Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოგზაურობა ფანასკერტელთა ისტორიულ მხარეში

 

25f787f1a842.jpg

დღევანდელი ქარელის რაიონის სამხრეთ ნაწილი გვიანდელ შუა საუკუნეებში ერთ-ერთ უძლიერეს ქართულ ფეოდალურ გვარს - ფანასკერტელ-ციციშვილებს ეკუთვნოდათ. აქ იკრიბებოდა ამ მხარის სადროშო, რომელიც მეფის არმიის ცენტრალურ და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში - ქართლის ლაშქარში ირიცხებოდა. ფანასკერტელები ამ ტერიტორიებზე XV საუკუნიდან გამოჩნდნენ. ზაზა ფანასკერტელმა ჯაყელებთან უთანხმოების გამო დატოვა სამხრეთ საქართველო და მეფისგან საგამგებლოდ ძამის ხეობა და შიდა ქართლის ზოგიერთი სხვა მხარე მიიღო(ხვედურეთი, კეხიჯვარი, ქვახვრელი, უფლისციხე, კარალეთი, ძამის ციხე და ყინწვისისა და სამწევრისის ეკლესიები). იგი დასახლდა და განავითარა დღევანდელ სოფელ ორთუბანში მდებარე ციხე-დარბაზი.
ზაზა ფანასკერტელი, რომელმაც ხალხური მკურნალობის წიგნი "კარაბადინი" შეადგინა, კარგი მმართველი გამოდგა. მან მიაშენა ეკვდერი ყინწვისის ეკლესიას, სადაც კლვავ არის შემორჩენილი ფრესკა მისი გამოსახულებით.



652326fd4b52.jpg

ზაზა ფანასკერტელის გამოსახულება ყინწვისის ეკვდერის კედელზე

ამ თვეში მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ დაგვეთვალიერებინა ეს მხარე და გვენახა რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი. 8 ივლისს ჩვენ მოვიარეთ სამწევრისის, ყინწვისის, ორთუბნისა და სარკინეთის მონასტრები. ეს მოგზაურობა საკმაოდ საინტერესო გამოდგა და გარკვეული შთაბეჭდილება შეგვიქმნა ფანასკერტელთა ისტორიულ მხარეზე. განსაკუთრებით გამოსარჩევია ყინწვისის(რომელსაც თითქმის ყოველწელს ვსტუმრობ, ზოგჯერ რამდენჯერმეც) მე-12 - მე-13 საუკუნეების "ოქროს ხანის" პერიოდში აშენებული ტაძარი. ამას გარდა აქ ნამდვილად შესანიშნავი ბუნება და გარემოა. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ამ აღსანიშნავ ისტორიულ ძეგლს უცხოელი ტურისტებიც ხშირად მოინახულებენ ხოლმე(ჩვენს იქ ყოფნაში რამდენიმე საკმაოდ მრავალრიცხოვანი გერმანელი ტურისტების ჯგუფი გამოჩნდა). საინტერესო იყო ორთუბანში ზაზა ფანასკერტელის კოშკი, სამწევრისის ციხე, სადაც ახლა დედათა მონასტერია გაკეთებული, ჯვრის მონასტრის სტილის არქიტექტურით აგებული სამწევრისის ეკლესია და სარკინეთის ახალი, თუმცა საოცრად საინტერესო ეკლესია, რომელიც მთლიანად კლდეშია გამოჭრილი. 

3e44a9b0b4eb.jpg
ორთუბანი




    ორთუბანი - ქარელის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ისტორიული ციხე-ქალაქია. აქ ამ მიწების მფლობელი მთავრების, ფანასკერტელ-ციციშვილების რეზიდენცია და საცხოვრებელი მდებარეობდა XVII-XVIII საუკუნეებში. დიდი ქართველი მოღვაწის, ზაზა ციციშვილ-ფანასკერტელის საპატივსაცემოდ ყოველწლიურად დღესასწაული იმართებოდა. აქვე მდებარეობდა ციციშვილების სასახლე, ციხე-დარბაზი და ცნობილი აბანო.  სასახლისგან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი, ხოლო ძველად ის დიდი, ორსართულიანი ნაგებობა ყოფილა, რომელსაც თითოეულ სართულზე 3 დარბაზი ჰქონდა. სასახლის უკან იდგა მაღალი კოშკი, რომელიც რთული და მკვრივი ნაგებობა იყო. ქარელის რაიონის ტერიტორიაზე მრავალი რელიგიური ძეგლი დგას, მაგრამ მათ შორის ორთუბნის დედათა მონასტერი ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან ის იმ პერიოდის სხვა საეკლესიო ძეგლებს სრულიად არ წააგავს და განსხვავებული ხუროთმოძღვრებითაა აგებული. ეს კიდევ უფრო ზრდის ინტერესს ამ მშვენიერი ადგილის მიმართ, რომელიც შესანიშნავი ნიმუშია გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა.                                                                                                          
      7398fa13fc37.jpg
           სარკინეთი

    ორთუბნის ციხე-ქალაქის გამორჩეულად საინტერესო და ისტორიული ადგილი ძამის ციხეა, რომელიც “მატიანე ქართლისაში” მოხსენიებულია, როგორც აფხაზეთის მეფის, კონსტანტინესა და მის ძმას შორის მომხდარი დაპირისპირების ადგილი. თეოდოსი შეუკავშირდა ძამის ხეობის გამგებელს, რომელთან ერთადაც ძამის ციხეში გამაგრდა, თუმცა კონსტანტინემ სამთვიანი ალყის შემდეგ აიძულა ისინი დანებებულიყვნენ. XI-XII საუკუნეებში ძამის ციხეს ქართლის ერისთავთ-ერისთავი განაგებდა. XII-XIII ს მიჯნაზე ციხი გამგებლები იყვნენ გამრეკელ-თორელები. დავით VIII-ს მეფობისას მცირე ხნით ძამის ციხეს ოსები დაეპატრონნენ. ძამის ციხის სიმტკიცე და მიუვალობა საგანგებოდ აქვთ ხაზგასმული თემურ-ლენგის კარის ისტორიკოსებს. 1400 წელს აქ მოხდა თემურ ლენგისა და  გიორგი VII-ს ჯარებს შორის ბრძოლა. მეფე ციხეში იყო გამაგრებული და 7 დღეს მამაცურად იგერიებდა ურიცხვ მოღოლ-თათარს, თუმცა შემდეგ თავად თემურ-ლენგი ჩაუდგა სათავეში ჯარს და მძაფრი იერიშების შედეგად მოახერხა მისი აღება საალყო მანქანების დახმარებით. ძამის ციხის სიმაგრეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ როდესაც ნოდარ ციციშვილი როსტომ მეფეს აუჯანყდა და ძამის ციხეში გამაგრდა, როსტომმა ზარბაზნებით ბრძანა ამ სიმაგრის განადგურება, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან ციხის მტკიცე კედლებმა ქვემეხების ყუმბარებს გაუძლეს.
zovreti.jpg

                ძამის ციხე

     XVII-XVIII საუკუნეებში აქ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა ოსმალებთან და ლეკებთან. მიუხედავად ამისა ციხემ გაუძლო მტრის იერიშებს და დღემდე შემორჩა. სახელწოდება მძოვრეთი ლეგენდიდან მოდის, რომლის მიხედვითაც აქ ამოხოცილი მეციხოვნეების გვამები მძორად იქცა და აყროლდა, რის გამოც ციხეს მძოვრეთი უწოდეს. ციხე-სიმაგრე ღალატით დაეცა, ხოლო მოღალატეს ოსმალებმა ორი თუმანი აჩუქეს, რის გამოც ამ ადგილს ორთუბანიც ეწოდება. მძოვრეთი აგებულია თლილი და ნატეხი ქვით და მეტად მტკიცე ნაგებობაა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ამდენი ომების შემდეგაც კი ციხე კვლავ აღმართულია და მნიშვნელოვანი ზიანი არ აქვს მიყენებული. 
     ზოგადად ორთუბანი ძველი ქართული ფეოდალური ქალაქის ტიპიური ასლია და ამითაც მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ციხე-ქალაქები საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის საერთოდ აღარ არსებობს. 

2ebc18e41313.jpg


 
 
6                  სამწევრისის კოშკი

  სამწევრისი - ისევე როგორც ორთუბანი გამორჩეულია კარგად შემორჩენილი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლით, ციციშვილების ციხე-სიმაგრით, რომელშიც ახლა დედათა მონასტერია მოწყობილი. თავდაპირველად აქ დიდი კოშკი მდგარა, რომელსაც შემდეგ მიაშენეს ეკლესია და გალავანი. სამწევრისის დიდი კოშკს კუთხეები მომრგვალებული აქვს, კედლები მასიური და სქელი, ნაგებია ნატეხი ქვით, შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი მეორე სართულზეა. ფანჯრები და საბრძოლო ხვრელები დიდი ზომისაა, კედელში დატანებულია კარი და კიბე, რომლითაც მეოთხე სართულზე ადიოდნენ.
      352f125e2975.jpg
        სამწევრისის ეკლესია(მე-7 - მე-8 ს.)

     კოშკი უჩვეულოდ მაღალია სხვა იმ პერიოდის კოშკებთან შედარებით. განკუთვნილი იყო საცხოვრებლად და თავდასაცავად. კოშკს აქვს სათოფურები და სარკმლები. გალავანი ნაგებია ნატეხი ქვით, ასევე ნატეხი ქვითაა აგებული სხვა შენობებიც. ეს ნაგებობა გვიანდელ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება.
       95e661e03b6d.jpg
          ყინწვისი

    ყინწვისი – საქართველოს ოქროს ხანის პერიოდის(XII ს. ბოლო XIII ს. დასწყისი) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული ძეგლი – ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, თუმცა რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთ საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულები არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი IV ლაშა. გამოსარჩევია ანგელოზის ფრესკა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება საქართველოში არსებულ ფრეკსებს შორის და იმ დროისთვის იშვიათი, ძვირფასი ავღანური საღებავებით არის შესრულებული.
      8fd8641c576c.jpg
      თამარ მეფე და გიორგი III

     საკურთხეველში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკის ნარჩენებიც არის შემონახული. მცირე რესტავრაცია ტაძარს რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა. 
           
                           ნიკა ხოფერია

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სხვათა შორის ციციშვილები ძალიან გავლენიანი ფეოდალები იყვნენ შუა საუკუნეების საქართველოში


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მძოვრეთის ციხეში დღეს სამონასტრო კომპლექსი კეთდება და სამონასტრო ცხოვრებაა. ჩემი ნათლულიც იქაა. ულამაზეს ადგილასაა და თუ ავალთ ძალიან კარგი იქნება. იქით მაინც გვიწევს ნადირობა და...

mdzovreti-%2820141115021720%29.jpg

.

aad.jpg.

 

 

.

.

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?