Gebruder Adamy
1921 წელს ეს საიარაღო ფირმა ზულში დააფუძნეს ძმებმა ფრანც და ალბერტ ადამებმა. ამ გვარის ოსტატებზე ზულში ცნობილი იყო ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნიდან, ხოლო 1820 წლიდან ადამები სანადირო იარაღის წარმოებით დაკავდნენ. საწარმოო ციკლი 1937 წლიდან ვიდრე დღემდე, ერთსა და იმავე მისამართზე ხორციელდება. თანამედროვე ოფისი საწარმოსთან ერთად საფირმო მაღაზიასაც აერთიანებს.
1955 წლიდან ფირმას ხელმძღვანელობს ალფრედ ადამი, ხოლო 1977 წლიდან დღემდე მისი შვილი ჰელმუთი, რომელსაც ობერ-ოსტატის წოდება მეიარაღეების გილდიამ მიანიჭა.
ბიზნესში ჩართულია ოსტატის მთელი ოჯახი: შვილი საწარმოო პროცესში მონაწილეობს, მეუღლე პროდუქციის მარკეტინგითაა დაკავებული.
დღეისათვის ფირმა უშვებს მაღალი კლასის სახაზინო დაგატენვის გლუვლულიანებს, კომბინირებულებს და ხრახნილლულიანებს. ყველა მოდელი მზადდება და გრავირდება მხოლოდ შეკვეთებზე, რის გამოც ამ ფირმის თითოეული ნაკეთობა ინდივიდუალურია და ერთადერთ ეგზემპლიარშია წარმოდგენილი.
ფირმა საბაზო მოდელებად განიხილავს მხოლოდ იმ იარღს, რომლებიც დრომ გამოსცადა და პრაქტიკაში მაღალი რესურსით ხასიათდებიან(ამ ფირმის ყველა ნაკეთობა ხელით იწყობა).
საფირმო თოფებზე არის წარწერა "Gebr. Adamy". ამ განმასხვავებელ აღნიშვნასთან ერთად გარკვეული პერიოდის თოფებზე არის წარწერა "Buhag", რადგან ,,ძმები ადამები" არიან გაერთიანება ბიუჰაგის დამფუძნებლები.
ისეთ პატარა ფირმებს, როგორიცაა "ძმები ადამები" როგორც წესი, არა აქვთ ლულისა და კალაპოტის საკუთარი წარმოება_ ამისათვის საჭიროა მძლავრი და ძვირადღირებული საწარმოო ფონდი. ფირმა ყიდულობს სალულე ნამზადს გაბურღული არხებით, თუმცა დაყვანის პროცესში ლულის არხები იხვეწება და ამის შემდგომ იგზავნება საგამოცდო სადგურებზე.