ამ სტატიას არ დავდებდი და ბოდვად ჩავთვლიდი , მაგრამ სამწუხაროდ ეს პლატფორმა და გეგმები (სტრატეგიული ხედვები) გამოაქვეყნა "რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული კვლევების ცენტრმა" . ეს კი სახელმწიფო ორგანიზაციაა , ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით და რუსთის პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშაა . ასე რომ ყურადსაღებია ჩვენი "ღრუსი ძმების" მომავლის თავისებური ხედვა .
რუსეთი ამიერკავკასიაში კვლავ დაბრუნდება და ობიექტურ მიზეზთა გამო საქართველოს საზღვრები გადაიხედება
ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობა რომ უმეტესწილად პრობლემურია, უკანასკნელმა 20 წელმა დაგვანახა, მაგრამ რაზეც ექსპერტი ჩერნოვი საუბრობს, იმდენად წარმოუდგენელია, მასზე სერიოზული საუბარი ნამდვილად ჭირს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მასთან ინტერვიუ მაინც ჩავწერეთ, რათა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა განწყობები არსებობს რუსეთის სხვადასხვა პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში საქართველოსთან მიმართებაში.
- ბატონო მიხეილ, თქვენთან დაკავშირება თქვენს მიერვე გასული წლის 18-20 დეკემბერს ერევანში ჩატარებულ კონფერენციაზე "უსაფრთხოება და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში" გამოთქმული მოსაზრებების გამო გადავწყვიტეთ. თქვენ, თემაზე "ევრაზიულ კავშირში კავკასიის ინფრასტრუქტურული მატრიცა: 2014-2017 წლებში ძირითად სატრანსპორტო პროექტებზე" საუბრისას განაცხადეთ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთს სომხეთთან სახმელეთო საზღვარი ექნება. თქვენი განმარტებით, სამხრეთ ოსეთის მიმდებარედ არსებობს თრუსოს ხეობა, რომელიც ისტორიულად სამხრეთ ოსეთს ეკუთვნოდა, სადაც 30 ათასი ოსი ეროვნების მოქალაქე უნდა დაბრუნდეს. თრუსოს ხეობა ესაზღვრება როგორც სამხრეთ ოსეთს, ისე - ჯავახეთს, რომელიც თავის მხრივ სომხეთს ესაზღვრება. თქვენს მიერ შემუშავებული გეგმა უამრვ კითხავაზე პასუხის გაცემასა და დაზუსტებას მოითხოვს. ჩემი პირვეკლი კითხვა ასეთია - რას ეფუძნება თქვენი მტკიცება, რომ უახლოეს მომავალში რუსეთს სომხეთთან სახმელეთო საზღვარი ექნება?
- არსებობს რუსეთისა და ევრაზიული კავშირის განვითარების გარკვეული ლოგიკა. ამ ლოგიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთმა უკანასკნელი ერთი-ორი წელია დაიწყო ევრაზიის სივრცის შეგროვების პროცესი. შემდგომში, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს ერთიანი სახელმწიფოს ფორმა ექნება. ეს პროცესი რეალობისაგან მოწყეტილი არ არის, ისტორიულად ობიექტურია და ემსახურება რუსეთის ფედერაციისა და ევრაზიული კავშირის მოთხოვნებს.
ამ მოთხოვნების არსია ახალი სატრანსპორტო კორიდორების შექმნა, რომელიც მომავალში რუსეთისა და ევრაზიული კავშირის ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესებს მოემსახურება. სატრანსპორტო კორიდორი, რომელზეცაა საუბარი და რომლის საფუძველი ტრანსკავკასიური მაგისტრალია, მხოლოდ ერთ ერთი საშუალება გახლავთ იმისა, რომ რუსეთს სომხეთთან სახმელეთო საზღავრი ჰქონდეს. მისი აღდგენის აუცილებლობა სომხეთის ევრაზიულ არჩევანს უკავშირდება.
- გასაგებია, რასაც ბრძანებთ, მაგრამ ახლა მთავარია, როგორ წარმოგიდგენიათ ამ სატრანსპორტო კორიდორის ამოქმედება?
- მესმის, რომ ამ სატრანსპორტო კორიდორის რეალიზაცია საქართველოში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. არსებობს კავკასიდან რუსეთის გასვლისა და დაბრუნების გარკვეული ისტორიული ლოგიკა. რუსეთი მოდიოდა ამიერკავკასიაში და გარკვეული ისტორიული გარემოებების გამო მიდიოდა ამიერკავკასიიდან, მაგრამ შემდგომ, ისევ გარკვეულ ისტორიულ ვითარებაში, კვლავ ბრუნდებოდა. ასეთი რამ ისტორიაში რამდენჯერ მომხდარა.
მოსვლის ლოგიკა იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთი ეყრდნობოდა რეგიონში მცხოვრებ ხალხებსა და ხალხთა ერთობებს. რუსეთი პარტნიორულად თანამშრომლობდა იმ ხალხებთან, ვის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესში იყო რუსეთთან თანამშრომლობა.
ცნობილია, რომ რუსეთის იმპერია აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ ხალხთან. თავის დროზე რუსეთის იმპერიამ ამიერკავკასიაში თავის ინტერესების გასატარებლად ფსონი ქართველ ხალხზე და საქართველოში არსებულ ტერიტორიალურ წარმონაქმნებზე გააკეთა, რომლებიც შემდგომ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ.
იმპერიის მსხვერვის პერიოდში რუსეთი გავიდა ამიერკავკასიიდან, მაგრამ რუსეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კვლავ დაბრუნდა ამიერკავკასიაში. ამიერკავკასიაში შეიქმნა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები. სსრკ-ს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებში იყო ამიერკავკასიაში თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს შექმნა. რუსეთის იმპერიის მსგავსად, სსრკ-მა და რუსეთმა კვლავ საქართველოზე და ქართველ ხალხზე გააკეთა ფსონი. ამგვარი არჩევანი 20-იანი წლების ვითარებაში ობიექტური და ისტორიულად ლოგიკური იყო სსრკ-ს რღვევის, 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ცნობილი მოვლენების შემდეგ...
- ბატონო მიხეილ, თქვენს ისტორიულ ექსკურსში ძალიან ბევრი საკამათო თეზისია, მაგრამ ახლა საინტერესო უფრო ის არის, თუ როგორ აპირებს რუსეთი, ჰქონდეს სახმელეთო საზღვარი სომხეთთან?
- გიპასუხებთ, მე ჩემი ლოგიკით, სწორედ იქამდე მივდიოდი. საქართველოში ნაციონალიზმის ზეობაში განვითარებული პროცესების შედეგები აღმოფხვრილი და გადაწყვეტილი არ არის. მხედველობაში მაქვს საქართველოდან 100 ათასი ოსი ეროვნების მოქალაქეების დევნილად ქცევა. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ოსების უფლებების საკითხს უახლოეს მომავალში აუცილებლად დააყენებს. ამ საკითხს რუსეთისა და ოფიციალურ თუ არაოფიციალურ თბილისთან დიალოგს სჭრიდება. შესაბამისად, ამ დიალოგის ფარგლებში შესაძლებელია იმგვარი ურთიერთმისაღები ფორმების მოძებნა, რომლითაც რუსეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვრის ქონის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება.
- მაინც როგორ?
- თრუსოს ხეობასა და საქართველოს შიდა რაიონებში დევნილი ოსი მოსახლეობის დაბრუნების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და სამართლიან გადაწყვეტას მოითხოვს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური და საზოგადოებრივი დიალოგი შედგება.
მსოფლიოსა და ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური ვითარება, მათ შორის სამხედრო ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ არსებული მდგომარეობა მოითხოვს, რუსეთს ჰქონდეს სომხეთში განლაგებულ სამხედრო ბაზებთან ეფექტური სახმელეთო გზა. ამ საკითხის გადაწყვეტა იმ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, თუ საერთაშორისო მდგომარეობა გართულდა და მას არც რუსეთთან და არც საქართველოსთან პირდაპირი კავშირი არ ექნება. რუსეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვრის საკითხი რუსეთმა შეიძლება ცალმხრივადაც გადაწყვიტოს, თუ მოსკოვსა და თბილისს შორის ამ საკითხზე ნორმალური და ურთიერთმისაღები დიალოგი არ შედგა.
რას ეფუძნება ამგვარი მტკიცება? ეფუძნება ისტორიულ ლოგიკას. ვერაფერმა ვერ შეუშალა ხელი სსრკ-ს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ თავისი ნაწილები შეეყვანა ჩრდილოეთ ირანში, ვერაფერმა ვერ შეუშალა ხელი სსრკ-ს იმისთვის, რომ აღედგინა სლავური ერების ერთობა და ნაწილები შეეყვანა დასავლეთ უკრაინასა და დასავლეთ ბელორუსიაში. ასევე, ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს რუსეთის ფედერაციას აღადგინოს სახმელეთო საზღვარი სომხეთთან და შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში გასასვლელი გააკეთოს.
- გამოდის, რომ თქვენ არ გამორიცხავთ რუსეთსა და საქართველოს შორის მოვლენათა განვითარების სამხედრო სცენარს?
- ევრაზიული სახელმწიფოს გაფართოების საკითხი ობიექტურად დგას დღის წესრიგში. ამგვარი საკითხი დგას არა მარტო კავკასიაში და იგი იქნება გადაწყვეტილი. რაც შეეხება საკუთრივ სამხედრო ასპექტს. სამხედრო ასპექტი ყველთვის არ ითვალისწინებს სამხედრო მოქმედებებსა და სამოქალაქო მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნას.
რაც შეეხება მომავალი ერთიანი სახელმწიფოს შიდა საზღვრებს. ამიერკავკასიაში რუსეთის ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ყოველი დაბრუნების შემდეგ ამიერკავკასიაში შიდა საზღვრები ყოველთვის მნიშვნელოვნად იცვლებოდა. ასე იყო 20-იან წლებში, როცა ქართველური ხალხებით დასახლებული ტერიტორიებიდან შეიქმნა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მაშინ შეიქმნა ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკები, სპეციფიკურად გაიყო მთიანი ყარაბაღი და ნახჭევანის ოლქი. ჩემი აზრით, დღევანდელ ისტორიულ ეტაპზე ანალოგიური და მსგავსი ვითარებაა. მხედველობაში მაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წარმოქმნა. ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. ვეჭვობ, რომ უახლეოს მომავალში საქართველოსთვის ეს თემა, რა თქმა უნდა, აქტუალური იქნება.
- აშკარად უცნაურ სურათს ხატავთ. საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციას გეგმავს. ვილნიუსის სამიტზე ამ პროცესის დაწყების პარაფირება უკვე მოხდა. თქვენ ისე საუბრობთ, თითქოს საქართველო არც კი არსებოს. სწორად გავიგე თქვენი ლოგიკა?
- საქართველო როგორც დამოუკიდებელი ერთეული, არ არსებოს, ამ თვალსაზრისით სწორად გაიგეთ. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას, შეიძლება რამდენიმე რაკურსზე ყურადღების გამახვილება. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის ინტერესებში არაა და რუსეთისთვის მიუღებელია. მეორე - იმგვარად, როგორც ამას ევროკავშირი ვარაუდობს საქართველოსთან ინტეგრაციას, საქართველოს არანაირ დამოუკიდებლობაზე საუბარი არაა. იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, ამის კარგი მაგალითია.
საქართველო არსებობს, მაგრამ არსებობს არა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დამოუკიდებელი ძალა და დამოუკიდებელი მოთამაშე. ეს ასეა სხვადასხვა ისტორიული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზეზების გამო. თქვენს კითხვას მე დაახლოებით ასე ვუპასუხებდი.
- რამდენადაც მივხვდი, თქვენი გეგმის განხორციელების შემთხვევაშიც საქართველომ, როგორც სახლმწიფომ, არ უნდა იარსებოს?
- საქართველო და ქართველები იარსებებენ, მაგრამ მხოლოდ თავის ტერიტორიაზე და სხვა პოლიტიკური ფორმით.
- მაგალითად, როგორი ფორმით?
- ქართველები მომავალშიც იცხოვრებენ საქართველოს რესპუბლიკაში, როგორც ადრე. ხომ არსებობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართვლო, არსებობს სამეგრელო, ჯავახეთი, გორის რაიონი. მაგრამ იმავდროულად საუბარი უნდა იყოს საქართველოს შიდა რაიონებიდან დევნილი ოსების მათ ტერიტორიებზე დაბრუნებაზე.
- ბატონო მიხეილ, მე საკმაოდ ბევრ რუს ექსპერტთან მქონია კონტაქტი, ზოგიერთ მათგანს გავუოცებივარ კიდევ საქართველოს მხარეების ისტორიის კარგად ცოდნაში. მაგალითად, ექსპერტმა მაკარკინმა კარგად იცის ქართლის სამეფოს ისტორია. ოსების რა დისკრიმინაციაზე საუბრობთ, გაუგებარია. საქართველოდან ოსების გარდა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო თითქმის მილიონი ქართველია ქვეყნიდან გასული. თუ ჩემი არ გჯერათ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ კოკოითამდე იყო ლუდვიგ ჩიბირობი, ისტორიკოსი, პროფესორი. მას თავის წინგში აქვს მოყვანილი ფაქტი იმის შესახებ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ცხინვალში მხოლოდ რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა. ვინ იყო ამ წლებში ცხინვალის რეგიონში დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, მგონი გასაგები უნდა იყოს. . .
- საუბარია ოსების უფლებაზე, დაბრუნდნენ თავის ისტორიული ცხოვრების ტერიტორიაზე. ჩვენ ისტორია სხვადასხვა შეხედულებების სახელმძღვანელოებით გვაქვს ნასწავლი. მე თქვენ გირჩევთ, გაეცნოთ შესანიშნავ რუკებს და წიგნს "კავკასიის ისტორიის ატლასი", რომელიც მკვლევარმა არტურ ცუცივვმა მოსკოვში გამოსცა. ცუციევის რუკები სრულ წარმოდგენას იძლევა არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხების განსახლების ადგილებზე. ეს გამოცემა აკადემიურმა წრეებმა მოამზადეს.
- აუცილებლად გავეცნობი ცუციევის წიგნს. მეც გთაზოვთ გაეცნოთ ეროვნებით ოსი ირანისტის, სსრკ-ს, შემდეგ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიიების აკადემიკოს ვასილ აბაევის შეხედულებებს ოსების საქართველოში ცხოვრების შესახებ. სხვათა შორის, იგი ახმეტის რაიონში დაიბადა და გაიზარდა, რამოდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მოსკოვში ცხოვრობდა, ვლადიკავკასში დაკრძალეს. იგი მიიჩნევდა, რომ ირანული წარმომავლობის ოსები საქართველომ მიიღო, რისთვისაც საქართველოში მცხოვრები ოსები საქართველოს მადლიერნი უნდა იყვნენ და საქართველოს მიმართ პრეტენზიები უადგილოა. კარგი, ისტორია იქით იყოს, ახლა მოცემულობა ასეთია - საქართველოს ევროპასთან ინტეგრირება სურს, რუსეთს ამიერკავკასიაში თავის გეგმები აქვს. რა შეიძლება მოხდეს ხვალ ან ზეგ?
- იქნება ის, რომ კონკრეტული ისტორიული და სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამო, საქართველოს მოუწევს თავის გეგმების კორექტირება. მე არ მინდა ამ თემაზე სპეკულაციები. ამის სხვადასხვა ფორმებზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო და რაიმე წამომცდეს, ამის გაკეთება ნამდვილად არ მინდა.
- იმას, რასაც თქვენ ბრძანებთ - ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს და გარდა ამისა გაუგებარია, როგორ გინდათ მშვიდობიანად თქვენი გეგმის რეალიზაცია?
- შესაძლოა, თქვენ რაღაცაში მართალიც ხართ იმ თვალსაზრისით, რომ ის, რასაც მე ვამბობ, ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ისტორიული პროცესების ლოგიკაა. ეს ლოგიკა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გვარის ადამიანები იქნებიან რუსეთის ხელმძღვანელობაში.
- რასაც თქვენ ბრძანებთ, თქვენი, როგორც ერთი ექსპერტის მოსაზრებებია, თუ ამგვარი გეგმები საქართველოსთან მიმართებაში კრემლსაც აქვს?
- არ ვიცი, თქვენ გაქვთ თუ არა წაკითხული წიგნი "ოსეთი - დიდი ოცნების დაბადება". იგი სტრატეგიული კონიუქტურის ცენტრის საიტზე სრულად დევს და შეგიძლიათ, გაეცნოთ. ეს წიგნი ჩვენი ცენტრის მონაწილეობით რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან ერთად თანამშრომლობაში დაიწერა. ეს ინსტიტუტი კი სახელმწიფო დაწესებულებაა.
- ანუ, იმის თქმა გსურთ, რომ თქვენს მიერ ჩამოყალიბებული გეგმები რუსეთის სახელმწიფოს გეგმებია?
- მე ასე ვიტყოდი - ეს, რუსული ევრაზიული სახელმწიფოს განვითარების ობიექტური რეალობაა.
- სხვათა შორის, საქართველოს უარი აქვს ნათქვამი ევრაზიულ კავშირში შესვლაზე. . .
- დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ინტერესებშია საქართველოს ევრაზიულ ინტეგრაციაში ჩართვა. ჩვენ დიალოგი ანტიგონისტურ ხასიათს ატარებს, მაგრამ არსებობს, სხვა პარადიგმაც, რომელის შუა ჩვენი, რუსი და ქართველი ხალხების საკმაოდ გრძელი და საერთო ისტორია. დარწმუნებული ვარ, რომ ევრაზიულ ინტეგრაციაში საქართველოსა და ქართველ ხალხსაც შეიძლება ჰქონდეს კარგი მომავალი.
- რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მართლალც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. მე-19 საუკუნის პერიპეტიებზე რომ არაფერი ვთქვათ, საკმარისია მე-20 საუკენის 20-იანი წლები, კერძოდ, მე-11 არმიის მიერ 1918-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და სულ ახლახან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია გავიხსენოთ, რომ არა რუსეთი, საქართველო არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს არ დაკარგავდა. . .
- ამაზე შემიძლია გითხრათ შემდეგი - რომ არა რუსეთი, არ იქნებოდა არანაირი ქართული სახელმწიფო, რომ არა რუსეთი, სხვადასხვა ქართული სამთავროები თურქეთისა და ირანის ვასალობის ქვეშ იქნებოდნენ. არანაირი ქართული სახელმწიფო არ იქნებოდა იმ საზღვრებში, რომელშიც ახლა არსებობს. ასეთი რამ საერთოდ არც იქნებოდა. დიახ, 20-იან წლებში მე-11 არმიამ დაიკავა საქართველო, რომელიც დამოკიდებული იყო გარე და რუსეთისათვის მტრულ ძალებზე.
ყველაზე ძლიერი საქართველოს სახელმწიფო რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი სსრკ-ს შემადგენლობაში იყო. ეს პერიოდები საქართველოსთვის იყო "ოქროს ხანა". ახლა კი რეალობა ასეთია - რუსეთი ამიერკავკასიაში კვლავ დაბრუნდება და ობიექტურ მიზეზთა გამო საქართველოს საზღვრები გადაიხედება.
- ბატონო მიხეილ, ისტორიის თქვენეული ინტერპრეტაციის მიუხედავად, მადლობას გიხდით თქვენი მოსაზრებების ჩვენთვის სრულად გაცნობისათვის. ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი საექპერტო მოსარებები რუსეთის ხელისუფლების სამოქმედო გეგმებად არ იქცევა.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"