

აღწერა. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი (3) 4-5, დატოტვილი 9-11, ანალურში დაუტოტავი სხივი (2) 3-5, დატოტვილი (6) 7-10. გვერდის ხაზში 103-129 (124-136, ტაბაწყური - კავრაისკი, 1896) ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 15-25. მამლები 54-59. პილორული დანამატები 55-71. ყბებზე, ენაზე, სასაზე ძლიერი კბილებია. ზურგისა და კუდის ფარფლებს შორის - ცხიმოვანი ფარფლი. სხეულის შეფერილობა ხასიათდება მრავალ ფერთა შერწყმით, ძლიერ ცვალებადობს ადგილსამყოფელის, წლის, დროის, ასაკის, სქესის, სასქესო ორგანოების მდგომარეობის მიხედვით; ძირითადად ზურგის მხარე მუქია, გვერდები და მუცლის მხარე შედარებით ღია ფერისაა; სხეულზე გაბნეულია სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფორმის ლაქები. მდინარის კალმახის სიგრძე ძირითადად 20-25 სმ, წონა 100-200 გ. იშვიათად მეტი.
ტბაში ბინადარი კალმახი მდინარის კალმახისგან განსხვავდება შეფერილობით - ახასიათებს უმეტესად შავი ლაქები და სხეულის დიდი ზომა - წონა, სიგრძით აღწევს, საშუალოდ 50-60- სმ-ს, წონით 4-5 კგ-ს (იშვიათად 100-120 სმ, 15-20 კგ). ამგვარად, კალმახი მეტად ლაბილური ბუნებისაა, მდინარეში ამჟღავნებს ნელი, ხოლო ტბაში და წყალსაცავში სწრაფი ზრდის უნარს.
გავრცელება. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული; უმეტესად ბინადრობს მთის მდინარეებსა და ტბებში, მდინარეების უმეტესობაში ცხოვრობს მხოლოდ ზემო დინებაში, ასეთებია: მტკვარი, ალაზანი, იორი, სუფსა, რიონი, ზობი, ზოგ მდინარეში ვრცელდება მტელ სიგრძეზე - სათავიდან ზღვამდე: ენგური, კოდორი, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი, ჭოროხი და სხვ; გვხვდება ტბებში: ტაბაწყური, ფარავანი, საღამო, რიწა, გორაფი, მზი, ერწო; წყალსაცავებში: ხრამის, თბილისის, სიონის, შაორისა და სხვ.
საქართველოს გარეთ ცნობილია: აზერბაიჯანი, სომხეთი, შუა აზია, ჩრ. კავკასია, შავი, აზოვის, კასპიის, ბალტიის, თეთრი ზღვების აუზები (მდინარეები: ყუბანი, დნესტრი, დნეპრი, ვოლგა, ურალი), კოლის ნახევარკუნძული, მცირე აზია, ირანი, მაროკო, ალჟირი.
ბიოლოგია. ცივი, ჟანგბადით მდიდარი წყლის მოყვარულია. მდინარეში კარგად ეგუება ჩქარ დინებას, ადის დიდ სიმაღლეზე, სადაც სხვა თევზები ვერ არწევენ. მისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 8-160; უფრო მარალი ტემპერატურისას, როცა ნაკლებია აგრეთვე ჟანგბადი, მიდის უფრო ზემო დინებაში. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, წურბელებით, ჭიებით; ნაწილობრივ ეწევა მტაცებლურ კვებას, უმეტესად ტბებსა და წყალსაცავებში, ჭამს თევზებსა და მათ ქვირითს, ბაყაყებს და სხვ.
კალმახი სხვადასხვა გარემო პირობებში იზრდება მეტ-ნაკლები ტემპით; მაგალითად, მდ. იორში და სიონის წყალსაცავში მისი ზრდა იძლევა მნიშვნელოვან განსხვავებას.
კალმახი სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკში, მრავლდება სხვადასხვა წყალსატევში სხვადასხვა დროს - სექტემბრიდან - თებერვლამდე. ტოფობს თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში, წყლის 4-80 ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს 200-27000 ქვირითამდე, მისი დიამეტრი 4-6 მმ-მდეა. ქვირითს ყრის თავის ამოთხრილ ორმოში და განაყოფიერების შემდეგ ფარავს ქვიშით.
ქვირითის განვითარება დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, მაგალითად: მდ. შავწყალაში 9-200 დროს ლარვა 35-40 დღის შემდეგ იჩეკება, იგი აღჭურვილია ყვითრის პარკით, რომელსაც შეიწოვს 20-30 დღის განმავლობაში, შემდეგ გადადის აქტიურ კვებაზე.
სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია; ჩვენს მდინარეებში ამჟამად მის ჭერას აქვს ადგილობრივი, სპორტული ხასიათი, მაგრამ ზოგიერთ ტბასა და წყალსაცავში სარეწაო მნიშვნელობისაა, მაგალითად, ტაბაწყურის, ფარავნის, საღამოს ტბებში, ხრამის, სიონისა და შაორის წყალსაცავებში.
ახლო წარსულში ზემოსხენებულ ტბებში ყოველწლიურად იჭერდნენ 50-80 ცენტნერს, ბოლო წლებში მისი მოპოვება შემცირდა 10-20 ცენტნერამდე.
ამჟამად ტარდება ღონისძიებები კალმახის დაცვისა და მომრავლებისათვის