კვება
მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება. ამგვარად ის ყველაფერს მიირთმევს, მცენარეებსაც და ხორცსაც, რასაც უფრო ადვილად მოიპოვებს. შერეული საკვების მიღებამ შეცვალა დათვის კბილების აგებულება. მჭრელები მას უფრო განვითარებული აქვს, ვიდრე სხვა მტაცებლებს, რის საშუალებითაც ის კბეჩს მცენარეულ საკვებს.
გამონაკლის წარმოადგენს თეთრი დათვი. თოვლიან და ყინულიან გარემოში მცენარეები არ ხარობს, ამიტომ ეს დათვი აქტიური მონადირეა. უფრო ხშირად მის მსხვერპლს სელაპი წარმოადგენს. სხვა დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებება, ასევე თევზებით. ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ.
დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ. სიარულისას, დათვი დროდადრო ჩერდება, უკანა თათებზე ჯდება და ცდილობს სუნით ნაკვალევი აღმოაჩინოს.
ცივ რეგიონში მობინადრე დათვები, თეთრი დათვების გარდა, მთელი შემოდგომის განმავლობაში ინტესიურად იკვებებიან, რათა საკმარისი ცხიმის მარაგი დააგროვონ მომავალი ზამთრისათვის, რომელსაც დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებით და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ.
ზამთრის განმავლობაში დათვის ტემპერატურა და პულსი არ ეცემა, როგორც ეს სხვა, ზამთარში მძინარე ცხოველებში ხდება, ამიტომ მას თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს. ასეთი ძილი, დაახლოებით, ექვს თვეს გრძელდება. გაზაფხულზე დათვი გამხდარი და დასუსტებული გამოდის.