გეოგრაფიული სახელწოდებებისათვის გამოყენებული ნადირ-ფრინველთა სახელები
ნანახია : 5209
მეთვრამეტე საუკუნის გამოჩენილი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიუნი ყარაიის ველს ასე აღწერს: „ნაგების აღმოსავლეთით და სამხრით არს ველი დიდი ყარაიისა, სავსე ქურციკითა, რომელსა მოინადირებენ მეფენი წლით წლად“.
ამჟამად ქურციკი ამ ადგილებში აღარ არის. შემოგვრჩა მხოლოდ სახელწოდებები: ჯეირნის ველი – სამგორის ველის ნაწილი თბილისის აღმოსავლეთით და ჯეირნის ველი – წითელწყაროს რაიონში, ივრის ზეგანზე. ასევე საჯერნე ანუ საჯეირნე – ადგილი სოფელ მაღაროში, სიღნაღის რაიონში.
ჩვენს ტოპონიმიკაში ბევრია ასეთი სახელწოდებები, მაგალითად:
არჩვების ტბა – ყაზბეგის რაიონში, ყელის ტბის მიდამოებში.
არწივის ხეობა – ხეობა სოფელ წითელწყაროში.
აფთრის წყაროსხევი – კუს ტბასთან, სოფელ ბაგების ახლოს.
ახიელა – ახმეტის რაონში (მდებარეობს თუშეთში) ეს სიტყვა ქისტურია და საჯიხვეს ნიშნავს.
ბატების ტბა – ყაზბეგის რაონში, ყელის ვულკანურ მთიანეთში. მეორე ასეთივე სახელწოდების ტბა არის ქარელის რაიონში, თრიალეთის ქედზე.
ბატებისწყალი – მდინარე ქარელის რაიონში, ძამას მარჯვენა შენაკადი.
ბორითი – სოფელი ხარაგაულის რაიონში, ძველქართულად ბორა მტაცებელი ფრინველია, აქედან წარმომდგარა გეოგრაფიული სახელი.
გავაზი – სოფელი ყვარლისა და ლენინგორის რაიონებში. სახელი წარმომდგარია მტაცებელი ფრინველიდან.
დათვის სოროები – ადგილი დაბა წყნეთთან.
დათვისღელე – მდინარე ახალციხის რაიონში.
დათვის ტბა – ლენინგორის რაიონში ყელის მთიანეთში.
დათვისჯვრის ღელე – უღელტეხილი დუშეთის რაიონში, ხევსურეთსა და თუშეთს შორის.
კაკაბეთი – სოფელი საგარეჯოს რაიონში.
კაჭკაჭისკალო – მთა გორის რაიონში, თრიალეთის ქედზე.
კურდღლის ჭალა – ადგილი თბილისში, ავლაბარში.
ლაკლაკეთი – სოფელი შუახევის რაიონში, სახელწოდება წარმომდგარია ფრინველის სახელიდან – ლაკლაკი.
ლახმული – სოფელი სვანეთში, ეს სიტყვა სვანურია და საღორია, ღორზე სანადირო ადგილს ნიშნავს.
ლომის მთა – ბორჯომისა და ხარაგაულის რაიონების საზღვარზე, მესხეთის ქედზე.
ლომისღელე – მდინარე თელავის რაიონში, კისისხევის მარცხენა შენაკადი.
მგლისკარი – ავლაბრის უბანი, წინანდელი ავლაბარი ტყიანი ყოფილა, სადაც ბევრი მგელი და კურდღელი იმალებოდა (იხ. კურდღლისჭალა).
მგლიანი – სოფელი დუშეთის რაიონში.
მგლისსაწოლი – მთა მახარაძის რაიონში, მესხეთის ქედზე.
მელაანი – სოფელი გურჯაანის რაიონში, ეწოდება მელიის სიმრავლის გამო.
მელაური – სოფელი სამტრედიის რაიონში.
მიმინოსხევი – სოფელი ზნაურის რაიონში.
მიმინოსწყარო – საჩხერის რაიონში, სოფელ ქორეთში.
იორემე – სოფელი სუგდიდის რაიონში, მეგრული სახელწიდებაა და საირმეს ნიშნავს. აქ სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა შემოაღობინა ტყე და სასახლის ბაღიდან გადააყვანინა ირმები.
ოლეჯე – მთა აბაშის რაიონში. მეგრული ღეჯე – ღორი, ოლეჯე – საღორე.
საირმე – კურორტი მაიაკოვსკის რაიონში. აქ მინერალურ წყლებზე მოდიოდნენ ირმები, რის გამოც ეწოდა ეს სახელი.
საირმის ფერდობი – მთა სოფელ ბაგებთან, უძოს ახლოს.
სამგლეთი – მდინარე ყვირილის მარცხენა შენაკადი საჩხერის რაიონში სოფელ ქორეთთან.
სამგლეგორი – გარდაბნის რაიონში, ხევი თელეთის ქედზე.
საორბე – მთა დუშეთის რაიონში, დუშეთის ქედზე.
საქორია – მთა გორის რაიონში.
სასირეთი – სოფელი კასპისა და ქარელის რაიონებში. ძველქართულად სირი ფრინველს ნიშნავს.
საფსიტე ტბა – ტყე გლდანის დასავლეთით, მცხეთის რაიონში წინათ აქ თურმე ფსიტები (არჩვები) ბინადრობდნენ.
საჯიხვე – საძოვარი ადგილი დუშეთის რაიონში.
საჯიხვე – მთა დუშეთის რაიონში, ბურსაჭირთან.
ტურისხევი – მცხეთის რაიონში, გლდანისწყლის შენაკადი.
ქორეთი – სოფლები საჩხერისა და ახმეტის რაიონებში.
ღორისნამკალი – მთა ხაშურის რაიონში, თრიალეთის ქედზე.
შავარდენა – მთა ადიგენის რაიონში, არსიანის ქედზე.
შვლისსარეველა – სოფელი საჩხერის რაიონში.
ჯეირანთველი – ვაკე წითელწყაროს რაიონში, ივრის ზეგანზე.
ჯეირნის ველი – სამგორის ველის ნაწილი, თბილისის აღმოსავლეთით.
ჯოლეჯიანი – ამჟამად ინგირის რკინიგზის სადგური ზუგდიდის რაიონში, აქ წინათ ტყე ყოფილა, სადაც გარეული ღორი ბინადრობდა , ღეჯი – მეგრულად ღორს ნიშნავს.
ზემოთ დასახელებულ ადგილებში ამჟამად თითქმის აღარსად არის ნადირ-ფრინველი. ცნობილი ამერიკელი ეკოლოგის ოლდო მორის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ბუნების დაცვა ნიშნავს ჰარმონიას მიწისა და ადამიანს შორის, „მიწის“ ცნებაში შედის ყოველი ცოცხალი მასზე, მის ზემოთ და მასში. მიწასთან ურთიერთობის ჰარმონია იგივეა, რაც ჰარმონია მეგობართან ურთიერთობაში“.
შოთა გოგატიშვილი
ჟურნალი მონადირე და მეთევზე