
აღწერა. ზურგის ფარფლში სხივი 31-46, ანალურში 22-32, ფარეკლები: ზურგისა 9-15, გვერდისა 24-36, მუცლისა 9-12(14). ლაყუჩის კბილაკები 18-25. ქვედა ტუჩი შუაზეა გაყოფილი. ულვაშები სადა, განწყობილია პირსა და დინგის ბოლოს შორის, ახალგაზრდებში მდებარეობს პირთან უფრო ახლოს. დინგი წაგრძელებულია, მახვილი. მკერდის ფარფლის სხივეკალი ძლიერია. სხეულია ზურგისა და გვერდების ფარეკლებს შორის დაფარულია 10-12 მწკრივად განლაგებული რომბული ფირფიტებით, რომლებიც ზოგიერთ ახალგაზრდა ინდივიდს არა აქვს. სიგრძე 3,5 მ-მდეა, წონა 300 კგ-ზე მეტი. ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარა.
გავრცელება. ბინადრობს შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან. შედის მდინარე რიონში, შესაძლებელია ენგურშიც. საქართველოს გარეთ საბჭოთა კავშირში მოიპოვება შავი ზღვის ანატოლიის სანაპიროებთან და იქ ჩამავალ მდინარეებში (ყიზილ-ირმაკი, ეშილ-ირმაკი), ყირიმის სანაპიროებთან, ოდესასთან, დუნაის დელტასთან, ლადოგის ტბაში, სხვაგან ცნობილია შავი ზღვის რუმინეთის და ბულგარეთის სანაპიროებთან, ატლანტიის ოკეანის ჩრ. ნაწილში, ევროპისა და ამერიკის სანაპიორებთან. აგრეთვე ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვებში. ეს სახეობა ამჟამად მსოფლიოში საკმაოდ შემცირებულია, შედარებით მრავლადაა შემონახული შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებში მდ. რიონის პოპულაციის სახით.
ბიოლოგია. ზღვის ბინადარი, გამსვლელი თევზია. გასამრავლებლად შედის მდინარეებში. ტიპობრივი მტაცებელია. იკვებება ძირითადად წვრილი თევზით, უმეტესად ქამსათი, რის სახითაც შავ ზღვაში მას მდიდარი საკვები ბაზა გააჩნია, იკვებება აგრეთვე ცხოველური ბენთოსით - ჭიებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით და სხვა ორგანიზმებით.
ატლანტური ზუთხის რიონის პოპულაციის ინდივიდები სწრაფად მზარდია.
მამალი სქესობრივად მწიფდება 7-12 წლიდან, დედალი 8-14 წლიდან. ტოფობისათვის მდინარე რიონში შესვლას იწყებს აპრილის ბოლოს, უმეტესად მაისში, წყლის 12-17,50 ტემპერატურის დროს; მდინარეში შესვლა გრძელდება ივლისამდე; მისი სატოფე ადგილები მდებარეობს შესართავიდან 110-115 კმ-ზე, სამტრედიასთან და ზევით ახალსოფლამდე, მდ. ენგურში ადის სოფელ ჯვარამდე. ტოფობს მაისიდან აგვისტომდე წყლის 10-200 ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს 0,2-5,7 მილიონ ქვირითამდე. ქვირითი წებოვანია, ეკვრის ქვებსა და სხვა საგნებს, მისი დიამეტრი უდრის 2,6-3 მმ-ს, ინკუბაცია გრძელდება 3-13 დღე-ღამემდე, წყლის ტემპერეატურის მიხედვით. ახალგამოჩეკილი ლარვა აღწევს 9,3-11 მმ-ს. ყვითრის შეწოვა გრძელდება ორ კვირამდე, რის შემდეგ ლიფსიტები გადადიან დამოუკიდებელ კვებაზე. მწარმოებლები ტოფობის შემდეგ მალე ეშვებიან ზღვისკენ, არც ლიფსიტები ჩერდებიან მდინარეში დიხანს, ჩადიან ზღვაში შემოდგომისათვის.
სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია. საქართველოში 1936-1939 წლების ცნობებით წლიურად იწერდნენ 25 ცენტნერამდე. ამჟამად მისი ჭერა აკრძალულია დაცვისა და მომრავლებისათვის. ტარდება აგრეთვე ღონისძიება ამ თევზის ხელოვნური მოშენებისათვის. მისი მოპოვება მსოფლიო მასშტაბით აღწევდა 1300 ცენტნერამდე (1936-1939 წ).
იჭერენ უმეტესად მდინარეში შესვლის დროს ჩასადგმელი, მცურავი, მოსასმელი, სათრევი ბადეებით, ადრე იჭერდნენ ჩანგლებითაც.
იყენებენ უმთავრესად ნედლს, ქვირითისაგან მზადდება შედარებით დაბალი ხარისხის ხიზილალა.