თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს.
კლიმატი
თუშეთში იანვარ-თებერვლის საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია, იანვარ-თებერვალში ჰაერის საშუალო ტემპერატურე — 13-15 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის, თოვლის საფარის ხანგრძლივობა 5-6 თვეა, ხოლო ივლის-აგვისტოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 14-15 გრადუსია.
ნალექების რაოდენობა მერყეობს 450-900 მმ-ს შორის საშუალო მრავალწლიური კი 770 მმ-ია. აქედან ნალექების 69% მოდის თბილ პერიოდში აპრილიდან-სექტემბრის ჩათვლით, 31% კი — დანარჩენ ექვს თვეში მყარი სახით. თოვლის საფარის მაქსიმალური სისქე 2 მ-ს აღწევს, მინიმალური 0.3 მ-ს.
თუშეთის ჰავა კონტინენტურია. ღრუბლიან დღეთა რაოდენობა, საშუალოდ, თვეში 5.5-ია. სეტყვა იშვიათი მოვლენაა, რაც შეეხება ხორხოშელას, იგი უფრო ხშირადაა მოსალოდნელი. აქ საშუალო სიჩქარის ქარები (7-14 მ/წმ) წელიწადში 10%-ს აღწევს. თუშეთში, ძირითადად, სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.
ფლორა
თუშეთის ტერიტორიები ხასიათდება ფლორისტული მრავალფეროვნებით, ენდემურ და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით, რაც ერთი მხრივ, განპირობებულია ტერიტორიის სიდიდითა და გეოგრაფიული მდებარეობით, მიუხედავად ვერტიკალური სარტყელების მცირე დიაპაზონისა. თუშეთის ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 32000 ჰა-ს. ძირითადად წარმოდგენილია ფიჭვნარით (სოსნოვსკის ფიჭვი) და არყნარით (ლიტვინოვისა და რადეს არყი). მათ ხშირად ეთავსება ისეთი სახეობები, როგორიცაა ცირცელი, მდგნალი, მურყნარი და სხვა. თუშეთის ტყეებში და მათ გარეთაც მრავლადაა კენკროვანი და ტყის ხილის მცენარეულობა.
თუშეთის ტყეებში გამოიყოფა ტყის ტიპები, რომლებიც სხვაგან თითქმის არ აღნიშნულა: არყნარ-ფიჭვნარი სუბალპური ბალახეულით, არყნარ-ცაცხვნარი ბუჩქნარებით, ფიჭვნარი დეკათი და სხვა. ფიჭვი ზღვის დონიდან 2650 მეტრამდე გვხვდება, რაც კავკასიისათვის უნიკალური შემთხვევაა. თუშეთის ფიჭვნარებს, ოროგრაფიული იზოლირების წყალობით, ჯიშობრივი ცვლილება არ განუცდია. თითქმის ორი მილიონი წლის კარჩაკეტილი ევოლუციის შედეგია აქ მცენარეთა ტიპურებიდან განსხვავებული ფორმების არსებობა, ასეთებია: სოსნოვსკის ფიჭვი, მაჯაღვერი, ტირიფები, თელა და ა. შ.
ფაუნა
მდიდარი სახეობრივი შემადგენლობით გამოირჩევა ცხოველთა სამყარო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მტაცებელთა და წყვილჩლიქოსანთა რიგების წარმომადგენლები. ასეთი სახეობებია: ნიამორი, რომლის არეალიც შემოიფარგლება გომეწრისა და პირიქითის ვიწრო კლდოვანი ხეობებით და დიკლოს ხორხის მიდამოებით; არჩვი — მისი რიცხოვნობა ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედების გამო (ძოვება, ბრაკონიერობა) მკვეთრად შემცირებულია; აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, ირემი, რომლის პოპულაცია ძალიან მცირერიცხოვანია; შველი, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ კავკასიონის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.
მტაცებლებიდან პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს წინააზიური ლეოპარდი (ჯიქი), რომელიც მთელ კავკასიაში ერთეული ინდივიდების სახით არის შემორჩენილი პირიქითის ქედის სუბალპურ, ალპურ და სუბნივალურ ზონებში. იგი აღმოჩენილ იქნა ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალშიც. ეს ცხოველი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ წიგნშია შეტანილი.
თუშეთში ასევე გავრცელებულია მგელი, ფოცხვერი, დათვი და ა.შ.
ფრინველთა სახეობებიდან აღსანიშნავია კრავიჭამია, შევარდენი, შურთხი (მთის ინდაური). ყველა ეს სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ წიგნში.