Jump to content

სურათი

რისთვის მოიწვია ბაგრატ მეოთხემ 3 ათასი ვიკინგი საქართველოში?

ბაგრატი საქართველო ვარანგები ბიზანტია ისტორია ლიპარიტ ბაღვაში ვიკინგები მეფე ფეოდალური

ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რისთვის მოიწვია ბაგრატ მეოთხემ 3 ათასი ვიკინგი საქართველოში?
220px-Opening_a_window_to_the_autistic_b

 

 

მეთერთმეტე საუკუნის 30-40-იან წლებში ბაგრატ მეოთხესა და მასზე არანაკლებ შეძლებულ და გავლენიან კლდეკარის საერისთავოს პატრონ ლიპარიტ ბაღვაშს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელიც საკმაოდ დიდხანს, მათ მომავალ თაობებს შორისაც კი გაგრძელდა. ამ დაპირისპირებაში, ბაგრატ მეოთხეს მხარეს, ერთხელ ვარანგები, ანუ ვიკინგებიც კი იღებდნენ მონაწილეობას. ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც სკანდინავიიდან მოსული დაქირავებული ძალები იბრძოდნენ საქართველოს მეფისთვის. ამ ფაქტის შესახებ ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე გვიამბობს.

ვაჟა კიკნაძე: ბაგრატ მესამის შემდეგ, რომელმაც საქართველო გააერთიანა, მეთერთმეტე საუკუნეში, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა მისი შვილიშვილი ბაგრატ მეოთხე (1027-1072 წლები). მთელი მისი მოღვაწეობა არის ბრძოლა გარეშე თუ შინაურ მტრებთან, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მისი ბრძოლაა უდიდეს ფეოდალთან, ლიპარიტ ბაღვაშთან. მათ შორის ურთიერთობა და ბრძოლა იმდენად დაიძაბა, რომ არც ერთი მხარე აღარ ერიდებოდა უცხო ძალების ჩართვას გამარჯვებისათვის. როგორც მრავალი ისტორიკოსი ფიქრობს, რომელთა შორის მეც ვიგულისხმები, მეფეს იმდენად გაუჭირდა ამ ურჩ ფეოდალთან გამკლავება, რომ უცხო ძალა მოიწვია და იმდენად უცხო, რომ ეს ერთადერთი შემთხვევაა, მთელი ისტორიის განმავლობაში, როდესაც საქართველოში ჩნდებიან – ვარანგები იგივე, ნორმანები ანუ ვიკინგები. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია. როგორც „მატიანე ქართლისაშია“ მოთხრობილი, 40-იანი წლების დასაწყისში, ბაგრატ მეოთხეს 3 ათასი ვიკინგი მოუწვევია. ისინი ქუთაისის მახლობლად, სოფელ ბაშში განლაგებულან. ამ დროს ქუთაისში მეფის რეზიდენცია იყო.

ლიპარიტ ბაღვაშსა და მეფე ბაგრატს შორის ერთ-ერთი მორიგი ბრძოლის დროს, მეფეს 700 ვიკინგი მეომარი წაუყვანია კასპის რაიონში, სასირეთის ჭალაში საბრძოლველად. იქ მართლაც, საკმაოდ დაუნდობელი ბრძოლა გამართულა.

– რა შედეგით დამთავრდა ეს ბრძოლა?

– ბრძოლაში ორივე მხარეს სხვადასხვა მომხრეები ჰყავდათ საქართველოდან. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, ტექსტი ცოტა გაურკვევლად არის მოცემული და ამიტომაა, რომ ერთგვარი გაუგებრობა იჩენს თავს, თუ რომელმა მხარემ მოიწვია ვარანგები – მეფემ თუ ლიპარიტმა. მთელი თხრობა ისეა აწყობილი, რომ ვიკინგები აუცილებლად მეფის მოწვეული ჩანს, რომ არა, მემატიანის ბოლო ფრაზა. იქ ნათქვამია, რომ ბრძოლაში დამარცხდნენ მეფის მომხრეები და ამიტომ, ეს თითქოს ნიშნავს, მისი მომხრე ვიკინგებიც დასჯილი უნდა ყოფილიყვნენ; მაგრამ მემატიანე წერს: ლიპარიტმა, ლიხის ქედზე უკან გასტუმრებულ ვარანგებს მისცა ხალხი და მისცა ასევე „პაშტნი“ და ისინი „წინა მათსა, პურსა უკაზმიდესო“. ეს ფრაზა ძალიან დიდხანს იყო გაუშიფრავი. სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, „პაშტი“ არის საცრელი ცხრილი, მაგრამ არა ფქვილის, არამედ ხორბლის, ანუ „პაშტი“ მსხვილი საცერია. მაგრამ, გაუგებარია, რატომ უნდა დაერიგებინათ ვარანგების თანმხლებ პირთათვის პაშტნი. ზოგი მეცნიერი მიიჩნევდა, რომ მათთვის გატანებული ხალხი შეიძლება პურს უცხობდნენ ვარანგებსო, მაგრამ მე ამ ვერსიას არ ვიზიარებ. შეუძლებელია, თან იარო, თან პური აცხო, მით უმეტეს, რომ „პურის კაზმვა“ ნიშნავს პურის ანუ ხორბლის რჩევას. ესე იგი ლიპარიტის მიერ გატანებული ხალხი მთელი გზა წინ მიუძღოდა დამარცხებულ ვარანგებს, ხორბლის ცრით.

– თქვენ როგორ ხსნით მემატიანის ამ ფრაზას?

– მე ჩემი ახსნა მაქვს ამასთან დაკავშირებით, რაც, ვფიქრობ, ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს. ჩემი დაკვირვებით, მოგვიანებით, არსებობს სკანდინავიის ქვეყნების რუსეთთან დადებული ხელშეკრულებები, რომელშიც წერია, რომ იმ ფულის სანაცვლოდ, რომელიც რუსეთმა ისესხა, შვედეთი ხორბალს ითხოვდა. თურმე, ფსკოვიდან და ნოვგოროდიდან ამ ხელშეკრულების თანახმად, იმდენი ხორბალი მიუციათ შვედებისათვის, თვითონ აღარ ეყოთ და ამის გამო რუსეთში აჯანყება დაწყებულა. რადგან ეს ქვეყენა ჩრდილოეთითაა, ხორბლის პრობლემა ყოველთვის იქნებოდა ამ მხარეში და უდავოა, მისი მოპოვება იქ ყოველთვის პრობლემებთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, ბაგრატთან ჩამოსულ ვარანგებსაც ასეთივე მოთხოვნები ჰქონდათ და როდესაც წააგეს ბრძოლა, ასე დასცინა მათ ლიპარიტ ბაღვაშმა. ის, სხვათა შორის, ძალიან კვიმატი და თავისებური ხასიათის კაცი ყოფილა. რადგან ვიკინგები „სტუმრები“ და უცხო ხალხი იყვნენ, „ხელცარიელი“ არ გაუშვა და მთელი გზა ხორბლის ბილიკზე გაატარა. ეს დაცინვა და დამცირება იყო. ერთი მხრივ, არ დასაჯა მოწინააღმდეგეები სიკვდილით და მეორე მხრივ, უთხრა: აი, ასე გაუშვით თქვენი გასამრჯელო ხელიდანო.

ამგვარად, ჩემი აზრით, პური არის გასამრჯელო, რომელიც ვერ გამოიმუშავეს დაქირავებულმა ვიკინგებმა ქართველი მეფისგან. ამ გზით დასცინა ლიპარიტ ბაღვაშმა შორეულ ევროპელ დაქირავებულ მებრძოლებს.

ვარანგების ამ ვიზიტით აღმოსავლეთში ძალიან ბევრი შვედი მეცნიერია დაინტერესებული. ამა წლის ნოემბერში შვედეთში გახლდით კონფერენციაზე, რომელსაც ერქვა „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ადრეული კონტაქტები.“ ამ კონფერენციის ღერძი სწორედ ქართველი მემატიანის ეს ინფორმაცია გახლდათ. სხვათა შორის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შვედმა მეცნიერებმაც გაიზიარეს ჩემი ეს მოსაზრება და დაადასტურეს, რომ მათთვის პური მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო და სხვა შემთხვევაშიც იღებდნენ გასამრჯელოს პურის სახით. სხვათა შორის, შვედებმა თავისი წყაროებიც მოგვაწოდეს ამ საკითხთან დაკავშირებით – რუნიული წარწერები, რომელიც შვედეთში სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილ სტელებზეა ამოტვიფრული. სტელას ახლობლები და ოჯახის წევრები უდგამდნენ გამოჩენილ გარდაცვლილ პიროვნებებს. ერთ-ერთი ასეთი სტელა ეკუთვნის აღმოსავლეთში, „შორს მოგზაურ ინგვარს“, რომელიც მეთერთმეტე საუკუნის 30-40-იან წლებში წამოსულა და როგორც შვედი მეცნიერები ვარაუდობენ, ის ლეგენდარული ქვეყანა, რომელიც მოხსენიებულია ინგვარის სტელაზე, საქართველოა. მასზე ასევე აღნიშნულია, რომ ინგვარის ძმები 1041 წელს დაღუპულან ამ შორეულ ქვეყანაში ბრძოლის დროს. გარდა ამისა, შვედეთში გავრცელებულია საგები. ეს ერთგვარი ზეპირსიტყვიერი გადმოცემებია, რომელშიც ამდენი ხნის შემდეგ (სანამ ფურცელზე გადაიტანდნენ ყველაფერს), რეალური და არარეალური ინფორმაციები ერთმანეთშია არეული. ერთადერთი, რაც მსგავსებას ამჟღავნებს ამ ისტორიასთან არის ის, რომ ინგვარის შესახებ არსებულ საგაში, საუბარია აღმოსავლეთში მდებარე ზღაპრულ ქვეყანაზე, სადაც ვიკინგები სამოგზაუროდ და საბრძოლველად იმყოფებოდნენ. დასახელებულია ქალაქის სახელი, რომელიც ძალიან ჰგავს ქუთაისს. საგაში დასახელებულია „კუტაპოლისი“. როგორც ვიცით, „პოლისი“ ქალაქს ნიშნავს; კუტა-ქუთა კი, მართლაც ჰგავს ქუთაისს. არგონავტების მითშიც ხომ არის მოხსენიებული „კუტაია“. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, კუტაპოლისში მართლაც ქუთაისი იგულისხმებოდეს.

– სხვა ცნობები თუ არის ისტორიაში ლიპარიტ ბაღვაშის კვიმატი ხასიათის შესახებ?

– ერთხელ ლიპარიტ ბაღვაშმა შეიპყრო ბაგრატის დედა. ეს იყო სომეხი მარიამ არწრუნი და უპატიოდ მოექცა მას. უფრო სწორად, წყაროში ნათქვამია, რომ მან ის გააუპატიურა და უკან გამოუგზავნა მეფეს. ამ შემთხვევაში, ასე მიაყენა შეურაცხყოფა მოწინააღმდეგეს და ასე დასცინა მას. ჩანს, ლიპარიტი მეფის მიმართ გაცილებით დაუნდობელი იყო. უცხო ძალას კი უთხრა: მე არ ვიცი, თქვენ საიდან მოსულხართ, მაგრამ წადით უკან და ეს პურიც, რისთვისაც ჩამოხვედით, ამ სახით წაიღეთ თუ წაიღებთო.

– რასთან იყო დაკავშირებული ლიპარიტ ბაღვაშისა და ბაგრატ მეოთხის ქიშპი და რითი დასრულდა ის?

– ქიშპი იყო, რა თქმა უნდა, პირველობისთვის. ლიპარიტ ბაღვაში და საერთოდ მათი საგვარეულო, იმერეთიდან, კაცხიდან გადმოსახლდნენ კლდეკარის მიდამოებში. კლდეკარის საერისთავო ერთ-ერთი ძლიერი საერისთავო იყო, რომლის პატრონიც ხანდახან მეფეზე გავლენიანიც კი გახლდათ.

ლიპარიტს უნდოდა პირველობა. მისი საერისთავო, ფაქტობრივად მეორე სამეფო იყო, სადაც წიგნებიც იწერებოდა, ერისთავს თავისი მოხელეებიც ჰყავდა, დიდი შემოსავალიც ჰქონდა და გავლენის სფეროებიც; ის მხოლოდ „მეფედ“ არ იწოდებოდა. ლიპარიტს რომ მიდრეკილება ჰქონდა იმისკენ, სამეფოში მთავარი მბრძანებელი ყოფილიყო, აქედანაც კარგად ჩანს: ერთი პერიოდი, როდესაც ბაგრატი არ იმყოფებოდა საქართველოში, მან ბაგრატის მცირეწლოვანი ვაჟი, გიორგი გაამეფა. თავი კი, მის მეურვედ გამოაცხადა. თვითონ ვერ გამეფდებოდა, ვინაიდან ბაგრატიონი არ იყო. გიორგის საშუალებით კი, ლიპარიტი ადვილად გასცემდა ყოველგვარ ბრძანებას. ხან გიორგი პირველის უკანონო ძე, დიმიტრი ჩამოჰყავდა ხოლმე ბიზანტიიდან და მისი საშუალებით ხდებოდა უმაღლესი ხელისუფალი.

ლიპარიტ ბაღვაშმა 50-იან წლებში იმდენად მოაბეზრა თავი არა მარტო მეფეს, არამედ ქართველ დიდებულებსაც, რომ მესხმა დიდებულებმა, რომელნიც მანამდე მის მიმართ საკმაოდ ლოიალურად იყვნენ განწყობილნი, შეიპყრეს იგი და მეფეს გადასცეს. ამ უკანასკნელმა, როგორც ჩანს, ის სიკვდილით არ დასაჯა და ბიზანტიაში გადაასახლა. თუმცა, ამის შემდეგ, მისმა შთამომავლებმა განაგრძეს ბრძოლა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. საბოლოოდ, დავით აღმაშენებელმა გააუქმა ბაღვაშთა საერისთავო. დავითის მემატიანე ასეთ ფრაზასაც ხმარობს: „დასრულდა გვარი ბაღვაშთა, გამამწარებელთა“.

წყარო: tbiliselebi.ge

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5403 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

''ვიკინგების მოგზაურობაზე საქართველოში'' დოკუმენტურ ფილმს იღებენ ჩემი ახლობელია ერთ-ერთ მთავარ როლში...

 

ძალიან საინტერესო იქნება და კარგ ხარისხში, სხვათაშორის'' დაუმარცხებელი'' ნორმანები ქართველებმა დაამარცხეს :) როგორს ამ ესეშია მოცემული.....



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kaki77

kaki77

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 643 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი
  • წარმოშობა:გურული. დაბადებული ქ. ქუთაისში

საინტერესოა



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ხათუნა

ხათუნა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 447 პოსტი
  • მისამართი:გერმანია
  • წარმოშობა:ქარელი
ძალიან საინტერესო ინფორმაცია ზუსტად დილისთვის. :* ბაბუ მადლობა.ისე ლიპარიტზე მეც ბევრი წამიკითხავს და მართლა გამამწარებელი იყო :D

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხოო. ბაგრატიონების მტერი იყო







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?