Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კაუ

კაუ

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPip
  • 414 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, თემქის დასახლება :)
  • წარმოშობა:"შორაპანსკი"

მაჭახელა

 

თუ მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან მარცხნივ გადაუხვევთ და მაჭახლის ხეობას შეუყვებით, გზად ერთი უცნაური ძეგლი შეგხვდებათ - მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა მაჭახელას თოფს ძეგლი დაუდგეს. აჭარაში კაჟ-ჩახმახიან თოფებსა და დამბაჩებს რამდენიმე ადგილას ამზადებდნენ, თუმცა თოფით განთქმული იყო მაჭახლის ხეობა. მაჭახელას თოფი მაჭახლის ხეობაში არსებულ სამჭედლოებში მზადდებოდა. სამჭედლოები სოფლებში იყო განთავსებული. ხელობის მემკვიდრეობით გადაცემა მამიდან შვილზე ჩხუტუნეთში დღემდე შემორჩენილი პრაქტიკაა. მაჭახლის ხეობაში განთქმული მჭედლები იყვნენ ნაგერვაძეები, ძნელაძეები და ქავთარაძეები.

 

 

„თოფი 30-40 მეტრის მანძილზე ისროდა. უფრო მეტად საფანტით გამოიყენებოდა. ლულიდან ჯერ ჩაყრიდნენ დენთს, მერე საფანტს, კონდახთან იდებოდა კაფსოლი, მერე დასხლეტდნენ და თოფი გავარდებოდა,“ - იხსენებს ზემო ჩხუტუნეთელი ვასო ძნელაძე. 
ზემო ჩხუტუნეთი ზუსტად ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტი სამჭედლო იყო და სადაც „დაიბადა“ მაჭახელას თოფი. 

 

მაჭახლის ხეობაში მცხოვრები დავით ძნელაძე მაჭახელას თოფის ისტორიას საგვარეულო ფესვებში იკვლევს. მისი თქმით, კაჟიანი მაჭახელა თოფი სოფელ ზედა ჩხუტუნეთელმა სალიხ ძნელაძემ გამოიგონა, უსტა სალიხად წოდებულმა.

 

„თოფი მაჭახელა რომ სალიხ ძნელაძემ გამოიგონა, ამას ადასტურებს ზედა ჩხუტუნეთში მცხოვრები ხანდაზმული ხალხი. ახლა ხან ქავთარაძეს ამბობენ, ხან ნაგერვაძეს და სხვებს, მაგრამ მე უფრო სალიხ ძნელაძის გამოგონებული მგონია. ხალხი ხომ ტყუილად არ დააბრალებდა თოფის გამოგონებას. ზოგიც ამბობს, რომ ძნელაძემ თოფი მოიგონა და ქავთარაძემ დენთიო. ძნელიეთში დღემდეა შემორჩენილი სალიხის შთამომავლების მიერ გაკეთებული სამჭედლო,“ - ამბობს დავით ძნელაძე.

 

მაჭახლის ხეობაში მოგზაურობის დროს იმ სამჭედლოს სანახავად წავედით, სადაც ადრე თოფს ამზადებდნენ. სოფელ ზემო ჩხუტუნეთში იმ უბანს, სადაც ადრე სამჭედლო იყო, ძნელიეთს ეძახიან. სამჭედლო ძნელაძეებს ეკუთვნოდათ. სოფელში ასულებს სამჭედლო დანგრეული დაგვხვდა. 

 

„თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩემმა ქმარმა დაანგრია, მაგრამ აღვადგენთ აუცილებლად,“ - გვითხრა ძნელაძეების ოჯახის რძალმა ნათელა დუმბაძემ.

 

გრდემლი, რომელზეც მაჭახელას თოფი იჭედებოდა

 

ზუსტი, დადასტურებული ცნობები, თუ როდის დაიწყო მაჭახლის ხეობაში იარაღის დამზადება, არ მოიპოვება. სხვადასხვა ისტორიული ცნობებით, მაჭახლის ხეობაში მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში იარაღის წარმოება უკვე კარგად იყო განვითარებული. 

 

ფრანგი მოგზაური ჟან მურიე, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს იმოგზაურა აჭარაში წერს, რომ ქედის ბაზრობაზე მოსახლეობას მაუდის, კარაქის, ხილისა და სხვადასხვა ნაწარმთან ერთად გასაყიდად ჰქონდათ გამოტანილი თოფის ლულები. 

 

სხვადასხვა ცნობით, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში მაჭახლის ხეობაში სამხედრო იარაღის 30-მდე მჭედელი ყოფილა. თოფი მაჭახელა ცნობილი იყო მთელს კავკასიაში და ყირიმში დამზადებულ თოფზე წინაც მდგარა. მაჭახელა თოფი პოპულარული იყო იმერეთში, ფშავსა და გურიაში. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა დაიპყრეს აჭარა, მაჭახელას თოფით დაინტერესდნენ იმპერიის დიდგვაროვნები და ამბობენ, რომ სტამბოლში ბევრი ფაშის სახლში შეიძლებოდა მაჭახელას თოფის ნახვა. 

 

მაჭახლის ხეობაში დამზადებული იარაღი მთელს ოსმალეთის იმპერიაში რომ იყო განთქმული, ამას ზაქარია ჭიჭინაძეც ადასტურებს. „იარაღებში „მაჭახელა“ პირველობდა, ოსმალეთში ყველამ იცოდა მაჭახლური იარაღის მნიშვნელობა. იმიტომ ქებით მოიხსენიებდნენ მაჭახლურ იარაღს მოშაირენი და მელექსენი. შაირებში თურმე ასე იტყოდნენ: „მაჭახელა“ ან „სტამბული“ ე.ი. იარაღი ან მაჭახლის ხეობის უნდა იყოს, ან სტამბოლისაო“, - წერს ჭიჭინაძე. 

მაჭახელას თოფის დამზადების ისტორია მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნოდარ კახიძეს აქვს შესწავლილი. მის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, თოფებსა და დამბაჩებს ამზადებდნენ მაჭახლის ხეობის შემდეგ სოფლებში: ზედა ჩხუტუნეთში, ხერთვის-ქავთარეთში, ეფრატსა და ზედავაკეში. განსაკუთრებით კარგი ხარისხის იარაღს ამზადებდნენ ზედა ჩხუტუნეთსა და ქავთარეთში. ზედა ჩხუტუნეთში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში იარაღის დამზადების კარგი ოსტატები ყოფილან მამა-შვილი და შვილიშვილი ლომან (უსტა ლომან), ხასან (უსტა ხასან) და ახმედ (უსტა ახმედი) ნაგერვაძეები, უსტა ახმედის ხუთი შვილიც მეიარაღე-მჭედელი ყოფილა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ზედა ჩხუტუნეთში ასევე საჩიტე ანუ ფილთა თოფებსაც აკეთებდნენ. იარაღის ოსტატები ყოფილან ეშრეფ უსტა ნაგერვაძე და ყადირ უსტა ძნელაძე. ხერთვის-ქავთარეთში ცნობილი იარაღის მჭედლები ყოფილან ქავთარაძეები, სოფელ გორგაძეთში კი - გორგაძეები. 

მაჭახლის ხეობის იარაღის მჭედლები ძირითადად ორი სახის იარაღს ამზადებდნენ - თოფხანეს და ნალფარას. თოფხანე მოსევადებული იყო ვერცხლითა და ძვლით. გადმოცემით თოფებსა და დამბაჩებს ოქრო-ვერცხლითაც ასევადებდნენ. თოფხანე თოფს ხრახნილი ლულსა ჰქონდა, რაც ხელს უწყობდა შორს და მიზანში სროლას. რაც შეეხება ნალფარა თოფს, მისი ლულა ხრახნილის გარეშე მზადდებოდა. ადგილზე ამზადებდნენ დენთსა და საფანტს, ტყვია კი, შემოჰქონდათ.  

 

თოფისა და დამბაჩის ფასსაც შესაბამისად ლულის, ჩახმახის და კონდახის მორთულობა განსაზღვრავდა. რუსი სამხედრო კორესპონდენტის ლისოვსკის ცნობით, მაჭახელში დამზადებული თოფხანე 75 მანეთი ღირებულა, ნალფარა თოფი კი - 20 მანეთი. 

 

თოფისა და დამბაჩის ლულები მზადდებოდა სპეციალურ დაზგაზე, რომელსაც „თოფის ჩარხი“ ერქვა. დამზადებული ლულა იხარშებოდა შაბნარევ წყალში, რისთვისაც იყენებდნენ სპილენძის გრძელ ცილინდრისებურ საგანგებო ჭურჭელს, რომელსაც ყუბური ეწოდებოდა. გამოხარშული თოფის ლულა ბზინვარებას იძენდა და დაჟანგვისაგან იცავდა მათ. 

 

იარაღის სამჭედლოში, როგორც წესი, ორი ან სამი მჭედელი მუშაობდა. ერთ-ერთი აუცილებლად იყო უსტაბაში, ანუ მთავარი ოსტატი. მეორე-მესამე დამხმარეებად ითვლებოდნენ. თოფის დამზადების მთლიანი პროცესი უსტაბაშის მითითებით და მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. მეიარაღეები, მჭედლები საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობდნენ. 

 

ცეცხლსასროლი იარაღის დამზადება მე-19 საუკუნის ბოლოს აჭარაში შემცირდა, ბოლოს კი, შეწყდა. იარაღის დამზადების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი საუკეთესო ხელოსნების მუჰაჯირად წასვლაც იყო. ამასთან საქართველოში უკვე ხელმისაწვდომი გახდა ინგლისური, ფრანგული, ბელგიური და რუსული წარმოების იარაღი. თან ეს იარაღი, გაცილებით იაფი ღირდა, ვიდრე მაჭახლის ხეობაში დამზადებული. 

 

 

მაჭახელას თოფის ძეგლი ხეობის შესასვლელში

 

მაჭახლის ხეობაში დამზადებული მაჭახელა თოფის ერთი ეგზემპლარი დღეისათვის ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. თოფი 1881 წელს მარადიდში მცხოვრებ მაიორ ახმედ ეფენდი ხალვაშს უჩუქებია გურიის ქვეითი რაზმის უფროსისთვის, პოლკოვნიკ ერმალო ნიჟარაძისთვის. თოფი, ხანჯალთან ერთად, ერმალო ნიჟარაძემ 1919 წელს გადასცა მუზეუმს. 

 

მაჭახლის ხეობაში მე-19 საუკუნის ბოლო წლებში არაერთმა ქართველმა მკვლევარმა იმოგზაურა. მკვლევარები წერდნენ, რომ ხეობის მკვიდრნი გარდა იმისა, რომ საუკეთესო იარაღს ამზადებდნენ, საუკეთესოდ ფლობდნენ კიდეც. ძველად მაჭახლის ხეობის მცხოვრებნი იშვიათად თუ გამოვიდოდნენ სახლიდან იარაღის გარეშე. ბავშვებს შვიდი წლის ასაკიდან ასწავლიდნენ იარაღის ხელში დაჭერას. იარაღის სიყვარული მაჭახლის ხეობაში დღემდე შემორჩა. დღეს მაჭახლელები, მართალია, მაჭახელა თოფით ვეღარ, მაგრამ საბჭოური წარმოების იარაღებით იწონებენ თავს.

 
წყარო: გაზეთი ბათუმელები.

Non nobis, non nobis, Domine
Sed nomini tuo da gloriam.
________________________

ჩემი ძმა არყოფილი ვითარ მიყვარდის უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი...... 





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?