არ მეგულება ჩემი თაობის ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უხსენებია "ევას პავაროტი"
თუ იეთიმ გურჯის ქუჩას გაუყვებით და ძმებ თომა და ამბროსი ჯიქიების სახლს გაცდებით, მარჯვნივ დაინახავთ პატარა შესახვევს, რომელსაც ერთ-ერთი საერთო საცხოვრებელი სახლის ეზოში შეყავხართ.
სახლი, რომელშიც ებრაელი ვაჭარი, ევა ცხოვრობდა.
ეზოში ძველი, ლურჯაივნებიანი სახლი დგას, რომლის ფასადის ერთი ნახევარი ახლად შეღებილია, ხოლო მეორე ნახევარს დიდი ხანია, დაუკარგავს ძველი იერი. სახლი ძველ თბილისურ ეზოებს გაგახსენებთ და ადამიანს, რომელსაც ასეთ ეზოებში ცხოვრების ხიბლი საკუთარ თავზე გამოუცდია, შესაძლოა, ნოსტალგიური განწყობაც კი შეუქმნას.
3-სართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა ამ ისტორიის მთავარი გმირი – ებრაელი ვაჭარი ქალი ევა.
ევას ისტორიას თამაზ გოცირიძე იხსენებს, რომელმაც ბავშვობა სწორედ იეთიმ გურჯის ქუჩაზე გაატარა. როგორც თავად აღნიშნავს, მას არაერთხელ უნახავს ევა, რომელსაც ძველ თბილისში საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობდა.
“ჩვენთან, როგორც მთელ თბილისში, ძირითადად, ქურთები, სომხები და ებრაელები ცხოვრობდნენ და ტანსაცმლით, ხანაც ოქროთი ვაჭრობდნენ. არ მახსოვს, ვაჭრობდა თუ არა ევა ოქროთი, თუმცა მისგან ტანსაცმელს ძალიან ბევრი ადამიანი ყიდულობდა. მსუქანი, კეთილი და თბილი ქალი იყო. “ნისიად” ტანსაცმელს ყველას ატანდა. როცა გექნებათ, მაშინ მომიტანეთო- ეუბნებოდა. ყველას ენდობოდა და იცოდა, რომ არც არავინ მოატყუებდა, ამიტომ ის ყველას უყვარდა. “-იხსენებს თამაზ გოცირიძე.
ევასთან სავაჭროდ, თურმე, საღამოობით დადიოდნენ. როცა მაცხოვრებლები ერთმანეთს გასძახებდნენ, სად მიდიხართო, “ევასთან, პავაროტშიო”-პასუხობდნენ ))) სწორედ ასე გაჩნდა ფრაზა, რომელმაც შემდეგ არა მხოლოდ ქალაქი, არამედ, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა მოიცვა, შინაარსიც შეიცვალა და ისეთ გამოთქმად იქცა, რომელიც, თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, ერთხელ მაინც გამოუყენებია. ასე რომ, “ევას პავაროტი”, რომელსაც გაურკვეველი ადგილმდებარეობის კონტექსტში მოვიაზრებდით, სინამდვილეში, კონკრეტული ადგილია, რომელიც ერთ დროს თურმე ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელი ადგილი იყო.
ევა ცოცხალი აღარ არისო, აღარც ის ძველი, კარგი დროა ..."პავაროტი" კი დარჩა ... )))
და კიდე:“ნინიას ბაღი ხომ არ გგონია” - ამ ფრაზის ისტორია ასეთი ყოფილა: მე-20-ე საუკუნის დასაწყისში, სადღაც ვორონცოვის მოედანთან, ქართველ ვაჭარს, ნინია ზარიძეს საკუთრებაში ჰქონდა ბაღი, დაახლოებით ისეთი, როგორიც მიხაილოვის ბაღია,მაგრამ მისგან განსხვავებით, ნინიას ბაღში შესვლა უფასო ყოფილა და ამ გამოთქმასაც "უფასოს" დატვირთვა აქვს )))