Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
 
 
 
მეომრები, რომელთაც შეცვალეს ისტორია. ნაწილი II
 
 ჩემი სტატიების სერიის "მეომრები, რომელთაც შეცვალეს ისტორია" მეორე ნაწილი.
ნაწილი მეორე:
Spartan_Hoplite.jpg
phalanx.jpgსპარტელი ჰოპლიტი
ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო, სპარტა, პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა. აქაურ მაცხოვრებლებს ლაკედემონელებს უწოდებდნენ, ხოლო მხარეს ლაკედემონს. ლეგენდარული მეფის, ლიკურგეს მმართველობის პერიოდში, ლაკედემონელებმა შექმნეს მკაცრ და სასტიკ კანონებზე დაფუძნებული სამხედრო სახელმწიფო, რომელშიც მთავარ როლს მეომრები ითამაშებდნენ. სწორედ მაშინ, დაახლოებით ძვ.წ VIII საუკუნეში შეიქმნა განთქმული სპარტას ფალანგა. ჯარი, რომლის წინაშეც ქედს იხრიდნენ და იარაღს ყრიდნენ საბერძნეთის ქალაქთა კავშირები. ჯარი, რომელმაც თერმოპილესთან შეაჩერა უზარმაზარი სპარსული არმია, მხოლოდ და მხოლოდ 300 მეომრით და გადაარჩინა საბერძნეთი. სპარტელები იქცნენ მამაცობის, გმირობის, ვაჟკაცობის, სამხედრო დისციპლინის, წესრიგისა და ბრძოლის ხელოვნების მაგალითებად.

არსებითად სპარტელი ჰოპლიტი ჩაცმულობითა და იარაღით არ განხსვავდებოდა ბერძნებისაგან, ხოლო წვრთნით და იარაღის ხმარების ოსტატობით ბევრად აღემატებოდნენ სხვა ხალხებს. გამოცდილი სპარტელი ჯარისკაცი ძლიერი იყო როგორც მწყობრში ბრძოლისას, ისე ცალკეულ შეტაკებებში, თუმცა მიუხედავად ამისა, სპარტელებიც დანარჩენი ბერძნებივით არჩევდნენ ერთად, მჭიდრო მწკრივებად ებრძოლათ. ლაკედემონელები ბავშვებს 7 წლის ასაკიდან აცილებდნენ დედებს და გიმნასიონებში წვრთნიდნენ და ამზადებდნენ როგორც ჯარისკაცებს, ხოლო დანარჩენ ბერძნებში ჩვეულებრივ 18 წლიდან იწყებდნენ სამხედრო სამსახურს. პირველად სპარტელთა არმია მოიხსენიება ჰომეროსის “ილიადაში”, რომლის მიხედვითაც მენელაოსი, ელენას მეუღლე, სპარტის მეფე და მისი ჯარების მთავარსადალი იყო. ლაკედემონის არმიის შესახებ კარგად წერს ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი, ანაბასისის ავტორი ქსენოფონტი.
 
hoplita.jpg

სპარტელი ჰოპლიტი შეიარაღებული იყო შუბითა და მოკლე ხმლითა, ხოლო დამცავ აღჭურვილობას შეადგენდა მრგვალი ფარი, მუზარადი, ბეგთარი და სამუხლეები. სრული აღჭურვილობა 30 კგ-მდე იწონიდა. სპარტის ჯარში იყვნენ მსუბუქი ქვეითებიც, მაგრამ ისინი არ მიეკუთვნებოდნენ ლაკედემონელთა უმაღლეს სამხედრო ფენას(რომელსაც ბრძოლაში ჰოპლიტები გამოჰყავდა) და წარმოადგენდნენ პერიკეებსა და ჰილოტებს, ანუ დაბალი ფენის ლაკედემონელებს და პელოპონესის სხვა ტომის ხალხებს. სპარტელები მათ მონებივით და მსახურებივით ეპყრობოდნენ, თუმცა ძალიან ეშინოდათ ჰილოტებისა და პერიკეების აჯანყების, მათი დიდი რიცხოვნული უპირატესობის გამო, ამიტომ ღამით ხშირად ესხმოდნენ ჩუმად თავს მათ ყველაზე ძლიერ და მამაც მამაკაცებს და ხოცავდნენ. სულ სპარტული ჯარი დაახლოებით 5000 მეომრამდე იყო. ეს არმია შიშის ზარს სცემდა მთელს საბერძნეთს და სხვა სახელმწიფოებს, რომელთაც გაეგონათ მრისხანე ლაკედემონელების შესახებ.
სპარტელთა ყველაზე დიდი გმირობა იყო ძვ.წ 480 წელს თერმოპილესთან 300 ჰოპლიტისგან შემდგარი რაზმით, რომელთაც მეფე ლეონიდასი მეთაურობდა, მეფე ქსერქსეს უზარმაზარი სპარსული ჯარის შეჩერება. ლაკედემონელებმა დიდი ხნით შეაჩერეს მტერი და ბერძნებს საშუალება მისცეს ძალები მოეკრიბათ და ქალაქები გაემაგრებინათ.
სპარტელთა გამართულ ომებსა და ბრძოლებში გამოსარჩევია: ტროას ომი(დაახლ. ძვ.წ XII სს. ტროელთა დამარცხება), მესენიის I, II და III ომი(დაახლ. ძვ.წ 743-ძვ.წ 455 წ. მესენიის დაპყრობა), ბერძენ-სპარსელთა ომები(ძვ.წ 499-449, სპარსელთა დამარცხება), პელოპონესის ომი(ძვ.წ 431-404, ათენის დამარცხება), კორინთოს ომი(ძვ.წ 395-387, იონიის ბერძნების დაბრუნების უშედეგო მცდელობა), კლეომენეს ომი(ძვ.წ 229-222, მარცხი აქაიის კავშირსა და მაკედონიასთან), ნაბისის წინააღმდეგ ომი(ძვ.წ 195 წ, მარცხი რომის ჩამოყალიბებულ კოალიციასთან: აქაიის კავშირთან, პერგამონთან, როდოსთან და მაკედონიასთან).
მიუხედავად იმისა, რომ სპარტელებს არასოდეს ჰქონიათ იმპერია, არ ჰყოლიათ ალექსანდრე დიდისა და პიროსის მსგავსი მეფეები, მათ მაინც დატოვეს ისტორიაში უდიდესი კვალი. მსოფლიოს უჩვენეს მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს სამხედრო ძალა და რას უნდა წარმოადგენდეს ბრძოლის ველზე. მათ არ იცოდნენ უკან დახევა, ისინი უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოდნენ და მამაცურად დაეცნენ. თერმოპილესთან დღესაც დგას მემორიალი, სადაც წერია, რომ აქ დამარხულნი არიან ისინი, ვინც საბერძნეთისთვის, მისი უფლებებისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
 
 მაკედონელი ფალანგისტი
ELITE%20HYPASPIST-2.jpg
მაკედონიის ჯარის მთავარი დასაყრდენი და ძირითადი სამხედრო შენაერთი ფალანგა იყო. მძიმედ აღჭურვილი ქვეითი ჯარი, რომელიც ფალანგისტებისგან შედგებოდა. სწორედ ფალანგა გამოდგა ის ძალა, რომელმაც შეძლო ელინთა კავშირის, სპარსეთის იმპერიის, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებისა და ინდოეთის დაპყრობა. ფილიპე II და ალექსანდრე დიდი სწორედ ფალანგას იყენებდნენ თავიანთი იმპერიის შესაქმნელად. იფიკრატეს რეფორმის შემდეგ მაკედონელებმა შეიძინეს ისეთი ჯარი, რომლის დარი სამხედრო ძალა მაშინ ფიზიკურად არ არსებობდა.
ათენელმა გენერალმა, იფიკრატემ ძვ.წ IV საუკუნის დასაწყისში სპარტანელებთან ბრძოლაში საგრძნობ წარმატებას მიაღწია, მაგრამ ნახა, რომ ბრძოლებში, მაგალითად ისეთში, რომელიც ძვ.წ 390 წელს ლეხეესთან მოხდა, პელტასტები (მსუბუქი ქვეითები) უფრო მოძრავები და მანევრულები იყვნენ, ხოლო ჰოპლიტები ნელა მოქმედებდნენ და არამობილურები იყვნენ, რითაც მთავარსარდლის გეგმები რამდენჯერმე ჩაშალეს, ამიტომ იფიკრატემ გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა ახალი ტიპის ჰოპლიტების რაზმები და მთელს არმიაში რეფორმა გაეტარებინა.
თავდაპირველად მან ჰოპლიტების აღჭურვილობა შეამსუბუქა და ამით უფრო მეტი მოქნილობა და მობილურობა შესძინა ჯარისკაცებს, ხოლო სამუხლეები, რომელიც ფეხებს უმძიმებდა და მკვეთრი მოძრაობების გაკეთებაში ხელს უშლიდა მეომრებს, ამოაღებინა და უბრალო სანდლებით ჩაანაცვლა, რომლებსაც მის საპატივსაცემოდ “იფიკრატიდებს” უწოდებდნენ. თუმცა ზოგიერთ სამხედრო ნაწილში სამუხლეებს მაინც იყენებდნენ, განსაკუთრებით ფალანგის წინა ხაზის მეომრები. დიდი და მძიმე ფარი უფრო მცირე ზომის მსუბუქმა და გამძლე ფარმა ჩაანაცვლა. მძიმე და მოუხერხებელი ჰოპლიტური მუზარადი უფრო მსუბუქმა და მოქნილმა თრაკიულმა ჩაფხუტმა ჩაანაცვლა, რომელიც კარგი ხილვადობითაც გამოირჩეოდა. მძიმე ბრინჯაოს აბჯარი ტყავის და სქელი ტილოს ძალიან გამძლე აბჯარმა ჩაანაცვლა, რომელიც საერთოად არ ამძიმებდა მეომარს. ხშირად ასეთ აბჯარს ლითონის ფირფიტებითაც ფარავდნენ. იფიკრატეს ჰოპლიტებმა მიიღეს უფრო გრძელი შუბები, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. შუბის სიგრძე 3 მეტრზე მეტი იყო და ასეთი იარაღით შეიარაღებულ ფალანგას, უფრო დიდ რადიუსზე შეეძლო მტრის მოცელვა.
 
phalanx.jpg
 
ჰოპლიტებთან ერთად პელტასტების შეიარაღებაც შეიცვალა და უფრო მძიმე იარაღით ჩანაცვლდა. სწორედ იფიკრატეს რეფორმის მიხედვით შეადგინა ფილიპე II-მ მაკედონური არმია, რომლემაც შემდეგ ალექსანდრეს მეთაურობით მსოფლიო დაიპყრო.
ფალანგისტი ანუ იფიკრატეს რეფორმის შემდეგდროინდელი ჰოპლიტი ინდივიდუალურად საკმაოდ ძლიერი მეომარი იყო და ხელჩართული ბრძოლისთვის მოკლე მახვილიც ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა მაკედონური ფალანგის მთავარი ძალა მდგომარეობდა ერთიანობაში, შუბების კედელში, რომელიც კავალერიისა და ქვეითი ჯარის წინააღმდეგ ერთნაირად კარგად მოქმედებდა. თუმცა ფალანგასაც ჰქონდა სისუსტეები. მისი ფლანგები და ზურგი თუ სხვა ჯარის შენაერთებით, მაგალითად კავალერიით არ იყო დაცული, ადვილად ირღვეოდა. ალექსანდრე ასეთი შემთხვევის აღსაკვეთად ფლანგებზე ცხენოსან ჯარს აყენებდა. ფალანგას ევალებოდა მწყობრი ნაბიჯით მიწოლოდა მტრის მასას და გაენადგურებინა, რაშიც კავალერიაც დაეხმარებოდათ.
მაკედონელმა ფალანგისტებმა განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშეს ქერონეის(ძვ.წ 338 წ, ბერძენთა კავშირის დამარცხება), გრანიკოსის(ძვ.წ 334 წ, სპარსელების დამარცხება), ტიროსის(ძვ.წ 332, ტიროსის აღება 6 თვიანი ალყის შემდეგ), ისოსის(ძვ.წ 333 წ, სპარსელების დამარცხება), გავგამელას(ძვ.წ 331, სპარსეთის მთელი არმიის განადგურება) და ჰიდასპეს(ძვ.წ 326, ინდოელთა დამარცხება).
ფალანგამ ისტორიაში დიდი როლი ითამაშია, შექმნა და დაანგრია იმპერიები. ამ სამხედრო ერთეულის სიმტკიცეზე მეტყველებს ისიც, რომ ელინისტურმა სამყარომ ძვ.წ 30 წლამდე იარსება და საუკუნეები გაუძლო რომაელებისა და სხვა მტრების შემოტევებს. უკანასკნელი ელინისტური სახელმწიფოს, პტოლემაიოსების ეგვიპტის სამეფოს ჯარიც ფალანგის სიძლიერეს ეყრდნობოდა, ასევე პონტოს, ბითინიის, სელევკიდების, ბაქტრიის, ანტიგონიდების მაკედონიის არმიების მთავარ ძალასაც ფალანგა წარმოადგენდა. საბოლოოდ ამ სამხედრო ერთეულის დამარცხება რომაელებმა მოახერხეს და ელინისტური სამყაროც ნელ-ნელა შეუერთეს იმპერიის საზღვრებს.
spanish-conquistador-in-armor-on-horseba
 
ესპანელი კონკისტადორი
conquistadors.jpg 1492 წელს ამერიკის სანაპიროებს გენუელი მოგზაურის, ქრისტოფორე კოლუმბის გემები მიადგნენ. ახალი კონტინენტის აღმოჩენის შესახებ კი ამერიგო ვესპუჩიმ გამოაცხადა, რომელმაც კარგად შეისწავლა დღევანდელი ლათინური ამერიკის სანაპიროები. ამ დროიდან იწყება ესპანელი კონკისტადორების, ანუ თავზეხელაღებული, ავანტიურისტი, სასტიკი, დამპყრობლური და მძარცველური მენტალიტეტის ხალხის ლაშქრობები ახლად აღმოჩენილ “ელდორადოში”, ოქროს ქვეყანაში. გამოჩენილი ესპანელი კონკისტადორები იყვნენ: ალონსო დე ოჰედა, ფრანსისკო დე მონტეხო, დიეგო დე ალმარგო, დიეგო ველასკეს დე კუელარი, გონსალო ხიმენეს დე კესადა, ხუან დე ლა კოსა, დიეგო კოლონი, როდრიგო დე ბასტიდასი, ბარტოლომე დე ლას კასასი, ერნანდო კორტესი, პედრო დე ალვარადო, ხუან პონსე დე ლეონი, ვასკო ნუნიეს დე ბალბოა, ფრანსისკო პისარო, პედრო დე ვალდივია, დიეგო დე როხასი. განსაკუთრებით ცნობილნი არიან ერნანდო კორტესი, ფრანსისკო დე მონტეხო, ფრანსისკო პისარო და პონსე დე ლეონი, რომელთაც აღმოაჩინეს, დაიპყრეს და აითვისეს უზარმაზარი ამერიკული ტერიტორიები: ფლორიდა, მექსიკა და პერუ. ერნანდო კორტესმა დაამხო აცტეკთა იმპერია, პონსე დე ლეონმა ილაშქრა ფლორიდაში, ფრანსისკო დე მონტეხომ დაიკავა იუკატანის ნახევარკუნძული, სადაც ინკას ტომები სახლობდნენ, ხოლო ფრანსისკო პისარომ დაამარცხა და გაძარცვა ინკები პერუში. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამხელა წარმატებებს მიაღწიეს უცხო მიწებზე, მათი არმიები მხოლოდ რამდენიმე ასეული ჯარისკაცისგან შედგებოდა, რომელთა ნაწილი არ იყო პროფესიონალი მეომარი და უბრალოდ თავზეხელაღებულ, გამდიდრების მსურველი ესპანელებისაგან შედგებოდა. ასევე გაღარიბებული იდალგოებისა და კაბალიეროებისგან, გადამდგარი მეომრებისგან და ა.შ. ეს ხალხი რეკონკისტას(მავრთაგან განმათავისუფლებელი ომი) შემდეგ უსაქმოდ და შემოსავლის გარეშე დარჩა და ამიტომ გადაწყვიტეს “ელდორადოს” გზას გასდგომოდნენ, სადაც მოგზაურთა შეთხზული ლეგენდების მიხედვით ოქროს მთები იდგა და ხალხი ოქროს ქვიშაში ბანაობდა(ამ მითებს გარკვეული საფუძველი მართლაც ჰქონდა). მათი შეიარაღება სრულად პასუხობდა მაშინდელი ევროპის საუკეთესო არმიების აღჭურვილობას. კონკისტადორებს ჰქონდათ ზარბაზნები, არკებუზები(ძველებური კაჟიანი თოფი), არბალეტები, საუკეთესო მახვილები, ალებარდები, კარგად ნაჭედი ფარები, მუზარადები, ბეგთრები და რაც მთავარია ჰყავდათ ცხენები, რომელთაც ინდიელთა წინააღმდეგ ომებში ერთ-ერთი უმთავრესი როლი ითამაშეს. ასევე კონკისტადორებს ჰყავდათ ზარბაზნებით აღჭურვილი გემები, რომელთაც სანაპიროდან შეეძლოთ ძლიერი ცეცხლით გაეცამტვერებინათ მოწინააღმდეგე.
კონკისტადორთა ყველაზე ცნობილი ლაშქრობის ხელმძღვანელი ერნანდო კორტესი იყო.
 
samoans_war.jpg
 
მისი ჯარს სულ 518 ქვეითი, 16 ცხენოსანი რაინდი, 13 არკებუზირი, 32 არბალეტის მსროლელი, 110 მეზღვაური და 200 ინდიელი და ზანგი მონა შეადგენდა. თან ჰქონდათ 10 ზარბაზანი, 4 ფალკონეტი და ჰყავდათ 32 ცხენი. ამ არმიით კონკისტადორებმა 1519 წლის 16 აგვისტოს დაიკავეს ტენოჩტიტლანი, აცტეკთა დიდი იმპერიის დედაქალაქი და დაამარცხეს აცტეკთა უზარმაზარი არმია ოტუმბასთან ბრძოლაში, 1520 წლის 7 ივლისს. ტენოჩტიტლანთან კორტესს რამდენიმე მოკავშირე ტომი ეხმარებოდა, რომელთა ძალა 13 ათას მეომარს შეადგენდა. კონკისტადორებმა დაამარცხეს აცტეკთა უკანასკნელი ბელადი, კუაუტემოკი, რომელმაც აცტეკების მიერვე მოკლული მონტესუმა II შეცვალა და გაანადგურეს ტენოჩტიტლანი, შემდეგში მეხიკო. ფრანსისკო პისარომ ასევე მოახერხა პერუს ტომის დამარცხება და უზარმაზარი განძეულის გემებით გამოტანა, რომელთა ნაწილიც ზღვაში ჩაიძირა და ესპანეთამდე ვერ მიაღწია.
კონკისტადორს შეეძლო ებრძოლა არკებუზით, ხმლით, ალებარდითა და არბალეტით, როგორც ქვეითად ისე ცხენზე ამხედრებულს. ასევე იცოდა ზარბაზნისა და ფალკონეტის გამოყენებაც. შეაბჯრული იყო ბეგთარითა და მუზარადით. მიუხედავად იმისა, რომ მას უპირატესობა ჰქონდა ინდიელთან ბრძოლაში, რადგან გააჩნდა ბევრად უკეთესი შეიარაღება, ინდიელები რიცხობრივად ბევრად აღემატებოდნენ კონკისტადორებს. მათი უზარმაზარი რაზმების დამარცხებას მართლაც ძალიან გამოცდილი, საუკეთესო მეომრები თუ შეძლებდნენ, რომელთაც სათავეში ნიჭიერი და მამაცი სარდალი ედგათ, როგორებიც კორტესი და პისარო იყვნენ.
 კონკისტადორები ევროპელთაგან პირველები აღმოჩნდნენ ახალ კონტინენტზე და უდიდესი წვლილი შეიტანეს მის ათვისებაში. დაიპყრეს უზარმაზარი მიწები და შეიტანეს ევროპული კულტურა, ტრადიციები და რელიგია, თუმცა დიდი სისხლისღვრისა და სიასტიკის ფასად. კონკისტადორები სისხლიმსმელი და დაუნდობელი ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ მთელი ამერიკის ინდიელებს. ერთი მუჭა ეს ავანტიურისტები, ათასობით და ათი ათასობით მტერს აკავებდნენ და ანადგურებდნენ. დღევანდელი ლათინური ამერიკის, ფლორიდისა და მექსიკის ბევრი დასახლება სწორედ კონკისტადორების დაარსებულია. ეს დიდებული მეომრები წარმოადგენენ სიმბოლოს იმისა, თუ რა შეუძლია ცივილიზებულ, დისციპლინირებულ, უკეთ შეიარაღებულ ძალას, თუნდაც მასზე ბევრად აღმატებული რაოდენობის უფრო ცუდად აღჭურვილ და გამოწვრთნილ მოწინააღმდეგესთან.
                                                                                             ნიკა ხოფერია

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩავასწორე


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?