.
..
.
.
.
.
.
.
https://news.ge/ge/n...blo-saqartveloa
https://news.ge/ge/n...aflis-samshoblo
არქეოლოგების თქმით, ჭურჭელი ძველი წელთ აღრიცხვით მესამე ათასწლეულით თარიღდება. ყველაზე ძველად აქამდე ტუტანჰამონის სამარხში აღმოჩენილი ჭურჭელი მიიჩნეოდა.
ბორჯომის რაიონში, სოფელ საკირესთან, 2003 წელს არქეოლოგებმა სამარხი აღმოაჩინეს. სამარხში მცირე ზომის ისრის პირი, ხის მცირე ფრაგმენტი, ორი ჭურჭელი და მიცვალებულის ორი კბილი იპოვეს.
ორნამენტირებული ცალყურა ჭურჭელის (რომელსაც არქეოლოგები ტოლჩას ეძახიან) კვლევისას აღმოჩნდა, რომ მასში თაფლი უნდა ყოფილიყო. 2004 წელს კი უკვე ანგარიში დაიდო, რომლის მიხედვითაც ეს უნდა იყოს უძველესი თაფლი მათ შორის, რაც აქამდე აღმოჩენილა - დაახლოებით 5 500 წლის წინანდელი.
ინფორმაცია უძველესი თაფლის შესახებ პირველად გია თორთლაძემ გააჟღერა. ამაზე ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
ასე იქცა 2004 წლის ამბავი 2012 წლის 29 მარტის ერთ-ერთ მთავარ ნიუსად. თუმცა ინფორმაცია არც ყოფილა დამალული. როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირინა ღამბაშიძე news.ge-სთან საუბრისას ამბობს, აქამდე ამ საკითხისადმი ინტერესი არ ყოფილა.
მეცნიერულ წრეებში უკვე 2004 წლიდან იციან, რომ ჯერ-ჯერობით უძველესი თაფლი საქართველოშია ნაპოვნი, თუმცა ბორჯომის რაიონში აღმოჩენილი თაფლი არ არის პირველი თაფლი და ვერც საქართველო იქნება თაფლის სამშობლო.
„როდესაც არსებობს იმის საშუალება რომ ადამიანის უძველესი ნახელავი ვიპოვოთ, გონებრივი განვითარების დონეზე მივყვეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ამ დროს ეს გავაკეთეთ, აღმოჩენას მაშინ აქვს ფასი. დღესდღეობით უძველესი თაფლი საქართველოშია აღმოჩენილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო თაფლის სამშობლოა. ფუტკარი მხოლოდ საქართველოში ხომ არ დაფრინავს? თაფლით იკვებებოდა პირველყოფილი ადამიანიც, იმიტომ, რომ ბუნებაში არსებობს ველური თაფლი,“ - ამბობს ირინა ღამბაშიძე.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ თაფლი მიცვალებულს ჩააყოლეს, რიტუალის თანახმად. მიცვალებული წარჩინებული უნდა ყოფილიყო: „სამარხზე ბევრი არაფერი ვიცით, რადგან გაძარცვულია. თუმცა ეს ყორღანები წარჩინებულთა სამარხებია, ბელადებისაა. დიდი სამარხი მხოლოდ ერთი მიცვალებულისთვისაა აშენებული. ვიცით გაძარცვის თარიღი - ძვ. წელთაღრიცხვის 2282 წელი. პრაქტიკულად ყველაფერი იყო წაღებული, მიცვალებულის ჩონჩხიც კი. დარჩენილი იყო ერთი ძალიან მცირე ზომის ისრის პირი, ხის მცირე ფრაგმენტი, ორი ჭურჭელი და მიცვალებულის ორი კბილი. სამარხში აღმოჩენილი ხის კონსტრუქცია უნდა იყოს კიბე, რომლითაც მძარცველები ჩავიდნენ სამარხში და დატოვეს იქ.“
თაფლი არ არის ერთადერთი, რის „სამშობლოდაც“ მოიაზრება საქართველო.
„ყველაზე მთავარი არის დმანისი, პირველი ევროპელები აღმოჩნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამან, ფაქტობრივად, გადააბრუნა ისტორია. დმანისი არის საოცრება. ასევე, ვაზის წიპწები აღმოჩნდა მე-6 ათასწლეულის ნამოსახლარზე და ეს არის კულტურული ვაზი, ანუ ველური ვაზი კი არ არის, უკვე მოვლილია და მისი თვისებები, წარმოება იციან, სასმელს ამზადებენ. ასევეა ოქროს წარმოება - დღესდღეობით ევროპაში მსოფლიოში უძველესი ოქროს ნივთებია აღმოჩენილი, ჩვენ კი სამთო წესით ოქროს მოპოვების უძველესი კერა გვაქვს. ანუ ჩვენთან ოქროს მადნის ცნობა იცოდნენ ისეთ მადანში, სადაც ოქრო არ ჩანდა. ეს ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი - მიხვიდე იმ ადგილას, სადაც ოქრო არ ჩანს, არ ბრწყინავს და იქიდან ოქრო გამოიღო. ოქროს წარმოებაში საქართველო არის პირველი. ასევე, საქართველოში ნაპოვნია დღესდღეობით უძველესი ძაფი,“ - ამბობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირინა ღამბაშიძე.
მართალია, დღევანდელი სამეცნიერო მონაცემებით, უძველესი თაფლი საქართველოშია აღმოჩენილი, მაგრამ ეს სურათი შეიძლება შეიცვალოს და სხვაგან აღმოჩნდეს უფრო ადრეული.
„დღესდღეობით ასეა, მაგრამ ხვალ შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. მაგალითად, სომხებმა იპოვეს პირველი ფეხსაცმელი. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ფეხშიშველი დადიოდნენ. უბრალოდ იმ ნიადაგმა შეინახა უკეთ,“ - ამბობს ირინა ღამბაშიძე.