Jump to content

სურათი

ქართული ხალხური საკრავები. უენო და ენიანი სალამურები

ქართული საკრავები ხალხური ჰანგები პოლიფონია სალამური უენო მუსიკა ლეგიონი ხის ვირტუოზი სასიამოვნო სიმღერა

ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უენო და ენიანი სალამურები

 

 

d888555935ce.gifa63202fd2319.gif
უენო და ენიანი სალამურები

სალამური გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში, ფშავში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. საქართველოში სალამურის უძველესი დროიდან არსებობა დასტურდება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მატერიალური ძეგლებითაც. როგორც ცნობილია, მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ მოპოვებულმა მასალებმა, საქართველოს ისტორიის მრავალ საკითხს მოჰფინა ნათელი, მათ შორის, ქართველი ხალხის მუსიკალურ წარსულს. მცხეთაში მოპოვებულ ექსპონატებს შორის ყურადღებას იპყრობს ქართული მუსიკალური კულტურისათვის მეტად საინტერესო ნივთი, სახელდობრ, ძვლის უენო სალამური, რომელიც 1938 წელს იქნა აღმოჩენილი სამთავროს სამაროვანის ჩრდილოეთ უბანზე. სპეციალისტ-ორნიტოლოგის, ივ. ჩხიკვიშვილის აზრით, სალამურის დასამზადებლად გედის ლულოვანი ძვალია გამოყენებული. სალამურს თავბოლო სწორად აქვს წაკვეთილი, იგი უენოა და მხოლოდ სამი მცირე ნახვრეტი აქვს ერთ მხარეს. საკრავის ზედაპირი საგულდაგულოდაა გაპრიალებული. მისი სიგრძე 19,9 სმ-ს უდრის, ჩასაბერი პირის დიამეტრი-1,1 სმ, ძირის დიამეტრი კი 1,8 სმ-ია. ძვლის სალამური საფლავში ჰქონდა ჩატანებული 14-15 წლის ბიჭს, რომლისთვისაც ჭირისუფალს ბევრი სხვა ნივთიც ჩაუტანებია, მათ შორის, შავპრიალა თიხის ჭურჭელი, იარაღი, ტანსაცმელი, ავგაროზი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ამას გარდა, სამარხში აღმოჩნდა ცხვრის ძვლები და ხარის თავ-ფეხის ძვლები. სწორედ ამ გარემოების გამო (ე.ი. ბიჭის ნეშტთან ერთად სამარხში სალამურისა და შინაური საქონლის ძვლების აღმოჩენის გამო) ექსპედიციის ხელმძღვანელმა ივ. ჯავახიშვილმა «პატარა მწყემსის საფლავი» უწოდა. სამარხის ინვენტარის შესწავლა საშუალებას გვაძლევს იგი არა უგვიანეს ძველი წელთაღრიცხვის XII-XI საუკუნეებს მივაკუთვნოთ, ხოლო თუ აღწერილი სალამურის ტექნოლოგიის მაღალ დონეს გავითვალისწინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საკრავი ძველი წელთაღრიცხვის XII საუკუნეზე გაცილებით ადრე ყოფილა გავრცელებული საქართველოში. ასევე იყო აღმოჩენილი ძვლის სალამური უფლისციხეში, საკულტო ნაგებობაში, ღვთაება მზექალისადმი შეწირულ ნივთებს შორის. სალამურის არსებობა მზექალთან დაკავშირებულ საწესო საგანთა შორის მოწმობს იმას, რომ სალამური უძველესი ხანიდან წარმოადგენდა მწყემსის ატრიბუტს. ამაზე მიუთითებს აგრეთვე თქმულებები სალამურის შესახებ.
ამჟამად ეს სალამური ინახება სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. მკვლევარებმა ის ერთხელ უკვე ააჟღერეს და გამოაცემინეს მხოლოდ ოთხი ბგერა. რაც აბსოლიტურად საკმარისად ჩათვალეს. ეს გასაგებიც იყო, რადგან მეტს არავინ ელოდა. აღსანიშნავია რომ მკვლევარებს იმ ოთხი ბგერისთვისაც არ მიუქცევიათ სათანადო ყურადღება. ეს არის აბსოლიტურად ჩამოყალიბებული და გამართული ტეტრაქორდი, რომელიც თითქმის ათასწლეულებით უსწრებს წინ ბერძნული ტეტრაქორდების ჩამოყალიბებას. მაგრამ აღნიშნული სალამური გაცილებით მეტ საიდუმლოებას იტევს. აღმოჩნდა, რომ მასზე შესაძლებელი ყოფილა ათი ბგერის გამოცემა არა გადაბერვის პრინციპით, არამედ საკრავის სხვადასხვა მიმართულებით დახრის შედეგად მიიღება შვიდი განსხვავებული ტეტრაქორდი, რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს ბგერათ სისტემას.
დღემდე შემორჩენილი სალამურები ორნაირია: უენო და ენიანი. სალამურის ეს ორი სახე ერთმანეთისაგან განსხვავდება მასალით, ფორმით, ბგერათრიგითა და დიაპაზონით. უენო სალამური წარმოადგენს გრძელ მილს, დაახლოებით 380-400 მმ სიგრძისას, რომელზეც 7-8 თვალი კეთდება. ზოგჯერ თვალი კეთდება მეორე მხარეზეც, საკრავის თავი ოდნავ წაწვეტებულია, თუ საკრავი ხისაა, აჭრელებენ. უენო სალამურის ბგერათრიგი დიატონურია, მოქცეულია ერთ ოქტავაში. ცოტა ძლიერი ჩაბერვით სალამურის დიაპაზონი იზრდება. უენო სალამური გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში (ქართლი, კახეთი, მესხეთი, თუშეთი, ფშავი). ენიანი სალამური კი 230-260 მმ სიგრძის მილს წარმოადგენს. თავი წაკვეთილია. გაკეთებულია 5 ან, უფრო ხშირად 6-8 თვალი. ერთი თვალი უკეთდება უკანა მხრიდან ზედა 1-2 თვალს შუა. ენა წარმოადგენს ლერწმის მოკლე საცობს (12-15მმ), რომელიც ჩასმულია სალამურში (მილში). უენო სალამური უფრო ხშირად ჭერმის, ან დუდგულის ხისგან მზადდება, ენიან სალამურს კი ლერწმისაგან ან ლელისაგან ამზადებენ. უენო სალამური ენიან სალამურზე გრძელია და მასიური. მიუხედავად იმისა, რომ ენიანი სალამური შედარებით პატარაა, მისი ტექნიკური შესაძლებლობანი გაცილებით მაღალია: მას უფრო მდიდარი ბგერა, დიდი დიაპაზონი და ნიუანსირების მეტი უნარი აქვს. ენიანი სალამურის დამზადება გაცილებით რთულია და ოსტატის გამოცდილ ხელს მოითხოვს. ლერწმის პროპორციულად განვითარებული ლულოვანი ღერო ფრთხილად უნდა მოიჭრას, თავიდან ბოლომდე გაიხვრიტოს და როგორც ღრუ, ისე ზედა პირი სათანადოდ დამუშავდეს. სალამურის დასამზადებლად გამოსადეგი ღერო, «შვეტი» (ხალხური გამოთქმაა, სწორს თანაბარზომიერად განვითარებულს ნიშნავს) უნდა იყოს. შემდეგ ღერო თავთან გეზად აიჭრება, ღეროს აჭრილ ნაწილთან - სასტვენელთან სალამურის ენას ჩასვამენ. ზედაპირზე ენა ოდნავ ათლილია. მხოლოდ ამ ნაწილით უნდა გაატაროს მან ჰაერი, სხვა ნაწილით კი მთლიანად დაგმანოს სასტვენის ყელი. ეს უკანასკნელი ბოლოში სულსაქცევის თაღისებური პატარა «კილოთი» თავდება. «კილოსა» და ენის ანაჭერის გასწვრივ ხაზზე უნდა ამოიჭრას ექვსი მრგვალი თვალი. ეს თვლები ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით (2 სმ.) უნდა ამოიჭრას. ამრიგად ენიან სალამურს სულ 8 თვალი გააჩნია.
რით განსხვავდება ენიანი სალამური უენოსაგან? მისი სიგრძე 380-400მმ-ია, გარშემოწერილობა კი 6 სმ-ს უდრის, მუქი წაბლისფერია, შიდა მხარე თავიდან ბოლომდე ლულოვანია. სალამურის თავი ოდნავ დავიწროებულია, რათა მოსახერხებელი იყოს ჩასაბერად. სალამურის სულის საბრუნებელი არე «თვლებით» არის დასამღრული. ისინი ერთ ხაზზეა ამოკვეთილი პირველი თვალი მე-13 სმ-ზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ექვსი თანაბარი მანძილით, 3-სმ-ით არის ერთმანეთს დაშორებული. სალამურის სიდიდეს ადრე თურმე ციდით, გოჯით, ანუ თითის დადებით საზღვრავდნენ. დაწესებული ყოფილა შემდეგი ზომები: ყელი (თავიდან პირველ თვლამდე) - კაცის ერთი ციდა; წინა თვლების მხარე -1 ციდა; ბოლო, ანუ ქვედა მხარე - სამი თითის დადება. ამრიგად, სალამური შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: თავი, ანუ ყელის ნაწილი; შუა ტანი, ანუ თვლების ნაწილი და ბოლო. თითოეული მათგანი დადგენილ ზომებს ექვემდებარება და განსაზღვრულ ურთიერთმიმართებაშია. რაც უფრო ახლოა თვალი თავთან (ყელთან) მოთავსებული, მით უფრო წვრილ ხმას გამოსცემს; წვრილ მაღალ ხმას პირველი თვალი გამოსცემს, მომდევნო უფრო დაბალს და ა.შ. სალამურზე შემსრულებლად გვევლინებიან მხოლოდ მამაკაცები. სალამური, განსაკუთრებით უენო, მწყემსების აუცილებელ ნივთს წარმოადგენს. დღედღეობით, საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გავრცელებულია ენიანი სალამური. მასზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. უენო სალამურზე მხოლოდ მწყემსური მელოდიები სრულდება. სალამური დაკავშირებულია მწყემსურ ყოფასთან. ამითაა გამოწვეული, რომ სალამურის რეპერტუარი თითქმის მთლიანად მწყემსური მელოდიებით ამოიწურება. ზოგჯერ ის დოლთან ერთადაც გამოიყენება. საერთოდ, ენიანი სალამური უფრო გვიან არის გაჩენილი. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ სალამურის ძირითადი დანიშნულება - მწყემსურ ყოფასთან კავშირი (რაც უძველესი დროიდან მომდინარეობს), სწორედ უენო სალამურს შემორჩა დღემდე. სალამური ყველაზე გავრცელებული ხალხური მუსიკალური ინსტრუნტი ყოფილა საქართველოში, ამას გვიდასტურებს როგორც ხალხში შემორჩენილი ლეგენდები თუ გადმოცემები, ისე კლასიკური ლიტერატურის ძეგლები. ხალხის რწმენით, სალამურის წარმოშობის მიზეზი ადამიანის ჭირ-ვარამი ყოფილა, ობლის საფლავზე ამოსულა პირველი ლერწამი, ქარს დაუბერავს და გულისმომკვლელ ხმაზე ამოუკვნესია ბედკრულის გულზე ამოსულ მცენარეს. სალამური მშრომელი ადამიანის განუყრელი თანამგზავრი და მეგობარი ყოფილა, მისი ჭირის მოზიარე და ლხინის დამატკბობელი. ხალხის რწმენით სალამურის მოსპობა არავითარ ძალას არ შეუძლია: ცეცხლიც კი ვერაფერს აკლებს თურმე სალამურს. მის ფერფლში მშობლის სახე ისახება და ნატეხები ისევ გამოსცემენ საამო ჰანგსო. სალამურის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ დაკარგული ბავშვის მოძებნა და გამოცნობაც ამ საკრავს აქვს დაკისრებული ქართულ ფოლკლორში. ზოგიერთი თქმულების მიხედვით, სალამური ადამიანს ღვთაებისაგან მიუღია. ამიტომ იგი ღვთაებრივ საკრავად არის მიჩნეული. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, ადამიანს სალამური მთავარანგელოზების სასწაულმოქმედი საკრავის მიმსგავსებით შეუქმნია. გადმოცემათა ნაწილი ამ წყალობას ზღაპრულ ხარს - წიქარას მიაწერს. ქართულ ყოფაში სალამური გამოიყენება ჭირშიც და ლხინშიც. აქედან გამომდინარეობს ხალხში გავრცელებული ტერმინები: «საჭირო» და «სალხინო». «სალხინო» ადამიანს სიხარულს ანიჭებს, ცხოველებს ათვინიერებს, ფრინველებს გალობას აწყებინებს. «საჭირო» კი გლოვის, მწუხარების ჰანგს გადმოსცემს, ადამიანს დარდს უმსუბუქებს, ახლომახლო მყოფთ მის დასახმარებლად მოუწოდებს. ერთ-ერთი ზღაპრის მიხედვით, «საჭირო» სალამურს ბალახის ატირებაც კი შეუძლია. საინტერესოა სალამურის დამკვრელთა აზრი ორივე საკრავის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ. მუსიკალურობის მხრივ, დიდი განსხვავებაა ენიანსა და უენო სალამურებს შორის: «ენიან სალამურს ყველაფერს ვათქმევინებთ, რასაც მოვინდომებთ: ბაიათს, საცეკვაოს და ა. შ. უენო სალამურის შესაძლებლობა კი შეზღუდულია. უენო უპირატესად მწყემსის საკრავია, მასზე სათამაშო მელოდიის და ბაიათის შესრულება არ ხერხდება. მწყემსი ცხვარს რომ მიდენის სალამურს უკრავს. ამას «აქლემის ყელის დაკვრა» ეწოდება. ცხვრის დაბინავებისას სხვა მელოდიას უკრავს - ამას «დაბინავების» დაკვრა ჰქვია.
სალამურის გაკეთებისას ითვალისწინებდნენ, თუ რომელ ინსტრუმენტთან ერთად აპირებდნენ მის დაკვრას. ამის მიხედვით ადგენდნენ ტონალობას. ხელოსანს ორგვარი სალამურის დამზადება შეუძლია: I და II ხმისა. ბანის სალამურსაც აკეთებენ. სალამურს დოლთან ერთად უკრავდნენ და ბანზე ცეკვავდნენო - ამბობს მთხრობელი- "თუ დამკვრელი სალამურს დაბალ ხმაზე უკრავს, იტყვიან: ბოხზე უკრავსო, თუ მაღალზე, - იტყვიან: სტვენზე, ანუ სტვინზე უკრავსო". თუ ძველად სალამურს საწესჩვეულებო დანიშნულებისათვის იყენებდნენ (ხალხის რწმენით, სალამურს მავნე სულებისა და ქვეწარმავლების მოსპობაც კი შეეძლო), დღეს ამ საკრავმა მტკიცედ დაიმკვიდრა თავისი ადგილი ქართულ ხალხურ საკრავთა ანსამბლში. ტემპერამენტიან ქართულ ცეკვებთან ერთად მოიარა მსოფლიო და მოჰფინა მას იბერიული ლერწმის კეთილშობილური გრძნობა.
სალამურზე სულ რომ გვიფარია თითები, ჩუმი ჩაბერვით ვიღებთ I ოქტავის დო-ს. ჩაბერვისას ვიძახით ბგერას ”თ”-ს. თუ ავაცილებთ ქვედა ერთ თითს მთლიანად, მივიღებთ ბგერა რე-ს, ხოლო თუ ნახევრად ავწევთ თითს დო-ზე ვიღებთ დო. რე-დან თუ ავწევთ ერთ თითს ვიღებთ მი, ხოლო თუ მი ავწევთ ნახევრად მივიღებთ მი. შემდეგ მთლიანად აწევისას ფა, ხოლო ფა-ს თუ ავწევთ ნახევრად ფა. შემდეგ სოლ, ნახევრად სოლ. შემდეგი თითის აწევით ვიღებთ ლა-ს, ლა-ს შემდეგ თითის მთლიანად აწევით ვიღებთ სი-ს, ხოლო ნახევრად სი-ს. შემდეგ ყველა თითს ვაფარებთ და ძლიერი ენის დარტყმით ვიღებთ მეორე ოქტავის დო-ს. II ოქტავის ბგერებს ვიღებთ იგივე თითების დაფარებით და უფრო ძლიერი ჩაბერვით


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
11002.jpgრა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ და რა კავშირი აქვს სტრადივარიუსის ვიოლინოებს ბორჯომის ხეობასთან
2011-08-10
ქეთი დიდებულიძე fb_share.png
twitter.jpeg

მუსიკალური ფოლკლორი, ინსტრუმენტები, სიმღერები – ყოველივე ეს ნებისმიერი ერის თავმოწონებისა და სიამაყის საგანია. მართალია, ჩვენში კლავიშებიანი ინსტრუმენტები არ შექმნილა, მაგრამ, ქართულ საკრავებს თავიანთი ინდივიდუალობა მაინც აქვს. საკრავების შესახებ საკრავების მუზეუმის თანამშრომელი, ქალბატონი ქეთევან ბაიაშვილი გვესაუბრება.
– ჩვენს მუზეუმში მრავალგვარი და სხვადასხვა წარმოშობის საკრავი ინახება. გვაქვს სუფთა ქართული საკრავები, ცალკეა აღმოსავლური საკრავების დარბაზი, მარჯვენა ფლიგელში კი ევროპული. იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, არკადი რევაზიშვილი, რომელიც სერიოზულად იყო გატაცებული მუსიკით და ცხოვრების მიზნად დაისახა მუსიკალური საკრავების კოლექციის შექმნა. მან უამრავ ქალაქში იმოგზაურა, გააბა ურთიერთობა კოლექციონერებთან და მართლაც შეაგროვა სხვადასხვა სახის საკრავები. როგორც ჩანს, არკადი რევაზიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია და მთელი თავისი კოლექცია მუზეუმს უსახსოვრა. ამ კოლექციის ბაზაზე შეიქმნა ქართული ხალხური საკრავების მუზეუმი, რომელსაც შემდეგ საკრავების გარდა სიმღერებიც დაემატა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ქართულ მუსიკალურ კულტურაში წამყვანი ყოველთვის სიმღერა იყო, ტრადიციული სამხმიანობა, საკრავი კი – მასზე დამოკიდებული, სათანხლებო, სიმღერისა და ცეკვისათვის.
ძალიან საინტერესო კოლექცია გვაქვს დასარტყამი, სიმებიანი, ჩასაბერი ინსტრუმენტებისა. არის თარი, ქამანჩა, დაირა, ჩონგური, სანთური, არის დასარტყამი საკრავი, რომელიც ახლა ძალიან მოდაშია და მას „ტამტამს“ უწოდებენ. ტამტამი აფრიკულია, ქართულ ყოფაში კი მას „ზარბი” ჰქვია, უფრო სწორად, „ზარბი“ მისი აღმოსავლური სახელწოდებაა. გვაქვს ზურნა-დუდუკი, რომელიც ძველი თბილისის მუსიკალურ სიმბოლოდ ითვლება; ასევე, არღნების კოლექცია, რომელთაგანაც რამდენიმე მოქმედია. შემდეგ აუცილებლად მოგასმენინებთ. მოსმენილი გაქვთ არღნის ხმა?
– მხოლოდ კინოფილმებში, ცოცხლად არა.
– აუცილებლად მოგასმენინებთ და თავად დარწმუნდებით, თანამედროვე არცთუ კარგი მუსიკის ფონზე, რამდენად კეთილხმოვანი მოსასმენია. საკრავების გარდა, გვაქვს ვოკალის, ანუ, ხმოვანი ფონდი, რადგან ეს ხალხური სიმღერების მუზეუმიცაა. დღემდე ვერ შევძელით ექსპედიციაში წასვლა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ვალდებულები ვართ, გვქონდეს სრული წარმოდგენა, რა ხდება ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის ბირთვში – როგორც ბარის, ასევე მთის სოფლებში.
– რომელია ამ საკრავთაგან უძველესი?
– სალამური. სხვათა შორის, ერთი მეტად მნიშვნელოვანი ცნობა მინდა მივაწოდო საზოგადოებას თქვენი ჟურნალის საშუალებით. მცხეთასთან არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა 5 000 წლის წინანდელი, გედის ძვლისგან დამზადებული სალამური. საინტერესოა, რომ სალამურის ორი ტიპი არსებობს: ენიანი და უენო. ალბათ, გახსოვთ „წიქარადან” ჭირისა და ლხინის სალამურები. უენო სალამური შედარებით უფრო შეზღუდული დიაპაზონისაა და საფიქრებელია, რომ მას მწუხარების ჟამს იყენებდნენ. ენიანი სალამური უფრო გახსნილია, ამიტომ, სავარაუდოდ, ის საცეკვაო მუსიკისთვის იყო შექმნილი. გარდა ამისა, მუსიკალურ ინსტრუმენტებს სრულიად პრაქტიკული, სამეურნეო დანიშნულებაც ჰქონდა ჩვენს ყოფაში. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხომ ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა იყო და არის. თურმე, ენიანი სალამური განკუთვნილი იყო ცხვრის ფარის შესაკრებად, უენო სალამურის ბგერას კი უკეთ აღიქვამდა ძროხის ყური. არსებობდა თიხის სალამურიც, რომელიც ღორების კოლტის სამწყემსავად გამოიყენებოდა. ამ უკანასკნელ სახეობას თითქმის აღარავინ აკეთებს თანამედროვე საქართველოში, მაგრამ ვიპოვეთ ოსტატი, რომელმაც იცის თიხის სალამურის ისტორიაც და მისი დამზადებაც. ძალიან გვინდა, წელს მოვინახულოთ, შეგვპირდა, რომ გვაჩუქებს სალამურს მუზეუმისთვის. არის ჩასაბერი ინსტრუმენტები: ლარჭემი და სოინარი, რომლებიც დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამ საკრავებს სამეგრელოსა და გურიაში იყენებდნენ ნადირობისას. გვაქვს ჩანაწერი, სადაც შეგიძლიათ, მოისმინოთ, რომ საოცრად ზუსტად ბაძავენ ჩიტების ჭიკჭიკს. ეს საკრავები დაკავშირებული უნდა იყოს, ასევე, მიცვალებულის სულთან. ყოფაში არის სხვადასხვა სახელი: სასტვენელი, საშვიტელა, საფშტვენელი, მაგრამ, მეცნიერები ასე უწოდებენ: ენიანი და უენო.
– ძირითადად, რა მასალისგან ამზადებდნენ ინსტრუმენტებს?
–  მაგალითად, ფანდურებს – თუთის ხისგან,  რადგან თუთა არაჩვეულებრივი ბგერაგამტარია, ასევე, ნაძვისგან, მსხლისგან.
– სიმიან საკრავებზე რას გვეტყვით?
– მრავალნაირი სიმიანი საკრავია აქ წარმოდგენილი: ჭიანური, ჩონგური, სანთური. ეს აფხაზთა უძველესი სიმებიანი საკრავია, ორსიმიანი, რომელზეც ხემით უკრავდნენ. ხემი ნამდვილი ძუისგან არის დამზადებული. ძველად სიმებს, ანუ „ძალებს”, ნამდვილი ძუისა და აბრეშუმისგან ამზადებენ, ამიტომ ძველ ჩონგურებსა და ქნარებს სრულიად სხვა ხმიანობა აქვს, ვიდრე იმავე ინსტრუმენტებს ნეილონის სიმებით. მხატვარმა სანდრო ხუცურაულმა მოგვიტანა ცხვრის ნაწლავისგან დამზადებული სიმები, რომლებიც ჯერ არ გამიბამს. ძველ ქართულ ჩონგურზე ამბობდნენ, „ღუღუნა ჩანგურიო,” ნეილონის სიმებს ღუღუნი სად შეუძლია? თანაც, ავთენტური, ანუ ბუნებრივად არსებული ინსტრუმენტების ხმიანობა ერთმანეთთან შეუთავსებელია, რასაც დღეს ცდილობენ და რაც არასწორია. ქართველები ინსტრუმენტების ინკრუსტრირებას არასდროს მიმართავდნენ, ქართული საკრავი გარედან ძალიან უბრალოა და, იცით, რატომ? იცოდნენ, რომ ოქროთი დაფერვა თუ სხვა სახის შემკულობა ინსტრუმენტს ჟღერადობას უცვლიდა.
არის რაჭული ჭიანური, რომლის კორპუსსაც ნავის ფორმა აქვს. ის საკრავები, რომლებსაც ნავის ფორმა აქვს, უძველესად არის მიჩნეული.
ზოგადად, ჭიანური ძალიან გავრცელებული ინსტრუმენტი იყო როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. სვანეთში მას ჭუნირს უწოდებენ. ჭუნირი სვანეთში გლოვასთან იყო დაკავშირებული, დიდი ხნის წინ ერთ-ერთი ექსპედიციისას სვანეთში  ჩვენ ვნახეთ, როგორ დასტიროდა მწუხარე დედა გარდაცვლილი ვაჟის საძვალეს ჭუნირის თანხლებით. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, თუშეთში რომ ვიყავით ექსპედიციაში, ასევე საინტერესო ადამიანს მივაგენით. მოვიკითხე, ჭიანურზე ვინმე თუ უკრავდა და მიგვასწავლეს მოხუცი პავლე ლაგაზიძე, რომელიც იმხანად უკვე ლოგინს იყო მიჯაჭვული. თუ უკრავდა, ის უკრავდა, ალაპარაკებდა ჭიანურსო, – გვითხრეს. ვეხვეწე და ვემუდარე, ეგებ როგორმე ერთხელ მაინც დაუკრათ, რომ ჩავიწეროთ-მეთქი. დაგვთანხმდა. პრაქტიკულად, სულთმობრძავი ადამიანი გაცოცხლდა ჭიანურის ხსენებაზე, წამოჯდა და დაგვიკრა. იცით, რა გვითხრა? აქ ამომყავდა მიცვალებულის სული ჭიანურის ხმაზე და ვაცეკვებდიო.
თუშური ჭიანური და სვანური ჭუნირი, მუსიკალური ჟღერადობით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მინდა, ერთი სენსაციური ახალი ამბავი გამცნოთ, რომელიც მეც ახლახან შევიტყვე: ვიოლინოების ცნობილ ოსტატს, სტრადივარიუსს, ჰქონია ცნობა იმის შესახებ, რომ კავკასიური ნაძვი, კერძოდ, ბორჯომის ხეობის ნაძვი, არის არაჩვეულებრივად ბგერაგამტარი მასალა! სწორედ ამ ნაძვისგანაა დამზადებული მისი ვიოლინოები. ალბათ, სამომავლოდ ჩატარდება კვლევა ამ საკითხის უფრო დაწვრილებით შესასწავლად.
აი, უძველესი ხევსურული ფანდური. ადრინდელ ყოფაში უფრო მეტად ორსიმიანი ფანდურები იყო გავრცელებული, მესამე სიმის გაბმა უფრო გვიან დაიწყეს ოსტატებმა. თავად სიტყვა „ფანდური“ აღმოსავლური წარმოშობისაა და, ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, ნარდთან, კერძოდ, სიტყვა „ფანდთან” უნდა იყოს დაკავშირებული. ის დაახლოებით მეათე საუკუნიდან უნდა იყოს შემოსული და დამკვიდრებული ქართულ ენაში, მაგრამ, მთის სოფლებში მას „ჩონგურს” უწოდებენ, ფანდურზე არც  რეაგირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის ცნობიერებამ ძველი სახელწოდება უცვლელად შემოინახა. სხვათა შორის, თანამედროვეობაში ბევრი უცხო სიტყვა შემოვიდა და ანსამბლს ახლა რომ „ბენდს” უწოდებენ, იცით, ადრე რა ერქვა? – მწყობრი!
– ეს რა არის, „ბუზიკა“ რომ აწერია?
– ეს პატარა გარმონია, რომელსაც ქართლში „წიკო-წიკო“ უწოდეს. გარმონი გერმანული წარმოშობისაა, მაგრამ ქართულმა სმენამ ვერ იგუა მაჟორ-მინორზე აწყობილი ინსტრუმენტული ხმიანობა, ამიტომ კლავიშებს წყობა შეუცვალა და გაათუშურა. სხვათა შორის, გარმონი, რომელსაც ასე ხშირად იყენებდნენ თუშეთში, შედარებით გვიანდელი მოვლენაა ჩვენს მთაში. ეთერ თათარაიძე მოგონებებში ამბობს, რომ ჯერ კიდევ მის ბავშვობაში გარმონი ასე გავრცელებული არ იყო თუშეთში, უფრო ორსიმიან ჩონგურზე უკრავდნენ.
– დასარტყამი ინსტრუმენტები?
– დასარტყამი ინსტრუმენტები ძირითადად აღმოსავლეთიდან არის შემოსული: დაირა, დოლი, დიპლიპიტო... „დიპლიპიტო“ ბერძნული სიტყვაა და ასე იშიფრება: „დიპლის” – ორმაგი, „პიტა“ მათი საჭმელია, ხაჭაპურის მსგავსი. როცა მაკედონელს კავკასიაში ულაშქრია, წინ შეხვედრია ქართველთა მწყობრი, სანთურზე, ბუკზე, დასარტყამ საკრავზე დამკვრელები. მაკედონელს რომ დაუნახავს ეს საკრავი, წამოუძახებია: „ეს რა დიპლიპიტოაო.” მას შემდეგ ქართველები მას „დიპლიპიტოს“ უწოდებენ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

შესრულებულუს1175261_125.jpg.თეგებიუს დამატებულუს

.

 


legion.ge-82-1553250819.jpg






1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?