Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
გურული ვაზის 64 ჯიში - დღემდე უცნობი საოცრება
 
 
85d5dcccf1b40e4c75d5f3a20e61dc73.jpg
11-08-2014

 

 

საყოველთაოდ გავრცელებული ამბავია, გურიაში ჩასულმა კახელმა ვაზი მოიკითხა და გურულმა ადესა აჩვენა:
- აი, ამას ვსვამთ, მორწყვა ამას არ უნდა და მოვლა, მარა კაი ღვინო დგება.
ვაზზე ჯანშელეულმა კახელმა კი ჯერ ადესას შეხედა და, მერე გურულს და...
- ამას რომ სვამთ, სინდისი არ გაქვთ?!

სინამდვილეში გურულებს სინდისის დეფიციტი არა, მაგრამ ვაზის დეფიციტი ნამდვილად აქვთ - ორი საუკუნეა მთელ გურიაში ერთადერთი ჯიშის ვაზი - ადესა, ანუ იზაბელა ბატონობს. მართალია, ჭკვიანმა კაცმა გურიის სიმბოლო, საუკუნეების წიაღიდან მოღწეული ჩხავერიც შეინახა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო. საკვირველი კი ჩანდა ვაზის სამშობლოს რომელიმე მხარის ასეთი სიღატაკე, მაგრამ საქმე სხვაგვარად ყოფილა. როცა ისეთი კაცი გამოჩნდა, ვინც გურიის მევენახეობის საუკუნოვან ისტორიას ჩაუღრმავდა, ყველაფერი ნათელი გახდა. ანდრო ვაშალომიძემ ამით არა მხოლოდ გურიას, არამედ მთელ საქართველოს გაუკეთა დიდი საქმე.

ანდრო ვაშალომიძე:

- პროფესიით ინჟინერი ვარ, ოზურგეთის აწ უკვე დანგრეულ ჩაის ფაბრიკაში ვმუშაობდი. კითხვა მიყვარს და ერთხელაც ივანე ჯავახიშვილი გადავშალე. მას კი ეწერა, - გურიაში ვაზის დაახლოებით 64 ჯიში ხარობდაო. ამის შემდეგ ფიქრმა აღარ მომასვენა, მთელი გურია რომ დავიარო, ნუთუ ამ ჯიშებიდან რამდენიმე მაინც არ იქნება შემორჩენილი-მეთქი? ადესა, ანუ იზაბელა, რომლითაც გურიაა ცნობილი, არომატული ღვინო კი არის, მაგრამ სინამდვილეში მცირე ღირებულებისაა ხარისხითაც და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც. ღმერთმა ქართული ჯიშები ალბათ, იმიტომაც გაიმეტა, რომ ასე იყო საჭირო და უცხოეთიდან ნაუცბადევად შემოტანილი ჰიბრიდი მათ ვერასოდეს ჩაანაცვლებს. წარმოუდგენელი იყო, გურიაში ყველა გონიერი გლეხი გამწყდარიყო, რომელიც ძველ ვაზს არ შეინახავდა და სწორედ ამის იმედად გადავდგი პირველი ნაბიჯი - პირველად იმ სოფელში წავედი ძველი ვაზის საძებნელად, რომელსაც ვაზისუბანი ჰქვია, იქ ვაზი აუცილებლად უნდა ყოფილიყო. მოხუცი ცოლ-ქმარი მიმასწავლეს, რომელიღაც ძველი ჯიში აქვთ და განახებენო. ასე მივაგენი გურიაში იქნებ უკანასკნელ ძირ საკმიელას. უკვე ხმებოდა, ხურმის ხეებზე იყო გასული და სულს ღაფავდა. კალმები ავაჭერი და ოზურგეთში წამოვიღე, ჩემს სახლში, სოფელ შემოქმედში...

- ლამაზი სახელის ვაზი გიპოვიათ, საკმეველს მაგონებს...

- ალბათ, იმიტომ, რომ მართლაც საკმეველივით ღვთიურად მსუბუქი და სურნელოვანი ღვინო აქვს... მოსავალსაც დიდს იძლევა. ერთადერთი რიგი მაქვს გაშენებული მაღლარზე და 170 ლიტრ ღვინოს ვწურავ. სახელის სილამაზეზე თუ ვიმსჯელებთ, კლარჯულიც ლამაზი და ძარღვიანი სახელია, ეს ჯიში გურულებს კლარჯეთიდან ჰქონდათ შემოტანილი და მასში ჩვენი უძველესი დაკარგული მიწის მადლია. კლარჯული რომ ვიპოვე და გავამრავლე, ამის შემდეგ ისევ ჩოხატაურში, ბუკისციხეში სახლთუბანისა და ჯანის უძველეს ჯიშებს მივაგენი. შემიძლია ვთქვა და არ შემრცხვეს, რომ ჯანი საუკეთესო ღვინოა მსოფლიოში, რომლის შესახებ წერილობითი წყაროებია შემონახული. ღვინო მასაც მსუბუქი და მოსალხენად საუკეთესო აქვს.

საზოგადოდ, უძველესი გურული ვაზის ჯიშების ღვინო გურული კაცის ხასიათივით მსუბუქი და ხალისიანია; კახურ საფერავს ან რაჭულ ხვანჭკარას, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესოა ჯანმრთელობისთვის, სიმძიმის გამო ბევრს ვერ დალევ, ნამდვილი გურული ღვინო შეიძლება სამჯერ მეტიც დალიო და მაინც კარგ ხასიათზე დარჩე. რაც შეეხება ჯანს, უხვმოსავლიანი არ არის, მაგრამ იმდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რომ გლეხმა სახელიც შესაფერისი შეარქვა. რაც მთავარია, ამ ჯიშის ეს თვისება ევროპას ისე ჰქონდა შესწავლილი, რომ გემებით გაჰქონდათ, ოღონდ მცირემოსავლიანობის გამო მტევანდიდში ურევდნენ. ასეთ ნაზავს საჯავახო ერქვა, თურქებსაც კი გაჰქონდათ. სხვათა შორის, ალადასტურიც გურული ჯიშია, რომელსაც ვერც გემოთი, ვერც მოსავლიანობით, ვერც შესახედაობით, ახლა რომ ჩვენს ბაზარში ყიდიან, ის ალადასტური ვერც შეედრება. ეს უკანასკნელი მოლდავური ჰიბრიდია, რომელიც ჩვენს პირობებს კარგად შეეგუა.

უკვე ძველი გურული ვაზის 16 ჯიში მაქვს გაშენებული და მათი მოსავლის მიხედვით გაბედულად ვამბობ, რომ ძველი გურული ჯიშის სუფრის ყურძენთან ამჟამად ჩვენს ბაზარზე შემოზიდული ვერც ერთი ყურძენი ვერ მივა. ასე მოვაშენე 16 უძველესი გურული ჯიშის ვაზი ერთ ნაკვეთზე.

- ანუ 64 ისტორიული ჯიშიდან 16 მოიძიეთ?

- 18 წელიწადს ვეძებდი და 40 ჯიშის ვაზი მოვიძიე, მათგან კი საუკეთესოები შევარჩიე. ამისთვის პროფესიონალების ძებნა დავიწყე. აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი დამეხმარა, - 14 საუკეთესო ჯიში გამოვარჩიეთ და გავაშენე. მერე ამას კიდევ 2 ჯიში დავუმატე, ერთი უსახელოა. 3 კაცი წავიყვანე მის საძებნელად და როცა მასპინძელმა გვითხრა, რომელიღაც ძველი ჯიში კი მაქვს, მაგრამ სახელი არ ვიციო, ოთხივემ მოვილაპარაკეთ და აიეტი დავარქვით. მგონი, საუკეთესო სახელია. აიეტი უხვმოსავლიანი არ არის, მაგრამ მტევანში გურიისთვის უჩვეულოდ ბევრ შაქარს აგროვებს და საოცრად ტკბილ ღვინოს აყენებს... სამწუხაროდ, ამ ჯიშებს დიდი ნაკვეთი ვერ დავუთმე, აქამდე არც მე მქონდა პირობები და ვერც მთავრობამ შემიწყო ხელი. მაგრამ ბოლო დროს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრში მევენახეობის სპეციალისტად დამიძახეს და ხელფასიც დამინიშნეს; თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, ამ საქმეს თავს მაინც არ დავანებებდი, მით უფრო, რომ ქალიშვილი გარდამეცვალა და ახლა ყველაფერს მისი ხსოვნისთვის ვაკეთებ. დახმარება კი იმიტომაც არის საჭირო, რომ ყველა უძველესი გურული ვაზის ჯიში უნდა გაშენდეს, რათა ისევ არ დაიკარგოს. ამისთვის ნაკვეთია აუცილებელი. 2 წელიწადია ყველა ჯიშის 130 ნერგს ვინახავ და წელს ეს ნაკვეთი თუ არ მექნა, ნერგები გამიფუჭდება.

- ბევრს უკვირდა ალბათ, ამდენ წელიწადს ყოველგვარი სასყიდლის გარეშე სოფელ-სოფელ რომ დადიოდით...

- მეუბნებოდნენ, ეს ადესა ხომ გვაქვს, მოვლა მაგას არ უნდა და პატრონობა, დაჯექი და დალიე, რა ძალას იყენებო; მე კი ჩემსას არ ვიშლიდი და სადაც მოვხვდებოდი, ყველას ვარწმუნებდი, რომ თუნდაც საკმიელას ერთი ძირი დაერგო. ზოგიერთს ეს ჩემი კალმები ძალითაც კი შევაჩეჩე; მერე, როცა ამ კალმებიდან ვაზმა გაიხარა, ჩემმა საკმიელამ კი ბათუმში ოჯახური ღვინოების გამოფენაზე ოქროს მედლები მიიღო, მსურველების ისეთი რიგი დამიდგა, ვეღარ ავუდიოდი და საერთო რვეული ვიყიდე. ახლა ნახევარ რვეულში იმათი სია მიწერია, ნაღდი გურული ჯიშის ვაზი ვის მოვაშენებინე და ნახევარში - კალამს ვინ მთხოვს; რაც მთავარია, გამოჩნდა ერთი ღვთისნიერი ადამიანი, ნამდვილი პროფესიონალი და ქვეყნის მოამაგე, დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე, რომელიც თვითონაც უდიდეს საქმეს აკეთებს, - ევროპაში დადის და იმ ქართული ვაზის ჯიშებს აბრუნებს, რომელიც ოდესღაც გაიტანეს ჩვენგან; იქ გადარჩა, ჩვენ კი სრულიად გავანადგურეთ. ბატონი ლევანი მეხმარება, ჩემი კალმები თბილისში სპეციალურ ლაბორატორიაში მიაქვს და ამუშავებს, მერე კი უკან მიბრუნებს და ხალხს ვურიგებ. ჩემი ვარაუდით, კიდევ 20 გურული ჯიში მაინც მაქვს მოსაძიებელი. მაგრამ ვინ იცის, იქნებ მეტსაც კი წავაწყდე და როცა ამ საქმეს გავაკეთებ, ამოვისუნთქებ. ჩავთვლი, რომ ჩემი ვალი ქვეყნის წინაშე მოხდილი მაქვს.

ეთერ ერაძე

.kvirispalitra.ge

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ამ კაცს ვენაცვალე ის ნამდვილი პატრიოტია, დამბურძგლა ტანში, ნეტა იმის შესაძლებლობა მომცა ღმერთმა რომ მეც მომაშენებინა მასავით უძველესი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშები, ნამდვილად საშვილიშვილო საქმეს აკეთებს, ვენაცვალე სულში , ღმერთმა მისცეს შესაძლებლობა და ჯანი იმისა რომ კიდევ მოიძიოს და გააშენოს სხვადასხვა ჯიშები  :bravo:  :beer:


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

დევი ყაძახო არ გინდა სოფელში ამ ჯიშებიდან რომელიმე გაახაროო ? აუ მაგარი საქმეა , მარა არ მერგო არსად სამოსახლოდ მიწის ნაკვეთი და სახლი რომ გავახარო  :@


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47667 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუაშენთან? ბაბას რომ უთხრა აერა მგონია უარი გითხრას


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?