გრაკლიანის გორაზე-არქეოლოგიური აღმოჩენა.
2007 წელს თბილისი-სენაკის გზატკეცილზე, იგოეთის მონაკვეთში, გრაკლიანის გორაზე ავტობანის მშენებლობისას არქეოლოგებმა უნიკალურ მასალებს მიაკვლიეს. ორი თვის განმავლობაში მოიპოვეს 35 ათასი ექსპონატი. ნაპოვნია ძვ. წ. VIII-I საუკუნეების პერიოდის ასობით სამარხი და ნასახლარი, თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები.
მონაპოვართა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვ. წ. IV საუკუნით დათარიღებული ოქროსა და ბრინჯაოს დისკოები, რომლებიც არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, ადასტურებს ქართული სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვან ისტორიას.
უცხოური სამეცნიერო წრეებიც აღნიშნავენ, რომ გრაკლიანის არტეფაქტები უნიკალურია. ამიტომაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივაა, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს მთავრობამ ეროვნულის სტატუსი მიანიჭოს.
"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ერთ-ერთი მონაკვეთის არქეოლოგიურ კვლევას უშუალოდ დაესწრო და რამდენიმე აღმოჩენის მოწმეც გახდა. ერთ-ერთ სამარხში ბრინჯაოს სამაჯური გამოჩნდა, მოგვიანებით მეორე სამარხში ვერცხლის საყურეს გადააცალეს მიწა. თავის ქალას თითქმის უკლებლივ შენარჩუნებული აქვს კბილები. ვერცხლის საყურე კი ემბრიონის ფორმაში გაქვავებულ ნეშტს ყურიდან სახეზე გადავარდნოდა. სამარხი ქალის იყო. იქვე დაესაფლავებინათ კაცი და ცხენი. ერთ-ერთ სამარეში ულამაზესი მცენარეული ორნამენტებით შემკული ოქროს პატარა დისკო აღმოაჩინეს.

გრაკლიანში, კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია დამზადებული. ეს იშვიათი ექსპონატები მხოლოდ უმაღლესი რანგის მუზეუმებს _ ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმსა და ლუვრს ამშვენებს.

ვიპოვეთ ორმაგპროტომიანი (პროტომა - ცხოველის ან მითოლოგიური ცხოველის სხეულის წინა ნაწილის (ტანი, სახე, თავი) გამოსახულება. ანტიკურ სამყაროში ხშირად გამოსახავდნენ კოლონებზე, ფასადებზე, ჭურჭელზე.) ქანდაკებით შემკული საკურთხეველი, რაც წინ უსწრებს აქამდე ცნობილ ყველა ორმაგპროტომიან ქანდაკებას როგორც ანატოლიის ტერიტორიაზე, ისე კონტინენტურ საბერძნეთსა და დასავლეთ საქართველოში. ეს ყველაზე ძველია, რამაც ძალიან ბევრი ისტორიული თეორია შეცვალა".

არქიტექტურული ფორმები და დასახლება, რომელსაც ანალოგი არა აქვს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც. გრაკლიანის არქეოლოგიური აღმოჩენის შედეგად ვეცნობით აქამდე უცნობ, მაღალგანვითარებულ კულტურას. აღსანიშნავია, რომ ამდროინდელი, ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანების, აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის შესახებ პირველად ვიღებთ ინფორმაციას. აქ ცხოვრობდა ეკონომიკურად და კულტურულად უაღრესად დაწინაურებული საზოგადოება, რომელსაც ინტენსიური სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა ცენტრთან.
ვახტანგ ლიჩელი: "აქამდე მიიჩნეოდა, რომ ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეებში ქართლი ეკონომიკურად დაკნინებული და კულტურულად დეგრადირებული რეგიონი იყო. გრაკლიანის აღმოჩენებმა დაადასტურა სრულიად საპირისპირო ფაქტი. ჩანს კავშირები სამხრეთ მესოპოტამიასთან, ურარტუსთან, აქემენიდურ ირანთან... ჩანს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ადაპტირებული აქვს იმ პერიოდის ყველა ტექნოლოგიური ინოვაცია და კულტურის ელემენტი. ექსპონატებს შორის უამრავია განსაკუთრებით გამორჩეული. მათ შორის არის უნიკალური, მხატვრული დეკორით შემკული საკრალური ღუმელი, რომელსაც ანალოგი არა აქვს მსოფლიოში.
გასულ წელს გრაკლიანის გორა დაათვალიერა ICCROM-ის (კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი) გენერალურმა დირექტორმა სტეფანო დე კარომ. მისი თხოვნით ძეგლი საერთაშორისო ელქტრონულ ბაზაში შევიტანეთ. ამიერიდან ამ ქსელში შევიტანთ ყველა მაღალი სამეცნიერო ღირებულების ძეგლს".