

აღწერა. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 6-10, დატოტვილი 12-16, ანალურში დაუტოტავი სხივი 3-8, დატოტვილი 10-16. გვერდის ხაზში 110-144 ქერცლია. მალები 56-65. სხეული წაგრძელებულია. თავი დიდია, გრძელი, შეტყლეჟილი დინგით. პირი დიდი, შეადგენს თავის სიგრძის ნახევარს. ქვედა ყბა წინაა წამოწეული. კბილები ყბათაშორისზე, ქვედა ყბაზე (ძლიერი), სასაზე, სახნისსა და ენაზეა. ლაყუჩის კბილაკები ბორცვაკისებრია. ზურგის ფარფლი მდებარეობს საკმაოდ უკან.
შეფერილობა ძირითადად მომწვანო-ნაცრისფერია, მოყვითალო-ნაცრისფერი ან მურა-ნაცრისფერი; ზურგი მუქია, გვერდები ნათელი, მსხვილი მუქი-მომწვანო, ყომრალი ან მოშავო ლაქებით. ზურგის, ანალური და კუდის ფარფლები მოყვითალო-ნაცრისფერია, მოწითალო-ყომრალი ელფერით და დიდი ყომრალი ან მოშავო ლაქებით.
სიგრძე 1-1,5 მ-მდე, წონა 16-24 კგ-მდე.
გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჩოლოქი, ნატანები, სუფსა, რიონი, ფიჩორა, ხობი, ოჩხამური, ჭურია, ენგური, კოდორი, შავწყალა; ტბები: პალიასტომი, ჯაპანის, სკურჩია, ბებესირი; კასპიის, არალის, შავი, აზოვის, ბალტიის ზღვების აუზები, ჩრ. ყინულოვანი ოკეანე, ევროპა, ჩრ. და დასავლეთი აზია, ჩრ. ამერიკა.
ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია, ეგუება მომლაშო წყლებსაც. ბინადრობს მდინარეებში, ტბებში. ამჯობინებს სანაპირო თხელწყლიან, მცენარეულობით მდიდარ ადგილებს. მტაცებელია, იკვებება ძირითადად თევზებით, აგრეთვე ბაყაყებით, წყალში ჩავარდნილი თაგვებით და წვრილი ფრინველებით, ხოლო ლიფსიტები ნახევარ წლამდე - წვრილი პლანქტონური ორგანიზმებით - კიბოსნაირებით, ფარვანებით და სხვ.
სქესობრივად მწიფდება 3-4 წლიდან. ტოფობს მარტ-აპრილში, წყლის 3-60 ტემპერატურის დროს: ქვირითს ყრის 0,5-1 მ სიღრმეში მცენარეულ სუბტრატზე. ნაყოფიერება აღწევს 17-350 ათას ქვირითამდე. მისი დიამეტრი 2,5-3 მმ. ახალგამოჩეკილი ლიფსიტები 6,5-7,6 მმ-მდეა.
სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სხვაგან მისი მოპოვება საკმაო რაოდენობით წარმოებს. მოპოვება ხდება მოსასმელი, ჩასადგმელი ბადეებით, ვენტერით, ანკესღობურათი და სხვ. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, ქვირითს, ამზადებენ კონსერვებს