Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
 

„კავშირი შროშანსა და ნახევარმთვარეს შორის" - ფრანკო-ოსმალური ალიანსი (XVI-XVIII სს.)

 
Francois_I_Suleiman.jpg
 
ფრანკო-ოსმალური ალიანსი 1528 წლიდან შეკრეს ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I ბრწყინვალემ  და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა და მან XIX საუკუნემდე იარსება. ალიანსის მთავარ მიზანს კი წარმოადგენდა საერთო მოწინააღმდეგის, კარლოს V ჰაბსბურგის სახელმწიფოს დასუსტება და შევიწროება. იმ კარლ V-სა, რომელსაც თავი ერთიანი კათოლიკური იმპერიის მონარქად, საყოველთაო მბრძანებლად და ჭეშმარიტ კათოლიკეთა მამად წარმოედგინა.  ეს ორივე მხარის საერთო ინტერესი იყო და სწორედ ამიტომაც გამოდგა ეს კავშირი ასეთი მყარი.
„XV საუკუნის ინგლისი ჯერ კიდევ შედარებით უმნიშვნელო სახელმწიფოს წარმოადგენდა 3,5-4 მილიონიანი მოსახლეობით, პირველ ადგილს კი ევროპაში საფრანგეთი და ესპანეთი იყოფდნენ, რომელთაც XVI საუკუნის დასაწყისისთვის დასრულებული ჰქონდათ ტერიტორიული გაერთიანება. პირველი მათგანის მოსახლეობა 15 მილიონამდე აღწევდა, მეორესი კი 10 მილიონამდე. ეს კი მნიშვნელოვანი უპირატესობა გახლდათ დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებაში." ფრანკო-ოსმალური ალიანსის შექმნა დიპლომატიური ხელოვნების ისტორიაში ახალი ნაბიჯი იყო, რადგან ეს გახლდათ „პირველი არაიდეოლოგიური დიპლომატიური კავშირი ქრისტიანულსა და ისლამურ იმპერიებს შორის".  ასეთი ხასიათის ალიანსის ჩამოყალიბებამ გამოიწვია მასშტაბური სკანდალი ქრისტიანულ სამყაროში და მას „ნახევარმთვარისა და შროშანის მკრეხელური კავშირი" და „ცოდვილი, ბილწი ალიანსი".  ამის მთავარი მიზეზად კი ოსმალთა მუსლიმობა სახელდებოდა, რის გამოც თურქები ქრისტიანობის საერთო მტრებად ითვლებოდნენ. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში რელიგიურმა ფაქტორმა უკანა პლანზე გადაიწია და შუასაუკუნოვანი „ჯვაროსნული" ომები წარსულს ჩაბარდა. ევროპული ქვეყნები ცდილობდნენ ოსმალეთთან და ირანთან ახალი ურთიერთობების გამოძებნას, ალიანსების შეკვრას და ერთმანეთის წინააღმდეგ ამ ისლამური ქვეყნების გამოყენებას. აღმოსავლეთთან კავშირმა და ურთიერთობამ ევროპულ დიპლომატიას ბევრი სიახლე მოუტანა და დიდი როლი ითამაშა ევროპის ახალ ისტორიაში. 
ოსმალეთის იმპერიის აღზევება
ოსმალეთის იმპერიის აღზევების პერიოდი XV საუკუნის მეორე ნახევრიდან, სულთან მეჰმედ II-ს  წარმატებული მმართველობიდან დაიწყო და სულთან სულეიმან I ბრწყინვალის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა. სულეიმანის მმართველობა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო ოსმალეთის ისტორიაში, 46 წელი გრძელდებოდა და სწორედ ამ დროს მიაღწია იმპერიამ თავისი ძლიერების მწვერვალს.  ოსმალეთი მაშინდელი ევროპის უძლიერეს ქვეყნად ჩამოყალიბდა. 
Zonaro_GatesofConst.jpg
მეჰმედ II შედის კონსტანტინოპოლში. ფაუსტო ზონაროს ნახატი (XIX-XX საუკუნეების მიჯნა)
 
„თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში თურქთა მმართველობა ვრცელდებოდა მთელ ბალკანურ ევროპაზე,  ცენტრალური ევროპის ნაწილზე,  არაბულ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაზე (მაროკოს გამოკლებით). ამ დროს განვითარდა ოსმალური ხელოვნება, მხატვრობა, არქიტექტურა. შენდებოდა უზარმაზარი, მდიდრული მეჩეთები. მთავარი კი ის იყო, რომ ოსმალთა სულთანი თითქმის მთელ აღმოსავლურ ვაჭრობას აკონტროლებდა - ინდოეთის ოკეანიდან წითელი ზღვის ან სპარსეთის ყურის გავლით სავაჭრო გზები კვეთდა არაბულ სამყაროს, აღწევდა ხმელთაშუა ზღვამდე, საიდანაც მიემართებოდა დასავლეთ ევროპული ქვეყნების დედაქალაქებისკენ, რომელთაც იმ დროისთვის ჯერაც არ დაეწყოთ რეგულარულად სამხრეთ აფრიკის გავლით ინდოეთის სავაჭრო გზაზე გასვლა."  ვაჭრობით ოსმალეთი უზარმაზარ შემოსავალს იღებდა, რასაც დაპყრობილი პროვინციებიდან შემოსული გადასახადებიც ემატებოდა. ეს კი საშუალებას აძლევდა იმპერიას დაეფინანსებინა ახალი დაპყრობითი ლაშქრობები. „ამავდროულად, თურქეთის ფეოდალური საზოგადოება, თავად საჭიროებდა ახალი ლაშქრობების მოწყობას, შემოსავლის წყაროების მოსაძებნად. 
ottomanmap.jpg
ოსმალეთის იმპერიის ზრდა 1300-დან 1566 წლამდე
 
ამიტომაც, ბალკანეთის დაკავების შემდეგ, სულთანი სულეიმანი ევროპაში უფრო ღრმად შეჭრის აუცილებლობასაც ხედავდა".  ოსმალეთი არც იტალიის ტერიტორიების შემოერთებაზე ამბობდა უარს და ამისთვის ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის აღებამდე დაიწყო ზრუნვა, თუმცა უშედეგოდ. იტალიაში ფეხის მოკიდება ვერც მეჰმედ II-მ და ვერც მისმა მემკვიდრეებმა ვერ შეძლეს, მათ შორის ვერც სულეიმან ბრწყინვალემ. 
პირველი კავშირი საფრანგეთსა და ოსმალეთს შორის
„XVI საუკუნიდან ოსმალეთის ტერიტორიული გაფართოება სამი მიმართულებით მიმდინარეობდა - აღმოსავლეთით (სადაც მთავარ მოწინააღმდეგეს სეფიანთა ირანი წარმოადგენდა); სამხრეთით (ჩრდილოეთ აფრიკა, ეგვიპტე, სირია) და დასავლეთით (ჩრდილო-დასავლეთ ბალკანეთი, ცენტრალური ევროპა)."  ამ უკანასკნელ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სულთანმა სულეიმან I-მა. მან 1521 წელს ბელგრადი აიღო, 1526 წელს ბუდა, თუმცა 1529 წელს მარცხი განიცადა ვენასთან ბრძოლებში. მიუხედავად ამისა, სულეიმანის სიკვდილამდე, ოსმალეთი უძლიერეს სახელმწიფოდ რჩებოდა. ფრანკო-ოსმალურ ალიანსს საფუძველი სწორედ სულთან სულეიმანის ევროპულმა ინტერესებმა და ოსმალეთისა და ჰაბსბურგთა იმპერიის შეჯახებამ ჩაუყარა. ჰაბსბურგები საერთო მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ მათთვის და საფრანგეთისთვის, რომლის მმართველი მეფე ფრანსუა I კარლოს V-ს დაუძინებელი მტერი იყო. 
Suleiman_Agostino.JPG
სულეიმან I ვენეციაში სპეციალურად მისთვის დამზადებული 115 000 დუკატად შეფასებული გვირგვინით. აგოსტინო ვენეციანოს გრავიურა, XVI ს. 
 
საფრანგეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ ლუი XI-ს დროს მოხდა, რის შესახებაც ინფორმაციას ფილიპ დე კომინი გვაძლევს.  1500 წელს კი ეგვიპტის სასულთნოსთან ლუი XII-ს გაფორმებული დოკუმენტი ე.წ. „Capitulations"  გადაიხედა სულთან სულეიმანის დროს, როდესაც ეგვიპტე უკვე ოსმალებს ეპყრათ. ფრანგები მოკავშირეებს ცენტრალურ ევროპაში ჯერ კიდევ 1522 წლიდან ეძებდნენ, როდესაც იტალიური ომების ერთ-ერთ გენერალურ ბრძოლაში ბიკოკესთან, ფრანგები დამარცხდნენ საღვთო რომის იმპერიისა და პაპის ძალებთან. 1524 წელს ფრანგთა მეფე ფრანსუა I-მა კავშირი შეკრა პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ I-თან. 1525 წელს ფრანსუა კვლავ დამარცხდა პავიასთან ბრძოლაში კარლოსის წინააღმდეგ და ტყვედ ჩავარდა.  „პავიასთან დამარცხებამ საფრანგეთს დააკარგვინა პირველობა იტალიაში. ბატონობა სიცილიასა და ნეაპოლში, მილანსა და მთელ ნახევარკუნძულზე, ახლა კარლოს V-ს ხელში გადადიოდა."  1526 წლის 14 იანვარს იგი იძულებული გახდა ხელი მოეწერა მადრიდის ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი კარგავდა ბურგუნდიას, არტუას, ფლანდრიას, ნეაპოლს, კისრულობდა დიდ კოტრიბუციას და პირობას დებდა რომ ცოლად შეირთავდა იმპერატორ კარლოსის დას ელეონორას.
Emperor_charles_v.png
კარლოს V. ხუან პანტოხა დე ლა კრუზის ნახატი, 1605 წ. 

 „პავიასთან ბრძოლის შემდეგ, ფრანსუას დედამ ლუიზა სავოიელმა სულეიმან I-თან გაგზავნა დიპლომატიური მისია, მაგრამ მისიამ მხოლოდ ბოსნიამდე მიაღწია."  მეორე მისიამ კი ჟან ფრანჯიპანის მეთაურობით მიაღწია კონსტანტინოპოლს და სულთანს ფრანგი დედოფლის საიდუმლო წერილი გადასცა. სულთანმა იმედის მომცემი საპასუხო წერილით დიპლომატი უკან გაისტუმრა. ფრანჯიპანი უკვე განთავისუფლებულ მეფე ფრანსუასთან 1526 წლის 6 თებერვალს ჩავიდა.  ოსმალებმა კი იმავე წელს შეუტიეს უნგრეთს და მოჰაჩთან დაამარცხეს უნგრეთის მეფე ლაიოშ II, რომელიც ბრძოლის ველზე დაიღუპა.  მოჰაჩთან გამარჯვებითა და უნგრეთის დაკავებით, ოსმალეთი გახდა ევროპის უძლიერესი სახელმწიფო, რომლის მსგავსი ბიზანტიის იმპერიის ძლიერების ხანიდან არ ყოფილა. ოსმალეთის განმტკიცებას დაპყრობილ მიწებზე ხელი შეუწყო ევროპის რელიგიურმა რეფორმაციამ და კათოლიკური ეკლესიის შესუსტებამ. მიუხედავად იმისა, რომ კონტრრეფორმაციაში ცოცხლობდა ჯვაროსნული იდეალები, მაგრამ ლეპანტოს ბრძოლაში (1571) გამარჯვებაც კი, არ გამოდგა საკმარისი, რათა შეეჩერებინა ოსმალეთის წინსვლა.  
Hans_Bocksberger_%28I%29_-_Emperor_Ferdi
                             ფერდინანდ I. ჰანს ბოკსბერგერის ნახატი, 1550-1555
„ამ პერიოდში არც კარლოს V იყო დიპლომატიურ ასპარეზზე უმოქმედოდ. იგი შეუკავშირდა სეფიანთა ირანის მმართველს შაჰ თამაზ I-ს და ზურგიდან შეუქმნა საფრთხე ოსმალეთის იმპერიას. იმპერატორის ელჩები ირანში ორჯერ ჩავიდნენ - 1525 და 1529 წელს და ყველანაირად შეეცადნენ ოსმალეთთან ომში ჩაეთრიათ სეფიანები",  რაც გამოუვიდათ კიდეც. ირანისა და ოსმალეთის ახალი ომი 1532-დან 1555 წლამდე გაგრძელდა - ოსმალებმა ხელთ იგდეს ბაღდადი, ქვემო მესოპოტამია, ევფრატისა და ტიგროსის შესართავები და სპარსეთის ყურის სანაპიროს ნაწილი. ირანელებმა კი დაიბრუნეს ყოფილი დედაქალაქი თავრიზი და ჩრდილო-დასავლეთ პროვინციები, რაც ამ ომის აპრიორს წარმოადგენდა. 
 
Matrak%25C3%25A7%25C4%25B1_Nasuh_Map_of_
  თავრიზის რუკა. XVI ს.
 
კონიაკის ლიგასთან ომის დროს, ფრანსუა I კვლავ აგრძელებდა ცენტრალურ ევროპაში მოკავშირეთა ძიებას და 1528 წელს ალიანსი გააფორმა უნგრეთის მეფე იანუშ ზაპოლისთან.  იმავე წელს სულთან სულეიმანთან ხელახალი მიმოწერის მიზეზად ფრანსუამ ქრისტიანული ეკლესიის მეჩეთად გადაკეთება გამოიყენა და სულეიმანს წერილობით სთხოვა მეჩეთი ქრისტიანებისთვის დაებრუნებინა. სულთანმა ზრდილობიანი უარით უპასუხა, თუმცა დაჰპირდა რომ ქრისტიანებს არ შეავიწროვებდა. სულთანმა აღადგინა ლუი XII-ს მიერ ეგვიპტის სასულთნოსთან 1500 წელს გაფორმებული „კაპიტულაციები" და პრივილეგიები მიანიჭა ფრანგ ვაჭრებს ოსმალეთის ტერიტორიაზე.  1529 წლის 3 აგვისტოს ფრანსუა I იძულებული გახდა ზავი დაედო კარლოს V-თან. 
Szapolyai_J%C3%A1nos_fametszet.jpg
იანუშ ზაპოლი. ერჰარდ შონის გრავიურა, XVI ს.

ეს ხელშეკრულება, რომელიც ისტორიაში კამბრაის ზავის ან „Paix Des Dames" - ქალბატონთა ზავის სახელით შევიდა, მადრიდის ზავის პირობების უმეტესობას იმეორებდა და იტალიაში ჰაბსბურგთა ჰეგემონობას ამტკიცებდა. ამას გარდა ფრანსუა ვალდებული გახდა კარლოსისთვის რამდენიმე საბრძოლო გალერაც გადაეცა ოსმალებთან საბრძოლველად. ოსმალები კი არ შეჩერებულან და ორჯერ სცადეს ვენის აღება 1529 და 1532 წელს, თუმცა უშედეგოდ.  
სულეიმან I და ფრანგები საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ, XVI ს.
„1532 წელს სულთანი სულეიმანი შეხვდა საფრანგეთის ელჩს ანტონიო რინკონს ბელგრადში. მანვე შემოგვინახა ცნობები თურქული სამხედრო ბანაკისა და სულეიმან I-ს 115 000 დუკატად შეფასებული თავსაბურავის შესახებ, რომელიც ვენეციაში დაამზადებინეს."  ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ელჩობა შედგა ორ მხარეს შორის. მათ შორის ერთ-ერთს ოსმალთა მხრიდან გამოჩენილი ადმირალი ბარბაროსა ჰაირ ედ-დინ ფაშა ხელმძღვანელობდა.
Barbarossa_Hayreddin_Pasha.jpg
ჰაირ ედ-დინ ბარბაროსა ფაშა. უცნობი მხატვარი, XVI ს.
ჰაირ ედ-დინ ფაშა, იმ ოსმალი ადმირლების პლეადას ეკუთვნოდა, რომელთაც ოსმალეთი ხმელთაშუა ზღვის ჰეგემონად აქციეს. თურქთა საზღვაო ძალების გაძლიერება სულთან სელიმ I-ს (1512-1520) ხანაში დაიწყო და ამან შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, დაეპყრო ეგვიპტე და სირია.  „ჰაირ ედ-დინი და მისი ძმა არუჯი ხმელთაშუა ზღვაში ოსმალთა წარმატების მთავარ გასაღებს წარმოადგენდნენ. ამ ბრწყინვალე მეზღვაურებმა, განსაკუთრებით ჰაირ ედ-დინმა დიდი როლი შეასრულეს ფრანკო-ოსმალური ალიანსის გამტკიცებასა და საერთო ძალებით მიღწეულ წარმატებებში. 1533-დან 1546 წლამდე ჰაირ ედ-დინ ბარბაროსა სათავეში ედგა ოსმალთა ძლიერებას ხმელთაშუა ზღვასა და ჩრდილოეთ აფრიკაში."  1534-35 წლებში ჰაირ ედ-დინ ფაშას მეთაურობით ოსმალურმა ფლოტმა დახმარება გაუწია ფრანგებს რიგ სამხედრო ოპერაციებში. თურქი მეზღვაურები გზად თავს ესხმოდნენ იტალიის სანაპიროებს, შემდეგ კი ფრანგთა ძალებს შეუერთდნენ.  
Arudsch-barbarossa.jpg
არუჯ ბარბაროსა ფაშა. შარლ მოტეს ლითოგრაფია, XIX ს. 

ჰაირ ედ-დინ ფაშამ იტალიაში მოპოვებული ნადავლი სტამბულში გაგზავნა, თვითონ კი ტუნისი დალაშქრა, თუმცა 1535 წელს იქიდან თურქები და ფრანგები კარლოს V-მ გამოდევნა. „ვენის აღების ორი წარუმატებელი მცდელობისა და ტუნისის ესპანელების მიერ დაკავების შემდეგ, დასავლეთისთვის ოსმალეთისგან მომდინარე საშიშროება თითქოს მინელდა, მაგრამ ფრანგთა ხელახლა გააქტიურება, რასაც ხელს უწყობდა თურქებთან 1536 წელს დადებული ალიანსი და ჩრდილოეთ ევროპაში მიმდინარე მღელვარებები, აიძულებდა კარლოს V-ს მიეტოვებინა ისლამის წინააღმდეგ წამოწყებული „ჯვაროსნული ომი" და ძალები სხვა მიმართულებით გადაესროლა, რაც ხმელთაშუა ზღვაში ესპანელთა ბატონობისთვის ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა და შესაძლებლობა მისცა ფრანგებსა და ოსმალებს გააქტიურებულიყვნენ ამ მიმართულებაზე. ალჟირის ექსპედიცია 1541 წელს მარცხით დასრულდა, თურქებმა კი ტრიპოლი, პენონ დე ველეზი და ბუჟი წაართვეს ესპანელებს 1551-1555 წლებისთვის." 
Truce_of_Nice_1538.jpg
ფრანსუა I და კარლოს V ზავს დებენ ნიცაში, 1538 წ. ტადეო ზუკაროს ნახატი, XVI ს. 
1535 წელს ფრანგი დიპლომატი ჟან დე ლა ფოღე ჩავიდა სტამბულში და საფრანგეთის პირველი მუდმივი წარმომადგენელი გახდა ოსმალეთის იმპერიაში. თურქები მას პატივით ეპყრობოდნენ. ელჩმა კიდევ უფრო გააუმჯობესა ოსმალეთისა და საფრანგეთის კავშირი. „ჟან დე ლა ფოღეს ევალებოდა კავშირი დაედო სულთანთან კარლოს V-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამავე დროს დე ლა ფოღეს უნდა ეთხოვა სულთნისთვის ფინანსური დახმარება - ერთი მილიონი ოქროს ლივრის ოდენობით, ხოლო ფრანგი ვაჭრებისთვის მინიჭებინათ გარკვეული პრივილეგიები და შეღავათები ოსმალეთის ტერიტორიაზე ვაჭრობის საქმეში. მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა. დე ლა ფოღემ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, გარდა ფულისა."  ოსმალეთი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო საფრანგეთის დახმარებით საღვთო რომის იმპერიის წინააღმდეგ ომში. ოსმალებისთვის პრესტიჟს წარმოადგენდა ისეთ ქვეყანასთან ალიანსი, როგორიც საფრანგეთი იყო და მეტ ლეგიტიმაციასაც აძლევდა თურქებს თავის ევროპულ სამფლობელოებზე.   ოსმალების კარლოსთან დაპირისპირების საკითხი, საკითხი მნიშვნელოვანი გახლდათ ფრანსუა I-თვისაც, რადგან ამ გზით კარლოს V იძულებული გახდებოდა შეესუსტებინა საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი ძალები. 
Andrea_Doria.jpg
ანდრეა დორია. სებასტიანო დელ პიომბოს ნახატი, 1526 წ. 
1538 წელს კარლოს V-მ და ფრანსუა I-მა ნიცაში ზავი დადეს, რომელიც მათ შეკავშირებასა და ოსმალთა წინააღმდეგ მოქმედებსაც ითვალისწინებდა, მაგრამ იმავე წელს პრევეზასთან ბრძოლაში საღვთო რომის იმპერიის ფლოტის სასტიკი დამარცხების შემდეგ ჰაირ ედ-დინ ბარბაროსას მიერ, კარლოს V იძულებული გახდა სულეიმან I-თან ზავი დაედო და მის პირობებში გაეთვალისწინებინა ფრანსუა I-თვის წართმეული მიწების ნაწილის დაბრუნებაც.  
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო მოქმედება, რომელიც მოკავშირეებმა ერთად განახორციელეს, იყო ნიცის ალყა 1543 წელს.  ალყას სათავეში ედგნენ ენგიენის ჰერცოგი ფრანსუა დე ბურბონ-კონდე და ბარბაროსა ჰაირ ედ-დინ ფაშა. მათ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს და მტერს ნიცა დაატოვებინეს. ბარბაროსამ გაძარცვა და დაარბია ქალაქი, დაწვა მისი ნაწილი და აიყვანა 5000 ტყვე.
„1543 წლის ზამთარში ფრანგებმა ტულონის პორტი ჰაირ ედ-დინის ფლოტსა და მეზღვაურებს დაუთმეს, რომელთაც აქ გამოიზამთრეს და ახალი ექსპედიციებისთვის მოემზადნენ." გაზაფხულიდან კი აქტიურად შეუდგნენ იტალიის სანაპიროების დარბევასა და ესპანურ-იტალიური ფლოტების განადგურებას. ბარბაროსა შეუთანხმდა გენუელ ზღვაოსანს ანდრეა დორეას, რათა გაეთავისუფლებინა სახელოვანი თურქი მეკობრე (პრივატერი) და ადმირალი ტურგუტ რეისი. 1544 წელს ოსმალებმა დატოვეს ტულონის სამხედრო ბაზა და გაწეული სამსახურისთვის და ხარჯებისთვის ფრანსუა I-გან 800 ათასი ეკიუ მიიღეს."  ბარბაროსას ფლოტს თან გაჰყვა ფრანგი კაპიტანი ანტუან ესკალინ დეს აიმარსი (ცნობილი კაპიტან პოლინის სახელით) დიპლომატიური მისიით სულეიმან I-თან. მან მონაწილეობა მიიღო იტალიის ქალაქთა დარბევაშიც და 6000-მდე ტყვეც იგდო ხელთ. 1544 წლის 10 აგვისტოს კაპიტანი პოლინი ჩავიდა სტამბულში და ჩატარებული კამპანიის შესახებ სულეიმან I-ს ანგარიში ჩააბარა. 2 ოქტომბერს ფრანგი მეზღვაური უკვე ტულონში იყო. 
Barbarossa_fleet_wintering_in_Toulon_154ჰაირ ედ-დინ ბარბაროსას ფლოტი ტულონში, 1543 წ. მატრაკჩი ნასუღის ნახატი, XVI ს.

1543-1544 წლებში ფრანგული სამხედრო ნაწილები, მათ შორის არტილერია მონაწილეობას იღებდა უნგრეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში და დახმარებას უწევდა ოსმალურ ჯარს. განსაკუთრებით ფრანგულმა არტილერიამ თავი ესზტერგომის ალყისას გამოიჩინა. 
ფრანგმა ელჩმა გაბრიელ დე ლუეცმა მონაწილეობა მიიღო ოსმალთა ომში სეფიანთა ირანის წინააღმდეგ და ხშირად ეხმარებოდა კიდეც სულთანს დროული რჩევებით სხვადასხვა სამხედრო მოქმედებასთან დაკავშირებით. მისი რჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვანის ალყის დროს (1548 წ.), როდესაც გაბრიელ დე ლუეცის დახმარებით ოსმალებმა მომგებიან პოზიციებზე განალაგეს არტილერია და წარმატებას მიაღწიეს.  
ფრანგულ-ოსმალური ალიანსი მოქმედებდა ფრანსუა I-ს ვაჟის ანრი II-ს მეფობის დროსაც. ფრანგულ-ოსმალური ფლოტი კვლავ უპირისპირდებოდა საღვთო რომის იმპერიის ძალებს, რომელიც არცთუ იშვიათად აღწევდა წარმატებებს მათ წინააღმდეგ, გამოცდილი ანდრეა დორეას მეთაურობით. ოსმალეთის ფლოტის დახმარება და ფრანგულ ფლოტთან ერთად მათ მიერ სამხრეთ საფრანგეთის დაცვა, საშუალებას აძლევდა ანრი II-ს, ემოქმედა რაინის მიმდებარე ტერიტორიებზე. 1551-1559 წლებში ფრანგთა მეფე იტალიაში იბრძოდა. ზღვიდან კი მას მხარს 100 თურქული გალერა უჭერდა. 
Henry_II_of_France..jpg
ანრი II. ფრანსუა კლუეს ნახატი, XVI ს. 

მათ გაიმარჯვეს პონცას ბრძოლაში და ანდრეა დორეას 7 გალერა დაატოვებინეს ბრძოლის ველზე. 1553 წელს ფრანგებმა ოსმალ ადმირლებთან ტურგუტ რეისთან და კოჩა სინანთან ერთად დალაშქრეს სიცილია, ნაპოლი, ელბა და კორსიკა. 1553 წელი ფრანკო-ოსმალური ალიანსის ისტორიაში ყველაზე წარმატებულად ითვლება, რადგან ასეთი ერთსულოვანი და წარმატებული ლაშქრობები მათ არც ფრანსუა I-ს დროს ჰქონდათ და არც შემდეგ წლებში.  1557 და1558 წლებში ოსმალებმა და ფრანგებმა კიდევ რამდენიმე წარმატებული რეიდი განახორციელეს ესპანელებზე.
ფრანკო-ოსმალური ალიანსის პრობლემები
1559 წელს დაიდო კატო-კამბრეზის ზავი ორ მეომარ მხარეს შორის. ამით დასრულდა ჰაბსბურთა და ვალუათა შორის მიმდინარე ომები და პარალელურად საფუძველი შეურყია ფრანკო-ოსმალურ ალიანსს, რადგან საერთო მოწინააღმდეგესთან ფრანგებმა მშვიდობა დაამყარეს.  1565 წლიდან კი მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა მალტის ალყისა (რადგან თურქთაგან ალყაში მოქცეულ მალტას, ორდენის ფრანგი მაგისტრი ჟან პარისოტ დე ლა ვალეტი იცავდა) და კვიპროსის დაკავების გამო. თუმცა როდესაც 1571 წელს ქრისტიანთა უკანასკნელი დიდი ჯვაროსნული მოძრაობა - „საღვთო ლიგა" შეიკრიბა, ეკატერინე მედიჩიმ ფრთხილი უარი განაცხადა პაპ პიუს V-ს წინადადებაზე, შეერთებოდა საღვთო ლიგის წევრების, პაპის, ესპანეთისა და ვენეციის ძალებს ოსმალთა წინააღმდეგ ომისთვის."  
Henri_IV_Versailles_Museum.jpg
ანრი IV. უცნობი ავტორი, XVII ს.

 
XVI საუკუნის ბოლოსთვის ოსმალეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ნიდერლანდებთანაც, რადგან იქ ესპანეთის წინააღმდეგ გამათავისუფლებელი ომი იყო დაწყებული. ჰოლანდიელთა ლიდერთან ვილჰელმ ორანელთან ერთად, საფრანგეთის მეფე შარლ IX-ც ცდილობდა ესპანეთის დასუსტებასა და დასავლეთ ევროპაში საფრანგეთის დომინანტ სახელმწიფოდ ქცევას. მან კვლავ განაახლა თურქებთან მჭიდრო ურთიერთობა თავისი ელჩის, დაქსის ეპისკოპოს ფრანსუა დე ნუავილის დახმარებით და სელიმ II-ს მოუწოდა კვლავ აქტიურად ჩართულიყო ესპანეთის წინააღმდეგ ომში. ლეპანტოსთან მარცხის მიუხედავად ოსმალებს ძლიერი ფლოტი ჰყავათ და 1574 წელს მათმა საზღვაო ძალებმა ულუჩ ალი რეისის და სინან-ფაშას მეთაურობით ტუნისის ოკუპაცია მოახდინეს.  
Battle_of_Lepanto_1571.jpg
ლეპანტოს ბრძოლა, 1571 წ. უცნობი ავტორი, XVI ს. 

1578-1590 წლებში ოსმალეთმა დროებით ყურადღების მიღმა დატოვა ევროპაში მიმდინარე მოვლენები, რადგან ჩართული იყო სისხლისმღვრელ ომში სეფიანთა ირანის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი კი ცდილობდა ევროპელთა დახმარებით მეორე ფრონტი გაეხსნა ოსმალეთისთვის. თუმცა განსაკუთრებული წარმატება ამ მცდელობებს არ მოჰყოლია.  
ლუი XIV და ოსმალები
ფრანკო-ოსმალური ალიანსი კვლავ ძალაში იყო ანრი III-სა  და ანრი IV-ს მეფობის პერიოდში. ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ III-მ მოლაპარაკებები წამოიწყო ანრი IV-თან. აჰმედ I-მა კი 1604 წელს კვლავ განაახლა კაპიტულაციები და სამშვიდობო ხელშეკრულება საფრანგეთთან. თურქი ელჩები ეწვივნენ ლუი XIII-ს 1607 წელს. ლუი XIV-ს კარზე იყო ოსმალეთის ელჩი მუტეფერიკა სულეიმან აღა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ფრანგულ კულტურასა და მოდაზეც კი. ფრანგულ ლიტერატურაში პოპულარული გახდა ოსმალური თემატიკა. ფრანგი მოგზაურები კი ყველაზე ხშირად სწორედ ოსმალეთის მიმართულებით გეგმავდნენ ექსპედიციებს.  
Sultan_Mehmet_III_of_the_Ottoman_Empire.
მეჰმედ III. კრისტოფანო დელ'ალტისიმოს ნახატი, XVI ს. 

ფრანგი ვაჭრები კვლავ თავისუფლად მოძრაობდნენ ოსმალეთის ტერიტორიაზე და სხვა ევროპელებთან შედარებით მეტი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ხშირად ბრიტანელები და ვენეციელებიც კი ფრანგული დროშით მოძრავი ხომალდებით ცდილობდნენ ოსმალეთში ჩასვლას, რადგან ეს მათ მეტ დაცულობასა და თავისუფლებას ანიჭებდათ. 
ლუი XIV-ს მეფობის დასაწყისისთვის ფრანგები და ოსმალები ერთმანეთის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილნი. ლუი დაეხმარა ავსტრიელებს სენტ-გოტარდის ბრძოლაში 1664 წელს და ვენეციელებსა და მალტელებს კუნძულ კრეტის დაცვაში 1669 წელს. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ლუი XIV-ს ქორწინება ესპანელ მარია ტერეზასთან და ჰაბსბურგებთან დანათესავება. ამას გარდა ლუის დედა, ანაც ავსტრიელი ჰაბსბურგი იყო. ამ ქალს კი დიდი გავლენა გააჩნდა მეფეზე. განსაკუთრებით მისი მცირეწლოვანობის პერიოდში.
LouisXIII.jpg
ლუი XIII. ფილიპ დე შამპანის ნახატი, 1639 წ. 
როდესაც საფრანგეთი კვლავ დაუპირისპირდა საღვთო რომის იმპერიას, ლუი XIV-მ განაახლა ალიანსი ოსმალებთან. 1673 წელს გაფორმდა ახალი კაპიტულაციები, რომელიც ოსმალეთის ტერიტორიაზე კათოლიკეთა უფლებებს იცავდა.  1679 და 1680 წლებში ლუი დაუკავშირდა ოსმალეთის მთავარ ვეზირს - ყარა მუსტაფა ფაშას და სთხოვა ჩარეულიყო უნგრეთში ჰაბსბურგების წინააღმდეგ დაწყებულ აჯანყებაში, თუმცა უშედეგოდ.  საფრანგეთის მეფე შეჰპირდა თურქებს, რომ არასოდეს იომებდა ავსტრიის იმპერატორ ლეოპოლდ I-ს მხარეს და ამის დასტურად, საფრანგეთის აღმოსავლეთ საზღვრებზე დიდი ჯარები განალაგა. საბოლოოდ ფრანგებმა წარმატებას მიაღწიეს და ოსმალები ავსტრიის წინააღმდეგ ომში ჩაითრიეს. 1683 წლიდან საღვთო რომის იმპერია თურქებთან დიდ ომში ჩაერთო, ლუი XIV-მ კი უარი განაცხადა „საღვთო ლიგაში" გაწევრიანებაზე და ამით საშუალება მისცა ოსმალეთის სულთან მეჰმედ IV-ს, უფრო თავისუფლად ემოქმედა ავსტრიის წინააღმდეგ. ოსმალები ვენასთან ბრძოლაში დამარცხდნენ, რაშიც უდიდესი წვლილი პოლონეთის მეფე იან სობესკიმ შეიტანა. ავსტრიელებმა წარმატებით გააგრძელეს ომი ოსმალებთან და მალე ბუდაპეშტიდან და თითქმის მთელი უნგრეთიდან მოახერხეს მათი განდევნა.  ლუი XIV არათუ არ დაეხმარა ევროპელ მეფეებს, არამედ იმასაც კი ცდილობდა, რომ იან სობესკი დაეთანხმებინა არ დახმარებოდა მოკავშირეებს ვენასთან ბრძოლაში. ამავდროულად ისარგებლა შემთხვევით და სამხრეთ გერმანიასა და ელზასს შეუტია. 1684 წელს დაიდო რატისბონის ზავი, რითაც ლუიმ საფრანგეთის აღმოსავლეთ საზღვარზე რამდენიმე ტერიტორია იგდო ხელთ. 1688 წელს მან კვლავ განაახლა შეტევა ჰაბსბურგებზე და შეაგულიანა ოსმალეთიც, გაეხნა მეორე ფრონტი. ოსმალები მართლაც ჩაერთნენ ომში. 1690 წელს აიღეს ბელგრადი, თუმცა საბოლოოდ მარცხი განიცადეს და კარლოვიცის საზავო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. კარლოვიცის ზავმა საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა ოსმალეთის იმპერიას - ავსტრიამ მიიღო ტრანსილვანიის და უნგრეთის დიდი ნაწილი, ვენეციამ დათმო ათენი, მაგრამ მიიღო სამხრეთ საბერძნეთის ნაწილი და დალმაცია. პოლონეთმა დაიბრუნა უკრაინის ის მიწები, რომლებიც ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი.  
Ahmed_III_by_John_Young.jpg
  აჰმედ III. ჯონ იანგის ნახატი, 1815 წ.
XVIII საუკუნეში ფრანკო-ოსმალურმა ალიანსი ერთობლივ სამხედრო მოქმედებებს აღარ აწარმოებდა, თუმცა ლუი XV-სა და სულთან აჰმედ III-ს შორის არსებობდა ფორმალური სტრატეგიული ალიანსი ავსტრიისა და რუსეთის წინააღმდეგ. 1720-1742 წლებში საფრანგეთს რამდენჯერმე ეწვივნენ ოსმალი ელჩები. ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლებოდა მეტი ესწავლათ ფრანგებისგან და ქვეყნის მოდერნიზება მოეხდინათY. ფრანგები დაინტერესებულები იყვნენ ევროპაში ძალთა ბალანსის დაცვით და 1739 წელს, ბელგრადის ზავის დადებისას გამართულ მოლაპარაკებებში მხარს ოსმალეთს უჭერდნენ.  მარსელისა და მთელი სამხრეთ საფრანგეთის ვაჭრობისა და მრეწველობისათვის უაღრესად ხელსაყრელი ურთიერთობა ჰქონდა ლევანტის ქვეყნებთან, სახელდობრ, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სანაპიროებთან, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილის კუნძულებთან, არქიპელაგთან. XVIII საუკუნის დასასრულს გახშირდა სირიისა და ეგვიპტის ბუნებრივ სიმდიდრეთა მომხიბლავი აღწერები; აქ კარგი იქნებოდა კოლონიებისა და ფაქტორიების დაარსება.  ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები ცდილობდნენ ოსმალეთის არმიის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობას. ფრანსუა ბარონ დე ტოტის ხელშეწყობით დაარსდა თურქული საზღვაო აკადემია. თავის დროზე თურქეთში გამგზავრებასა და ოსმალური ჯარების სამხედრო ინსტრუქტორობაზე ფიქრობდა ახალგაზრდა ნაპოლეონ ბონაპარტიც. უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორების მოზიდვას ცდილობდა რეფორმატორი სულთანი სელიმ III.  
Konstantin_Kapidagli_002.jpg
სელიმ III. კონსტანტინ კაპიდაგლის ნახატი, 1803 წ.

იგი ყველანაირ კომფორტს უქმნიდა ფრანგ ოფიცრებს, აძლევდა კარგ გასამრჯელოს, რათა იმ დროისთვის საკმაოდ ჩამორჩენილი და მოძველებული ოსმალური სამხედრო შენაერთები თანამედროვე პროფესიონალურ არმიად ექციათ. ეს საკითხი მაშინ მწვავედ იდგა, რადგან თურქებს ბრძოლა უწევდათ ისეთ მძლავრ მოწინააღმდეგეებთან, როგორებიც იყვნენ რუსეთი და ავსტრია.
ოსმალეთი ნაპოლეონის ომების ეპოქაში
ურთიერთობა საფრანგეთსა და ოსმალეთს შორის გრძელდებოდა რევოლუციური საფრანგეთის პერიოდშიც, რადგან რევოლუციის შემდეგ ქვეყანას აუცილებლად სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე, მრავალრიცხოვანი მტრების წინააღმდეგ საომრად. 1795 წელს ფრანგთა წარმომადგენელმა რაიმონდ ვერნინაკმა სცადა რესპუბლიკურ საფრანგეთსა და ოსმალეთს შორის ახალი ალიანსის დადება, მაგრამ ეს მცდელობა არ გამოდგა წარმატებული, მითუმეტეს რომ 1798 წელს ფრანგებმა წამოიწყეს ისეთი სამხედრო ექსპედიცია, რომელიც დაარღვევდა ოსმალეთთან კარგ ურთიერთობასა და ორ ქვეყანას შორის დადებულ ალიანსს.
Talleyrand_01.jpg
შარლ მორის დე ტალეირან პერიგორი. პიერ პაულ პრუდ'ონის ნახატი, XIX ს.
ეგვიპტის ლაშქრობა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შარლ მორის ტალეირანის იდეა იყო, რომელიც ამ დროისთვის უკვე საფრანგეთის ე.წ. „იტალიის არმიის" გენერალსა და ჩრდილოეთ იტალიის დამპყრობს ნაპოლეონ ბონაპარტსაც დაუჯდა ჭკუაში და მთავრობას ლაშქრობის განხორციელება შესთავაზა. საფრანგეთის მთავრობამ, დირექტორიამ, მოიწონა ეს იდეა და ნაპოლეონს მისი განხორციელება დაავალა. ნაპოლეონმა მიიღო ე.წ. „ინგლისის არმიის"  სარდლობა. ნაპოლეონს სურდა დაეპყრო ეგვიპტე და ახლო აღმოსავლეთი და მოეწყო აქ პლაცდარმი ინდოეთში ლაშქრობის დასაწყებად რითაც აპირებდა საფრანგეთის მოწინააღმდეგის, ინგლისის ეკონომიკის განადგურებას. ნაპოლეონის ეგვიპტეში შეჭრისთანავე, ტალეირანი სტამბულში უნდა ჩასულიყო და სულთანი სელიმ III დაერწმუნებინა იმაში, რომ ნაპოლეონი ეგვიპტეში თურქეთისათვის ზიანის მისაყენებლად კი არ ჩავიდა, არამედ მხოლოდ იმისთვის რომ ინგლისისათვის დარტყმა მიეყენებინა. 
Bonaparte_en_Egypte.jpg
ნაპოლეონ ბონაპარტი ეგვიპტეში. ჟან ლეონ ჟერომის ნახატი, 1863
ნაპოლეონმა 1798 წლის ივლისში გადასხა ეგვიპტეში ჯარები. დაამარცხა მურად ბეის მამლუქები იმბაბასთან ბრძოლაში  და მალე დაეუფლა ეგვიპტის ყველა საკვანძო პუნქტს, მათ შორის კაიროს. 
ტალეირანი სტამბულში არ ჩავიდა. თურქეთი სწრაფად ამოქმედდა. მას ინგლისელებმა უბიძგეს ომის დასაწყებად. თურქებმა ორი 50000-იანი არმია შეკრიბეს და ფრანგების წინააღმდეგ დაძრეს. ოსმალებს ინგლისის ფლოტი ყველანაირად ეხმარებოდა. ნაპოლეონს სამ ფრონტზე უწევდა ომი: ერთ მხარეს მამლუქების ახალი შემოტევა იყო მოსალოდნელი, მეორე მხარეს პირველი თურქული არმიისა რომელიც ღაზისა და სინას ნახევარკუნძულის გავლით მოემართებოდა,მესამე მხარეს კი მეორე თურქული არმიის,რომელიც ეგვიპტის ჩრდილოეთში აპირებდა მოქმედებას. ნაპოლეონმა გარნიზონი დატოვა რამდენიმე ქალაქში და მნიშვნელოვან პუნქტში. პალესტინაში ფრანგებმა აიღეს ღაზა და იაფა. იაფასთან ფრანგებმა დანებებული თურქული გარნიზონი ამოწყვიტეს, რადგან ნაპოლეონს მცირე რაოდენობის სურსათი ჰქონდა და 2000 ტყვე მის ისედაც გაღარიბებულ მარაგს სულ გაანადგურებდა. 
187031e_x.jpg
მურად ბეი. ანდრე დუტერტრი, 1809 წ.

საჭმელი და სასმელი ფრანგებს ძლივს ჰყოფნიდათ, ამიტომ მიმართა სარდალმა ასეთ სისასტიკეს. ნაპოლეონმა ალყა შემოარტყა ძლიერი გალავნით დაცულ ქალაქ აკრას.  ამ ქალაქს იცავდა თურქთა გარნიზონი რომელიც უხვად იყო მომარაგებული ტყვია-წამლით და იარაღით. ამას ინგლისის ფლოტი უზრუნველყოფდა. აკრის დასახსნელად თურქებმა 30 000-იანი ჯარი დაძრეს ნაპოლეონის წინააღმდეგ. ფრანგებმა კვლავ სასტიკად დაამარცხეს ოსმალები, მაგრამ აკრის აღება მაინც ვერ შეძლეს, რისი ერთ-ერთი მიზეზი ფრანგულ ჯარში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემია გახდა.  ნაპოლეონმა უკან დაიხია ეგვიპტეში, სადაც კიდევ ერთხელ გაანადგურა თურქული ჯარი და მას შემდეგ, რაც შეიტყო რომ მის არყოფნაში ანტიფრანგულმა კოალიციამ იტალია წაართვა საფრანგეთს, სასწრაფოდ გადაწყვიტა უკან დაბრუნება. მისი წასვლის შემდეგ გენერალმა კლებერმა თურქები ჰელიოპოლისთან ბრძოლაში დაამარცხა (20 მარტი, 1800 წ.), თუმცა ამ მამაცი და ნიჭიერი სარდლის სიკვდილის შემდეგ, გენერალმა მენუმ, საპატიო კაპიტულაციის პირობების მიღების შემდეგ, დატოვა ეგვიპტე და ინგლისელების დახმარებით ფრანგული ჯარის ნარჩენები სამშობლოში დააბრუნა.

684px-Kl%C3%A9ber-H%C3%A9liopolis-1800.j
ჰელიოპოლისის ბრძოლის მემორიალი სტრასბურგში. ფილიპ გრასი, XIX ს.
ოსმალებმა მონაწილეობა მიიღეს მეორე კოალიციის ომში ნაპოლეონის წინააღმდეგ და რუსეთის ფლოტთან ერთად დალაშქრეს იონიის კუნძულები ადრიატიკის ზღვაში. 1803 წელს კი ინგლის-საფრანგეთის ომის დროს ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. მას შემდეგ რაც 1805 წელს ნაპოლეონმა სასტიკად გაანადგურა მოწინააღმდეგე ავსტრიელები და რუსები, 1806 წელს კი პრუსია, ოსმალეთში პრო-ფრანგული დიპლომატიური კურსი გაძლიერდა. მიუხედავად იმისა, რომ სელიმ III რუსეთთან ერთად შეუერთდა ანტიფრანგულ კოალიციას (1805 წ.), 1806 წელს მან ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, აღიარა ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორად. მალე სელიმმა უარი თქვა რუსეთის მოთხოვნებზე, რომ დაეთმო რუმინული სამთავროები და ოსმალეთიდან ფრანგი დესპანები გაეძევებინა, რის გამოც დაიწყო დაპირისპირება ბრიტანეთთან და რუსეთ-ოსმალეთის ომი (1806-1812).  1807 წელს სელიმ III-ს შეთქმულება მოუწყვეს, აუჯანყეს რეორგანიზებული, ევროპულ სტილზე მოწყობილი ჯარი  და მალე თვითონ სულთანიც გამოასალმეს სიცოცხლეს (1808 წ).  ამით ბოლო მოეღო ფრანკო-ოსმალური ალიანსის არსებობის თითქმის უწყვეტ სამ საუკუნოვან ისტორიას და ცალკეული პრეცენდენტების გარდა, როგორიც იყო ყირიმის ომი 1853-1856 წლებში, მსგავსი სამხედრო კავშირი აღარ გამოვლენილა. 
Panorama_dentro.JPG
სევასტოპოლის ალყა (1854-1855) ყირიმის ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი იყო. ფრანც რუბაუდის პანორამული ნამუშევრის ფრაგმენტი, 1904 წ. 
ფრანკო-ოსმალური ალიანსი მნიშვნელოვანი გამოდგა როგორც ერთი, ისე მეორე სახელმწიფოსთვის. XVI საუკუნეში ეს იყო საღვთო რომის იმპერიის შემაკავებელი ძალა, რომელიც კარგად წარმოაჩენდა სულეიმან I-სა და ფრანსუა I-ს ინტერესებს, XVII-XVIII საუკუნეებში კი ალიანსის საერთო სამხედრო მოქმედებები თითქმის შეწყდა და მან უფრო კულტურულ-დიპლომატიური მნიშვნელობა შეიძინა. განსაკუთრებით საყურადღებო გახლდათ ფრანგი ვაჭრებისა და მოგზაურებისთვის აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ მიმავალი გზის გახსნა, ოსმალური საქონელის შემოტანა ევროპაში, განსხვავებული ცივილიზაციების ერთმანეთთან შეხვედრა, მათი შერწყმა, აღმოსავლეთის ხალხებისთვის ევროპასთან ურთიერთობის გამარტივება. ამ მხრივ შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ ფრანგებს და მათი დროშით მცურავ ხომალდებზე მყოფ სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენელ მოგზაურებს, დიპლომატებსა თუ მისიონერებს, საშუალება მიეცათ საქართველომდეც მოეღწიათ. მათთან ურთიერთობას ცდილობდნენ ქართველი მეფეები და მთავრები, ხმას აწვდენდნენ ევროპელ მონარქებს, რომის პაპებს. განსაკუთრებით შედეგიანი ეს მოლაპარაკებები არასოდეს ყოფილა, რადგან ევროპის ინტერესის სფეროში ამ დროისთვის უფრო მეტად დასავლეთი - ამერიკა იყო მოქცეული, ასევე გაიხსნა საზღვაო გზა ინდოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ. კოლონიზაციის დაწყების შედეგად საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და ინგლისმა მიიღეს სიმდიდრის ახალი წყაროები და ამავდროულად გაუჩნდათ დაპირისპირების ახალი მიზეზები. ოსმალეთის იმპერია, რომელიც XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან უკვე დეგრადაციის გზაზე დგას, ვეღარ ახერხებდა დაწეოდა ევროპულ ცივილიზაციას და ნელ-ნელა იშლებოდა შინაგანად. საბოლოოდ მან I მსოფლიო ომამდე მიატანა. ედუარდ გიბონმა რომის იმპერიასთან დაკავშირებით აღნიშნა: „საკითხავია არა ის, თუ რა იყო მიზეზი რომის იმპერიის განადგურებისა, არამედ საკვირველია, რომ მან ამდენ ხანს გაძლო." იგივე შეგვიძლია ვთქვათ ოსმალეთის იმპერიაზეც, რომლის საფუძველი, ადმინისტრაცია, ეკონომიკა და სამხედრო სისტემა XVII საუკუნიდანვე მორყეული და მოძველებული იყო. I მსოფლიო ომში, რომელიც იმპერიისთვის დამღუპველი გამოდგა, ოსმალეთი საფრანგეთის მოწინააღმდეგის, გერმანიის მხარეს იბრძოდა. გერმანიის დამარცხებამ კი არანაკლებ დიდი დარტყმა მოახდინა ისედაც დასუსტებულ და დრომოჭმულ ქვეყანაზე. საბოლოოდ ორი ყოფილი მოკავშირიდან, ერთ-ერთი - ოსმალეთის იმპერია 1923 წელს ოფიციალურად გამოეთიშა მსოფლიო პოლიტიკას და მემკვიდრედ თურქეთი დატოვა, რომლის სათავეში მოსულმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა ქვეყანა ახლიდან ააღორძინა.  საფრანგეთმა კი მიუხედავად გადატანილი მძიმე ომებისა (ფრანკო-პრუსიის ომი, I და II მსოფლიო ომები) მოახერხა შეენარჩუნებინა ერთიანობა, ისტორიული ტერიტორია და დარჩენილიყო ევროპის ერთ-ერთ ცენტრალურ სახელმწიფოდ.
 
ნ.ხოფერია

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ძალიან საინტერესო სტატიაა   :bravo:

ნაპოლეონზე რომ წავიკითხე ქართული კინო ფილმი გამახსენდა "მამლუქი" ;(



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:ki:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?