ქურციკი, ჯეირანი ( ლათ. Gazella subgutturosa) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა . მისი სხეულის სიგრძე 95-115 სმ, მასა 33 კგ აღწევს. გავრცელებულია მცირე აზიის, ამიერკავკასიის, შუა აზიის, ყაზახეთის და ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში. წარსულში საქართველოს ფარგლებში ქურციკი გვხვდებოდა მცირე რაოდენობით შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში, საკმაოდ ბევრი იყო გარდაბნის და სამგორის ველებზე, სადაც უწესრიგო ნადირობის შედეგად გაწყდა. 1,5 წლისა უკვე ზრდასრულია. მაკეობა 5-5,5 თვეს გრძელდება. აპრილ -მაისში შობს ერთ ან ორ თიკანს. ძირითადად ბალახეულით იკვებება. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში.
წყარო: ვიკიპედია