სანადირო თოფების წარმოებაში XIX საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული, მთელი ასი წლის განმავლობაში ბელგიას პირველი ადგილი ეკავა.
იარაღის წარმოება თავმოყრილი იყო ქალაქში, რომელსაც ფრანგულენოვანი მოსახლეობა ლიეჟს უწოდებდა. გერმანულად ქალაქის სახელწოდება კი ასე ჟღერდა - ლიუტიხი.
სწორედ ბელგიური წარმოებისაა ყველაზე ძვირადღირებული და სასურველი იარაღი - დეფურნი, ბოდსონი და ლებო.
XIX საუკუნის 80-იანი წლებისთვის ბელგიაში იწარმოებოდა იმდენივე სანადირო თოფი, რამდენიც მთელ ევროპაში.
1890 წელს ლიეჟის იარაღის გამოსაცდელ სადგურში ლულების გამოცდაზე დაიხარჯა 40 ტონა დენთი და გასროლილ იქნა 4 მლნ ვაზნა.
1891 წელს სადგურში გამოსცადეს მილიონზე მეტი თოფი.
იმ დროისთვის ქალაქ ლიეჟში ფუნქციონირებდა 187 საიარაღო ფირმა, ხოლო მის გარეუბნებში - 280.
1904-1914 წლების პრეისკურანტში ავგუსტ ლებოს თოფების ფასები რუსულ რუბლზე შემდეგია: უჩახმახო 160-550 რუბლი, ჩახმახიანი 225-425 რუბლი.
ცნობილია, რომ ქართველ პატრიოტებს, მათ შორის გიორგი დეკანოზიშვილს, ცარიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად იარაღი სწორედ ბელგიიდან შემოჰქონდათ.
ფირმის დაარსება
1865 წელს ავგუსტ ლებომ გახსნა თავისი სახელოსნო.
მან თავიდანვე მაღალხარისხიანი თოფების დამზადებას მიჰყო ხელი.
1876 წელს ამერიკის ქალაქ ფილადელფიაში მოეწყო იარაღის საერთაშორისო გამოფენა, სადაც ლებო მთავარი პრიზით დააჯილდოვეს.
1878 წელს ლებოს პარიზის გამოფენაზე ოქროს მედალი და საპატიო ჯილდო გადასცეს.
ავგუსტ ლებო ბელგიის მეფემ რაინდის ჯვრით დააჯილდოვა.
ის იყო, ასევე, ლიეჟის თოფების გამოსაცდელი სადგურის ხელმძღვანელის მოადგილეც.
1896 წელს ავგუსტ ლებო გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია.
გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, მან პარტნიორად აიყვანა ნიჭიერი მეიარაღე ფერდინანდ კურალი, რომელიც 1896 წლიდან ფირმის მმართველი გახდა.
ფირმას ოფიციალური სახელი ეწოდა „ლებო-კურალი“.
1902 წელს ფირმამ შეიცვალა სახელწოდება და დაერქვა „ვებლეი-ლებო-კურალი“.
1897 წელს სანკტ-პეტერბურგში ლებოს თოფებმა გამოფენაზე ვერცხლის დიდი მედალი მოიპოვა.
ავგუსტ ლებოს თოფები დაჯილდოებული იყო, ასევე, II ოქროს მედლით და რამდენიმე „GRAND PRIX“-ით მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენებზე.
ლებოს თოფები
სხვადასხვა დროს ლებოს შესახებ წერდნენ:
„მისი ადგილი ისეთ დიდ ოსტატთა შორისაა, როგორებიც არიან პერდე, ჰოლანდი... ის საიარაღო ხელოვნების ვარსკვლავია. თოფის ნაწილებს აქვს შესანიშნავი ზუსტი მორგება, იდეალური ფორმების სირბილე. განსაკუთრებით კარგი მიტანა...“
„ლებოს თოფები თავისი მაღალი ხარისხით, მხატვრული გაფორმებითა და მიტანით იმდენად ნაცნობია, რომ არ ღირს დროის დაკარგვა მისი ხარისხის აღწერაზე. ამის გამო მას ბელგიელ პერდესაც კი უწოდებენ“.
1930 წლიდან ფირმა ლებომ დაიწყო ბოკფლინტების წარმოება და აირჩია ბოსის კონსტრუქცია.
II მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც სხვა ფირმებისთვის, ლებოსთვისაც მძიმე პერიოდი დადგა.
დაეცა მოთხოვნა ძვირფას სანადირო თოფებზე.
1956 წელს ფირმის მფლობელი გახდა ჟოზეფ ვერე, რომელმაც რამდენიმე ძვირადღირებული ბოკფლინტის მოდელი შეიმუშავა.
ამჟამად ფირმა აწარმოებს მხოლოდ ლუქს კლასის თოფებს, ლულების ვერტიკალური და ჰორიზონტალური განლაგებით.
ლებოს თოფების ცნობილი მფლობელები და მათი შეკვეთილი მოდელები
რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II - 1899 წელი, 20 კალიბრის წყვილი თოფი, მოდელი N98, N31831 და N31832, შემდგომში იწოდებოდა როგორც „Grand Russe“.
რუსეთის დიდი მთავრები, ნიკოლაი და ალექსი - შეუკვეთეს N91 მოდელის წყვილები, „Grand Due“.
გრაფი შერემეტიევი - მოდელი N96, „Sheremeteff“.
გრაფი კურაკინი - მოდელი N78, „Prince Kourakine“, თოფი ვესტლი-რიჩარდსის სისტემის დამცემ-სასხლეტი მექანიზმით.
ესპანეთის მეფე ალფონს XII - მოდელი N97, „Kaiser“.
გერმანიის იმპერატორი - მოდელი N108, „Imperial Pigeon“.
ლებოს თოფების მოდელებით, ასევე, ამაყობდნენ იტალიის, ბელგიის, ბულგარეთის მეფეები.
ლებოს თოფები საქართველოში
საქართველოში აღრიცხულია ლებოს 24 თოფი, აქედან 2 ყალბია.
ლებოს თოფებიდან ყველაზე კარგად შენახული, ფანტასტიკური სილამაზის თოფი, წარწერით Made in Best”, ეკუთვნოდა ცეკას პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის მძღოლს ბუდუ ჭელიძეს.
ეს თოფი 12 კალიბრისაა და ერთ-ერთი წყაროს ცნობით, პატრონის გარდაცვალების შემდეგ 12 000 დოლარად გაიყიდა.
საქართველოში შემოსული ლებოს თოფებიდან, ყველაზე ძველი მოდელი N33297, 1902 წელს არის დამზადებული, ხოლო შედარებით ახალი მოდელი N44517 - 1972 წელს და ის ბრეჟნევის ნაქონი თოფია.
როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი, უშიშროების თანამშრომელი, კაპიტანი გაფრინდაშვილი იუწყებოდა, ქართველმა პოეტმა პაოლო იაშვილმა, როგორც „ხალხის მტერმა“ (სამწუხაროდ, მაშინ ასე „ამხილეს“ იგი), მწერალთა შენობაში თავი სწორედ ლებოს თოფით მოიკლა.
საქართველოში აღრიცხული ლებოს ყველა თოფის კალიბრი 12-ია.
ლულის წონა 1,335კგ, 1,390კგ, 1,445კგ.
ლულის სიგრძე 76,2სმ, 75,0სმ, 70,0სმ.