Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

9c7fdb7c0111f90439ae0ddb80191fbc.jpg
შეხვედრა წარსულთან: ქართველი ჩუბინი ამერიკაში

ფოტოზე: ჩოხოსანი ქართველები, ამერიკელი შერიფი, ტრადიციულსამოსიანი ინდიელები და მექსიკელები. თეთრი ჩოხით - "ის, ვინც კაზაკი არ არის".

XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში, ახალი მექსიკის ტერიტორიაზე კოვბოი ბერნარდ ო'გორმანი ოქროს საბადოს წააწყდა, რომელიც აპაჩების ტომის ჰიკარილიას შტოს მიწაზე მდებარეობდა. საბადოს აღმოჩენის ამბავი სწრაფადვე გახმაურდა და "ოქროს ციებ-ცხელებაც" დაიწყო - ახალი მექსიკა, რომელსაც მაშინ შტატის სტატუსი არც ჰქონდა, სულ რამდენიმე თვეში ოქროსმაძიებლებით აივსო.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ხალხს არც ინდიელთა მძვინვარე ტომები აშინებდა, არც თვალუწვდენელი უდაბნო, სადაც კაქტუსების გარდა, არაფერი ხარობდა და წყალიც არ იყო. სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზთა გამო, ვაშინგტონის მესვეურებმა ახალი მექსიკის მხარეში (რომელიც აშშ-მა XIX საუკუნის 40-იან წლებში მექსიკას წაართვა) იქამდე ვერაფერიც ვერ განავითარეს; ამიტომაც ო'გორმანის მიერ ოქროს საბადოს აღმოჩენამ თეთრ სახლში საყოველთაო სიხარული გამოიწვია - მთავრობამ მოხალისე ოქროსმაძიებელთა პარტიები თავადვე დააფინანსა: იქ ოქრო რომ ვერც იპოვონ, ახალ საცხოვრებელ ადგილს მაინც იშოვნიანო - ჩათვალეს ვაშინგტონში.

სწორედ იმ დროს, როდესაც ამერიკულ ქალაქებში პირზე ყველას ახალი მექსიკა და აპაჩების ოქროს საბადო ეკერა, ადგილობრივ საცირკო დასებში ბლომად იყვნენ ქართველი მოჯირითეები - როგორც ცნობილია, პირველად ამერიკაში ისინი 1893 წელს ჩავიდნენ და ბუფალო ბილის სახელგანთქმულ დასში გამოდიოდნენ. შემდეგ კი სხვა დასებშიც გამოჩნდნენ.

მოჯირითეთა უმეტესობა გურიიდან იყო, თუმცაღა მათთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეთა მცხოვრებლებიც საკმაოდ იყვნენ.

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ევროპასა და ამერიკაში ჩასულ ქართველ მოჯირითეთა შესახებ ამერიკაშიც და ჩვენთანაც უამრავჯერ დაწერილა და ამიტომ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, თუმცა იმას კი ვიტყვით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართულ სათვისტომოს სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი - ამას ამერიკული ენციკლოპედიური გამოცემებიც ადასტურებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 1893 წლიდან 1910 წლამდე ამერიკაში ქართველ მოჯირითეთა რამდენიმე ჯგუფი კი ჩავიდა, მაგრამ ამის თაობაზე სანდო ოფიციალური დოკუმენტაცია თითქმის არც არსებობს; კინორეჟისორმა ირაკლი მახარაძემ, რომელიც კარგა ხანია, ამ თემაზე მუშაობს, დაადგინა, რომ მოჯირითეების პირველ ჯგუფს ივანე მახარაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც ამერიკელები "პრინცის" მეტსახელით უფრო იცნობდნენ.

როგორც წესი, ამერიკაშიც და ევროპაშიც ქართველ მოჯირითეებს "კაზაკებად" იხსენიებდნენ. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის ვინაობა ჯერაც უცნობია, ან ცნობილია მხოლოდ სახელი და გვარი, მაგრამ ფოტოსურათი არ არსებობს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოჯირითეთა მნიშვნელოვანი ნაწილი 1905-1907 წლებში რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო და, ალბათ, ამითაც უნდა იყოს გამოწვეული ის გარემოება, რომ ოკეანის გაღმა ბევრმა მათგანმა სახელი კი შეიცვალა, თუმცაღა ქართველობაზე უარი არასოდეს უთქვამს - ისინი ყოველთვის ამაყობდნენ თავიანთი წარმომავლობით, ყველგან ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ქართველები იყვნენ და არა რუსი კაზაკები.

1910 წელს, ამჟამინდელი ახალი მექსიკის ტერიტორიაზე, ჰიკარილია-აპაჩების მიწაზე ჩასულ ოქროსმაძიებელთა შორის ორი ქართველი ყოფილა, რომელთა ნამდვილი სახელები უცნობია. სხვა ოქროსმაძიებლები და ადგილობრივი აპაჩები მათ მეტსახელებით იცნობდნენ - ერთს, რომელიც გადმოცემით, ოდნავ კოჭლობდა, "კოჭლ ცხენს" (აპაჩების ენაზე Olik’o ne’en) ეძახდნენ, მეორეს კი ყოვლად უცნაურად იხსენიებდნენ - "ის, ვინც კაზაკი არ არის" (Kassakpi’ak), რადგანაც ვერ იტანდა, თუ ვინმე "კაზაკს" დაუძახებდა და ამის გამო ყოველთვის ჩხუბობდა.

ჰოდა, თუ სემ ფექინფასი არა, სერჯიო ლეონეს ვერსთერნები ხომ გინახავთ? იქ რომ სიტუაციები და ამბებია აღწერილი, სწორედ ისეთ ვითარებაში ცხოვრობდა ეს ორი ქართველი ოქროსმაძიებელი. ველურ დასავლეთში მაშინ ადამიანის უფლებებზე საუბარს ვინმე თუ გაბედავდა, "სმიტ-ვესონის" ტყვიით აჩუმებდნენ. იგივე საშუალებით წყვეტდნენ ყველა სხვა პრობლემასაც. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვისაც იქ ცხოვრება სურდა, კარგი ჩუბინი ანუ მიზანში მსროლელი უნდა ყოფილიყო.

მართლაც, ველური დასავლეთი უპირველესად სწორედ მაგარი მსროლელებით იყო ცნობილი და გასული საუკუნის 10-იან წლებში არიზონის შტატის აპაჩის საგრაფოს შერიფს, ვინმე ჯონათან ლარსონს აზრად მოუვიდა, მიზანში სროლის ჩემპიონატი გაემართა. ამით საგრაფო მთელს შტატებში მოიხვეჭს პოპულარობასო, ფიქრობდა ჩაუქი შერიფი და ყველაფერს აკეთებდა, რომ მართლაც ასე მომხდარიყო.

ერთი სიტყვით, ჩემპიონატი მართლაც მოეწყო და აპაჩის საგრაფოს სახელიც მთელს შეერთებულ შტატებში გახმიანდა - ამერიკელები ხომ ძველთაგანვე იმას ტრაბახობდნენ, რომ მათი ეროვნული სპორტი მიზანში სროლა იყო. აპაჩის საგრაფოს პატარა დაბა ჩინლი (ნავაჰოს ინდიელები მას "ჭინილის" ეძახიან, მაგრამ ამერიკელები ხომ "ჭ"-ს ვერ ამბობენ) ერთი კვირის განმავლობაში ჩუბინების მექად იქცა: მთელი ველური დასავლეთიდან შეიყარა იქ მიზანში მსროლელი ხალხი - თეთრები, შავკანიანები, ინდიელები და, რაღა თქმა უნდა, ის ორი ქართველიც, რომელთა სახელები ამჟამად არავინ იცის, მეტსახელები კი უკვე მოგახსენეთ.

ახლა კი, აქ კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა - ამერიკელები იმთავითვე უბოდიშოდ ექცეოდნენ ინდიელებს, მაგრამ ეს უკანასკნელნიც ტოლს არ უდებდნენ: თუ თეთრები სოფელს გადაუწვავდნენ, ინდიელები რკინიგზის შპალებს აყრიდნენ, მატარებელს უსაფრდებოდნენ და მგზავრებს მუსრს ავლებდნენ.

საერთოდაც, ხომ ეგრეა - პატივს მგელს უფრო სცემენ, ვიდრე ძაღლს და დამარცხებულ კაცს კი მშვიდობა არ უნდა უნდოდეს. არც ინდიელებს უნდოდათ მშვიდობა და იმდენი იბრძოლეს, რომ მაინც მიაღწიეს მიზანს - საქართველოზე ოდნავ დიდი ტერიტორია დაიკანონეს და თავიანთი კანონებით იწყეს ცხოვრება. აპაჩების და ნავაჰოების რეზერვაცია, ჩვენებურად კი - ავტონომიური რესპუბლიკა აშშ-ში დღესაც არსებობს და იქ თეთრებს უნებართვოდ არათუ შესვლა, არამედ შესუნვაც კი ეკრძალებათ.

ჰოდა, რეზერვაცია კი იმიტომაც ვახსენე, რომ იმ ჩემპიონატზე იქაური ჩუბინებიც იყვნენ და თუკი გაზეთ "ნავაჰო თაიმზს" ვენდობით, ისე დაჩაგრეს ნარჩევ-ნარჩევი კოვბოები, რომ შერიფ ლარსონს სიცოცხლეც აღარ უნდოდა. ნატრობდა - ოხ, ნეტავ, მიწა გასკდეს და თან ჩამიტანოს, ჩემიანების სირცხვილის ყურება ხომ აღარ მომიწევსო.

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ერთი პეწენიკი ჟურნალისტი კი, ჩუბინ ინდიელთა შემხედვარე, მეათასედ სვამდა ერთსა და იმავე კითხვას: ამათ სროლა როდის აქეთ ისწავლესო?

ჰოდა, სწორედ ამ დროს, გამოსულა ერთი ვინმე ჩოხოსანი, რომელსაც ახალი მექსიკის ოქროსმაძიებლები და ინდიელები ფრიად და ფრიად უცნაური მეტსახელით იცნობდნენ - "ის, ვინც კაზაკი არ არის" და ოფიციალურად მოუთხოვია: აგერ მე და აგერ ჩემი იარაღი, მიმიშვით და მე შევეჯიბრები ჩუბინობით განთქმულ ინდიელს, სახელად მაიკლ "მეხთატეხასო".

ჯონათან ლარსონმა ჯერ იჭვნეულად შეათვალიერა თეთრჩოხოსანი "ის, ვინც კაზაკი არ არის" და მერე დასტური დასცა. ქართველმაც იძრო "სმიტ-ვესონი", ამხედრდა ცხენზე და გააჭენა ასპარეზისკენ. ჰეროლდებმა ანუ გამომცხადებლებმა კი შეკრებილ ზღვა ხალხს ამცნეს - ახლა, პირადი მოთხოვნის საფუძველზე, თითქმის უკვე ჩემპიონ ინდიელს დაუპირისპირდება "ის, ვინც კაზაკი არ არისო".

თუ მოიგებს, მაშინ თავად გახდება ჩემპიონი და პრიზსაც მიიღებს, ხოლო თუ წააგებს, მაიკლ "მეხთატეხას" საბოლოოდ ვცნობთ გამარჯვებულადო.

იმ ჩემპიონატზე კი, როგორც წესი, ათასგვარი ეშმაკური სამიზნე ყოფილა - მოძრავი, უძრავი, მფრინავი (მტრედს ააფრენდნენ და მონაწილეს უნდა მოერტყა) და ა.შ. მაიკლ "მეხთატეხას" კი საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა: 100-დან 90 ქულა. ერთი სიტყვით, იმ ათმა ქულამ ქართველს იმის საშუალება მისცა, რომ მოეგო და მოიგო კიდეც, თანაც სუფთად: 100-დან 100.

"კაზაკურად ჩაცმული კაცი არამარტო კარგად ისროდა, არამედ, ცხენზე ჯირითის გასაოცარ ხელოვნებასაც ფლობდა და გამოსვლა რომ დაასრულა, ჯილდოც მიიღო - "მარცინი ჰენრის" სისტემის კარაბინი და 1000 დოლარი. თოფს ემთხვია და თავისთვის დაიტოვა, ხოლო 1000 დოლარი ინდიელ მაიკლ "მეხთატეხას" გადასცა", - წერდა გაზეთი "ნავაჰო თაიმზი".

ამ შემთხვევის გასახსენებლად ეს სურათიღა დარჩა, სადაც თეთრჩოხიანი "ის, ვინც კაზაკი არ არის" შერიფის გვერდით დგას, სადღაც უკან კი ბუმბულებით მოსილ მაიკლ "მეხთატეხასაც დალანდავთ.

მიხეილ ლაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყარო: sportall.ambebi.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგარი კაცი.

კაცო ჩვენი ჩუბინის წინაპარი ხო არ იყო? ;)მაგარი კაცი კი იყო და...


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45134 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქართველები პალესტინაში

 

პალესტინის ყველაზე ძველი მონასტრები და ქართველები
ქართველები წმინდა ხარიტონის სავანეებში - ფარანი, კარანტალი, პალავრა (ქართველები წმინდა მიწაზე).

წმინდა მიწაზე ქართველთა მოღვაწეობის არეალი მხოლოდ მათ მიერ ნაშენები ეკლესია-მონასტრებით არ შემოიფარგლება. ისინი პალესტინის ბევრ სახელოვან სავანეშიც მოსაგრეობდნენ ერთმორწმუნე ბერძნების, სირიელების, არაბებისა და სხვების მხარდამხარ; ქმნიდნენ იქ მწიგნობრული საქმიანობის მნიშვნელოვან კერებს. ქართული მწიგნობრობის ასეთ ცენტრებს განეკუთვნებოდნენ საბაწმიდა, პალავრა (ხარიტონწმიდა), სინას მთა, კაპპათა, გეთსიმანია და სხვ. წინამდებარე წერილში მკითხველის ყურადღებას წმინდა ხარიტონისეულ სავანეებზე შევაჩერებთ. მათდამი ინტერესს ზრდის ის ფაქტი, რომ ქვემოთ განხილული სამიდან ორ სავანეში ოდესღაც ქართველი ასკეტი ბერებიც იღვწოდნენ.
აღიარებულია, რომ იუდეის უდაბნოში სამონასტრო ცხოვრებას საფუძველი IV საუკუნის მეორე მეოთხედში ჩაეყარა, როდესაც ამ მხარეში გამოჩნდა იკონიელი (მცირე აზიაშია) ასკეტი ბერი ხარიტონი (+350). მან ერთმანეთის მიყოლებით 15 წელიწადში დააარსა სამი დიდი სამონასტრო კერა: პირველი ეინ-ფარაში (იმავე ფარანში), მეორე იერიქონში, ცდუნების (იმავე კარანტალის) მთაზე და მესამე - ვადი-თეკოას სიახლოვეს, სუკკიაში (იმავე სუკკაში).

ფარანის (არაბ. “დეირ ფარან”) მამათა მონასტერი უძველესია მთელ პალესტინა-ისრაელში. მას 330-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი წმინდა ხარიტონ აღმსარებელმა იმ გამოქვაბულში, სადაც იგი დატყვევებული ჰყავდათ ავაზაკებს. მონასტერი იერუსალიმიდან რამდენიმე კილომეტრში, იუდეის უდაბნოში, ნახალ პრატის (სხვანაირად: ეინ პრატ, ეინ ფარა) დაბლობის სიახლოვეს, ვადი კელტის ხეობაში მდებარეობს. წმინდა ბერის იქ გამოჩენისთანავე ამ მიდამოებს მიაშურა მრავალმა განდეგილმა ბერმა. წმინდა ხარიტონმა ამ პირველი ლავრის ჩამოყალიბების შემდეგ განმარტოება არჩია და ფარანიდან იერიქონისკენ გაეშურა. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, წმინდა ხარიტონი სიცოცხლის ბოლოს ისევ დაბრუნდა ფარანის ლავრაში და 350 წელს, გარდაცვალების შემდეგ ის მისსავე გამოქვაბულში დაკრძალეს.

ფარანის ლავრის აყვავების დრო VI საუკუნეზე მოდის. მიუხედავად წმინდა მიწის არაბთაგან დაპყრობისა, ლავრა კიდევ მომდევნო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში არსებობდა. ბერებმა ის მხოლოდ IX საუკუნის დასაწყისში, ჰარუნ ალ-რაშიდის შვილებს შორის ატეხილი ძმათა მკვლელი დაპირისპირებისას მიატოვეს. სახელოვანი ლავრა დიდი ხნით სრულიად გაუკაცრიელდა. მისი აღორძინების რამდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს, 1903 წელს რუსი ბერების მონდომებით ის მაინც აღდგა მოკრძალებული სკიტის სახით. ფარანის სავანეს განსაცდელი არც შემდგომში დაჰკლებია. ის სერიოზულად დაზიანდა 1967 წელს ისრაელ-პალესტინის ექვსდღიანი ომის დროს. 1997 წელს სკიტის ტერიტორია ნანგრევებისგან გაწმინდა რუსმა განდეგილმა ბერმა, ხარიტონმა. ის იქ მუდმივად იმყოფება დღემდე. ყოფილი ლავრის ტერიტორიაზე სიძველეთაგან ამჟამად შემორჩენილია წყლის რეზერვუარი, კოლონების ნაწილი და საკნები, კედლისა და მოზაიკური იატაკის ფრაგმენტები. თვითონ წმინდა ხარიტონის ეკლესია მიწის ზედაპირიდან 20 მეტრ სიმაღლეზე განთავსებულ გამოქვაბულშია მოწყობილი.
ფარანის ლავრაში ოდესმე ქართველთა ყოფნის ფაქტი, ამის დამადასტურებელი მყარი საბუთის უქონლობის გამო, ჯერჯერობით ვერ მტკიცდება. თუმცა, იმავე (ანუ ვადი კელტის) ხეობაში მდებარე ხოზივას (ქოზიფას) ლავრაში, მაგალითად, სხვების გვერდით ქართველი ბერების ყოფნა ეჭვს არ იწვევს.

ფარანის ლავრაში ასკეტ ბერთა მომრავლების შემდეგ წმინდა ხარიტონმა ისევ განმარტოება არჩია და იერიქონის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე მდებარე, დაბლობიდან 380 მეტრი სიმაღლის დაგონის მთას მიაშურა. ამ მთაზე უკვე სელევკიდების ეპოქაში იდგა დოქას ციხესიმაგრე, რომელსაც მოგვიანებით ხასმონეები (ძვ. წ. 165-37 წწ.) დაეუფლნენ. აქვე მოუკლავს ძვ. წ. 135 წელს სიმონ მაკაბელი მის სიძეს - პტოლემაიოსს. სწორედ ამ მთაზე აარსებს 340 წელს წმინდა ხარიტონი მისთვის მორიგ, დუკას ლავრად წოდებულ სავანეს. ადგილმა, რომლის იდენტიფიცირება სახარებაში იესო ქრისტეს 40-დღიანი განმარტოებისა და ეშმაკის მასთან ჭიდილის სამყოფელთან ჯერ კიდევ 326 წელს მოახდინა წმინდა მიწაზე ჩასულმა ელენე დედოფალმა, მალევე მიიზიდა იუდეის უდაბნოში ეულად მოხეტიალე ასკეტი ბერები. მათ დაგონის მთის გამოქვაბულებში დაიდეს ბინა. ეს გამოქვაბულები ჯერ კიდევ ისრაელელებთან ომის დროს გამოკვეთეს ამორეველებმა. თვითმხილველთა ცნობებით, ხარიტონის აღნიშნული სავანე V-VI საუკუნეებში ფუტკრის დიდ სკას ჰგავდა, სადაც მდუმარების მოყვარული ბერები ასკეტიზმში წვრთნითა და ლოცვით დაუცხრომლად ქმნიდნენ სულიერ თაფლს. ზოგიერთი მათგანი სიცოცხლის ბოლომდე ამ გამოქვაბულებში რჩებოდა. ლავსაიკონის (უდაბნოში მოღვაწე წმინდა მამათა ცხოვრების აღწერა) ავტორი უკვე IV საუკუნის ბოლოსთვის ცდუნების მთის სავანეს მისი ბინადრების სიმრავლით ქალაქს ამსგავსებდა.

დუკას ლავრის მჩქეფარე ცხოვრება 614 წელს სპარსელთა გამანადგურებელმა შემოსევამ შეწყვიტა. 630 წელს, ხალიფა ომარ იბნ ხატაბის მიერ წმინდა მიწის დაპყრობის შემდეგ, ეს სავანე მთლიანად გაუკაცრიელდა. 1104-1107 წლებში იერიქონის მიდამოები მოიხილა ჩერნიგოველმა იღუმენმა დანიელმა. ის თავის პილიგრიმულ ჩანაწერებში საუბრობს მხოლოდ ქრისტეს გამოქვაბულზე, მონასტრის არსებობაზე კი არაფერს იტყობინება. სამონასტრო კერა ხელმეორედ მას შემდეგ აღორძინდა, რაც 1099 წელს პალესტინას ჯვაროსნები დაეუფლნენ. მათ XII საუკუნის პირველ ნახევარში ცდუნების მთის იავარქმნილ ლავრაში ორი ეკლესია აღადგინეს: ერთი უშუალოდ ხარიტონის გამოქვაბულის ადგილას, მეორე კი დაგონის მთის წვერზე მდებარე დაშლილი ბიზანტიური ტაძრის საფუძველზე. ჯვაროსნებს უკავშირდება ცდუნების მთის სავანის ამჟამინდელი არაბული სახელის (დეირ ალ-კურუნტულ) გაჩენაც. ის 40-ის აღმნიშვნელი ლათინური კუარანტანასგან წარმოდგა. მთასაც იმ დროიდან დაუმკვიდრდა «ორმოცდღიანი მთის» სახელი, როგორც მოგონება ამ ადგილზე იესო ქრისტეს 40-დღიანი განმარტოებისა. 1820 წელს ამ მიდამოებში გზად მიმავალი ცნობილი მოგზაური და დიპლომატი გიორგი ავალიშვილიც თავის ჩანაწერებში მთას «ოთხათეულისას» ან «კარანთინნისას» უწოდებს.
გაუკაცრიელებული ლავრა ჯვაროსნების დროს ხელმეორედ აღორძინდა. მის აღდგენას ხელს უწყობდა პატრიარქი უილიამ I (1138 წ.). იმ დროს მონასტრის განახლებისთვის იღვწოდა უფლის წმინდა საფლავის კრებულიდან მოვლინებული რაინალდუსი. ცდუნების მთის სავანეზე ცნობებს გვაწვდიან პაპი ცელესტინე II (1144 წ.), მეფე ამალრიკი (1164 წ.), რომის პაპები ალექსანდრე III (1170 წ.) და ლუციუს III (1182 წ.). აქაურ მონასტერთან მჭიდრო ურთიერთობაში იყო მაცხოვრის საფლავის კათოლიკე ბერთა საძმო. 1170 წლისთვის კარანტალის მთის მიდამოებში უკვე მრავლად იყვნენ ლათინი ბერები. ისინი იქ ჩანან 1172 წელს, როდესაც კარანტალს საქსონიისა და ბავარიის გამგებელი ჰენრი ლიონელი ეწვია. 1175 წელს მონასტრის მიდამოები აღწერა პილიგრიმმა თეოდორიხმა.
სალადინის შემდეგ აიუბიდების დინასტიის წმინდა მიწაზე გაბატონებას მოჰყვა ცდუნების მთის სამონასტრო კერის ლათინი ბერებისგან დაცლა. მაგრამ ცნობები კარანტალის მთის შესახებ შემდგომში, XIII საუკუნეშიც გვხვდება ევროპელ პილიგრიმთა ჩანაწერებში: ვილბრანდ ოლდენბურგელთან (1211-1212 წწ.), თიეტმართან (1217 წ.), მიქელანტთან და რაინოდთან (1228-1231 წწ.), ალბერტ სტადელთან (1251-1252 წწ.), ბუშარდთან (1283 წ.), ჯეიმს ვიტრიელთან (1217-1240 წწ.) და სხვ. მათი უმრავლესობა უფრო მონასტრის მიდამოს აღწერს, საკუთრივ მონასტერზე კი ბევრს არაფერს გვამცნობენ. უფრო ადრე, 1185 წელს, ასევე შორიდან შეავლო თვალი ცდუნების მთას იოანე ფოკამაც.

მამლუქთა ბატონობის ხანაში (1260-1517 წწ.), როცა ეგვიპტის მმართველებსა და საქართველოს მეფეებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ქართველმა ბერებმა ცდუნების მთის სავანესაც მიაკითხეს და იქ საკუთარი სამლოცველო გაიჩინეს. სამწუხაროდ, ადგილზე მათი იმდროინდელი მოღვაწეობის რამე კვალის მოძიება ჯერჯერობით არ ხერხდება.
1594 წელს წმინდა მიწაზე მყოფი ტრიფონ კორობეინიკოვი თავის ჩანაწერებში არაფერს ამბობს კარანტალის მონასტერზე. ის მხოლოდ იესოს გამოქვაბულსა და იქ არსებულ იმ ქვაზე საუბრობს, რომელზეც მაცხოვარი იჯდა 40-დღიანი მარხვის პერიოდში. როგორც ჩანს, იმ დროს იქ მონასტერი, როგორც ასეთი, უკვე აღარ მოქმედებდა. XIX საუკუნის შუა ხანებში რუს არქიმანდრიტ ლეონიდ კაველინს დარღვეული მონასტრის მიმდებარე კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულებში უამრავი კოპტი და აბაში (ეთიოპიელი) ასკეტი ბერი უხილავს. ისინი აქ ბზობის კვირამდე 40-დღიანი განმარტოების ტრადიციას მისდევდნენ, რა დროსაც იესოს მიბაძვით იკვებებოდნენ მხოლოდ ბალახეულით, კითხულობდნენ სულისთვის სასარგებლო წიგნებს და აღავლენდნენ ლოცვებს. სავანის აღორძინება მას შემდეგ იწყება, რაც 1874 წელს ყოფილი ლავრის ტერიტორია ბერძნულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შეიძინა და 1895 წელს იქ მონასტერი აღადგინეს იმ სახით, როგორითაც მან ჩვენს დრომდე მოაღწია. მისი შენობები ძირითადად კლდეშია გამოკვეთილი, იესოს მღვიმეში კი სამლოცველოა მოწყობილი, რომლის საკურთხეველი ზუსტად იმ ქვის თავზეა, რომელზედაც, ტრადიციის თანახმად, თვითონ ქრისტე ლოცულობდა. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მონასტრის მუდმივი მკვიდრი მხოლოდ ერთი ხანდაზმული ბერი - არქიმანდრიტი გერასიმეა. მონასტრის ბერძნული სახელწოდებაა სარანდარიონი («სარანდა» ბერძნულად 40-ს ნიშნავს).

345 წელს წმინდა ხარიტონი ტოვებს კარანტალის მონასტერს და იერიქონიდან იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თანამედროვე თეკოასა და ნოკდიმის დასახლებებს შორის მდებარე ერთ მყუდრო, კლდოვან ხეობას აფარებს თავს. არაბები ამ ხეობას დღესაც ვადი-ხარიტუნის სახელით მოიხსენიებენ, ებრაელები კი მას ნახალ თეკოას უწოდებენ. აქ ჩაუყარა საფუძველი წმინდა ხარიტონმა მისთვის რიგით მესამე, სუკკიად («სუკკა» ასურულად ქოხს ნიშნავს) წოდებულ ლავრას. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ღრმა სიბერეს მიღწეული წმინდანი იქვე აღესრულა და თითქოს ადგილზევე დაიკრძალა; სხვა ტრადიციით კი, როგორც უკვე ვთქვით, წმინდანი თითქოს მისივე ანდერძის თანახმად, თავდაპირველ სამყოფელში - ფარანში დაუკრძალავთ.
ძველად სუკკიას ლავრის დამაარსებლის პატივსაცემად «ხარიტონწმინდასაც» უწოდებდნენ; მას აგრეთვე მოიხსენიებდნენ პალავრადაც («პალეო ლავრა» ბერძნულად ძველ ლავრას ნიშნავს). თვითონ ადგილი, სადაც წმინდა ხარიტონმა ეს ლავრა დააფუძნა, თეკოას სახელით ნახსენები აქვს IV საუკუნის ცნობილ ქრისტიან მწერალს, ევსები კესარიელს მის ცნობილ ნაშრომში - «ონომასტიკონ». მისი ცნობით, იქ იყო ძვ. წ. VIII საუკუნეში მცხოვრები ბიბლიური წინასწარმეტყველის - ამოსის საფლავი. ამ ტრადიციისა მორწმუნეებს შუა საუკუნეებამდე სჯეროდათ. თუმცა, შემდგომში რამე საბუთი მისი ჭეშმარიტების სარწმუნებლად დღემდე არ უპოვიათ. სუკკიაში სამი ათეული წელიწადი გაატარა წმინდა ეფთვიმეს სახელოვანმა მოწაფემ - კვირიაკოს განდეგილმა (449-556 წწ.). ის სწორედ იმ მღვიმეში ცხოვრობდა, რომელშიც მანამდე წმინდა ხარიტონი მოსაგრეობდა.

პირველი შთაბეჭდილება, რაც პალავრის ადგილსამყოფლის ხილვისას გიჩნდება ქართველ კაცს, მისი სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტთან გასაოცარი მსგავსების ფაქტია. ვინ იცის, იქნებ «მშობლიურობის» მსგავსი შეგრძნება იმ პალავრელ ქართველ ბერებსაც ჰქონდათ, რომელთა დიდმა ნაღვაწმა ჩვენამდე, სამწუხაროდ, მხოლოდ ფრაგმენტების სახით მოაღწია?! პალავრა ჯერჯერობით არ არის ისრაელის ტრადიციული ტურისტული მარშრუტების ნუსხაში. მისი ჩვენი მხრიდან მოხილვა შესაძლებელი გახდა ისრაელელი კულტუროლოგისა და მკვლევარ-მხარეთმცოდნის, ჟურნალ «ისტორიანის» მკითხველისთვის უკვე ნაცნობი მიხაილ კოროლის მხრიდან გაწეული თანადგომისა და მეგზურობის შედეგად. ქრისტიანული ასკეტიზმის ეს უძველესი კერა დღეს სრულიად გაუკაცრიელებულია. მაგრამ ყოფილი ლავრის მასშტაბები მნახველს კვლავ აოცებს. ანახორეტი (განდეგილი, მეუდაბნოე) ბერების საკნები მყუდრო, ღრმა და ულამაზესი ხეობის ორივე ფერდზე რამდენიმე კილომეტრის მანძილზეა განფენილი. თავის დროზე ლავრაში ორი - დიდი და მცირე ტაძარი მოქმედებდა. ამჟამად მათგან მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი. სამაგიეროდ, კარგად არის შემონახული ბერების საცხოვრებელი სენაკები, წყლის საცავი და სხვა დანიშნულების სათავსები, რომელთა უმრავლესობა წინიდან ქვის კედლებამოშენებულ და კარშებმულ გამოქვაბულებშია განთავსებული.

პალავრის წარსულიდან ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. ცნობილია, რომ მისი გაფურჩქვნა ბიზანტიურ ხანაზე (V-VI სს.) მოდის, შემდგომი ისტორია კი საკმაოდ ბუნდოვანია. ადგილობრივ არაბებს მიაჩნიათ, რომ პალავრა ძლიერი წვიმებით გამოწვეულმა ნიაღვარმა შეიწირა, სინამდვილეში კი ის სპარსელებს გაუნადგურებიათ 614 წელს. შემდეგ უკვე როდის აღადგინეს ბერებმა ეს ლავრა, უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ ლავრა მოქმედი იყო X-XII საუკუნეებშიც. იღუმენ დანიელ ჩერნიგოველის ცნობით, პალავრის მისასვლელი 1104-1107 წლებში ქვის გალავნით იყო შემოზღუდული; იქვე ორი - დიდი და მცირე ეკლესია მოქმედებდა. დიდ ტაძარში ყოფილა მის დროს თითქოს ლავრის დამაარსებლის - წმინდა ხარიტონ აღმსარებლის საფლავიც.

პალავრის ტერიტორიაზე გვხვდება 3,5 კილომეტრი სიგრძის დერეფნებით დასერილი და 55 დარბაზისგან შემდგარი მღვიმე, რომელსაც «ხარიტონის გამოქვაბულს» უწოდებენ. ეს მღვიმე სიდიდითა და სიგრძით მეორეა ისრაელში. გადმოცემით, წმინდა ხარიტონი თითქოს სწორედ იქ ცხოვრობდა, მანამდე კი იმავე გამოქვაბულში მეფე საულისგან დევნილ დავითს შეუფარებია თავი. არც ერთი ეს გადმოცემა სიმართლეს არ შეეფერება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ გამოქვაბულში ადამიანის მუდმივი სადგომი არასოდეს ყოფილა. წმინდა ხარიტონ აღმსარებლის სამყოფლად მიჩნეულია იქვე, მეზობლად მდებარე სამიარუსიანი მღვიმე, რომელსაც არაბები «მაჯარათ ალ-მიშმაშს» უწოდებენ. სწორედ იქ არის ნაპოვნი კვალი იმ სასწაულებრივად (წმინდანის ლოცვით) აღმოცენებული წყაროსი, რომლის შესახებაც ლაპარაკია წმინდა ხარიტონის «ცხოვრებაში». რაც შეეხება ე.წ. «ხარიტონის მღვიმეს», ერთი ცნობის თანახმად, 1139 წელს თურქ-სელჯუკთა თარეშის მიზეზით მისთვის თავი შეუფარებიათ ადგილობრივ ქრისტიანებს. საზოგადოდ კი, ამ მღვიმეს ბერებამდეც და მათ შემდგომაც ხშირად აფარებდა თავს ათასი ჯურის ავაზაკი.

პალავრის ტერიტორიაზე შემორჩენილ სიძველეთაგან აღნიშვნის ღირსია სანახევროდ დარღვეული მაღალი სადარაჯო კოშკი და წყლის შემკრები მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც, სპეციალისტთა აზრით, ხნოვანებით ლავრაზე ძველი ჩანს. მოგვიანებით ბერებს ეს ნაგებობა შიგნიდან მოურთავთ გამშვენებულ წრეში ჩახაზული ჯვრების გამოსახულებებით, რომელთაგან ერთ-ერთი შედარებით უკეთ იხილვება, მეორე - ძლიერ გაფერმკრთალებულია.
ხარიტონწმინდა, იგივე პალავრა, ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა იმით, რომ ის წმინდა მიწაზე ქართველი ბერების მოღვაწეობას უკავშირდება. კერძოდ, X-XI საუკუნეებში ეს წმინდა სავანე ქართველთა მნიშვნელოვან მწიგნობრულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ცნობილია იმ დროს აქ მოღვაწე ზოგიერთი ქართველი მწიგნობრის სახელი: იოანე საფარელი, პავლე, თეოდორე და სტეფანე პალავრელები, გრიგოლ ხარიტონწმინდელი და სხვ. პალავრაში მყოფი ქართველი ბერები თავადაც ამზადებდნენ საჭირო ნუსხებს და წმინდა მიწის სხვა მონასტრების მკვიდრ თანამემამულეებსაც ავალებდნენ საეკლესიო კრებულების გადაწერას. ჩვენამდე მოღწეულია პალავრაში შექმნილი არაერთი ასეთი კრებული. ზოგი მათგანი დღემდე ინახება სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტრის წიგნთსაცავში. 968 წელს პალავრაში გადაუწერია იოანე საფარელს გიორგი ალექსანდრიელის თხზულება - «წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრება». ცნობილია ამ ხელნაწერის მომგებელის (დამკვეთის) ვინაობაც: მიქაელ საფარელი. ეს წიგნი, დანარჩენ სხვა ღირსებებთან ერთად, გამორჩეულია მხატვრულ-კალიგრაფიული თვალსაზრისითაც. იერუსალიმური ხელნაწერების კოლექციაში ინახება დავით თბილელის მიერ ხახულის მონასტერში გადაწერილი და შემდგომ უკვე პალავრის სავანეში გაგზავნილი ხელნაწერი წმინდა იოანე ოქროპირის სახარების თარგმანების ტექსტისა. ხარიტონწმინდის ლავრაშივეა გადაწერილი პავლე პალავრელის მიერ XI საუკუნის მრავალთავი, საინტერესო წერილობითი ძეგლი ქართული ლიტერატურისა და ენის ისტორიისთვის. ეს ხელნაწერი სინურ ხელნაწერთა კოლექციაშია დაცული. სინას მთაზევე ინახება თეოდორე პალავრელის დავალებით სვიმეონ მგალობლის მიერ X საუკუნეში გადაწერილი იადგარი. პალავრელი ხუცესი სტეფანე კი ოთხთავის 1048 წლით დათარიღებული ხელნაწერის მომგებელად არის მოხსენიებული.

პალავრის არქეოლოგიური შესწავლის ჯერჯერობით ერთადერთი ცდა პროფესორ იზხარ ხირშფელდის ჯგუფს ეკუთვნის. სხვა საინტერესო მასალასთან ერთად, ლავრის იავარქმნილი ე.წ. დიდი ტაძრის მონაკვეთზე გამოვლენილია მოზაიკური იატაკის ფრაგმენტებიც. მსგავსი მოზაიკის არსებობის კვალი ზოგიერთ სენაკთანაც შეინიშნება. ერთ-ერთი მათგანის შესასვლელთან კი მოკლე არაბული წარწერაც გვხვდება. ქართული წარწერებისთვის თვალი არ მოგვიკრავს. პალავრის ბერთა სადგომი გამოქვაბულების მწკრივი ხეობაში რამდენიმე კილომეტრზეა იარუსებად გაჭიმული. დროის სიმცირის გამო ჩვენ მხოლოდ მთის მარჯვენა ფერდზე განლაგებული სენაკებისა და ლავრის ცენტრალური ნაწილის ხილვა შევძელით. მთის მარცხენა ფერდზე ასევე მრავლადაა მსგავსი, კლდეში გამოჭრილი სენაკები...
(ავტორი: ბესიკ ხურცილავა)
ჟურნალი “ისტორიანი”, 2015 წლის მაისი, #5/53, გამოაქვეყნა გვერდმა ისტორიანი

119642115_2722193461367347_5952278454284
119559855_2722194421367251_3551249063091
119585369_2722195458033814_6544796845111
119523241_2722196028033757_4294835397410

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?