კაკაბი
კაკაბი, ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. ფერად მოცისფრო-მონაცისფროა, თავსა და ფრთებზე მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე გარდიგარდმო მუქი ზოლები დასდევს. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები.
კაკაბის სხეულის წონა 350-700 გრამს აღწევს. გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდილოეთ ჩინეთამდე. საქართველოში ბინადრობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე - მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე. იკვებება მცენარის თესლით, ყლორტებით, კვირტებით და მწერებით.
დედალ-მამალი ბუდობის პერიოდში ერთად არიან და შთამომავლობასაცერთად უვლიან. თებრვლის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისამდე წყვილდებიან. ცოტა მოგვიანებით მარტივ ბუდეს იკეთებენ, რომელიც ბუჩქის ან კლდის ძირში არსებულ ჯამისგვარ ღრმულშია განლაგებული. ბუდე შიგნიდან ამოფენილია ხმელი ბალახითა და საკუთარი ბუმბულით. დებს 10-16 კვერცხს.
საკვებად დილით გამოდიან, დანაყრების შემდეგ დღის თბილ პერიოდს სადმე ჩრდილშიიმალებიან. ნაშუადღევს, ისევ საკვებად გადიან, ღამეს კი ღრმა ხევების კალთებზე, კლდეებზე ან მცირე ქვაბულებში ატარებენ.
კაკაბზე ნადირობა ძნელია და აზარტული. მონადირეს მაგარი ამტანობა უნდა ჰქონდეს, უნდა შეეძლოს რთული რელიეფის დაძლევა. კაკაბზე ნადირობა შეიძლება კარგად დაგეშილი, გამგონე მეძებარი ძაღლით. ნადირობენ აგრეთვე უძაღლოდაც. მას ეძებენ დამახასიათებელ ადგილებზე და ზოგჯერ მინდორში ან გორაკზე გამოფენილ გუნდებს წამოშლიან ხოლმე.
კაკაბი ძალზედ ფრთხილია, დიდი გუნდი იშვიათად უშვებს სასროლ მანძილზე მონადირეს, მაგრამ როცა გუნდი დაშლილია, ცალ-ცალკე მჯდომი ფრინველები ისე ქუჩდებიან, რომ მათი წამოფრთხობა ძაღლის გარეშე თითქმის შეუძლებელია. მეძებარიც სწორედ ამ დროს ავლენს სრულყოფილად თავის შესაძლებლობებს. უძაღლოდ, დაჭრილი ფრინველი, თითქმის ყოველთვის დაკარგულია. არც ჩამოგდებულის პოვნაა იოლი. ის ისეა შეხამებული გარემოს, რომ გვერდზე ჩაუვლი და ვერ შეამჩნევ, ბალახში ბალახის ფერია, ქვებში კი ქვის ფერი, ხშირად ვარდება ხევში ან მიუვალ ადგილას
.
კაკაბზე ნადირობენ 5-7 ნომერი საფანტით.დაჭრილი კაკაბი ძალიან სწრაფად გარბის და ძაღლის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია მისი პოვნა.
მიუხედავად იმისა რომ კაკაბი წითელ წიგნშია შესული მისი რიცხოვნობა მაინც სტაბილურია.