წყნარი გოლიათი, ირლანდიური ვულფჰაუნდი, იგივე მგელმგუდავი, ბავშვების მოყვარული და ალერსიანი ძაღლია . ოდესღაც ის მგლებზე სანადიროდ გამოიყენებოდა და თანაც ისეთი წარმატებით, რომ ეს მტაცებლები ბრიტანეთის კუნძულებიდან გაქრნენ.
ამის შემდეგ ჯიში უფუნქციოდ დარჩა და გადაშენების საფრთხის წინაშე დადგა. იგი 140 წლის წინ გადაარჩინა ბრიტანული არმიის ოფიცერმა, კაპიტანმა ჯორჯ გრემმა, რომელიც მიხვდა, რომ ამ ძაღლისგან შესანიშნავი მაშველი დადგებოდა. მართალია, მგლის მკვლელია, მაგრამ ბუნებით წყნარი, ერთგული და ალერსიანი ძაღლია. ყეფა არ უყვარს, სამაგიეროდ, დაუპატიჟებელ სტუმრებს სხეულის ზომებით აშინებს. თუ უხეში ბეწვი ხშირად არ დავარცხნეთ, აებურდება. მოაჭერით აბურდული ადგილები, შეაკრიჭეთ ბალანი თვალებისა და ყურების ირგვლივ ბლაგწვერიანი მაკრატლით. ირლანდიური ვულფჰაუნდები მიდრეკილნი არიან სიზარმაცისაკენ და სჭირდებათ რეგულარული, მაგრამ ზომიერი ვარჯიში.
გიგანტური ირლანდიური ვულფჰაუნდი მსოფლიოში ყველაზე მაღალტანიანი ჯიშია. ის მოსიყვარულე და სანდოა ბავშვებთან, მაგრამ შეიძლება თავისი ძლერი კუდით უნებლიეთ წააქციოს რომელიმე მათგანი.
კუდი
გრძელი, ოდნავ აპრეხილი და ბეწვით სრულად დაფარული.
თათები
დიდი და მრგვალი, ამოზნექილი თითებითა და ძლიერი, მოხრილი ბრჭყალებით.
ბეწვი
უხეში, ნაცრისფერი, თრთვილა, წითური, შავი, ჩალისფერი და თეთრი.
ტანი
მასიური და დაკუნთული, დიდი გულმკერდით და ძლიერი კისრით.
სახე
გრძელი და ოდნავ წაწვეტებული, ჭკვიანური და მიმზიდველი გამომეტყველებით.
ფეხები
წინა ფეხები მაგარი და სწორი, უკანა ფეხები დაკუნთული და ძლიერი.
თვალები
დიდი, მრგვალი და მუქი ყავისფერი.
ცხვირი
შავი, ტყავის და კარგი პროპორციის.

იცით, რომ...
ყველა სხვა ჯიშის ძაღლზე უფრო დიდი ზომისა და სისწრაფის ირლანდიური ვულფჰაუნდი უბადლო ათლეტია და ბევრ სირბილს უძლებს. ეს ჯიში კარგადაა აღწერილი ძველ ირლანდიურ ანდაზაში: "მშვიდია, როცა ეფერებიან, მძვინვარებს, როცა თავს ესხმიან".
ყურადღება!
სახსრების დაზიანებას რომ აარიდოთ, ამ ჯიშის ახალგაზრდა ძაღლები დიდი ხნის
განმავლობაში არ ასეირნოთ.
მისი შენახვა საკმაოდ რთულია და ძვირიც ჯდება.
მონაცემები:
წარმოშობა – ირლანდია
მთავ. დანიშნულება – მგლებზე ნადირობა
ტემპერამენტი – მშვიდი, წყნარი
სიც. ხანგრძლიბობა – 8-10 წელი
მოვლა – ყოველდღ. ვარცხნა
ვარჯიში – რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე – ნორმალური
ხვადი
81-95 სმ;
52-57 კგ
ძუ
71-81 სმ;
45-50 კგ