ამ ჯიშის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის საქართველოს კინოლოგთა და სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგთა კავშირის, საქართველოს კინოლოგთა კლუბის კინოლოგი გიორგი კორძაძე.
სახელწოდება Labrador Retriever
წარმოშობა ინგლისი
სტანდარტი კოდი (w.k.u.) 4.57
კლასიფიკაცია IV ჯგუფი
დანიშნულება სანადირო
წარმოშობის ისტორია
მართალია, ამ ჯიშს ლაბრადორს ეძახიან, მაგრამ მას არაფერი აკავშირებს კუნძულ ლაბრადორთან. ეს ჯიში აღმოაჩინეს კუნძულ ნიუფაუნდლენდზე.
1822 წელს პირველი წერილობითი ინფორმაცია გაჩნდა ლაბრადორზე. ინგლისელმა მოგზაურმა ნიუფაუნდლენდის ეს ჯიში აღწერა და თავადაც აღტაცებული დარჩა მათი ჭკუითა და სანადირო თვისებებით.
XIX საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა გრაფმა მალმსბერიმ თავად ნახა ამ ჯიშის ძაღლები, რომლებიც ინგლისელ მეზღვაურებს ჰყავდათ კუნძულიდან ჩამოყვანილი.
გრაფი გაოცებული იყო ლაბრადორის ქცევით და მეზღვაურებს სთხოვა, ჩამოეყვანათ მისთვის რამდენიმე ასეთი ძაღლი.
მოგვიანებით კუნძულ ნიუფაუნდლენდში ძაღლებზე დიდი ბეგარა შემოიღეს, რის გამოც შეწყდა ლაბრადორების გამრავლება.
ასევე, ინგლისმა შემოიღო მკაცრი საკარანტინო ზომები.
იმის გამო, რომ ლაბრადორი კუნძულიდან აღარ შემოდიოდა, ინგლისში დაიწყეს მისი შეჯვარება სხვა ჯიშის რეტრივერებთან. საბედნიეროდ, ეს უთავბოლო შეჯვარებები მალევე შეწყდა და ამ ჯიშის ენთუზიასტების მიერ გადაწყდა ლაბრადორის ჯიშის „სისუფთავეში“ ყოფნა.
არსებობდა 2 ძაღლი - „პიტერ ფესკელი“, რომელიც ვინმე ბატერს ეკუთვნოდა, და „ფლედპერი“, რომელიც მაიორ პორტალის საკუთრებაში იყო, სწორედ ეს ძაღლები მიიჩნევიან ლაბრადორ რეტრივერების „მამამთავრებად“.
1903 წელს ინგლისში ამ ჯიშის ოფიციალური სტანდარტი დამტკიცდა .
ლაბრადორი ინგლისიდან საბჭოთა კავშირში
ლაბრადორი საბჭოთა კავშირში XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა.
საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარე კოსიგინს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფებოდა, ინგლისის დედოფალმა შავი ფერის ლეკვი აჩუქა.
კოსიგინმა ლეკვი მოსკოვში ჩამოიყვანა, თუმცა მისი ჯიში არ იცოდნენ. მიმართეს ცნობილ კინოლოგს, ერთ-ერთი ნაკრძალის დირექტორს, პოლკოვნიკ ალექსანდრე ბლისტანოვს, სწორედ მან აუხსნა მაშინდელ საბჭოთა ხელმძღვანელობას, რომ ეს იყო ლაბრადორი.
კოსიგინმა ლეკვი პოლკოვნიკ ბლისტანოვს გადასცა საჩუქრად.
პოლკოვნიკმა კი ლეკვი მეგობარ გეოლოგს აჩუქა, რომელმაც ძაღლი ექსპედიციაში წაიყვანა ციმბირის მხარეს. 2 წლის განმავლობაში გეოლოგი განცვიფრებული წერდა თავის მეგობარს, რაოდენ ჭკვიანი და კარგი მონადირე იყო ეს ძაღლი.
საუბედუროდ, ის ექსპედიცია უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიკარგა დედოფლის ნაჩუქარი ლაბრადორიც.
საქართველოში პირველი ლაბრადორები 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ.
დღეს ეს ჯიში ჩვენს ქვეყანაში პრესტიჟული და მოდურია.
დამახასიათებელი ნიშნები
წონა ხვადი 27-34 კგ
ძუ 25-32 კგ
სიმაღლე ხვადი 57-62 სმ
ძუ 54,5-59,5 სმ
ასაკი 10-12 წელი
შობადობა 2-10 ლეკვი
შეფერილობა: შოკოლადისფერი - მუქი ან ღია.
ყვითელი - ჩალისფერი, კრემისფერი.
მთლიანად შავი - დასაშვებია თეთრი ლაქა მკერდზე.
წვრთნა და მოვლა-პატრონობა
ლაბრადორის საჯიშე ნიშანია მოკლე ბეწვი.
დაცურავს სწრაფად და არის ბრწყინვალე მონადირე.
ძაღლს აქვს გაწონასწორებული ნერვული სისტემა.
არის ძალიან ერთგული და საოცრად უყვარს ბავშვები.
ლაბრადორს სჭირდება ხშირი მოძრაობა, ბევრი ცურვა, სირბილი, ნადირობა.
როდესაც ძაღლი ხშირადაა უმოძრაოდ, სწრაფად სუქდება, რაც უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობაზე.
ლაბრადორი გონიერი ძაღლია და ადვილად იწვრთნება, მთავარია, პატრონმა არ დაიზაროს და დღეში თუნდაც 5 წუთი გამოყოს ბრძანებების სასწავლებლად.
კარგად იტანს ტრანსპორტირებასაც.
გახსოვდეთ, მგზავრობის წინ ძაღლს 2 საათით ადრე უნდა აჭამოთ, ლეკვი კი უმჯობესია, მშიერი იყოს.
ლაბრადორი თავისი გაწონასწორებული და დამჯერი ხასიათის გამო, კარგ ზეგავლენას ახდენს დეპრესიულ ადამიანებზე. როგორც ამბობენ, ის კარგი ანტიდეპრესანტია.
დანიშნულება
საქართველოს მონადირეებში ლაბრადორი წარმატებით სარგებლობს, განსაკუთრებით იმ მონადირეთა წრეებში, რომლებიც იხვსა და სხვა წყალმცურავ ფრინველზე ნადირობენ.
ამ ჯიშის ძაღლის სტიქიაა ცურვა, რაც მას უაზროდ უყვარს.
შეუძლია, საათობით იჯდეს წყალში.
ლაბრადორთან ერთად ნადირობისას დაბალი ალბათობაა, მოკლული ფრინველი დაიკარგოს.
მას შეუძლია ნადირობა არა მარტო წყალზე, არამედ მინდორშიც.
იტანს ნებისმიერ კლიმატურ პირობებს.
მოკლე ბეწვისა და ქონიანი ტანის წყალობით არ ეშინია ყინვისა და დასველების. წყალში მისი ტანი შეგიძლიათ ზეთიან ქაღალდს შეადაროთ, რომელსაც სისველე ახლოსაც არ ეკარება.
კვება
ლაბრადორისთვის, ისევე როგორც ყველა ჯიშისთვის, აუცილებელია სწორი კვება.
შეგიძლიათ, გყავდეთ ბუნებრივ ან კომბინირებული საკვებზე, რომელიც უნდა მიიღოს წონასთან შეფარდებული დოზით, ზუსტად განსაზღვრულ დროს.
ხაჭო ძაღლისთვის აუცილებელია.
შეგიძლიათ, მისცეთ მოხარშული საქონლის ხორცი.
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკვების ჰიგიენას.
კვებასთან ერთად პერიოდულად აკონტროლეთ ძაღლის ბეწვის საფარი და ფეკალის კონცენტრაცია. გაურესების დროს შეუწყვიტეთ არასასურველი საკვები და მიმართეთ ვეტერინარს.
პროფილაქტიკური მკურნალობა და გამრავლება
ლაბრადორს ახასიათებს გენეტიკური ავადმყოფობა დისპლაზია, რაც არასწორი სელექციისგანაა გამოწვეული.
სხვა რაიმე მკვეთრად დამახასიათებელი დაავადებები არ ახასიათებს.
პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება აუცილებელია 1,5 თვიდან.
ამ დროს ძაღლს უნდა გაუკეთდეს პირველი აცრა.
3 თვის შემდეგ უნდა აიცრას ცოფზე (რასაც კანონი მკაცრად ითხოვს).
კომპლექსური აცრები უნდა ჩატარდეს 6 თვემდე (3 აცრა).
კბილების გამოცვლის მერე საჭიროა 1 აცრა და შემდეგ – ყოველ წელიწადს1 აცრა.
აუცილებლად უნდა მისცეთ ჭიების წამალი 3-4 თვეში ერთხელ.
ლაბრადორის შეჯვარების წინ უნდა გაარკვიოთ მისი მეწყვილის გენეტიკური მხარე.
სრულფასოვანი შთამომავლობის მისაღებად აუცილებელია ჯიშობრივი შერწყმა.
ძუ ძაღლის შეჯვარება წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლება.
გახსოვდეთ
ძაღლს სჭირდება ხანგრძლივი გასეირნება;
არ შეიძლება ძაღლის დამცირება;
ლაბრადორი სასურველია იმ ადამიანისთვის, ვისაც დეპრესია აწუხებს.
წყარო:https://funtime.ge

