Jump to content


ამ თემას აქვს 51 გამოხმაურება

#46 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

სამწუხარო რეალობაა(

 

რომ არა გენის ეს სიძლიერე აქამდე ვერ მოვატანდით...



#47 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სამწუხარო რეალობაა(

 

რომ არა გენის ეს სიძლიერე აქამდე ვერ მოვატანდით...

:0036: ეეჰ ჩემო რაჭველ


legion.ge-82-1553250819.jpg


#48 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
52877879_400369600526956_418249807979610
ბესო ბესო
დელი - წიკლაურების, ჩოხელების და აფციაურების წინაპრები ყოფილან. 1121 წლის - 12 აგვისტოს კი, დიდგორის ველზე პაპანაქება სიცხე იდგა. აღმაშენებელს კი - მზის საათი გამოუყენებია. 200 დიდგორელს და უშუალოდ დავითის მიერ შერჩეულ - ამ 200 მხედრის მეთაურს, ვინმე - ავანას, მხოლოდ ექვსი წუთი უნდა გაეძლო სელჩუკთა გარემოცვაში, მათ კი წვრილად ნაქსოვ ჯაჭვის პერანგებში მომცრო ზომის სატევრები ჰქონდათ გადამალული. ცხადია ისინი ხელში არსებულ იარაღს გამოიყენებდნენ. ექვსი წუთის შემდეგ აღმაშენებელი - 40.000 მხედრით, მარჯვენა ფლანგიდან დაარტყავდა მტრის წყობას, დემეტრემ კი 15. 000 ფეხოსნით მარცხენა მხარეს შეუტია. თუმცა დემეტრე ადრე დაძრულა მოქმედებისკენ, რადგან ცხენოსნები ფეხით მოსიარულეებს გაუსწრებდნენ. შუაგულ არეულ სელჩუკებს, იმდენად შეშლიათ ხელი, იმ 200 დიდგორელისგან რომ, ილღაზმა ვეღარ მოასწრო ჯარის გადაწყობა ნორმალურად. ხოლო დემეტრეს და დავითის მიერ, დროის გამოთვლა, ისეთი სიზუსტით იყო გამოანგარიშებული რომ, მათ ერთად უწიეს ილღაზის არმიას. ფეხით მოსიარულე დემეტრეს ჯარი, არ ჩამორჩა დავითის ცხენოსან ჯარს. ამ დროს შუაგულიც დუღდა. თუმცა დიდგორამდე ორი პატარა შეტაკება განზრახ მოახდინა დავითმა და ორივე შეტაკება თითქმის უომრად ,,წააგო“ . ილღაზი, ამით კიდევ უფრო დარწმუნებულა თავის გამარჯვებაში. დიდგორის ველზე მდგარი - ილღაზის არმია, კიდევ უფრო შემჭიდროვდა და ფეხის მონაცვლის საშუალება მთლად მოესპო. ზუსტად სამ საათში, დავითმა დაუმტკიცა, მთელ ახლო აღმოსავლეთს და სელჩუკთაგან აკანკალებულ ევროპას, რომ იმდროინდელი მუსულმანური სამყაროს დამამხობელი ძალა - მხოლდ ქართული მიწიდან მოდიოდა. ერთი წლის შემდეგ, ილღაზი, დიდგორის ბრძოლაში - უკურნებელი ჭრილობით სულიერად და ფიზიკურად დაღდასმული მომკვდარა.

legion.ge-82-1553250819.jpg


#49 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3647 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
1795 წლის 11 სექტემბერი
224 წლის წინათ....

ღამით ერეკლე თბილისში შებრუნდა, მოქალაქეები გაამხნევა, განკარგულებები გასცა და ისევ კრწანისში დაბრუნდა.

დილით ადრე ყველა ქვედანაყოფი მიჩენილ ადგილებზე უნდა მდგარიყო.

10-ში ღამით ვახტანგ ბატონიშვილის რაზმეულმა შევსება მიიღო, მათ შორის ის 300 არაგველიც ერია, ვინც 11-ში სიცოცხლეს გასწირავს სამშობლოსათვის. სულ 11 სექტემბრისთვის ქართულ ჯარს 2 000 კაცამდე შეემატა.

11 სექტემბერი

განლაგება:

სეიდაბადის ვიწრობი მტკვრისპირა დაბლობის და სამი იარუსისგან არის წარმოქმნილი. მდინარის სანაპიროდან თაბორის ამრეცებამდე გაშლილი ვაკისი სიგანით ზოგან 100 მეტრს აღწევს, ზოგან კი 160 მეტრამდეა გაგანიერებული. მერე შემაღლება იწყება; პირველი ფერდობის სიგანე ყველაზე ფართო ნაწილში 100 მეტრს თუ მიაღწევს; ახრილობა კი 20°-ამდეა. მეორე შემაღლება უფრო ამრეცია – ასე 45°-იანი ახრილობით და 70-დან 90 მეტრამდე განივით. უფრო ზემოთ მესამე იარუსი – საერთოდ მიუდგომელი და გაუვალია, 75-80°-იანი ახრილობით. იქ არც თავდაცვის ნაწილები განლაგებულან და ვერც ვერავინ შეუტევდა.

მტკვრისპირა ვაკისზე თავდაცვის მარცხენა მკლავს იოანე ბატონიშვილის 1500 კაციანი რაზმეული ქმნიდა. 100 მეტრიანი განივის სანგრებში თუ 50-ამდე ჯარისკაცს ვიანგარიშებთ, მაშინ ქართველთა თავდაცვის მარცხენა მკლავზე 1500- კაციანი რაზმეული 30 მწკრივად ჩალაგდებოდა. წინა რიგებში ქვეითები ჩასანგრდნენ – უკან და უკან, რასაკვირველია, მხედრობაც იდგა. მწკრივებს შორისი მანძილის და ყველა სხვა საჭირო დისტანციის გათვალისწინებით – იოანეს მარცხენა მკლავის კოლონის სიღრმე სადღაც 300 მეტრს, ანუ თაბორის ვიწრობის ერთ მესამედს მიაღწევდა (თაბორის ვიწრობის სიგრძე, ასე, კილომეტრამდე თუ იქნება).

უფრო მოკლე არც თავდაცვის მარჯვენა მკლავის, ანუ ზურაბ წერეთლის კოლონის სიღრმე უნდა ყოფილიყო. ეს მარჯვენა ფლანგი ორივე ბაქანზე იყო განლაგებული. ორივე იარუსის განივი – ჯამურად მტკვრისპირა ვაკისის, ანუ იოანეს მარცხენა მკლავის განივის ბადალი სიდიდე გამოდიოდა. მართალია, ჯარისკაცთა რიცხვით წერეთლის მარჯვენა რაზმეული იოანეს მარცხენა რაზმეულს ერთი მესამედით ჩამოუვარდებოდა და 1000 კაცს მოითვლიდა, მაგრამ მარცხენა მკლავის რაზმეული საქარავნე გზის ამოყოლებაზე იდგა და, შესაბამისად, ღია, შენობა-ნაგებობებისგან თავისუფალ სივრცეს იცავდა – სხვადასხვა დონის ორ იარუსზე განლაგებული წერეთლის რაზმეული კი – თვითონ სეიდაბადში, ანუ დასახლებულ უბანში ჩადგა და, შესაბამისად, მობაქნებულ-მოვაკებული, მაგრამ შენობა-ნაგებობებით, ნარგავებით და სხვა მცირე-მცირე ბუნებრივი დაბრკოლებებით სავსე პლატფორმები დაიჭირა, რის გამოც ნაკლები სივრცის ამოვსება დაჭირდა. როგორც პირველი, ისე მეორე ბაქნის გაყოლება – სავარაუდოდ, უფრო შუა ნაწილებში – ქუჩების არსებობაც უნდა ვიგულისხმოთ, მაგრამ ამის მიუხედავად შენობა-ნაგებობებით და ნარგავებით მოფენილი წერეთლის ფლანგის გადალახვა ირანელებს უფრო მეტად უნდა გაჭირვებოდათ.

წერეთლის რაზმეული კრწანისის ტაფობის გამმეხავ გურამიშვილის ბატარეას უკან ედგა. ბატარეას, როგორც ითქვა, აბაშიძის რაზმი იცავდა.

თავდაცვის მარცხენა და მარჯვენა მკლავი, ანუ იოანეს და წერეთლის რაზმეულები, ერთმანეთს გვერდიგვერდ ებჯინა. თავდაცვის უკანაკერძი კი, ამავე დროს, შუაგულიც იყო და იქ ერეკლე იდგა, სიღრმეში, სეიდაბადის ბაღებისკენ დახეული. ერეკლეს შუაკერძ-უკანაკერძი ორივე მეწინავე რაზმეულს ზურგს უმაგრებდა. ერეკლეს რაზმეულის ერთ ნაწილს ვახტანგ ბატონიშვილის, ხოლო მეორეს, ოთარ ამილახვრის ათასეულები შეადგენდნენ. თვითონ მთავარსარდალი კი ხუთასკაციანი გვარდიით, მათ შორის იდგა. ვახტანგ-ერეკლე-ამილახვრის 2 500 კაციანი უკანაკერძი, რომელთა რიგებშიც 300 არაგველთან და გუდამაყრელთან ერთად თბილელთა ის რაზმიც შედიოდა, რომელსაც მუსიყი და კომედიანტი მაჩაბელა უძღოდა, – ბრძოლის დროს იოანეს და წერეთლის წინამბრძოლ რაზმეულებს საჭიროებისდა მიხედვით ეშველებოდა.

უკანა რაზმეულის მარცხენა მკლავი იოანეს მემარცხენე რაზმეულის მარჯვენა შინაკიდურს ედგა ზურგში, ხოლო მარჯვენა მკლავი – წერეთლის მემარჯვენე რაზმეულის მარცხენა შინაკიდურს. სეიდაბადის ვიწრობის უკიდურესი განაპირა მხარეები, მაშასადამე, მხოლოდ მეწინავე რაზმეულების მიერ იყო დაგმანული და – იოანეს მემარცხენე რაზმეულის მარცხენა განაკიდურს და წერეთლის მემარჯვენე რაზმეულის მარჯვენა განაკიდურს – ზურგიდან უკანაკერძის ნაწილები აღარ იცავდა. სამაგიეროდ ამ განაკიდურ ზოლებში, საჭიროების შემთხვევაში, უკანდახევა დაუბრკოლებლად მოხერხდებოდა. ეს შესაძლებლობა გამოიყენეს კიდეც ქართველებმა გენერალური შეტაკებისას.

ერეკლეს უკანაკერძს ორი, ერთმანეთის პარალელურად განლაგებული 1000 კაციანი და მათ უკან მდგარი 500 კაციანი რაზმეული ქმნიდა. კოლონის სიღრმე (სიგრძე) იოანეს 1500 კაციანი კოლონის ანალოგიით, დაახლოებით 300 მეტრის მანძილს გაწვდებოდა. ჯამურად მეწინავე და უკანაკერძი 600-650 მეტრ სიგრძეზე გმანავდა თაბორის ვიწრობს, რაც ამ ვიწრობის ლამის ორი მესამედს მოიცავს. დანარჩენ სივრცეში კი, აბანოთუბნიდან და მეტეხ–ნარიყალას ყელიდან მიყოლებული 200 მეტრ სიგრძეზე მეფე სოლომონის სარეზერვო ათასეული იყო განთავსებული. იმერელეთა ათასეული საჭიროების შემთხვევაში ერეკლეს უნდა შეშველებოდა, მაგრამ უკიდურესი მარჯვენა და უკიდურესი მარცხენა დერეფნების გამოყენებით მას იოანეს და წერეთლის მოწინავე რაზმეულებთან გაღწევაც შეეძლო; ამას გარდა, ამ რაზმეულს სეიდაბადის (დღევანდელ ბოტანიკურ) ბაღში მომდინარე წავკისისწყლის ხეობაში გამოღწეული მტრის შეკავებაც ევალებოდა.

მაშ, თაბორის მთისძირა ვიწრობი რომლის სიგრძე კილომეტრს აღწევს, 6 000-ამდე ქართველმა ჯარიკაცმა დაგმანა. კრწანისის ველს კი იმდღევანდელი ბრძოლის მსვლელობაში 20 000-ზე მეტი ირანელი ჯარისკაცი გაძეძგავს…

სეიდაბადის წვეროკინაზე, მიუვალ რკალში, სადაც მასირებულ იერიშს ვერ მიიტან, სოლოლაკის და თაბორის ქედების გადაკვეთაზე, დავით უფლისწული იდგა მისი 400-კაციანი რაზმით და არტილერიით და თაბორიდან სოლოლაკისკენ გასასვლელს, ისევე როგორც, მტკვრისპირა ვაკეზე ჩამავალ გზებს მეხავდა.

გაბრიელ მაიორი თბილისის დედაციხეზე იდგა, 16 ქვემეხით და 300 კაციანი დამცავი რაზმით.

ქვემეხები და 200-ამდე ჯარისკაცი მეტეხის ქარაფზეც იყო განლაგებული.

სავარაუდოდ ქვემეხები თაბორის მთის წვეროკინაზე მდებარე ციხის მიდამოებშიც (სადაც დღესდღეობით მამათა მონასტერი და ეკლესია იწონებს თავს) უნდა ყოფილიყო განლაგებული.

1000 კაციანი რაზმეული, რომელიც ლოტკინელი “ლოთების” (იგივე ლუტების ანუ ღატაკების) და იმერელთა 200 კაციანი რაზმისაგან იყო შემდგარი – სოლოლაკში ჩამომავალ გზას იცავდა.

როგორც წყაროებიდან ჩანს, იმ დღეს საერთო ჯამში 50-ამდე ქართული ქვემეხი ქუხდა და 8 200 ქართველი ჯარისკაცი ღვრიდა სისხლსა და ოფლს. რამდენიმე ასეული დაჭრილ-დაღუპული კი უკვე წინა დღეებში დააკლდა მათ რიგებს.

[(1500 იოანე+1000 წერეთლი+2500 ერეკლე+1000 სოლომონი+1000 ლუტები+300 გურამიშვილი/აბაშიძე+400 დავით უფლისწული+300გაბრიელ მაიორი+200 მეტეხზე=8200; თაბორის ციხის მიდამოებში ორ-სამ ათეულამდე არტილერისტი თუ იდგებოდა)].

დილის ბრძოლებში, ქართული ჯარის მეწინავე ხაზი, წინა საღამოს დარად, სეიდაბადის ვიწრობის დასაწყისში იყო გავლებული.

10 სექტემბერს ნაწვნევი მარცხის შედეგად დაფანტულ ირანელ ჯარისკაცებს მაჰმად ხანმა შავნაბადას მიდამოებში მოუყარა თავი, ფონიჭალის ბანაკიდან დამატებითი რეზერვებიც გამოიყვანა და გენერალური შეტევისთვის გაამზადა. მძიმე დანაკარგის მიუხედავად ირანელებს ისევ დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ შერჩენილი და ომს წაგებულად სულაც არ თვლიდნენ. ჯამურად მაჰმად ხანს 40 000-ამდე მებრძოლი ჰყავდა ამ ომში ჩაბმული. მრავალკეცად, 12 თუ 14 წყებად წამოსულ მოიერიშე რაზმეულებს კვალში ისევ ყაჯართა დამსჯელი ჯარი ჩუდგა უკუქცეულების გასაჟუჟად და, მაშასადამე, ირანელთა მედგარი იერიშის გარანტად.

დილით, 6 საათსა და 30 წუთზე – ირანელებმა თელეთის ვიწრობის და კრწანისის ველის გამოვლით “მომართეს მხედრობათა ქართველთასა”.

ჯერ არტილერიის ცეცხლი მიეგებათ!

მხედრები კისრისტეხით ცვიოდნენ ცხენებიდან, მათი რიგები თხელდებოდა, მაგრამ სანგრებამდე გაღწევა მაინც მოახერხეს. ალ. ორბელიანს მოვუსმინოთ:

“ჩუენი ჯარი … შემოტეულს ყიზილბაშებს უყურებდნენ განსუენებულის გულითა… როდესაც დაახლოვდნენ, ერთიანად წააყარეს თოფის ტყვია და თვითონაც ხმლებ–გასმულნი დაერივნენ ყიზილბაშების ჯარში და ასე გააქციეს, ვინ წინა და ვინ უკან. წაიყუანეს გაქცეულები და გზის ჩამოსასვლელი გორა რომ არის, იმაზედ მიყარეს… გამოტრიალდნენ და ფეხ–აკრეფით თავის ადგილას მოვიდნენ.”

ამ მოწმობიდან ვიცით, რომ საპასუხო შეტევაზე გადასულ ქართველებს კრწანისის გორის ძირებამდე უდევნია მეტოქე. შემაღლებაზე აღწევა და დევნის იქ გაგრძელება კი დამატებითი ძალების შეუშველებლად ვეღარ მოუხერხებიათ და ქართველებიც შეძლებისდაგვარად მწყობრად დაბრუნებულან სანგრებში.

შეტევის წინა ხაზს მაჰმად ხანმა მოაკითხა და “დათამამებული ახალი დასტები გამოუშვა”.

ერეკლემ მეწინავე რიგები ასამდე მეომრით შეავსო. ჯარისკაცები გაამხნევა.

“მინამ კიდევ ახლოს არ მოუშვეს, არ ესროლეს თოფი და როცა დაახლოვდნენ, ერთიანად წააყარეს ტყვია; ამასთანავე ყიზილბაშებში დაერივნენ და წამსვე დააბრუნეს. გაქცეული ყიზილბაშები წაიყვანეს და შუა მინდვრამდისინ მიიყვანეს.” მაჰმად ხანმა ახალი დასტები მიაშველა უკუქცეულ რაზმს.

საკითხავია, წინა შემთხვევის მსგავსად, რატომ ახლაც კრწანისის და თელეთის ამრეცებამდე არ გაგრძელდა კონტრშეტევა?

როგორც ჩანს, მაჰმად ხანმა შემტევ კოლონებს შორის მანძილი დაამოკლა და უკუქცეულ თანამებრძოლებს ახალი რაზმები დაუყოვნებლივ შეაშველა!!!

ადრე, ვიწროებში ბრძოლისას, ირანელთა სარდალი ფრთხილობდა და კოლონებს შორის მოზრდილ მანძილს ტოვებდა, სხვაგვარად, უკუქცეულები თანამებრძოლებს გადათელავდნენ. ახლა კი, კრწანისის გაშლილ ველზე, მაჰმად ხანმა კოლონებს შორის დისტანცია დაამოკლა და შეტევაზე გადმოსულ ქართველებს მალევე მიაგება შემხვედრი რაზმი. კრწანისის ველობის ფართო განივზე, მეტი სიხალვათე იყო და ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მორბედი ორი ირანული რაზმის – გამოქცეულის და დამხმარეს – ჯარისკაცების ურთიერთგაღწევა, ანუ ზედახორის თავიდან არიდება – უპრობლემოდ ხერხდებოდა.

ასეთი დაუყოვნებლივი შეშველების პირობებში, ქართველმა მოიერიშეებმა უკუქცევისას სანგრებში ჩადგომა ვეღარ მოასწრეს და ირანელთა კონტრშეტევის შეკავება მხოლოდ დამატებითი რაზმების შეშველებით მოახერხეს. ახალ-ახალი რაზმების შეშველებას ხან ირანელთა უკუქცევა მოსდევდა და ხან – ქართევლთა. ხელახლა ჩასანგრება და თოფების ბათქით მოწინააღმდეგის გამოხშირვა – უკვე ვეღარ ხერხდებოდა.

“მიშუელებისთანავე ის ჩვენი მეომრები დაატრიალეს და მინამ თავის ადგილამდი მორეკეს, მეფე ირაკლიმ ის ცხრაასი დანარჩენი ქართველ-იმერელი მიაშველა. დაბრუნებულთ მიმშველებული რომ დაინახეს, ისინიც დაბრუნდნენ, შეუტიეს და კიდევ მინდვრის შუამდის მირეკეს…”

როგორც ვხედავთ, ეს ბრძოლა უფრო ფიცხელი გამოდგა ვიდრე 10 სექტემბრის კონტრშეტევები; ქართველები სანგრებში ჩადგომას ვეღარ ასწრებდნენ და ორივე მებრძოლი მხრის კოლონები ახლა უკვე მაქოსავით დარბოდნენ აქეთ-იქით.

თვითმხილველების მოწმობით, მაჰმად ხანს გაჰკვირვებია:

“როგორც ქართველების ვაჟკაცობა გამეგონა იმაზე უკეთესნი ყოფილანო”! – უთქვამს ათას საომარ წინაღობაზე გადამხტარ ბერბიჭს.

მორიგი უკანდახევის მერე, ერეკლემ მისიანებს ერთხელაც შეაშველა ახალი რაზმი და შემოტეული ირანელები გააბრუნა. დევნა ამჯერადაც კრწანისის ველის შუა წელამდე გაგრძელდა. “იმაზედ აღა–მაჰმად–ხანი გაწყრა და სხვებს უბრძანა შეუტიეთო, მაგრამ აღარ იქნა, ქართველ–იმერლები ვეღარ დააბრუნეს და ხმლით კაფვა შეიქნა.”

ბრძოლა შენივთდა.

უკან გამობრუნების შემთხვევაში ქართველები აუცილებლად დამარცხდებოდნენ. მართალია, ერეკლეს განკარგულებაში უკნასკნელი რეზერვი კიდევ რჩებოდა, მაგრამ თუკი მას უკუქცეული მებრძოლების შესაგებებლად და ახალი კონტრშეტევის წამოსაწყებად გამოიყენებდა, – მერე (როცა ქართველებს მორიგი უკუქცევის დრო დაუდგებოდათ), მაშველი რაზმის გარეშე დარჩენილები, რასაკვირველია, განაგდურდებოდნენ. ეს რომ არ მომხდარიყო, ერეკლემ ჯერ ბრძოლა შეანივთა, რითაც მოვლენათა თანამიმდევრობა, ასე ვთქვათ, ტაქტიდან ამოაგდო და მერე ამ შენივთებული ფრონტის გასარღვევად გამოიყენა ბოლო რეზერვი; ერეკლეს სურდა ძლიერი ბიძგით გაენგრია შუა მინდორზე შეყენებული ირანელები და ერთიანად გადაერეკა კრწანისის ველიდან.

ბებერმა ლომმა “აზატ–ხანის დამმარცხებელი ბაირაღი” აიტაცა და თვითონ წაუძღვა პირადი მცველების და თანაგამკაფველების უმამაცესს დასს, რომელთა შორის ვახტანგის რაზმში რიცხული სამასი არაგველიც იბრძოდა. ზურგის სულ უკანასკნელი რეზერვი, მეფე სოლომონის მეთაურობით, მცირე პაუზის მერე მიჰყვა ომის ღმერთს, რათა კიდევ ერთი და ბოლო გამანგრეველი ბიძგით გაერღვია მოწინააღმდეგის კორდონი.

ბაირაღს, რომელსაც ერეკლე მიაფრიალებდა, ერთი მხრივ ღვთისმშობელი ესახა ყრმით, მეორე მხრიდან – ვეშაპის გამგმირავი წმინდა გიორგი.

ალექსანდრე ორბელიანი:

“ბაირაღგაფრიალებული მეფე ირაკლი ყიზილბაშის პირველს დასტას მიუხტა, ერთი ყიზილბაშის მეომარი ბაირაღის შუბით ჩამოაგდო და მაშინვე მოკვდა. ქართველ–იმერლებმა ეს რომ ნახეს, ერთიანად იჟივლეს, ყიზილბაშების დასტები მაშინვე დაშალეს, წინ წაიყარეს და უკან მიჰყვნენ, რომელიც სადაც აღა–მაჰმად ხანი იდგა, თვით მეფე ირაკლი და მეფე სოლომონი თავისი მეომრებით იქ აუხდნენ, საიდანაც აღა მაჰამდ ხანმა თავი მოარიდა და თავის დასტით საჩქაროდ გაეშურა, მაგრამ იმდენი ჯარის შემწეობა კი აღარ ჰქონდათ ქართველ-იმერლებს, ზევით რომ ახდომოდნენ და იმ მინდორზეც მისწოლოდნენ ყიზილბაშებს, რათა ერთიანად გაეტანათ. გამარჯვებული გამოტრიალდნენ და თავის სიმაგრეშივე მივიდნენ.”

ეს შეტევა მართლაც ყოვლის წამლეკი იერიში გამოდგა. მოწინააღმდეგის რიგები გაინგრა. სხვებთან ერთად თბილელთა ქვეითად მებრძოლმა რაზმმაც არნახული სიმამაცე გამოიჩინა.

“მცხოვრებთაგან ტფილისისათა, – წერს თეიმურაზ ბატონიშვილი, – გამორჩეულ იქნმეს კაცნი მამაცნი და მარჯვენი, რომელთაც აღირჩიეს წინამძღვრად თვისად კაცი ვინმე მსახიობი, რომელსა საზანდრად უხმობრენ. ეს იყო ერთი წარჩინებულთა მესაკრავეთ და მსახიობთაგან მეფისა, მუსიკი და კომედიანტი… გვარეულობითა და სარწმუნოებითაც – ქართველი, რომელსაცა სახელს სდებენ – მაჩაბელად. მიუძღვა გუნდსა მას თფილისელთასა. ეპყრა ხელთა მისთა დაირა და უკრავდა მას ზედა შადიანს, რომელსაცა დაუკრავენ ჟამსა უმეტეს სიხარულისა, ვინაიდან ხმაი ესე – განამხიარულებს მსმენელთა.”

ერეკლემ პირდაპირ მაჰმად ხანზე მიიტანა იერიში:

გმირულად მებრძოლი თბილელები და არაგველები “შეუხდნენ და ჰყვეს მათ ატაკა მტერთა მიმართ და მიიწივნეს ვიდრე დროშებამდე აღა–მაჰამდ–ხანისა და მოსტაცნეს დროშანი რაოდენიმე და მრავალნი სპარსელნი მოსწყვიტეს წინაშე მისსა.”

არაგველები ირანელთა სასიგნალო სისტემას ანადგურებდნენ, – კვირისთავებზე გადაიმტვრიეს დროშების ტარები, დაფხრიწეს მათი ბაირაღები, – მაჰმად ხანის ფერხთით მისი უშუალო გარემოცვის გვარდიელები ცვიოდნენ. ერეკლე ბოლო თავაწყვეტილი იერიშით ირანელთა გვარდიის განადგურებას და მათი მთავარსარდლის მოკვლას ცდილობდა!!!

ირანელებმა პირი იბრუნეს, ვეღარც ყაჯართა დამსჯელმა რაზმმა შეაკავა პირშექცეული ჯარისკაცები…

“სიყრმითგან ჩემით დამიყოფიეს ბრძოლასა შინა და არასადა მიხილავს წინააღმდეგნი, ვითარ ესე კაცნი ჩემდა მომართ მყოფნენ ბრძოლასა”, – იტყვის მერე წყეული საჭურისი.

მაჰმად ხანი გადარჩა, მაგრამ ამ ძლევამოსილმა იერიშმა მაინც ის შედეგი გამოიღო, რომ ქართველი მებრძოლების უკან გამობრუნება ირანული მდევრის გარეშე გახდა შესაძებელი. საბოლოო გამარჯვების მომტანი, ცხადია, უკუქცეული მტრის ბოლომდე დევნა იქნებოდა, მაგრამ შეღმართებზე შეტევის გასაგრძელებლად ახალი და ახალი რაზმების ურთიერთშენაცვლება და შეშველება იყო საჭირო, რაც ერთი ორი დამატებითი ათასეულის არსებობის შემთხვევაში, როგორც ჩანს, კიდეც მოხერხდებოდა. მაგრამ…

მაგრამ ყველანი რევაზ ანდრონიკაშვილს აგინებდნენ, – სწორედ მისი ორი ათასი მებრძოლი მოისაკლისეს, რომელთა თანადგომის შემთხვევაშიც მტერი განადგურდებოდა…

ზეცამ დაიგრიალა. ატყდა ელჭექი და მეხთატეხა თავსხმა წვიმა წამოვიდა.

საბრძოლო მოქმედებები საერთოდ შეწყდა…

შუბლშეჭმუხნილი ერეკლე ახალი დისპოზიციის მოწყობაზე ფიქრს მისცემოდა…

წვიმამ გადაიღო. ნისლი გაიფანტა. მაჰმად ხანი თანდათან მოეგო გონს. ბოლო რეზერვები გამოიყვანა ფონიჭალის ბანაკიდან და კრწანისის ტაფობსა და მიმდებარე სერებზე 20 000 კაცი განალაგა გადამწყვეტი იერიშისთვის. ჭოგრიტით ზვერა მიდამო და ასე, დაახლოებით, 11 საათისთვის “დიდი ყვირილით დაძრა” ჯარები.

ირანელთა იერიშები განახლდა!

ერეკლეს ამასობაში სწრაფი გადაჯგუფებები მოეხდინა.

დილის ბრძოლებში გამოყენებული ტაქტიკით ის ახლა ვეღარ იბრძოლებდა. სეიდაბადის ვიწრო ყელიდან კრწანისის ატალახებულ ველზე გაჭრა და მოწინააღმდეგის ხმალდახმალ ჩეხვა – მაღალი რისკის შემცველი საბრძოლო მოქმედება იქნებოდა. როგორც დილის ბრძოლებმა აჩვენა, ირანელები ქართველებს ასეთ შემთხვევაში სანგრებში დაბრუნების და შესვენების საშუალებას აღარ მისცემდნენ, ხოლო ზედიზედ, ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებული რამდენიმე დარტყმით მტრის დაცვის ხაზის განგრევა, რაც ერეკლემ დილით წარმატებით განახორციელა, განმეორებით ვერ მოხერხდებოდა: მოულოდნელობის ეფექტი დაკარგული იყო, ირანელები რაიმე კონტრზომას მოიფიქრებდნენ და საამისოდ წინასწარ თადარიგსაც დაიჭერდნენ; რიცხობრივი უპირატესობა მათ მეტი მანევრირების საშუალებას აძლევდა. თუ დილით, კრიტიკულ ვითარებაში, ერეკლემ დიდოსტატურად შემოაბრუნა ბრძოლის ბორბალი და ირანელები გააქცია, მის მიერ გამოყენებული ამ ისედაც სარისკო ხერხის ხელმეორედ გამოყენება, ნამდვილად აღარ ივარგებდა.

ქართული ჯარის რიცხოვნება, გაჭირვებით აკმაყოფილებდა თავდაცვის მთელი პერიმეტრის გასაწვდომად საჭირო აუცილებელ მინიმუმს და ყოველი შეტაკების მერე სახიფათოდ უახლოვდებოდა ქვედა ზღვარს; 11 სექტემბრის დილის ბრძოლებში კი ქართველების დანაკარგი უმნიშვნელო როდი იყო.

და აი, ერეკლემ ახალი ხრიკები ამოალაგა მისი ტაქტიკური არსენალის უძირო სკივრიდან:

ახლა ქართველები სეიდაბადის ვიწრობიდან კრწანისის ველისკენ კი არ გაიჭრებიან, პირიქით – სეიდაბადის ვიწრობში დაიხევენ. ამ ტაქტიკური სიახლის მიზეზით გიორგი გურამიშვილის არტილერიამ და მისმა დამცავმა რაზმმა, სავარაუდოდ, პოზიცია გამოიცვალა და სეიდაბადის განაკიდური სერებიდან შიგნით სიღმეში მდებარე მარჯვე კორტოხზე გადმოინაცვლა.

არტილერისტების მერე, მტერს პირველები ისევ მტკვრისპირა ვაკისე განლაგებული იოანეს თოფოსნები შეეგებნენ:

ერთობლივი ბათქი და თოფოსანთა პირველი რაზმის მებრძოლები მკვირცხლად გაიქცნენ უკან მათი ასეულის, ან შესაძლოა ათასეულის, ზურგში ამოსადგომად და თოფებს გადასატენად. პირველი რაზმის გაქცევის მერე, მოწინავე პოზიციის მჭერი მეორე რაზმი გახდა; ერთობლივი ბათქი და ახლა ეს მეორე მწკრივი გაიქცა ბოლო რიგის დასაკავებლად, წინა ხაზზე კი უკვე მესამე მწკრივი იდგა. როგორც ვხედავთ, თოფოსნები წინ არ მიიწევდნენ და კოლონის შუბლის ხაზიც ნელ-ნელა ინაცვლებდა უკან ვიწრობის სიღრმეში. თოფოსნების ყოველი მომდევნო მწკრივი წინა მწკრივთან შედარებით 10-15 მეტრით უკან იყო განლაგებული. ერთობლივი ბათქის და მეთოფეთა უკან გაქცევის მერე, აქამდე მეორე პოზიციაზე მდგარი მწკრივი საკუთარი პოზიციიდან წინ გაუსვლელად ხდებოდა პირველი და თავდაცვის წინა ხაზიც 10-15 მეტრით ინაცვლებდა უკან სირღმეში, – ყოველ ბათქზე ფრონტის ხაზი 10-15 მეტრით იხევდა უკან და მტრის მხედრობასაც დამატებითი მანძილის გადალახვა და სეიდაბადის ვიწრობში უფრო ღრმად და ღრმად შეღწევა უწევდა.

ირანელები ფალკონეტების გრუხუნით და თოფების ბათქა-ბუთქით მოიწევდნენ ქართული არტილერიით გამეხილ კრწანისის ველზე. მათ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეღწიათ მეტოქის თავდაცვის ზოლამდე, რომელიც მიახლოების კვალობაზე, მაცთური ჰორიზონტივით ინაცვლებდა უკან და უკან.

თოფოსნების სამი-ოთხი ერთობლივი ბათქის მერე, ბრძოლაში უკვე მხედრები ჩაებნენ. შეტაკება მტკვრისპირა ვიწროში მოხდა – მას მერე, რაც მტრის მხედრობა მეთოფეთა სულ პირველ, აწ უკვე მიტოვებულ, პოზიციებს 40-60 მეტრით გამოსცდა თბილისის მიმართულებით. ამ ტაქტიკური სიახლის წყალობით ქართული მხედრობის პირველი კონტრშეტევა უკვე ვიწრობში დაიწყო და კრწანისის გაშლილ სივრცეზე, სადაც მტრის რიცხობრივი უპირატესობა უფრო იოლად რეალიზდებოდა – ღრმად აღარ გაღწეულა; მხედრობა მალევე დაბრუნდა უკან, – მანამდე, სანამ უკუქცეულ მტერს ახალი რაზმები წამოეშველებოდნენ – და ვიწრობში განლაგებული მისიანების ზურგის პოზიციებისკენ გაემართა.

სანამ მტერს თაბორის სიმაღლეებზე მისი არტილერიის ატანა ვერ მოეხერხებინა, ქართველებს მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნდათ. შეტევაზე გადმოსული მტრის მხედრობას ჯერ ქართული არტილერიის ცეცხლი ანელებდა. მტრის კონტრშეტევის დროსაც, უკან მობრუნებული ქართული მხედრობის კვალდაკვალ მორბედ ირანელებს ქართველი ჯარისკაცების თავზე გადავლებით გატყორცნილი ჭურვების ცეცხლში უნდა ეჯირითათ და ისე შეეღწიათ სეიდაბადის ვიწრობში, სადაც მათ, პირველ რიგში, ტყვიების წვიმა ეგებებოდათ, მერე კი საქმეში ქართული მხედრობა ერთვებოდა და კონტრშეტევა იწყებოდა…

შეტევა-შემოტევის ყოველი ასეთი ციკლის შედეგად ქართველების თავდაცვის შუბლი უკან ინაცვლებდა თბილისისაკენ, რის გამოც მორიგი კონტრშეტევა და გამოდევნება უკვე არა კრწანისის ველზე გაღწევით, არამედ სეიდაბადის ვიწრობშივე სრულდებოდა.

ასეთი რთული და მაღალი დინამიკის საბრძოლო მოქმედებები იოანეს მარცხენა ფლანგზე წარმოებდა – მტკვრისპირა დაბლობში. სხვა ვითარება იყო ზედა იარუსებზე.

იქაც, რასაკვირველია, წინა ხაზის მებრძოლებს ახლებით ანაცვლებდნენ, მაგრამ მრავალი დაბრკოლების და ბუნებრივი ხერგილების არსებობის გამო, როგორც შემტევი, ისე დამცველი მხარის დინამიკა დაბალი იყო. თავდაცვის მარჯვენა ფლანგი მარცხენასთან შედარებით ნელა თმობდა პოზიციებს და ასიმეტრიულად იხევდა.

თავდაცვის ზოლები ყველა სეგმენტში სხვადასხვა სიჩქარით გადადიოდა სანგრიდან სანგარში. უკიდურესი მარცხენა სეგმენტი უფრო ღრმად იყო დახეულიყო. აქ შემოწეული ირანული რაზმები უკვე არიერგარდის რაზმეულის სანგრებს დაუახლოვდნენ; ერთი ხევიღა გვყოფდა ერეკლესგანო, – წერდა სპარსელი ოფიცერი იაკუბ ბებუთოვი.

გენერალ ივანე შაიშმელაშვილის რესტარვაციის თანახმად, იოანეს უკიდურეს მარცხენა განაკიდურს ერეკლემ განგებ დაახევინა; რაზმები შეძლებისდაგვარად მწყობრად იხევდნენ სანაპიროს გაყოლებაზე. ერეკლეს, მტრის ღრმად შემოწეული ნაწილი მოულოდნელი კონტრშეტევით უნდოდა გაესრისა. ამ მანევრს ხელი იმანაც შეუწყო, რომ მტკვარი სეიდაბადის ვიწრობის შუაწელზე – რკალზე მიედინება, რის გამოც იქ მდინარისპირა ვაკისი განიერდება. გაგანიერებულ პერიმეტრზე მტერს შეტევა უიოლდებოდა და იქ უფრო სწარფად მოიწევდა. შეტევის და თავდაცვის ზოლი კიბის საფეხურებივით დაიკბილა და ერთმანეთში შეიჭრ-შემოიჭრა.

ერეკლეზე უკეთ არავის მოეხსენებოდა, რომ ომი მხოლოდ თავდაცვით არ მოიგება, – უკანდახევით ერეკლე გადამწყვეტ კონტრშეტევას ამზადებდა. კრწანისიდან თბილისისაკენ გაწოლილი ირანული ურჩხულისთვის ერეკლეს ახლა თავი უნდა წაეწყვიტა და მერე ტანისგან განმხოლოებული და აბანოთუბნის მისადგომებთან გამომწყვდეული ეს თავკიდური ნაწილი ამოეჟუჟა.

თაბორის სერებზე განლაგებულმა გურამიშვილის ბატარეამ, რომელიც ჯარის უკანდახევის გამო თანდათან კონცხივით წინ წაწეული რჩებოდა, სათანადო ბრძანება მიიღო და ცეცხლის ინტენსივობა ზღვრულად გაზარდა; და აი, სეიდაბადის კალთების პირველ იარუსზე მდგარი ერეკლე – დაბლა მარცხნისკენ დაეშვა რკალზე. კრწანისიდან ლამის თბილისის კარიბჭემდე გაწოლილი ირანული ურჩხულისთვის ერეკლეს კისერი უნდა გადაეხერხა. ურჩხულის თავს შუბლის მხრიდან, აბანოთუბნის სიახლოვეს, უკვე ბოლო რეზერვი, სოლომონის რაზმეული სცემდა. ერეკლე კი ამ თავკიდურ ნაწილს, რომლის რიგებშიც თვითონ მაჰმად ხანი იმყოფებოდა, კისერს ამტვრევდა – ადგილებში, სადაც დღეს სამასი არაგველის და კრწანისის გმირების ხსოვნის ობელისკია აღმართული. “პატარა კახმა” სასიკვდილო მარწუხებში მოამწყვდია აღა მაჰმადი. აჰა, ცხელმა ტყვიამ გაუარა სხეულში ირანელი მთავარსარდლის ცხენს, – ცხენს, სამწუხაროდ, და არა მასზე გადამჯდარ თავზეხელაღებულ საჭურისს, რომელიც წვიმით და სისხლით ატალახებულ მიწას დაეკვეთა, – ცოცხალი კი გადარჩა.

მტრის ამ ღრმადშემოღწეული ნაწილის გასრესით, ომი ქართველების გამარჯვებით სრულდებოდა, ოღონდ ახლა ირანელთა ძირითადი ჯარის, თუნდაც მცირე ხნით შეკავება იყო საჭირო, რათა ალყაში მომწყვდეულ თავკიდურ ნაწილს ტანი ხელახლა არ მიერთებოდა; ასეთ შემთხვევაში ხომ, თვითონ ერეკლე და სერიდან გარღვევაზე ჩამოჭრილი მისი გუნდი ექცეოდა ორმხრივ მარწუხებში. ამიტომ ახლა ერეკლეს რკალზე მოძრავი რაზმეულის მარჯვენა ფერდის უზრუნველყოფა იყო საჭირო.

მაღლა, მეორე ბაქანზე და ერეკლეს რაზმეულზე წინ მეომარი ზურაბ წერეთელი ერეკლეს მანევრს ვიზუალურად ვერ აღიქვამდა, რომ თვითონვე გარკვეულიყო ვითარებაში და დამოუკიდებლად მიეღო ფერდის დაზღვევის გადაწყვეტილება. ამიტომ გარღვევაზე წასვლისას ერეკლემ წერეთელს სათანადო ბრძანება მალემსრბოლის მეშვეობით გაუგზავნა. საუბედუროდ, შიკრიკი გზაში მოიკლა…

როცა ერეკლემ და ვახტანგმა ცენტრის პოზიციები დატოვეს და გარღვევაზე გაიჭრნენ, ქართველთა თავდაცვის შუა სეგმენტი, რასაც მანამდე ერეკლეს რაზმეული ამაგრებდა – სწრაფად დასუსტდა და ამ მიმართულებაზე ირანელთა შეღწევა დაიწყო. წერეთლის რაზმეულს ირანელებმა სწორედ ამ გამეჩხერებულ მარცხენა კიდეზე გაუჭრეს დერეფანი, იღლიაში შეუვარდნენ, ასე ვთქვათ, და ქვედა გვერდითი ფლანგიდან ამოუტიეს. წერეთელმა უკან დახევა დაიწყო და სოლომონის რაზმეულს შეუერთდა. ნაცვლად იმისა, რომ წინ გაჭრილიყო და კონტრშეტევაზე გადასული ერეკლე თავაწყვეტილი იერიშით დაეფარა, თუნდაც მცირე ხნით, – წერეთლის რაზმეული ამ სეგმენტში ბრძოლიდან გავიდა და ერეკლეს მხარი ვერ აუბა. ფლანგის უზრუნველყოფის გარეშე კი რკალზე მოძრავი ერეკლეს რაზმეული მტერმა მარჯვენა ფერდიდან შეავიწროვა. ერეკლე იძულებული გახდა რკალზე მოძრაობას შეშვებოდა და ამ მარჯვნიდან შემოტეული მტირსთვის მიემართა. სეიდაბადის ბაქნებზე კი საიდანაც წერეთელს დაახევინეს – ირანელებმა მსუბუქი არტილერია (ფალკონეტგები) აიტანეს და უკვე სოლომონის პოზიციაზე მიიტანეს გააფთრებული იერიშები.

ერეკლეს გარღვევაზე წასული რაზმეული შეაკავეს და აიძულეს ბოლო მეოთხე სანგარზე დაეხია, სადაც კიდევ ერთი საათი იგერია შემოტევები.

ბრძოლა ახლა ქალაქის გალავანთან გაჩაღდა. სამჯერ უკუაქციეს მტერი ქართველებმა, მაგრამ ჯარისკაცთა რიგები სწრაფად თხელდებოდა, მტრის არტილერია უკვე სეიდაბადის მაღლობებიდან ბომბავდა ქართულ პოზციებს. ეცემოდნენ ვახტანგის და იოანეს მებრძოლები, – მტერს შეაკვდა 300 არაგველი, ბრძოლაში გაწყდნენ თბილელები, მაჩაბელას დასის წევრები…

ერეკლე სრული განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

“თუმცაღა, – წერს თეიმურაზ ბატონიშვილი, – მეფესა კუალად არა ნებავდა უკუქცევაი, არამედ მახლობელთა და ერთგულთა მისთა მოახსენეს რჩევით, რათამცა მორიდოს და არ მისცეს თავი თვისი სიკვდილს და განსაცდელს.”

ბრძოლის ველს არ ტოვებდა მთავარსარდალი, – უჭირდა მარცხთან შეგუება…

მეფე სოლომონი აბანოს კართან აკავებდა ხარფუხის ზედა ადგილებიდან მოწოლილ მტერს და ერეკლეს რაზმის უკან დახევას იფარავდა.

ასე, ხუთი საათისთვის, ირანელთა ერთმა რაზმმა აბანოს კართან მაინც გაარღვია დაცვის კორდონი და ერეკლეს მოსაკლავად გაიწია. “მიეახლნეს სპარსნი სადა იგი იმყოფებოდა მეფე და მოუხდეს აღმატებულითა ძლიერებითა და კნინღა და მოჰკვლიდეს მეფესა, ანუ შეიპყრობდეს”. ვახტანგმა და იოანე ბატონიშვილებმა თანამებრძოელბთან – დავით მაჩაბელთან და ჯანდიერ ჯანდიერთან ერთად ერთხელაც გაარღვიეს მტრის მწყობრი და უეჭველ სიკვდილს გამოგლიჯეს კედელთან მიმწყვდეული მთავარსარდალი. კაცი არ დარჩა დაუჭრელი. “მოეწყვიდნენ მრავალნი სპარსელთაგან და განბასრულ იყვნენ სრულიად სისხლსა შინა.”

ერეკლე გაჯიუტდა, მაგრამ “არა სცეს ნება მახლობლად მყოფთა მისთა” და იძულების წესით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან ბებერი ლომი, – მტერი კვალში ედგათ. მიეწივნენ კიდეც გარემოცვის უკანაკერძს; მხედართმთავრის 150–კაციანი ამალა მტერს მიუტრიალდა და… უკანასკნელ ჯარისკაცამდე შეაკვდა.

მცველთა ეს რაზმი – მთლიანად ბორჩალოს თემის “თათრებისაგან” იყო შემდგარი.

თბილისის დედაციხიდან კი არტილერისტები, გიორგი მაიორის დაღუპვის მერე, ახლა სომეხი აღაულას მეთაურობით განაგრძობდნენ მტრის შეკავებას. ბრძოლები სეიდაბადის ბაღებშიც (დღევანდელი ბოტანიკური ბაღი) მიდიოდა. ციხის დამცველებმა მრავალი მოიერიშე გამოასალმეს სიცოცხლეს, მაგრამ საბოლოოდ ირანელები მაინც მიწვდნენ არტილერისტებს – დახოცეს და დაატყვევეს.

300-ამდე დაჭრილი ჯარისკაცის თანხლებით გავიდა ერეკლე ავლაბრის ხიდზე!!! წმინდა აბო თბილელის ნეშტთან ილოცა მუხლმოდრეკილმა. ხალხი და ქვეყანა უფალს შეავედრა…

ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი გადმოგვცემს:

თავზარდაცემული მოსახლეობა მთავარსარდალს მისცვივდა:

– დავიღუპეთ, გვიშველე – მეფეო!!!

– შვილებო, მეგობრებო, – მე უნდა მომკვდარვიყავი თქვენთვის და თქვენ იხოცებით, რაღა მეფე ვარ?.. რატომ ღმერთმა გუშინვე ჩემი თავი ომში არ მოაკვლევინა და ეს საშინელი უბედურება მაჩვენა…

სიმწრით გახელებულმა ერეკლემ მტერზე შეკვდომა გადაწყვიტა და ცხენი შემოაბრუნა… აღვირში უტაცა ხელი იოანე მუხრანბატონმა, ვახტანგიც ამოუდგა ცხენდაცხენ, ქიზიყის მოურავმა ზაქარიამ მათრახი გადაჰკრა გავას… ჭენებ-ჭენებით გამოაბრუნეს თვალცრემლიანი მხედართმძღვანი…

თელეთ-შავნაბადადან გაღწევის პირველი მარცხიანი ცდის მერე, ირანელებმა ამავე მიმართულებაზე 11 სექტემბერსაც სცადეს გასვლა, ოღონდ ამჯერად უფრო შორს, სამხრეთიდან მოუარეს დავით ბატონიშვილის ბატარეას. მუსტაფა ხანის 4 000-იანი მხედრობის და ამ საქმეში ერთხელ უკვე მარცხნაწვნევი მელიქ მეჯნუნმის რაზმის 1000-კაციანი ნარჩენისაგან შემდგარმა ქვედანაყოფმა კოჯორ-ტაბახმელას განივის მიმართულებით იხეტიალა. 5 საათი მოანდომა შემოვლას და დილით 10-ზე დაძრული, 3 საათზე სოლოლაკის ქედს მოადგა. იქ ირანელებმა შინდის-ოქროყანას ჩამოსასვლელების დამცველებს შეუტიეს. ომში უცადი ლუტების 1 000 კაციანმა რაზმმა რომელთა შორის იმერლების მაშველი ჯარის მებრძოლებიც ერივნენ, უკან დახევა დაიწყო. ერეკლემ მათ დასახმარებლად სოლომონის რაზმელები გაგზავნა, მაგრამ გვიანღა იყო. გზის დამცველები გამოიქცნენ. მტერი დავით ბატონიშვილის არტილერისტებს უკვე ზურგში მოექცა და ქალაქშიც ჩამოაღწია. დავით უფლისწულმა ქვემეხები ხევში გადააყრევინა და წყნეთისკენ გამავალი ბილიკებით მცხეთას გააღწია, – იქედან კი – მთიულეთს ავიდა და ერეკლეს შეუერთდა.

როცა მტერი სოლოლაკიდან ქალაქში შემოვიდა, აბანოთუბანში ჯერაც გაგანია ომი იყო გაჩაღებული. ქართველები ნელა ტოვებდნენ პოზიციებს. ქალაქის გავლით უკანდახევამ ერთ საათს გასტანა. ირანელები არ შეჰყოლიან, ნახევარი საათი შეიცადეს და მას მერე შევიდნენ თბილისის კარიბჭეში, რაც დარწმუნდნენ, რომ ქართველთა ჯარმა არსებითად დატოვა დედაქალაქი. მაჰმად ხანს ქალაქის შუკებში ჩასაფრებულებთან ომი აფიქრებდა. მაგრამ ბოლო, წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ ქართველთა ჯარი ისე დაზარალდა – ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სულ ამ ომში ქართველებმა 2 000 მებრძოლი დაკარგეს მოკლულის სახით. დაჭრილების რიცხვი, ასეთ დროს, სულ ცოტა, ორჯერ მეტია ხოლმე, იმ შემთხვევის გარდა, ცხადია, როცა დაღუპულ ჯარისკაცთა რიცხვი მთელი ჯარის ნახევარს აღწევს ან აღემატება. ასე რომ, ცოცხლად დარჩენილ მებრძოლებს შორის, ცოტა ვინმეღა დარჩა საღ-სალამათი. ჯარი გაიფანტა. პარტიზანული წინააღმდეგობა მხოლოდ მცირე ნაწილმა გააგრძელა ქალაქის შიგნით. მთავარსარდალი 300 კაციანი გარემოცვით მიადგა მახათას მთას, – უნდოდა იქედან კახეთში გაეღწია. ირანელთა მდევარს სპარსულად მოსაუბრე ალავერდი ბეგ ედიგარიშვილმა თავი სპარსელ მზვერავად შეასაღა და სხვა მიმართულებაზე გაუშვა; მერე ერეკლეს წამოეწია და აცნობა: მაჰმად ხანს ჯერაც ბლომად ჯარისკაცი ჰყავს მწყობრში და სჯობს უფრო ძნელიმისადგომ მიმართულებაზე დაიხიოთო. ერეკლემ საგურამოსკენ გადაუხვია და მთიულეთის გზას დაადგა. გაფანტულმა ნაწილებმა მთავარსარდლის გარშემო დაიწყო თავმოყრა.

მტრის გარემოცვაში ჩარჩენილ გურამიშვილის ბატარეას ნისლით და ბურუსით დაფარული ერთი ირანული რაზმი დაუახლოვდა, რომელიც დაუცველი ბილიკების გამოყენებით ჩამოეშვა ზემოდან და ზურგიდან მიადგა არტილერისტების პოზიციებს, რომელსაც იმერელთა რაზმი იცავდა. მცველთა რაზმის უფროსი, აბაშიძე ბრძოლაში დაეცა. რაზმი გაიფანტა. არტილერისტები დაუცველები დარჩნენ; გურამიშვილი ბევრს ეხვეწა, მაგრამ მცველები აღარ დადგნენ. მტერი ზედ წაადგა არტილერისტების!!!

ჩვეულებრივ, მეზარბაზნეებს ატყვევებენ და სათავისოდ ამსახურებენ. ამჯერადაც ასე მოხდა – ქართველებს მტერმა დანებება შესთავა; გიორგი გურამიშვილმა, ერეკლეს ნათლულმა, რაზმს მიმართა:

– სიკვდილი გარდუვალია, მაგრამ შეგვიძლია დავნებდეთ. რა გირჩევნიათ: სამშობლოსათვის სიკვდილი თუ – უნამუსო სიცოცხლე?

მამულისთვის თავდადება არჩიეს!!! მომხდურებს უკანასკნელად მიუქუხეს და ხმლები გააშიშვლეს:

“მაიორი გურამიშვილი გმირსავით დადგა, სამი ყიზილბაში ჩამოაგდო”, – მეოთხესაც შემოჰკრა, მაგრამ ხმალი გადაემტვრა. ქვემეხს ჩაეკონა უიარაღოდ დარჩენილი:

– ღმერთო! მშვიდობით გაიყვანე მეფე ერეკლე…

მეთაური ქვემეხს ზედ დააკლეს…

ქართველთა გაფანტული ნაწილების დევნა–განადგურება ნახჭევანელ ქარბალა ხანს დაევალა. ქარბალა ჯერ მცხეთაში ავიდა. ჯარისკაცებმა სვეტიცხოვლის დანგრევა დააპირეს, მაგრამ ხანმა… ნება არ დართოთ: უფლის ტაძარს და მეფეთა საფლავებს დაე, ნურავინ შეურაცხყოფსო… ბარაქალა ქარბალას! სვეტიცხოველი მაშინ გადარჩა. გაივლის ხანი და თვალის ჩინივით ძვირფას ფრესკებს ერთმორწმუნე რუსები მათი იმპერატორობითი უდიდებულესობის სტუმრობის საბაბით ჩამოფხეკენ სვეტიცხოვლის მაღალი კედლებიდან და კირისწყალით შეფეთქავენ, რომ ქართული სულიერების კვალიც აღარ აჩნდეს ურდოს მფლობელობაში მოქცეულ მიწა-წყალს. სამუდამოდ წაიშლება სვეტიცხოვლის კედლებზე დაწერილი წიგნი-მატიანე – ქართველი ერის წარსულზე მეტყველი, საკრალური საიდუმლოების შემცველი მხატვრობა…

ირანელთა ჯარი გაიყო:

ერთი ნაწილი მთიულეთიკენ მიმავალ ერეკლეს გამოენთო, მაგრამ ქსნის ხეობაში, ლამისყანასთან, იოანე ბატონიშვილის რაზმთან დამარცხდა და უკუიქცა.

მეორე ნაწილი კი, 4 000-მდე კაცი, თვითონ ქარბალა ხანის სარდლობით, ჯერ გორს მისდგა, მერე – ცხინვალს; მოწვა და მოაოხრა რასაც მისწვდა. ცხინვალიდან მობრუნებული ქარბალა ხანი არაგვის ხეობას შეჰყვა და ომში დაგვიანებით მომავალ 300 ხევსურს გადაეყარა; იქვე 200-ამდე შამშადილელი მწყემსიც იმყოფებოდა – ერეკლეს ერთგული ქვეშევრდომის, ალი სულთანის მეთაურობით. ამ ხუთასმა კაცმა მტერს მარჯვე ადგილას შეუტია. ირანელებმა ვერ გაუძლეს, ბრძოლაში განახევრდნენ და უკანმოუხედავად მოცოცხეს. მაფეს ანანურში მოახსენეს მომხდარის შესახებ და ტყვეებიც მიჰგვარეს.

ერეკლე ჯარს აგროვებდა…

თბილისში, აბანოებთან, სახელდახელოდ გადაცმულ აღა მაჰმად ხანს მაჰმადიანი მოლები გაეგებნენ – ყურანით ხელში, ფერხთით დაუკლეს სამსხვერპლო ცხვრები და… მშვიდობიანი მოსახლეობის შებრალება შესთხოვეს.

მაჰმად ხანის პასუხი გაიძვერული გამოდგა:

– ყველა ისე განიკითხება, როგორც ღვთიურ სამსჯავროზე.

მაჰმად ხანი მეფის სასახლისკენ გაემართა. ერეკლეს ტახტზე მოირთხა – იქედნეს ნაშობმა!!! სახელმწიფო ინსიგნიები: სკიპტრა და გვირგვინი მოიგდო ხელში. “გაუკვირდა სიკეთე თბილისისა… სთნდა ფრიად შენებულობა მისი”. ჯერ გოგიერდის აბანოებში ინებივრა და მერე მარმარილოს თლილი კვადრებით ნაგები დარბაზების გაოხრების ბრძანება გასცა.

ქალაქი ცეცხლის ალში გაეხვა.

ქუჩებში პარტიზანული ბრძოლები გაჩაღდა. ღამით ხანძრების შუქზე ხელჩართული ბრძოლის სურათები ილანდებოდა. თეიმურაზ ბატონიშვილის თანახმად: “თფილისსა შინა მცხოვრებთაგან მრავალსა ადგილსა განამაგრეს სახლნი და ქუჩანი და მრავალნი სპარსნი მოსწყვიტნენ.”

რვა დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა ხანძრები და ხოცვა-ჟლეტა. წინააღმდეგობა დიდი იყო. აღა მაჰმად ხანი თბილისში ვერ დგებოდა და უსაფრთხოების მიზნით ფონიჭალის ბანაკში ათევდა ღამეებს. სრული და უფრო გულმოდგინე ნადგურისცემის მიზნით სარდლობამ ყოველი მოკლული ადამიანის თავში გასამრჯელოც დააწესა; შედეგმაც არ დააყოვნა: ირანელმა ჯარისკაცებმა აღარც მუსლიმები დაინდეს: კლავდნენ, ძარცვავდნენ, ატყვევებდნენ, იტაცებდნენ. ეკლესიებს და მეჩეთებს შეფარებული ადამიანებიც შეუბრალებლად გაწყვიტეს: დაკლეს მოხუცები, ჩვილი ბავშვები. დაატყვევეს მოზარდები და ქალიშვილები. ხალხი გამწარებული ებღაუჭებოდა სიცოცხლეს: ანჩისხატის უბანში გარსევან ამილახვრის მეუღლემ ხანჯალს მოავლო ხელი და ორი მოძალადე გამოასლამა სიცოცხლეს, მაგრამ დაჭრეს და დაატყვევეს, – მერე დარუბენდელ თათარს მიჰყიდეს…

ქართველი და სომეხი მღვდლები ხელფეხშეკრული გადაყარეს მეტეხის კბოდეებიდან.

ქალაქის ქუჩებში არაერთგან დაწვეს გვამები. დაუმარხავიც ბევრი დარჩა. ეპიდემიამ იფეთქა. ზედ შიმშილობაც დაერთო. შემოგარენის დასახლებები სულ ერთიანად გაჩანაგა.

არტემ არარატელი:

“შევძრწუნდი, როცა მახვილით დაჩეხილი ქალების და ბავშვების გვამები დავინახე. მარტო ერთ კოშკთან 1000 მამაკაცის გვამი ეყარა; ერთი ცოცხალი ადამიანი არ შემხვედრია… გადამწვარი ქალაქი ბოლავდა, ჰაერი სიცხის გამო აუტანელი იყო, მოწამლულიც კი…”

თბილისსა და შემოგარენიდან 15 000 ტყვე წაასხეს, მათ რიგებში არტილერისტებიც ერივნენ; ისინი მაჰმად ხანმა ცოლშვილიანად წაიყვანა და თეირანში დააბინავა იქაურ ჯარში სამსახურებლად.

გახიზნული მოსახლეობა სიცივით და შიმშილით იღუპებოდა. გავრცელდა მომსვრელი სენი. სიკვდილს გამოქცეული ლტოლვილები მარადიორებმა დააყაჩაღეს, – ზოგიერთმა ჯარისკაცმაც კი… ხალხი გამხეცდა… დამწვარს მდუღარეო, ნათქვამია: აზერბაიჯანიდან შავი ჭირის ეპიდემიით დაშინებული მოსახლეობა აიყარა და… კახეთს მოაწყდა…

ბუტკოვის მონაცემით ქართლ-კახეთის მოსახლეობა მაშინ განახევრდა, 350 000 კაციდან 175 000–მდე შემცირდა.

მთლიანად განადგურდა საქართველოს ლამაზი დედაქალაქი:

ველურად დაანგრიეს ქალაქის მშვენება, მეფის სამსართულიანი სასახლე, – მეც არ მაქვს მსგავსიო – უთქვამს მაჰმად ხანს. დაანგრიეს სამდივნოს შენობა, გაანადგურეს პალატები, თავადიშვილების და ბატონიშვილების სასახლეები, გაიძარცვა ქართული და სომხური ეკლესიები. დალეწეს კაპუცინების ეკლესია, სკოლა, წიგნსაცავი, სამეფო ბიბლიოთეკა, – სემინარია, სტამბა, – შიიტების მეჩეთიც კი; გააოხრეს ზარაფხანა, დალეწეს თოფხანა, ავლაბრის ხიდი, შადრევნები, აუზები; გაიტანეს ოქრო და ვერცხლი. ახტალის საბადოების განადგურებაც არ დაივიწყეს. წარმოება მოსპეს. 700 ბერძენი მაღაროელი მოკლეს და 800-ზე მეტი დაატყვევეს.

სამშობლოს თავისუფლებისთვის ომში დაიღუპნენ:

არტირელიის პრემიერ მაიორი გაბრიელი და მისი მეზარბაზნეები; არტილერიის სეკუნდ მაიორი გიორგი გურამიშვილი და სომეხი აღალუა;

300 არაგველი; მუსიყი და კომედიანტი – მაჩაბელა და დასის წევრები;

150 ერთგული ბორჩალოელი, – მრავალი სხვაც…

15 000 მომხდური მოიკლა.

იაკუბ–ბეგის მოწმობით, მაჰმად ხანს უთქვამს: მე ვიდრე ორმოცდაათამდის გამიმარჯვნია, მაგრამ ყველაზე დიდი – ეს არისო!

იყო ვითომ ეს გამარჯვება და თანაც – დიდი? აკი ირანის სასარგებლო პოლიტიკური შედეგი ამ ომს არ მოჰყოლია?! დახოცილი და დაინვალიდებული ჯარისკაცები. აჯანყებული ხორასანი…

არა, არ იყოს ეს გამარჯვება. გამარჯვებული ორ წელიწადში ხელახლა როდი იწყებს ომს…

ერეკლე მთიულეთში ძალებს იკრებდა. მარბიელი რაზმების დამარცხებამ მაჰმად ხანს დაანახა, რომ ფეხს ვერ მოიკიდებდა საქართველოში და ერეკლეს დაზავება შესთავაზა. პასუხს არც დალოდებია, ისე დატოვა საქართველო. სპარსეთიდანაც ცუდი ამბავი მოდიოდა: ხორასანში აჯანყება იწყებოდა. ირანი შიგნიდან ირღვეოდა… ნაძარცვით და ტყვეებით ხელდამშვენებული მაჰმად ხანი 21 სექტემბერს გაეცალა აქაობას. “საჭმლის ნაკლებულობისათვის გავედით თბილისიდამ, არა თუ ვითარცა მძლეველნი, არამედ ვითარცა დედაკაცნი”, – წერდა იაკობ ბებუთოვი…

ერეკლე მალევე შეუდგა დედაქალაქის აღდგენას. კარავი დაიდგა გადამწვარ ქალაქში და ისე უხელმძღვანელა საქმეს; მომდევნო წელს შეტევაზე გადავიდა – განჯის სახანო ირანს გამოსტაცა და ისევ ქართლ-კახეთის მოხარკედ აქცია. ტყვედ წაყვანილი 1 000 ქართევლიც გაათავისუფლა… მაგრამ რუსებმა ტყუილად როდი დააჩეჩქვინეს ირენელებს ქართლ-კახეთის სამეფო, მათი ჰეგემონისტური ხუშტურის მთავარი რეგიონალური დაბრკოლება; პეტერბურგი ამიერკავკასიაში უკვე აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა…

მაჰმად ხანი ერეკლესთან შერიგების ხასიათზე მოვიდა და ელჩები გამოგზავნა. გამწარებულმა თბილელებმა ირანელების ჩაქოლვა დააპრიეს, მაგრამ ელჩები იქვე მყოფმა რუსებმა შეიფარეს თავისთან; მერე ერეკლეს მიჰგვარეს. მაჰმად ხანის ჩადენილი მხეცობის მერე, რუსეთის წინააღმდეგ ირანელებთან ერთიანი ფრონტით გამოსვლის წინადადება, მართლაც რომ ძნელი გასაზიარებელი იქნებოდა. ელჩებმა, ბუნებრივია, უარი მიიღეს და ირანმა 1897 წელს ისევ ჯარები დაძრა საქართევლოსკენ.

ამჯერად ერეკლე თვითონ ჩაუდგა სამობილიზაციო პროცესს; ჯარი თბილისში იყრიდა თავს: “დიდი და საკვირველი გულმოდგინებით, განმზადებულობით და სამხედროთ საჭურვლით”.

წყარო პირველ კომენტარში, მადლობა ავტორს!

#50 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3647 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
https://makvriely.wo...-შავი-დღე-საქა/

#51 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
9 ფაქტი იმისა, თუ რატომ არის აფხაზი ქართველი და აფხაზეთი საქართველო. ვისწავლოთ მართალი ისტორია.
14.12.2017
5568
 
 
Share
 
 
 
%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%
 

აფხაზი ისეთივე ქართველია როგორც მეგრელი, სვანი, კახელი, იმერელი და ა.შ. ყველას გახსოვთ ხრუშჩოვის სიტყვები: “თუკი ქართველები ჭკუით არ მოიქცევიან-მათ აფხაზებს შევუსევ” სწორედ უცხო ტომი ჩამოასახლეს აფხაზეთში და დაარქვეს აფხაზი, რაც ისტორიული შეცდომა და დანაშაული იყო.უფრო უარესი კი ისაა, რომ ჩვენც წამოვეგეთ რუსულ პროპაგანდისტულ ანკესს და დღემდე გაორებული გვაქვს ცნობიერება, დღემდე ყალბი ისტორიით ვსწავლობთ უნივერსიტეტებში.

აფხაზეთი საქართველოა, ხოლო აფხაზი ქართველი. ეს მტკიცდება შემდეგი გარემოებით.

1.პავლე ინგოროყვა “გიორგი მერჩულე”

2. XVII საუკუნემდე აფხაზეთის ტერიტორიაზე არ გვხვდება არც ერთი ადიღეურ-ჩერქეზულ-აფხაზურ-აფსუური წარმოშობის გეოგრაფიული სახელი.ყველა არსებული ტოპონიმი არის მხოლოდ ქართველური, ძირითადად მეგრულ-სვანური.მდინარე კოდორსა და ღალიძგას შუა მდებარე ტერიტორიას XVIII საუკუნემდე “შუა სოფელი” ერქვა. შემდგომ მას “აბჟუა” ეწოდა, რაც აფსუურად “შუა სოფელს” ნიშნავს.
I საუკუნიდან XVII საუკუნემდე აფხაზეთზე არსებობს 14 თუ 15 ისტორიული რუკა. არც ერთი ეს რუკა აფხაზ მკვლევართა ნაშრომებში შეტანილი არ არის.ამ რუკებზე ყველა გეოგრაფიული სახელი ქართველურია.%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%

3. XIX საუკუნემდე აფხაზეთის მატერიალური კულტურის ყველა ძეგლი ქართულია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სოხუმის ციხის გალავანს, რომელიც თურქებმა ააშენეს. არაქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლი XIX საუკუნემდე აფხაზეთში არ არსებობს. ამ ძეგლებს ამშვენებთ ქართული ეპიგრაფიკა.

4.VIII საუკუნიდან აფხაზეთის ყველა მეფე-მთავარი არა მარტო ქართული ორიენტაციისაა, არამედ ეთნიკურადაც ქართული წარმოშობისა არიან და წარმოსდგებიან ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა წრიდან ან ადგილობრივ მარუშიანთა, შავლიანთა, დადიანთა და შარვაშიძეთა საგვარეულოებიდან.

5. XVII საუკუნემდე აფხაზეთის მოსახლეობა არის სუფთა ქართული, მათში არ ურევია არც ერთი ჩრდილოკავკასიური გვარის წარმომადგენელი. ეს დასტურდება ბიჭვინთის დიდი იადგარის, ბიჭვინთის დიდი დავთარის, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო და სოულთა მატიანეების შესწავლის შედეგად.

6. თუ XVII საუკუნემდე აფხაზეთის მოსახლეობა აბსოლიტურად ქართულია (მეგრულ-ლაზური), ამჟამად აფხაზთა დაახლოებით 80% ქართულ გვარებს ატარებს, მოგვარეები ჰყავთ ქართველთა შორის, ხოლო 12-13% ჩრდილოკავკასიური წარმოშობისაა.

7. XIX საუკუნის დასასრულამდე აფსუურ ენაზე არ არსებობს არც ერთი წერილობითი დოკუმენტი.ყველა ისტორიული წყარო ქართულია.

%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%AE%E1%8. “ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა”, რომელიც დაწერილია 1066-1068 წლებში. “…გავემგზავროთ აფხაზეთში, რათა იქ დავისვენოთ და გადავიზამთროთ” აღსანიშნავია ავტორი, აფხაზეთს ჩვენ ქვეყანად მოიხსენიებს.

9. გაერთიანების იდეაც აფხაზეთში შემუშავდა და სწორედ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეც აფხაზეთში დაკრძალეს, ბედიის ტაძარში. მეფის ტიტულატურა მეფე აფხაზთა-თი იწყებოდა, ანუ ქართველური სახელწოდებით და ამიტომაც გაერთიანების იდეის აკვანში დაკრძალეს, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფეც.

https://paqtebi.ge/?...dIE1-IhNQihQbMg


legion.ge-82-1553250819.jpg


#52 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47705 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
 
109058616_2670980279821999_5978052609052
მატიანე

აჭარლები არ მაჰმადიანდებოდნენ, ამიტომ დღედაღამ ხალხს თავებს აყრევინებდნენ...

"რომელ ხორცეულ ენას შეუძლია, რომ წარმოთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამა-დედათა დასჯა-ტანჯვანი: ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხ პალოზედ გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლით და ვის ხანჯლით გულ-მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზედ გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზეც სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ... რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის კი ანთებულ კირში აგდებდნენ" (ახალციხის ფონდის ხელნაწერი).

აჭარისა და ხულოს მოწამენი. ოსმალონი ლაზისტანში შემოვიდნენ თუ არა, მთლად დაიჭირეს იქაურობა. მაქრიალის ციხეში ფეხი გაიმაგრეს, იქიდან კი აჭარლებზე მოინდომეს გამოლაშქრება და მათი გამაჰმადიანება. აჭარლებმა ჭკუის საკითხავი ხალხი შეკრიბეს და გამოსავლის ძიება იწყეს. დიდკაცებმა დაასკვნეს, "ჩვენ ძალი არა გვაქვს, ტყუილად წავიხდენთ თავს, ამიტომ, უმჯობესი იქნება, წავიდეთ იქა და მაჰმადიანობა გამოუცხადოთო".
ხალხის უმრავლესობამ იუარა: "ჩვენ მათ ვერ ჩავბარდებით და გინდ ჩავბარდეთ, სჯულს მაინც არ გამოვიცვლით. ასეთი პირობა გავგზავნოთ, რომ ჩვენ თქვენი დიდი ერთგულები ვიქნებით, ხარჯს გადავიხდით, მხოლოდ გთხოვთ, რომ სჯულს ნუ შეგვაცვლევინებთო.
ამ გადაწყვეტილების წაღება იქ ვერავინ გაბედა. ოსმალნი პასუხს უცდიდნენ. ბოლოს ორმა მღვდელმა წაიღო ეს ამბავი და მივიდნენ მაქრიალში".

მღვდლებს მაშინვე თავები წარკვეთეს, პასუხი კი ოსმალოებმა თავისიანებს გამოატანეს. "ამის შემდეგ კიდევ წავიდნენ მოსალაპარაკებლად მღვდლები, მაგრამ იქ ნებას არ აძლევდნენ, იჭერდნენ და თავებს აყრევინებდნენ".

ოსმალთ აჭარა დაიმორჩილეს და ისლამის გავრცელება იწყეს, თუმცა ეს ერთობ გაუჭირდათ - აჭარლები პასუხობდნენ: "გვიმსახურეთ, როგორც გენებოთ, ხოლო სჯულს თავი დაანებეთ, ჩვენ ჩვენს სულს არ დავკარგავთ და არ გავმაჰმადიანდებითო".

ქართველების უარი ოსმალთა ფაშას ძლიერ ეწყინა. ოსმალოებმა ბოლოს ხერხს მიმართეს და ხალხის ფულით გადმობირება იწყეს. "პირველად სოფელი ერგე შეისყიდეს, ბათუმის ზემოთ, კახაბრისა და აჭარის (აჭარა იმ დროს დღევანდელი აჭარის ერთ-ერთ კუთხეს ერქვა) შუა, და პირველად სოფელ ერგეს ხალხი გამაჰმადიანდა. აქედან წავიდნენ აჭარისკენ და დაიწყეს მეცადინეობა, მაგრამ ვერსად რა მოახერხეს, ვერც თხოვნით და ვერც შიშით ვერავინ გაამაჰმადიანეს...

აქედან წავიდნენ მერისში, სადაც 700 კომლი ცხოვრობდა. ოსმალთ მერისელთაც აცნობეს გამაჰმადიანება, მაგრამ მერისელთ უარი უთხრეს: არ გავთათრდებით, გინდა დაგვხოცეთ და მაგას კი ვერ ვიზამთო".რამდენიმე დღეში ოსმალებმა მთელი სოფელი ამოწყვიტეს, მხოლოდ ორიოდე ოჯახი გადარჩა. "დანარჩენები კი - ქალი, კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა და ყმაწვილი გამწყდარან მთლად სჯულისათვის ბრძოლაში.

ოსმალნი წასულან ხულოში. მაშინ იქ ერთი დიდი მღვდელი მჯდარა და ერთიც ქართველი თავადისშვილი. ოსმალთ ამათთვისაც განუცხადებიათ, - გამაჰმადიანდითო... დიდმა მღვდელმა და თავადმა ფადიშაჰის ბრძანება ხალხს ამცნეს, მაგრამ ხალხმა თქვა: - დავიხოცებით და მაგას არ ვიზამთო.

მეორე დღის საღამოს შეშინებული დიდი მღვდელი და თავადი ხულოდგან სხვაგან გაიქცნენ და დაიმალნენ. ხალხი უპატრონოდ დარჩა, დაიბნა, ოსმალთაც ბევრი აღარ აცალეს და პირველ ბრძანებისთანავე დაუწყეს გამაჰმადიანება, მაგრამ ერთობ ძვირად დაუჯდათ: "ზეგნელები ცხარედ იბრძოდნენ სჯულის გამო და თითქმის მთლად გაწყდნენ".

აჭარაში გათათრების საქმე ერთობ გაძნელდა. განსაკუთრებული სიმტკიცით და სითამამით მოხუცი ქალები გამოირჩეოდნენ და ოსმალო მოლა-ხოჯებსაც კი ეკამათებოდნენ, გათათრებულ ახალგაზრდებს კი გამუდმებით მოუწოდებდნენ, - ქრისტიანობას დაუბრუნდითო. ასეთი მოხუცები მაშინ იქ ბევრნი ყოფილან. ისე შეაწუხა ამან ოსმალნი, შეუპყრიათ ყველა და გათათრება მოუთხოვიათ. "მალე აჭარის მოხუცებულნი შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ, საპატიმროებში ხოჯები მიუგზავნიათ და ხოჯებს ლოცვები დაუწყიათ. ზოგიერთი მოხუცებული მიუზიდნიათ მაჰმადიანობაზედ, ზოგი კი - ვერა. ვინც ვერ მოაქციეს, ესენი აჭარწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა... ამ ხიდზედ დაუდგიათ თავსაკვეთი. მოხუც ქრისტიანებს თავებს სჭრიდნენ, მერე - ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ, თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენო... ეს საქმეები მომხდარა 1790 წელს".

ჩაქვისა და კინტრიშ-ქობულეთის მოწამენი - "მე პატარა ვიყავი, როცა ოსმალები ბათუმს აქეთ გადმოვიდნენ და ციხის ძირს მოადგნენ. ციხის ძირთან დიდძალი ხალხი გაუწყვიტეს ოსმალთ, მაგრამ ბოლოს მაინც გაჭირდა საქმე, ოსმალთ გვძლიეს და ციხის ძირს გადმოვიდნენ... მთელი კინტრიშ-ქობულეთის მამაკაცები ერთ ალაგას დაიბარეს და გამაჰმადიანება გამოუცხადეს. ხალხმა შესძახა: - დავიხოცებით და მაგას არ ვიზამთო!

ოსმალთ არ ჰმნეს, არ შეისმინეს თხოვნა. ამ ჩხუბის დროს გუგუნავა, დუმბაძე და ჭყონია მაჰმადიანებად აღმოჩნდნენ. ესენი წინადვე გამაჰმადიანებულიყვნენ ოსმალთა შესყიდვით. ამათ იყვირეს: - ბიჭო, ჩვენ გავმაჰმადიანდით და რა დაგვაკლდა? - არაფერი. გირჩევთ, გამაჰმადიანდეთ, თორემ ბევრი დაიხოცებით. ხონთქარი ძლიერიაო.

ხალხმა მაინც არ ჰქმნა. ოსმალებმა მოთავე კაცები დაიჭირეს და ამათ სთხოვდნენ, - ხალხს გამაჰმადიანება ურჩიეთო. ამათ არ ჰქმნეს და იმ დროს გამაჰმადიანებული თავდგირიძეები დიდად ლანძღეს. ამაზედ ჩხუბი ასტყდა და ეს კაცები ერთი კვირის შემდეგ ჭახათის ზემოთ, ტყეში დაახრჩვეს და დამხრჩვლები რამდენიმე დღეს თოკით ეკიდნენ ხეებზე... ოსმალნი ქრისტიანებს აქ არ აყენებდნენ და არც სხვაგან უშვებდნენ. ჩვენები კიდევ არ მაჰმადიანდებოდნენ და ამიტომ დღე და ღამე ხალხის ხოცვა იყო...

ოსმალთ ბევრი ხალხი დახოცეს, მალე ჭახათისკენ, გემის საბამისკენ ქვის სარჩობელა და თავსაკვეთი გააკეთეს და ძლიერ ბევრი ხალხი ჩამოახრჩვეს, მაგრამ მაინც ვერ შეაშინეს იქაურები...

დიდი ამბები მოხდა, ქრისტიანებს ძლიერ გაუჭირდათ, ყველას ხოცავდნენ. ეს რომ ნახეს და აღარც ძალა ჰქონდათ ბრძოლისა, მაშინ ყველანი გამაჰმადიანდნენ, ისე რომ, აღარსად სოფელში კაცი არ დარჩენილა გაუთათრებელი მოხუც ქალებს გარდა. ჩვენც მაშინ გავმაჰმადიანდით, ვიქნებოდი 16-17 წლისა.

თუმცა გავმაჰმადიანდით, მაგრამ ეკლესიებსა და ხატებს პატივს ვცემდით... ეს ამბები ხოჯებმა ხონთქარს აცნობეს და მალე იქიდგან ბრძანება მოვიდა, რომ ეკლესიები ან დააქციეთ, ან ჯამეებად გადააკეთეთო. ჩვენში ეს ამბები წინადვე შეიტყვეს, ამიტომ ერთ დილას მამამ მე და ბიძები გაგვაღვიძა, აჭყვის მთავარანგელოსის ეკლესიაში წაგვიყვანა, კარი გააღო. შიგ ბევრი რამ იყო: წიგნები, ხატები, ფული, ჯვრები და სხვანი. ყველა ესენი ერთად შეკრიბეს, ეკლესიის ზეით ერთი დიდი ორმო გათხარეს და შიგ ჩააწყეს, ზევიდან ჯერ ხეები დააყარეს, მერე - მიწა, რომ ოსმალთ არ წაეღოთ. ზევიდან კი პატარა ღობე შემოავლეს, რომ ნადირი ან სხვა ვინმე არ მივიდეს და არ წაბილწოსო. ეს საეკლესიო ნივთები დღევანდლამდე იქ მარხიაო. ადგილიც დამანახა".

სოფელ ჩაქვის მკვიდრნი მთლად გაწყვეტილან ქრისტიანობის შესანარჩუნებლად ოსმალებთან ბრძოლაში. ჩაქველმა მოხუცებულმა, გვარად მჟავანაძემ, ზაქარია ჭიჭინაძეს უამბო: "თვით ჩვენი ძველები იტყოდნენ და მეც მოვსწრებივარ იმ კაცებს, რომლებიც კინტრიშში გაამაჰმადიანეს, ქობულეთსა და და ჩაქვის ხეობაში კი ჩუმად ინახავდნენ ქრისტიანობას. ხალვაშენების და გორგაძნეების გვარში მღვდლებს ჩუმად ინახავდნენ, საერო ტანსაცმლით ჰყავდათ. ბოლოს ეს ოსმალებმა შეიტყვეს და ერთ დღეს კინაღამ არ ამოხოცეს ყველა. როგორც ამბობენ, ჩვენი ძველები ქრისტიანობაზედ ძალიან მაგრა მდგარან, ძლიერ ბევრი უშრომიათ მის შენახვაზედ და ბევრიც უწვალნიათ და უტანჯნიათ გამაჰმადიანების გამო. ვერ ნახავთ ვერც ერთ ოჯახს ჩვენი ძველებისა, რომ იქ გათათრების გამო დიდი სისხლი არ იყოს დაღვრილი".

ლივანას მოწამენი
ბევრი ქრისტიანის სისხლი დაიღვარა თურმე ლივანაში. ვინც არ გამაჰმადიანდა, მაქრიალის ციხეში სულთან სელიმს მიჰგვარეს, რომელმაც ჰკითხა: - რატომ არ გინდათ, ჩვენი წმინდა რჯული მიიღოთო!
ტყვედქმნილებს უთქვამთ: - ქართველები ვართ, ქრისტიანები და ასეც უნდა დავიხოცოთ. რაც გენებოთ, გვთხოვეთ, ოღონდ რჯულს არ შევიცვლითო. მაქრიალის ციხის თავსაკვეთთან ყველას თავები დააყრევინეს, გვამები ზღვას მისცეს, ზოგიერთი მოკვეთილი თავი კი სარზე ჩამოაცვეს, გაახმეს და ქრისტიან ქართველთა შესაშინებლად აქეთ-იქით დაჰქონდათ თურმე.

ლივანაში, ჩხალის ხეობაში, ძველად დედათა მონასტერი ყოფილა. ოსმალოები მონაზვნებს თავიდან არ ერჩოდნენ, მღვდლები და ბერები კი პირწმინდად გამოუძევებიათ, თუმცა დედებიც მალევე დაურბევიათ - მონასტერი გაუძარცვავთ, მონაზონთაგან კი, ერთი მოხუცი მონაზვნის გარდა, ყველა მოუტაციათ - ზოგი ტრაპიზონს გაუყიდიათ, ზოგიც ადგილობრივი თათრებისთვის მიუციათ.

ის მოხუცი მონაზონი თურმე მონასტერს არ შორდებოდა. ბევრი ტანჯვა-წამება გამოატარეს ოსმალოებმა, ის კი ოჯახ-ოჯახ დადიოდა და ახალგამაჰმადიანებულ ქართველ ქალებს შეაგონებდა, - ქრისტეს დაუბრუნდითო.

ეს რომ ბეგმა შეიტყო, შეუთვალა, - მაგ ადგილს თავი ანებე, თორემ მოგკლავთო. მონაზონს შეუთვლია, - სიკვდილი ყველგან დამხვდება, აქედან არსად წავალ, ტაძარს უნდა ვუპატრონოო. მალე მართლაც მოკლეს, ფარულმა ქრისტიანმა ქალებმა კი გულითადად გამოიგლოვეს მოხუცი მოწამე და მიწასაც მათ მიაბარეს.

"ლივანის გამაჰმადიანება ყველაზე მეტად კახაბრისა და ჩაქვის სოფლებს ეწყინათ. ქართველნი ძლიერ სწუხდნენ ამაზედ. ბევრს მღვდელს მოსდიოდა ჯავრი, რომ ამდენი ხალხი გაათათრეს. ამ დროს მახინჯაური გურიას ეკუთვნოდა და აქ სულ ქრისტიანობა იყო, თავიანთი ეკლესიაც ჰქონდათ. მღვდლად ყოფილა ვიღაც კეკიძე. ამას ხალხში გამოუცხადებია, - მე მარადიდში უნდა გადავსახლდე, იქაურს დიდს ეკლესიას უნდა ვუპატრონოთო".

მღვდელი მართლაც გადასახლებულა მარადიდში. ოსმალთ მისთვის იქ ყოფნა აუკრძალავთ, ბოლოს კი ნება მიუციათ, - მხოლოდ ეკლესიის პატრონობის უფლება გაქვს, როგორც კი ვინმეს გადაიბირებ, მაშინვე მოგკლავთო. იმ დროს მარადიდში მრავლად ყოფილან ფარული ქრისტიანები, რომლებიც ფარულად დადიოდნენ მღვდელთან და ლოცულობდნენ.

მღვდელი ლივანაში 30 წელიწადს დარჩენილა და ბევრი გამაჰმადიანებული მოუქცევია. ბოლოს ყველაფერი გამჟღავნებულა. ფარულ ქრისტიანებს მღვდელი გაუფრთხილებიათ, - გაიქეცით, მამაო, ფაშას დამქაშები თქვენს მოსაკვდინებლად მოდიანო. მართლაც გაქცეულა მღვდელი, მაგრამ ოსმალებს გზად შეუპყრიათ და თავი მოუკვეთიათ.

ქვემო მარადიდში ასეთი ამბავი მომხდარა: ხოჯას ფარული ქრისტიანები შეუპყრია, მათ შორის საეროდ შემოსილი მღვდელიც - მათი მოძღვარი. მიურეკიათ ყველანი ჭოროხთან და უბრძანებიათ: - თქვით, რომ დღეიდან თათრები ხართ და ქრისტეს უარყოფთო.
- არ შეგვიძლიაო, - უპასუხიათ ერთხმად. - არ შეგიძლიათ და შეცურეთ ჭოროხში, ვინც ნაპირზე გავა, ხომ კარგი, ხელს აღარ ვახლებთ და რჯულსაც შევუნახავთ, უკან მობრუნებულებს კი სიკვდილს შევამთხვევთო.

ზოგმა შიშით მიიღო ისლამი, ხოლო ვინც მდინარეში შევიდა, ყველა დაიღუპა, ნაპირამდე ვერავინ გააღწია - ჭოროხი მაშინ ადიდებული ყოფილა. "ჩვენ კარგად ვიცით, რომ მარადიდელნი ქრისტიანობის გულისთვის ოსმალების წინ ეწამნენ, დაიტანჯნენ, მათგან დედაკაცებიც კი ებრძოდნენ ოსმალებს და გათათრების გულისათვის სისხლს ღვრიდნენო".

მაჭახელაში ოსმალებს დიდი წინააღმდეგობა დახვდათ, მაგრამ ბოლოს მაინც დაიპყრეს ის მხარე. ძალაუფლების განმტკიცებისთანავე მოლებმა ადგილობრივებს მოსთხოვეს, - ისლამი უნდა მიიღოთო, რასაც ვითარების უარესი გამწვავება მოჰყვა - ხალხი აჯანყდა და ქრისტესავით ბევრი სისხლიც დაიღვარა.

ბოლოს ხერხს მიმართეს: ვინც ისლამს არ მიიღებდა, დიდძალ ბეგარას აკისრებდნენ, ყოველმხრივ ავიწროებდნენ და უდანაშაულოდ სჯიდნენ - უმნიშვნელო დანაშაულისთვის მამულებს ართმევდნენ და გამაჰმადიანებულ ქართველებს აკუთვნებდნენ...

მაჭახელაში ერთ შეძლებულ აზნაურს, გვარად ძნელაძეს, უცხოვრია, რომელსაც მტკიცედ დაუცავს თავისი რჯული და ამ პრივილეგიებზეც უარი უთქვამს.

ამის გამო მთელი ავლადიდება დაუკარგავს. მალე მისმა ოჯახმაც მიიღო ისლამი, ის კი ძველებურად მტკიცედ იდგა...

ასეთ სიღატაკესა და ტანჯვაში სნეულებამ და სიბერემ უწია და სასიკვდილო სარეცელს მიაჯაჭვა. იმ დროისათვის მაჭახელაში აღარც მღვდელი იარებოდა, აღარც ქრისტიანი და აღარც ეკლესია იყო - ზოგი დააქციეს, ზოგიც ჯამედ გადააკეთეს.

სიკვდილის წინ ძნელაძემ შვილები დაიბარა და ცრემლებით შესთხოვა: - ეს არის, ვთავდები, ბევრი წამება გამოვიარე, სჯულის შესანახად ყოველივე დავთმე და მეშინია, ვაითუ მაჰმადიანად დამმარხოთ ქრისტიანი კაციო.

შვილებმა ფიცი მისცეს, რომ მღვდელს მიუყვანდნენ და ქრისტიანულად დამარხავდნენ. ასეც მოიქცნენ - მოძღვარი ართვინიდან გადმოიყვანეს და წესი იმას ააგებინეს.
ბაზარეთელი მოხუცებული მაჰმადიანის, ძნელაძის ნაამბობიდან

სხალთის ხეობის მოწამენი
ამ ხეობის ქრისტიანებს დიდხანს შეუნახავთ ქრისტიანობა, მაგრამ ბოლოს მაინც გაურჯულოებულან. მამა-პაპათა რწმენა ერთმა სოფელმა - ყინჩაურამღა შეინახა, რომელსაც დიდად მოღვაწე, მხურვალე მქადაგებელი და განათლებული მღვდელი ჰყოლია. სწორედ ეს სულმნათი კაცი განამტკიცებდა ყინჩაურელებს და უკვე გამაჰმადიანებულ მეზობელ სოფლელებსაც შეარცხვენდა და შეაგონებდა: - რიგიანი ქართველი სჯულს არ გამოიცვლის, თქვენ არავინ დაგხოცავთ და თუ დაიხოცებოდით, უკეთესიც იქნებოდა, რწმენა კი უნდა შეგენახათო. მღვდლის მეოხებით ბევრი ახალგათათრებული ქართველი მოუბრუნდა მამა-პაპის სჯულს.

წყარო: მანანა ტუაევა, (მასალა ეფუძნება ახალციხის მუზეუმის ხელნაწერებს და ზაქარია ჭიჭინაძის ნაშრომს). http://karibche.ambe...-mahmadiandebo…

 
 
 

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?