთ არ გვხვდება და ქ. წ. V საუკუნის მხოლოდ კოლხეთისათვის არის დამახასიათებელი. ისინი ოქრომჭედელთა ფილიგრანული ტექნიკის შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ და ადასტურებენ, რომ ადგილობრივი წარმომავლობისაა და ოქროს მოპოვების ადგილიც აქვე ახლო-მახლოა. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ აღნიშნულს თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიის პირობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება და სათანადო ყურადღებას საჭიროებს მეცნიერთა მხრიდან, რომ ჩვენი ქვეყნის სიუხვის კიდევ ერთი წყარო იქნეს აღმოჩენილი. ეს გახლავთ ჩვენი მოკრძალებული სურვილი მათ მიმართ, ვისაც ამგვარი საქმე ხელეწიფებათ და უფლებაც აქვთ.

ამ ტერიტორიაზე მაღალგანვითარებული სახელმწიფო და სოციალურად ძლიერი დიფერენცირებული კლასობრივი საზოგადოება არსებობდა, ამას ადასტურებს აღმოჩენილი ქალისა და მხედრის მდიდრული სამარხები, აქვეა ბრინჯაოს კაცუნები, მდიდართა გამოსახულებას ოქროს ყელსაბამი აქვს, ღარიბებისას უბრალო რკინის და ეს ერთსა და იმავე პერიოდში, რაც ნათლად მეტყველებს, რომ საზოგადოება კლასებად იყო დიფერენცირებული. აქვეა აღმოჩენილი მხედრის ბეჭედი, რომელზეც დედატოსი იკითხება.

ვანში გათხრილი სამარხები უნიკალურია იმითაც, რომ აქ ჩატანებული ინვენტარი გამოირჩევა რკინის იარაღის არაჩვეულებრივი სიმრავლით. ამ მხრივ მას მსოფლიოში ცნობილი სკვითური სამარხებიც ვერ შეედრება. ბერძენთა სამარხებში იარაღის ჩატანება საკმაოდ იშვიათია, აქედანაც ბათილდება ის მოსაზრება, რომ ეს ადგილი ბერძენთა საცხოვრისი იყო და არსებული ცივილიზაცია არაქართველური მოდგმის ტომებს ეკუთვნოდათ. შავლაკიანი ჭურჭლის აღმოჩენით მტკიცდება, რომ ძვ. წ. IV საუკუნეში კოლხეთს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰონდა ანტიკურ სამყაროსთან, ათენთან, სინოპთან, რადგან აქ აღმოჩენილი კოლხური ამფორები, სინოპური ამფორების მობაძვითაა დამზადებული. წითელი ფერის მსხლის ფორმის ცალყურა დოქის აღმოჩენა ვანში ადასტურებს, რომ აქ მცხოვრებ ხალხს აღმოსავლეთ საქართველოსთანაც ჰქონია სავაჭრო ურთიერთობა.

მაინც რა არის ოქროს საწმისი? უძველეს ბერძენთა გონებას ასე რომ აღელვებდა და დღესაც კი არ დაკარგულა ინტერესი მისი შეცნობის მიმართ. იგი საიდუმლოებით მოცული “შვიდბეჭდიანი წიგნია” ჯერაც. იაზონმა ოქროს საწმისი მედეას დახმარებით მოიპოვა, მაშასადამე, მედეა სიბრძნეა, გონია, ლოგოსია”.5 აქაც შეიკრა სამკუთხედი ოქროს საწმისი, სიუხვის, უზენაესობის სიმბოლო – მედეა, სიბრძნე და გონი, თავისი წამალთმცოდნეობის საიდუმლოს ცოდნით – იაზონი, ადამიანი ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელსაც უზენაესის დაუფლება უნდა.

ზოგიერთი ბერძენი ავტორის ცნობით, კოლხეთში დაცული ტყავი ნამდვილი ოქროს საწმისი კი არ იყო, არამედ ტყავებზე ნაწერი წიგნი, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ოქრო ქიმიის საშუალებით. ბიზანტიელი ევსტათი თესალონიკელი (XII ს.) ამბობს, რომ “ოქროს საწმისი” იყო ეტრატებზე აღნუსხული ხერხი ოქროდამწერლობისა, რომლის გამოც, ამბობენ “არგოს” ლაშქრობა მოეწყო”.

ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა ერთი რამ, ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული, ანტიკურსა და შემდგომ ბიზანტიურ სამყაროში არსებობდა ძლიერი რწმენა, რომ ოქროს საწმისი ყველა შემთხვევაში განიხილებოდა როგორც არა მარტო ოქროს ბეწვიანი ტყავი, არამედ ცოდნის, სიბრძნის, სიუხვის მატარებელი უზენაესი სიმბოლო და, ამასთან, ისიც, რომ დასავლეთ საქართველოში დამწერლობის ტრადიცია ისევ და ისევ ლეგენდარულ აიამდე ადიოდა. ამიტომაც არის ჩვენთვის ასე მისაღები აკაკი ბაქრაძის მოსაზრება ოქროს საწმისის სიუხვის, სიბრძნის მატარებელი უზენაესი სიმბოლოს შესახებ. თუმც არსებობს სხვა სინამდვილეც, უდიდესი გეოგრაფოსი სტრაბონი წერდა კოლხეთის მდინარეებში ოქროს მოპოვების შესახებ ცხვრის ტყავების მეშვეობით. მწერალ აპიანეს ცნობით: “კავკასიონიდან გამომდინარე მრავალ ნაკადულს უჩინარი ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. ადგილობრივი მცხოვრებლები მდინარეში სქელმატყლიან ცხვრის ტყავებს დებენ და აგროვებენ ქვიშას, რომელიც ამ ტყავებზე რჩება, შეიძლება ამგვარიც იყო აიეტის ოქროს საწმისი”.9 უაღრესად საინტერესოა, რომ ოქროს მოპოვების ბერძენ მწერალთა მიერ ზემოაღწერილი წესი, თითქმის უკანასკნელ დრომდე შემოინახა სვანეთში, რასაც სატელევიზიო გადაცემა “დროებაში” 2005 წელს გასული სიუჟეტიც ადასტურებს.ზემოთ ნახსენებ კირბებზე ქვემოთ გვექნება საუბარი, ფესტოსის დისკოსთან დაკავშირებით.

და მაინც ოქროს საწმისი გაცდა კოლხურ რეალობას და იგი უცხოურ სამყაროშიც ჩვეული ბრწყინვალებით დამკვიდრდა როგორც “დიდი სიმდიდრის” სიმბოლო. ბურგუნდიაში, ავსტრიასა და ესპანეთში არსებობდა უმაღლესი ჯილდო “ოქროს საწმისის” ორდენი.

ჩვენ წარმოვადგენთ 2004-2005-2006 წლებში მოპოვებულ ნიმუშებსაც.

ექსპედიციის დროს ნანახი მასალებიდან, რომელიც მოიცავდა ხარაგაულის, ჭიათურისა და საჩხერის რაიონებს, კერძოდ საირხეს, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ოქროს საყურეებმა, სასაფეთქლეებმა, მძივებმა, რომლებიც ვანში ნაპოვნი ოქროს სამკაულების იდენტურია და ხშირად ვერც გაარჩევ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კოლხეთი მართლაც ოქრომრავალი ყოფილა და აგრეთვე არსებობდა კოლხური ოქრომჭედლობის სკოლა, რომლის ცენტრადაც შეიძლება დღევანდელი ვანი მოვიაზროთ. აქ აღმოჩენილ ნაკეთობათა სიმრავლის გამო და მისი არეალი ლიხსაჭეთა ქედიდან შავიზღვისპირეთამდე ვრცელდებოდა. ამას ადასტურებს ცაიში არქეოლოგიური გათხრებიც, რომლებსაც ქვემოთ შევეხებით.

სოფელ ცაიშის (ზუგდიდის რაიონი) მკვიდრის რევაზ თუფურიას ეზოში აღმოჩენილია კოლხური სამარხი, რომელიც ჩვენს ერამდე III საუკუნით თარიღდება. სამარხში ბევრი უნიკალური ნივთია. პირველი ნივთი – ბრინჯაოს სამაჯური – ცაიშის მკვიდრმა და მისმა ოჯახის წევრებმა ჯერ კიდევ 1997 წელს აღმოაჩინეს, ამის შემდეგ ისინი თავის ნაკვეთში რამდენჯერმე წააწყდნენ მსგავს ნივთებს, რის შემდეგაც ოჯახის უფროსმა ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს მიმართა.

არქეოლოგებმა საცდელი გათხრები ჩაატარეს და ძლიერ დაინტერესდნენ ნამარხი ადგილებით. სამარხში, 1,6 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს ექვსასამდე საგანი, რომლებიც თარიღდება ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნით. ესენია: ვერძის ბრინჯაოს სკულპტურები, ცხენზე მჯდარი ქალისა და ბავშვის ქანდაკება, ოქროს სამკაულები, ათასამდე სერდოლიკის, ოპალის, გიშრის, მინისა და ოქროს მძივი, ასევე ბრინჯაოსაგან დამზადებული ცენტრალურ-ამიერკავკასიური ტიპის ქამარი ჭედურობით, რომელზეც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სცენებია გამოსახული.
მეცნიერთა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კოლხური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის რევაზ პაპუაშვილის სიტყვებით, ყველა აღმოჩენილი სამკაული ადრეული ანტიკური პერიოდის კოლხური მოოქროვების პროტოტიპია, რაც შეეხება მძივებს, მათი ნაწილი შესაძლებელია სირიიდან და ეგვიპტიდან ყოფილიყო შემოტანილი.
არქეოლოგების შეტყობინებით, სამარხში დაკრძალულია ორასამდე ადამიანი, ამასთან, დამარხვის ხერხი (მხოლოდ ხელისა და ფეხის მტევნები და თავის ქალები) კოლხურ წესს ადასტურებს, რომლებიც აღწერილია ძველი ბერძენი ისტორიკოსების მიერ. მითში არგონავტების შესახებ საუბარია იმის შესახებ, რომ კოლხები მიცვალებულს ახვევდნენ ხარის ტყავში, კიდებდნენ ხეზე და მას შემდეგ, რაც გვამიდან ჩონჩხი დარჩებოდა, კიდურებისა და თავის ქალის ძვლებს მარხავდნენ კოლექტიურ საფლავში, ნარჩენებს კი წვავდნენ.
ამჟამად ცაიშის გათხრები წარმოებს 60 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

გასული 2007 წელი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქართული ისტორიული საგანძურის წლად. ქართველი არქეოლოგების უნიკალური აღმოჩენები მსოფლიომ გაიცნო. მსგავსი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. დეკემბერში გამოფენა ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის არტურ მ. საკლერის გალერეაში მოეწყო.

Washington Post-ი წერდა: „ქვეყანა, სადაც პირველად დაიწყეს ღვინის დაწურვა… ქვეყანა, სადაც რკინას ამუშავებდნენ, როცა სხვა ერები ჯერ კიდევ სპილენძს ადნობდნენ… თქვენ, კოლხები, განთქმული ხართ ოქროსა და ძვირფასი ქვების დამუშავებით. სწორედ ამან აიძულა ბერძენი გმირი იაზონი ოქროს საწმისის ხელში ჩასაგდებად კოლხეთში გამგზავრებულიყო“.

შეფასებები მართლაც სასიხარულო იყო ძველი ისტორიის მქონე ევროპაშიც:

„ოქროს საწმისის ქვეყანა არებობს. მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიციაც ამის დადასტურებაა…საქართველოს განძი ერთეტიკურად და ტექნიკური შესრულებით უმაღლესი დონისაა“ – France Catholique.

“ექსპოზიციას ევროპაში მოაქვს შავი ზღვის ამ მშვენიერ ქვეყანაზე ცნობა. ვანის სამარხები საბოლოოდ გადააჯაჭვავს ერთმანეთს არგონავტების მითსა და რეალობას“ – Sortir ici et ailleurs.

“ოქრომჭედლობის უმაღლესმა დონემ და იშვიათმა ამაღლებულმა წარმოსახვამ ეს გამოფენა ნამდვილ სასწაულად აქცია. დამთვარიელებელი გაოგნებული დარჩა… ანტიკური საქართველო, ოქროს საწმისის სამშობლო, თავის საგანძურს გვიჩვენებს” – France Catholique.

აშშ გამოფენის შემდეგ შედგა კონფერენცია. გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ ორი გვერდი დაუთმო ჩვენს გამოფენას. ნამდვილად საამაყოდ გვაქვს საქმე, საქართველო არის პირველი ევროპელების ქვეყანა, ის ღვინის სამშობლოა, ოქროს საწმისის ქვეყანა და დიდი კულტურა აქვს. ამიტომაც სურს ყველას მისი გაცნობა.

დ.ვერულავა


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

"პირველი ევროპელების სახელმწიფო"

-ვაშინგტონ პოსტი

:ki:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?