Thursday, March 15th, 2018
ერთი საუკუნის წინ შექმნილი “ყველაზე ამერიკული” ვაზნა – .45 Auto (.45 ACP), დღემდე ბევრისთვის არის “ოქროს სტანდარტი” პისტოლეტის თავდაცვით კალიბრებში. ტყვიის კალიბრი 11.5მმ-ია. წონა 165-დან 230 გრანამდე. ენერგია სტანდარტული მუხტით (230 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვია) 500 ჯოულს შეადგენს. მიუხედავად სახელგანთქმული რეპუტაციის, შთამბეჭდავი ციფრების, ნამსახურებისა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში და სამართალდამცავ სტრუქტურებში, ამ ვაზნას ჩრდილო ამერიკის გარდა პრაქტიკულად არსად არ იყენებენ. პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ქვეყანამ მათ შორის რუსეთმა მიიღეს გარკვეული რაოდენობით აშშ-დან პისტოლეტები ამ კალიბრზე , მაგრამ საქმე ამას არ გაცდა და მეტი არსად და არასდროს ამ კალიბრის პისტოლეტები შეიარაღებაში არ მიღებულა. ყოველ შემთხვევაში ისეთი რაოდენობით, რომ ამაზე ღირდეს საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში აშშ-იც არმიამ და მეტ წილად პოლიციამ უარი თქვა .45-ზე, “სამოქალაქო სექტორში” მას კვლავ ყავს ლოიალური მომხმარებლების არც თუ ისე მცირერიცხოვანი არმია. თუ არ ჩავთვლით ჩრდილო ამერიკას, .45 პოპულარობის ნაკლებობა შეიძლება აიხსნას ბევრი მიზეზით. მაგალითად ეს კალიბრი არ იყო არსად მირებული შეიარაღებაში, რაც ნიშნავს რომ არ არის ხელმისაწვდომი იაფი ტყვიაწამალი და კონვერსიული იარაღი. შესაბამისად ფასები ასეთ იარაღზე და ამუნიციაზე ყოველთვის იქნება მაღალი. გარდა ამისა .45 არის დიდი და მძლავრი კალიბრი, შესაბამისად იარაღიც ამ კალიბრზე იქნება დიდი, ხოლო კომპაქტურ იარაღში რთული მოსათვინიერებლად. თავის დროზე ორმა რამემ განაპირობა ამ ვაზნის ზომები და სიმძლავრე. ახალი ვაზნას ავტომატური პისტოლეტისთვის უნდა გაეწია კონკურენცია იმ დროს არსებული ამერიკული წარმოების .45 კალიბრის რევოლვერებისთვის და ასევე ის თავიდან იქმნებოდა მაღალი ტერმინალური ეფექტურობის მიღწევისთვის, რა თქმა უნდა ცოდნის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა იმ დროს. ხოლო იმ დროს ნაკლები რამ იყო ცნობილი კონტროლირებად ექსპანსიაზე, ამიტომ ბუნებრივია, რომ არჩევანი გაკეთდა დიდი და მძიმე ტყვიაზე. საიდან ასეთი მოთხოვნები? საქმე იმაშია, .45 Auto-ს გამოჩენას აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში წინ უძღვოდა კამპანია ფილიპინებზე. ამერიკული ჯარი იმ დროს იყო შეიარაღებული .38 Long Colt კალიბრის, 1892 წლის კოლტის სისტემის რევოლვერით. შექმნილი 1892 წელს ეს კალიბრი იყნებდა 9 გრამიან ტყვიას, საწყისი სიჩქარით 230 მ/წ-ში და ენერგიით 260 ჯოული. როგორც ხვდებით ეს იყო ძალიან მოკრძალებული მაჩვენებლები და იარაღი ასეთი ვაზნებით ვერანაირად ვერ გამოდგებოდა ეფექტური ახლო ბრძოლებში. როდესაც გახდა ცხადი, რომ ეს იარაღი არ იყო ეფექტური და ვერ უზრუნველყოფდა საფრთხის სწრაფ ნეიტრალიზაციას, ჯარს დროებით დაუბრუნეს ძველი მსხვილკლაიბრიანი რევოლვერები.
ამერიკელი ჯარისკაცები პოზირებენ სურათისთვის .38 კალიბრის საშტატო “კოლტებით”. მანილა, ფილიპინები.
1904 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების არსენალის უფროსმა ბრიგადის გენერალმა დოზიერმა, მისცა ბრძანება ორ ოფიცერს გამოეკვლია თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი პირადი იარაღის ახალი კალიბრი. ეს ოფიცრები იყვნენ კაპიტანი ჯონ ტომპსონი და სამხედრო ექიმი მაიორი ლუის ლაგარდი, ხოლო მათ მასშტაბურ კვლევას შემდგომ უწოდეს “ტომპსონ-ლაგარდის ცდები”. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ადამიანები ესროდნენ ცოცხალ და მკვდარ ცხოველებს და იწერდნენ შედეგებს. ბოლოს მათი რეკომენდაციით მომავალი იარაღის კალიბრი უნდა ყოფილიყო .45, თუმცა ასევე დაამატეს, რომ ჯარისკაცებმა უნდა შეისწავლონ ზუსტო სროლა, იმიტომ რომ ადამიანის სხეულის უმეტეს ნაწილებში მოხვედრა არ უზრუნველყოფს საჭირო ეფექტს, შოკით ან სხვა მექანიზმით მის შეჩერებას. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა ეს რჩევა სწორი გამოდგა და პისტოლეტის შემთხვევაში, გადაწმყვეტია არა კალიბრი არამედ ადგილი სადაც ტყვია მოხვდება სამიზნეს. ეს განსაკუთრებულად იმათმა უნდა ჩაინიშნონ ვისაჯ ჯერა რომ დიდი კალიბრის პისტოლეტის ტყვია მოხვედრილი თუნდაც “ფრჩხილში” ავტომატურად გამოყავს სამიზნე მწყობრიდან. ეს ასე არ არის. პისტოლეტის არის კომპაქტური იარაღი და შეუძლებელია ისეთი კალიბრის მასში ჩატევა, რომელიც უზრუნველყოფს გადამწყვეტ უპირატესობას და რადიკალურად გაზრდის იარაღის ეფექტურობას, იმის გარეშე რომ პისტოლეტის წონა და გაბარიტები არ გაფრინდეს კოსმოსში.
1911 წლის 28 მარტს .45ACP და M1911 ტიპის პისტოლეტი ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში.
.45 Auto არის გამორჩეული ვაზნა, გარკვეული უნიკალური თვისებებით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მას აქვს ბგერზე უფრო დაბალი სიჩქარე, რაც ნიშნავს, რომ ეს ვაზნა იდელაურია მაყუჩიანი იარაღისთვის, იმიტომ რომ საჭირო არ არის მისი სპეციალური “შენელება”. გარდა ამისა ვაზნა ოპერირებს ძალიან დაბალ წნევაზე და ის არ განეკუთვნება მაღალ წნევიან კალიბრებს. ამის გამო ის არ ტვირთავს იარაღის კონსტრუქციას და აქვს სტაბილური შიდა ბალისტიკა რაც ნიშნავს, რომ ის მუშაობს საიმედოთ, წარმოებისას დაშვებული გადაცდომები არ აისახება რადიკლაურად ვაზნის საიმედოობაზე და სიზუსტეზე, ვაზნას გააჩნია მაღალი თანდაყოლილი სიზუსტე. . უკუცემის იმპულსი რა თქმა უნდა არ არის ნებისმიერი გაგებით პატარა, მაგრამ ის არის დინჯი, თითქოს დროში გაწელილი და არა ხისტი და მკვეთრად გამოხატული. ამის, გამო იარაღი ასეთ ვაზნაზე გათვლილი, როგორც წესი გამოდის ძალიან ზუსტი და ძალიან დიდი რესურსით. მათ შორის, როგორც წესი უფრო ზუსტი ვიდრე ანალოგიური სისტემის, მაგრამ სხვა კალიბრებზე გათვლილი იარაღები. რაც შეეხება მინუსებს, პირველ რიგში, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე პისტოლეტი გათვლილი მსხვილ ვაზნაზე ასევე იქნება მსხვილი. იარაღში, რომელიც მუდმივად და თანაც ფარულად უნდა ატარო ტანზე, გაბარტები და წონა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელსაც უნდა ყურადღება მიაქციოთ. გარდა ამისა არ უნდა იყო ბალისტიკსი ექსპერტი, რომ მიხვდე, რომ მსხვილკალიბრიანი შედარებით ნელი ტყვია არ იქნება ჩემპიონი წინაღობებში გავლის, თუმცა იმისთვის, რომ დაამარცხოს ისეთი ბარიერები, როგორიც არის ხის ან ავტომობილის კარი, საქარე მინა, სქელი ზამთრის ტანსაცმელი, .45-ს შეღწევა ეყოფა.
მე უპრობლემოდ ვურჩევ ადამიანს . 45 კალიბრის სრული ზომის პისტოლეტს იმ პირობით, რომ მას არ ექნება პრობლემა მის გაბარიტებთან, მაგრამ კომპაქტური .45 კალიბრის პისტოლეტი უკვე სხვა თემა არის. უფრო სპეციფიური და თავისებური. .45 ალბათ არ არის მაინცდამაინც საუკეთესო კალიბრი პატარა პისტოლეტში მოსათავსებლად. ლულის სიგრძის შემცირებასთან ერთად სწრაფად იკლებს საწყისი სიჩქარე, თუ 9მმ-ან სრული ზომის და კომპაქტურ პისტოლეტებს შორის საწყისი სიჩქარე იკლებს საშუალოდ 10%-ით, იგივე მაჩვენებელი .45 კალიბრის შემთხვევაში იქნება 14% (აღებულია 5 ინჩიანი და 3 ინჩიანი ლულებიდან ნასროლი 10 სხვადასხვა მუხტის ტყვიების საწყისის სიჩქარეები). მე არ ვიძახი, რომ ეს განსხვავება სერიოზული და გადამწყვეტია, მაგრამ განსხვავება მაინც არის. გარდა ამისა პისტოლეტის ზომის და წონის შემცირებას მოყვება მჭიდის ისედაც შემცირებული ტევადობის კიდე უფრო შემცირება და ასევე იზრდება უკუცემის იმპულსიც და რთულდება იარაღის კონტროლი. საიმედო კომპაქტური .45 კალიბრის პისტოლეტის შექმნაც საკმაოდ რთული ტექნიკური დავალებაა. ასე, რომ კომპაქტურ .45 კალიბრის პისტოლეტში იკარგება ბევრი .45 კალიბრის იარაღის პლიუსი, რომელიც გააჩნია სრული ზომის პისტოლეტს და ჩნდება მრავალი მინუსი. ჩემი აზრით ასეთი იარაღის არჩევას დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ, რომ არ შეგრჩეთ პისტოლეტი, რომელსაც უბრალოდ ვერ იყენებთ.
ამერიკული კალიბრის და ავსტრიული პისტოლეტის “ქორწინება” შედგა 1991 წელს, როდესაც “გლოკმა” გამოუშვა თავისი პირველი .45 კალიბრის პისტოლეტი “სწორ” ფორმატში, ეს იყო სრული ზომის იარაღი იმ დროისთვის უპრცენდენტო ტევადობის ორ რიგიანი მჭიდით, რომელშიც ჩადიოდა 13 ვაზმა. პისტოლეტს მიენიჭა ინდექსი “21″ და ეს მოდელი გამოჩენისთანავე გახდა დიდი წარმატება ავსტრიული კომპანიისთვის. ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ გარდა შთამბეჭდავი ტევადობისა ის იწონიდა ვაზნების გარეშე 830 გრამს, სავსე 13 ვაზნიანი მჭიდით მისი წონა შეადგენდა 1090 გრამს. იგივეს იწონიდა ცარიელი 8 ვაზნიანი M1911. გარდა ამისა, როგორც ყველა „გლოკი“ ის იყო მარტივი, გამძლე და საიმედო. კონსტრუქციულად პისტოლეტი არ განსხვავდებოდა სხვა “გლოკებისგან” მათ შორის იყო შენარჩუნებული დეტალების თავსებადობა “პატარა გლოკებთან” თუმცა ამავე დროს იყო სხვაობებიც. გლოკ 21-ში გამოყენებულია ოქტაგონალური ლულა, ნაცვლად ჰექსაგონალურის, როგორც უფრო პატარა კალიბრების გლოკში. ლულის ასეთი გეომეტრია უზრუნველყოფდა დიდი კალიბრის ტყვიის უკეთეს ობტურაციას.