Jump to content


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვახტანგ გორგასალი

 

 

5bogcfbtpeuxlu6xcen8.jpg

442 წელს, ქართლის მეფის, მირდატ VI ის სასახლეში იშვა უფლისწული, სახელად ვახტანგი. 7 წლის შემდეგ მირდატი გარდაიცვალა. მისი მეუღლის, საგდუხტის მამა სახელად ბარზაბონი სპარსულ პოლიტიკაზე იდგა და საქრისტიანოს მტრობდა. თვითონ მაზდეანი (ცეცხლთაყვანისმცემელი) გახლდათ. საგდუხტს არ სურდა დაეტოვებინა ობლად დარჩენილი ვახტანგი და სრულიად ქართლი, რასაც მამამისი აიძულებდა. ბარზაბოდმა საგდუხტს ქართლში დარჩენის სააცვლოდ მოლაპარაკება შესთავაზა. მისი პირობა იყო ასეთი: მცხეთაში უნდა დასხდნენ ჩემს მიერ გამოგზავნილი ცეცხლმსახური მოგვენი და მოსახლეობამ სურვილისაებრ უნდა აირჩიოს რელიგიაო. ასე მოვიდნენ მაზდეანი მოგვები და დასხდნენ მცხეთას, რომელსაც ამის გამო ეწოდა “მოგუთა”.
ვახტანგ ბატონიშვილი 10 წლისა ბრძანდებოდა, როდესაც ყოველი მხრიდან მოიწევდა მტერი საქართველოს ასაოხრებლად და მასზე საბატონოდ. ჩრდილოეთიდან ოსები, დასავლეთიდან ბიზანტიელები, რომლებიც ეგრისს შეესივნენ და მიაღწიეს ციხეგოჯამდე. და შეიქმნა ჩვენი მეფე 15 წლის და ავიდა ტახტზე.
საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ირანი წარმოადგენდა, ამის მიზეზით ვახტანგმა გადაწყვიტა კავკასიის ხალხთა გაერთიანება. საოცარი გმირობა გამოაჩინა ყმაწვილმა მეფემ “ჩრდილოურ ომებში”. დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები, ახალი ციხე – სიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა მეფემ.
კავკასიაში ლაშქრობათა გამო ხალხმა ვახტანგ მეფეს “იალბუზის გმირი” უწოდა და სიმღერაც მიუძღვნა:
ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,
ციდან ჩამოესმა რეკა,
იალბუზზე ფეხი შედგა,
დიდმა მთებმა იწყეს დრეკა.

მოგეხსენებათ დასავლეთ საქართველოში ბიზანტიელები განაგებდნენ აფხაზეთის და ეგრისის ტერიტორიებს. ვახტან მეფემ ჯარი მათი მიმართულებით დასძრა და ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.
სპარსეთისა და ბიზანტიის ხელმწიფეებმა ქართველ მეფესთან “მეგობრობა” და “მოყვრობა” არჩიეს. სპარსეთის მეფემ (ჰორმიზდ III) თავისი ქალიშვილი, ბალენდუხტიც კი მიათხოვა ვახტანგს. მაგრამ ვახტანგმა იცოდა, რომ მტერი მტრობას არ დაიშლიდა მოსალოდნელი საფრთხისათვის ემზადებოდა.
მართლაც, 467 წელს პეროზმა უზარმაზარი მხედრობა შემოუსია საქართველოს. პეროზმა ლაშქარი ქვემო ქართლზე (თავის საპიტიახშოზე) გამოატარა, სოფელი ტფილისი ააოხრა და “ცხენის ტერფზე” (დღევანდელი დიდუბე) დაბანაკდა.
ვახტანგ მეფეც უკვე მოსულიყო დიღმის მინდორზე ქართველთა ჯარით.
ბრძოლა იყო მძიმე, სისხლისმღვრელი.
სპარსელებმა შენიშნეს, რომ ქართველთა მეფეს მუზარადზე მგელი ჰქონდა გამოსახული, და სადაც გამოჩნდებოდა ატეხდნენ ყვირილს “დურ აზ გორგასარ” (მოერიდეთ თავსა მგლისასა). ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.
პეროზ შაჰი ვახტანგ მეფესან სარევანშო(სამაგიერო) ომისათვის ემზადებოდა. მას ამ ომის საბაბი ჰქონდა: ვახტანგმა სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის პიტიახსი ვარსქენი, რომელმაც ქრისტიანობა მაზდეანობაზე გაცვალა, სამშობლო დიდებაზე და სიმდიდრეზე.
ქართველთა მეფემ იცოდა, რომ პიტიახშის მოკვლა სპარსეთის საომარ გამოწვევას უდრიდა, ამიტომ მან შიკრიკები აფრინა ჩრდილოეთით – ჰუნებთან, დასავლეთით – ბიზანტიელებთან და სამხრეთით – სომხებთან დახმარების სათხოვნელად. მოვიდნენ მხოლოდ სომხები, ვაჰან მამიკონიანის სარდლობით.
ვახტანგ მეფე პეროზის მიერ გამოგზავნილ ჯარს შეება, მაგრამ არც ვახტანგის სიმამაცე და არც მამიკონიანის თავდადება არ იყო საკმარისი მტრის დასამარცხებლად. სპარსელებმა გაიმარჯვეს. ვახტანგი ეგრისს გადავიდა. სპარსეთის ჯარს ცნობა მოუვიდა მეფე პეროზის დაღუპვის შესახებ, ამ დროს ეგრისიდან ვახტანგ მეფე ახალი ჯარით გამოჩნდა. სპარსელები აიყარნენ და გადაიხვეწნენ.
ამის შემდეგ თხუთმეტი წელიწადი შეინახა თავი საქართველომ სპარსელთა შემოსევებისგან. მაგრამ ბოლოს, 502 წელს, სპარსეთის მაშინდელმა ხელმწიფემ, კავადმა, აიღო ხელში მახვილი და მიმართა იგი ქართველთა წინააღმდეგ.
კალიასავით შემოესივნენ ივრის ხეობას, რუსთავს და სამგორს. ქართველთა ლაშქარიც მზად დახვდა (რიცხობრივად 5_ჯერ მცირენი) მტერს.პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე და ჯარი. სამი დღე ისმოდა ხმლების ჭახუნი, სამი დღე გრიალებდა ივრის ხეობა.
მეოთხედ, გადამწყვეტი შეტევისთვის შეკრა გორგასალმა ჯარი. სამ ნაწილად დაყო ლაშქარი. მარჯვენა ფლანგს ჯუანშერი სარდლობდა, მარცხენას ადარნესე ერისთავი. თვითონ მეფე შუა ნაწილს ჩაუდგა და საიერიშოდ სპარსელთა ბანაკის შუაგული, თვით შაჰის კარავი მონიშნა.
მეფემ იერიში ბრძანა და ბრძოლა დაიწყო. ის იყო რომ ქართველთა მეფემ სპარსთა შუაგული გაარღვია და შაჰის კარავს მიუახლოვდა, რომ უეცრად, რომელიღაც მოღალატემ, ომში თავდავიწყებით ჩართულ მეფეს, ჯაჭვჩარღვეულ მარცხენა იღლიაში გაარტყა ისარი. კარგა ხანს იბრძოდა დაჭრილი მეფე. ბოლოს გაცილდნენ ქანცგაწყვეტილი მოპირდაპირენი. ხუთჯერ ნაკლები დახოცილიყო ქართველთა ლაშქარი.
უჯარმას მიიყვანეს მძიმედ დაჭრილი ვახტანგ მეფე – იქვე გარდაიცვალა. უჯარმიდან წაიყვანეს და მცხეთაში დაკრძალეს, მისითვე აშენებულ სვეტიცხოველში.
დაბეჯითებოთ ამბობდა ხალხი 12 ბრჭყალი (2 მეტრი და 40 სანტიმეტრი) იყოო სიმაღლით.
აღჭურვილ ცხენს მხარზე მოიგდებდა და მცხეთიდან არმაზ – ციხეზე მუხლჩაუკრეფლად ავიდოდაო. როცა ომით და შრომით დამაშვრალ მეფეს ღვინო მოესურვებოდა, ღმერთი ყანწს მოაწოდებდაო…
ქართულ სახელმწიფო დროშას ეწოდა მისი სახელი – “გორგასლიანი”

წყარო: https://ucnauri.com


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვახტანგ I გორგასალი

 

200px-Wachtang_I._Gorgassali.jpg

(დ. დაახლ. V საუკუნის 40-იანი წლები.— გ. 502) — ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონია გამოსახული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. ხსენების დღე — 13 დეკემბერი.

სექციების სია

ყრმობა და სიჭაბუკე

442 წელს დაიბადა საქართველოს ტახტის მემკვიდერე ვახტანგ მირდატის ძე. იგი აღსაზრდელად მისცეს სპასპეტს — საურმაგს. 449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე.

მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამამისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართაც მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. საგდუხტმა სთხოვა ბარზაბოდს, რომ არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საგდუხტი, მაგრამ დიდი საფასურის სანაცვლოდ, მცხეთაში უნდა დამჯდარიყვნენ მოგვები და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული. დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა.

 

 

1382290_708436082518246_1008656441_n.jpg
 
 

მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი ქრისტიანი აცდუნა და გაამაზდიანა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდიანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.

მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპიკოპოსი მობიდან. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და ძალიან მძაფრად წინ აღუდგა ბინქარანს. მაგრამ სპარსული პოლიტიკა მაინც მძლავრობდა მცხეთაში.

451 წელს ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოვსნი, მოაოხრეს ქართლი, დაეცნენ კასპს და მოიტაცეს ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი. შემდეგ საქართველოს მიწებს თავს ბიზანტიელები დაესხნენ. მანამდე მათ კლარჯეთიც დაიჭირეს, ამჯერად იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები. ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მივიდნენ.

ვახტანგი 15 წლიდან 23 წლამდე

458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლის თანავე მოუწოდა ყოველ წარჩინებულ ქართველს და შეკრიბა დარბაზი. ჭაბუკი მეფე დაჯდა ტახტზე, მარჯვნივ დაისვა მთავარსარდალი ჯუანშერი, მარცხნივ კი მღვდელმთავარი მიქაელი.

ეს ვახტანგის პირველი სახელმწიფო გამოსვლა იყო. ვახტანგი ლაპარაკობდა „ხმითა მაღლითა“, ჭარმაგული სიბრძნით, „ვითარცა აღზრდილი ფილოსოფოსთა თანა“. განსაჯა ქართველთა მდგომარეობა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღზდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასწვრივ უნდა აღიმართონო.

იმ დღესვე მეფემ პირველი გალაშქრება დანიშნა–ჩრდილოეთისკენ, რომელშიც თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.

ის წელი საომარ სამზადისში განესრულა. ჯერ მუხნარსა და ხერკს იყრებოდა ქართველთა ლაშქარი, მერე თიანეთს. ოვსთაგანაოხრებულ ბარდავიდანაც ჯარი გამოუგზავნა ერისთავმა ვარაზ-ბაკურმა, ვახტანგის ბიძამ. ბარდაველთა ჯარს სარდლობდა ფარსმან-ფარუხი, უებრო მეომარი.

 

qartlis%20samefo%20vaxtang%20gorgaslis%2

ოვსეთში იცოდნენ ქართველთა მეფის საომარი სამზადისი და თვითონაც ემზადებოდნენ მტრის დასახვედრად. ნიჯადად (მაშველად) ხაზართა დიდძალი ლაშქარი შეიერთეს ოვსებმა.

ვახტანგის ლაშქარში პირველ რიგებში იდგნენ თოროსნები, მათ მოსდევდნენ ქვეოთები, შემდგომ იდგა მსუბუქი კავალერია, რომელიც უნდა დადევნებოდა გაქცეულ მტერს, ბოლოს მოდიოდა მეფის „გვარდია“, რჩეული მხედრობა, რომელსაც თვითონ ვახტანგის სარდლობით, ელვისებური ადგილმონაცვლეობით, იქ გაჩნდებოდა, სადაც უფრო მისჭირდებოდა ძირითად ძალებს.

შვიდე დღის შემდგომ ლაშქარი გავიდა თიანეთიდან. დარიალი გაიარეს და თერგზე გავიდნენ. მდინარის მეორე ნაპირას უცდიდნენ ოვსნი და ხაზარნი. ხაზართაგან გამოვიდა „ბუმბერაზი“ მხედარი თარხან და ორთა ბრძოლაში გაიწვია ქართველთაგანი. გავიდა ფარსმან-ფარუხი, თუმცა თარხანმა უხეთქა ხმალი და ბარდაველი ცხენიდან თავგაპობილი გადმოვარდა. მეორე დღეს მან კვლავ მოითხოვა ორთა ბრძოლა. ახლა თვითონ ვახტანგი გავიდა. ქართველთა მეფემ ხაზარს ბრძოლაში თავი წარკვეთა და თავის ბანაკში დაბრუნდა.

მეორე დღეს ოვსთაგან გამოვიდა ბაყათარი, რომელსაც ამ ჟამამდე ბადალი არ გომოსჩენია სარკინალ ველზე. მან ვახტანგ მეფე გამოიწვია შესარკინებლად. ეს ორთა ბრძოლაც ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა.

ამ ორთაბროლის დამთავრების შემდგომ მტრისკენ დაიძრა ქართველთა ლაშქარი. გაჩაღდა ბრძოლა ძლიერი. მეფის მხარდამხარ დიდის შემართებით იბრძოდნენ არტავან საურმაგის ძე (ვახტანგის ძუძუმტე) და ბივრიტიან სეფეწული. ბრძოლა ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა. ვახტანგმა ტყვეობიდან იხსნა თავისი და მირანდუხტი და უამრავი თანამემამულე.

დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები, ახალი ციხესიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა მეფემ. შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნეები ჩააყენა. ვახტანგმა მირანდუხტი ამალით მცხეთაში გამოგზავნა, ხოლო თვითონ ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ ოლქთა დამორჩილებას შეუდგა. ვახტანგმა გადაიარა და გადალაშქრა იალბუზი, სწორედ მაშინ მიიღო მან წოდება „იალბუზის გმირისა“. ვახტანგმა დაამარცხა ყივჩაღები, პაჭანიგები და ჯიქეთი. ამრიგად მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან აფხაზეთში გადმოვიდა ვახტაგ მეფე. მან აფხაზეთან და ეგრისიდან განდევნა ბიზანტიელები. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ საქართველოს მეფე მცხეთაში დაბრუნდა.

ლაშქრობა პონტოს საქართველოში

464 წლისთვის ბიზანტია ნელ-ნელა სუსტდებოდა, ვახტანგს ახლა ხელსაყრელი დრო ჰქონდა დაებრუნებინა სამხრეთ-დასავლეთ მიწები, რომლებიც ბიზანტას ჰქონდა მიტაცებული. ვახტანგმა შეჰყარა ლაშქარი, მის გვერდით იყვნენ: სპასპეტი ჯუანშერი, ბარდავის ერისთავი ვარაზ-ბაკური და ძუძუმტე არტავაზ, საურმაგ სპასპეტის ძე. დიდძალი ლაშქარი შეიყარა და გაემართნენ პონტოს მიწების დასაბრუნებლად. გზად ქართულ ლაშქარს შეუერთდნენ სომხეთის ერისთავები: არევ სივნელი, ჯუანშერ ასფურაგნელი და ამაზასპ ტარონელი.

466 წელს ვახტანგმა ზედეზედ აიღო დიდი ციხესიმაგრეები: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. მერე ზღვის პირას გაუყვა ქართული ლაშქარი. ერთიმეორეზე ეცემოდნენ ბერძნული ქალაქები, ნელ-ნელა ქართველები კონსტანტინოპოლს უახლოვდებოდნენ. ვახტანგმა უბრძანა თავის თანამოლაშრეებს, რომ არავის გაებედა ხალხის ძარცვა, რბევა და უდანაშაულოთა სისხლისღვრა, ის ბერძენი თუ რომაელი იქნებოდა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]ქართველები ქალკედონიდან სამი დღის სავალზე იყვნენ, როდესაც კეისარმა გამოგზავნა ლეგიონები პოლიკარპეს მეთაურობით ქართველთა წინააღმდეგ. შეიბნენ ქართველები და ბიზანტიელები, ბრძოლაში დაეცა ვარაზ-ბაკური, ვახტანგის დედის ძმა. ვახტანგთან შეტაკებაში პოლიკარპე ცხენიდან თავგაპობილი გადმოეშვა. ბრძოლა ქართველთა ხელმწიფის გამარჯვებით დასრულდა.

ბიზანტიის კეისარმა ლეონ პირველმა სამშვიდობო მოლაპარაკება სთხოვა ვახტანგს და მას გაუგზავნა დიასპანებად საეკლესიო მოღვაწეები პეტრე და სამოელი.

ვახტანგი არ აპირებდა ბიზანტიის განადგურებას, რადგან საქართველოს არაფერად წაადგებოდა სპარსეთის გაძლიერება. მას სურდა მხოლოდ ძირ ძველი ქართული მიწების განთავისუფლება და უკვე ეს მიწები მთლიანად მის ხელთ იყო. ვახტანგმა ზავი დადო ბიზანტიის კეისართან და ყოველი ქართული მიწა-წყალი საქართველოს დაუბრუნდა. ვახტანგმა კლარჯეთის ერისთავად დანიშნა არტავაზი, რომელმაც მეფის ბრძანებით აღაშენა ციხე არტანუჯისა, მონასტერი ოპიზისა და ეკლესიები მერისა, შინდობისა და ახიზისა. შემდგომ ვახტანგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა.

„დურ აზ გორგასარ“

 

 

king-vakhtang.jpg?w=370&h=
king-vakhtang1.jpg?w=700&h=

 

464 წელს სპარსეთის მეფის ჰორმიზდ მესამის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა პეროზდმა. სამი წელი სპარსელები ემზადებოდნენ საქართველოზე თავდასხმისთვის.

ამასობაში დედოფალმა ბალენდუხტმა (ჰორმიზდ მესემის ასული) ვახტანგს მარჩვილად ორი შვილი აჩუქა, ძე და ასული, მაგრამ თვითონ მშობიარობას გადაჰყვა. ტახტის მემკვიდრეს დაარქვეს დაჩი.

მეფე ვახტანგი შეუსვენებლივ ემზადებოდა ომისთვის, ამაგრებდა ძველსა და აგებდა ახალ ციხესიმაგრეებს, სჭედდა იარაღს, წვრთნიდა ლაშქარს, ამზადებდა ხალხს მტრის დასახვედრად. მან საპყრობილეში ჩააგდო ბინქარან „მაცთური“, ხოლო დანარჩენი მოგვები ან გააძევა საქართველოს საზღვრებიდან, ან სიკვდილით დასაჯა ურჩობისათვის.

467 წელს საქართველოს შემოესია სპარსელთა ურიცხვი ლაშქარი, რომელსაც წინპეროზ შაჰი მოუძღვებოდა. მათ მეგზურად ჰყავდათ ბინქარან „მაცდური“, რომელიც რაღაც მანქანებით მცხეთის საპყრობილედან გამოიქცა.

ვახტანგ გაგზავნა მალემსრბოლი კონსტანტინოპოლში კეისარ ლეონთან, თუმცა იგი ხაზართა წინააღმდეგ იყო წასული. ვახტაგსისედაც ნაკლები იმედი ჰქონდა ბიზანტიელთა დახმარების, ამიტომ მალემსბოლის დაბრუნებამდე ლაშქარი მზად ჰყავდა მტერთან შესახვედრად.

გზად სპარსელებს მოუკვდათ მეგზური ბინქარანი, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ საქართველოსკენ მომავალი გზები. სპარსელებმა გაიარეს ქვემო ქართლი, სადაც მაშინ პიტიახშად იდგა არშუშა. მტკვრის მარცხენა მხარე სპარსელებით გაივსო. ისინი კარგად ხედავდნენ ვახტანგის მუზარადს, რომელზეც წინ მგელი, ხოლო უკან ლომი იყო გამოსახული.

ბრძოლა დაიწყო ქართველებსა და სპარსელებს შორის. მტრის ჯარის რაოდენობა სამჯერ მეტი იყო, თუმცა ბრძოლის სასწორი თანასწორად ქანაობდა. საარაკო გმირობით იბრძოდა ვახტანგ მეფე. იგი იყო ყველგან სადაც მისჭირდებოდა ქართულ ლაშქარს. სადაც უფრო მძლავრობდნენ სპარსელები იქ გაიელვებდა და სპარსელები ზარგანხდილად ატეხდნენ ღრიალს: „დურ აზ გორგასარ“ („ერიდეთ თავსა მგლისასა!“). ასე გაჩნდა წოდება „გორგასალი“.

ეს ბრძოლა ოთხი თვე გაგრძელდა. ლეონ პირველმა შეამჩნია, რომ ვახტანგი მის დახმარებას სულ არ საჭიროვებდა, შეეშინდა ვახტანგს შური მათზე არ ეძია დახმარების არ გაწევის გამო და სასწრაფოდ ჯარები გაუგზავნა ვახტაგს ლეონ ანთიპატოსის სარდლობით, რომელმაც ქართველთა მეფეს კეისრის ძღვენი მიართვა და კეისრის სახელითვე ბოდიში მოუხადა.

ბერძენთა ჯარის გამოჩენამ საბოლოოდ გატეხა სპარსელთა შაჰი, უკან გაბრუნდა, კალას დაბანაკდა და ვახტანგთან ზავისათვის ელჩები აფრინა დიდი ძღვენი. შემდგომ თვითონ შაჰი მივიდა. გაიშალა კარავი, სადაც შეიყარნენ სამნი: ვახტანგ მეფე, პეროზ შაჰი და ლეონ ანთიპატოსი. დაიდო ზავი, რომლის თანახმად ბიზანტიასა და სპარსეთს შორის მშვიდობა უნდა დამყარებულიყო. მერე საქართველოსა და სპარსეთის გავლენის სფეროებზე გაიმართა ბჭობა. სამხრეთითარაქსი და აღმოსავლეთით კასპიის ზღვა შეიქმნა საქართველოს სამფლობელოთა საზღვრები.

 

0a6ca7bc52e8.jpg

გორგასალი სპარსეთში

სპარსეთის შათირი, სახელად ბარზაბან, სასწრაფოდ ეწვია მცხეთას. ვახტანგს ბარზაბანმა უამბო, რომ პეროზი ეაჯაბოდა მას სწვეოდა ქტესიფონში. ვახტანგმა პეროზ შაჰის თხოვანა განიხილა და დათანხმდა.

ვახტანგმა შეჰყარა ერისთავნი, ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა, დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა, გრიგოლ, ერისთვი ჰერეთისა, ნერსარან, ერისთავი ხუნანისა, ადარნასე, ერისთვი სამშვილდისა, სამნაღირ, ერისთვი ეგრისისა და სვანეთისა, ბაკურ, ერისთვი არგვეთისა და თარკვერისა, არტავაზ, ერისთვი კლარჯეთისა, ნასარ, ერისთვი წუნდისა, და ბრიტიან, ერისთავი ოძრხისა. ამათ წინაშე ვახტანგმა გამოიყვანა ხუთი წლის დაჩი, ძე და მემკვიდრე. თავზე გვირგვინი დაადგა და დარბაზს უბრძანა, ამიერიდან თაყვანი ეცათ და ეზრუნათ მასზე, ვითარცა ჭეშმარიტ მეფეზე. შემდგომ გამოყო სამი ერსთავი, არტავაზ, ნასარ და ბივრიტიანი, რომლებიც მეფეს თან უნდა წარეყვანა სპარსეთში.

470 წლის აღდგომა დღეს ვახტანგ გორგასალი დედის, დებისა და წარჩინებულ ქართველთა თანხლებით ეწვია იერუსალიმს, მოიხილა წმინდა ადგილები, თაყვანი სცა და მდიდრული ზორვანი გამართა.

ვახტანგი იერუსალიმიდან ანტიოქიას წავიდა, სადაც მას პეროზ შაჰი ელოდა. შაჰი ვახტანგს დიდი ქება დიდებით შეხვდა და დიდი ძღვენი მიართვა.ქართველთა მეფე დათანხმდა სპარსეთის შაჰს შორეულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე. აქედან ვახტანგმა მიიღო პატრუცაგი, რომლის თანახმადაც ლეონ პირველი ვახტანგს დასახმარებლად უგზავნიდა ოცი ათას მეომარს ლეონ ანტიპატოსის სარდლობით. ასევე ქართველთა მეფემ მიიღო სომხეთიდან გომოწვეული ათი ათასი მეომარი. ანტიოქიიდან სპასეთის სატახტო ქალაქში გაეშურნენ. ქტესოფონში ზეიმით შეხვდა ხალხი. არავის აღარ სურდა გაეხსენებინა ქართველებთან განცდილი მარცხი, რაკი უძლეველი ხელმწიფე, ამჯერად მათი მოკავშირე იყო და მათ ლაშქრობაში იღებდა მონაწილეობას.

დაიწყო ლაშქრობა აღმოსავლეთისკენ, სპარსეთის ურიცხვი მხედრობა დაიძრა ინდოეთისკენ. გორგასალიც ამხედრდა ორმოცი ათასიანი ლაშქრით: ათი ათასი ქართველი, ათი ათასი სომეხი, ოცი ათასი ბიზანტიელი.

გორგასალის ლაშქრობა სპარსეთში

სპარსელებმა გზად აიღეს და დაიმორჩილეს ჯორჯანეთი, შემდგომ კი შეიჭრნენ ინდოეთში. ვახტანგ გორგასალმა თხუთმეტი ინდოელი „ბუმბერაზი“ მოჰკლა ორთა ბრძოლაში. განგის ხეობაშიც შეიჭრნენ ქართველები, დეჰკანიც დალაშქრეს. შემდეგ მდინარე ინდის სამხრეთსაკენ წავიდნენ, სადაც მდებარეობდა უზარმაზარი სინდეთის სამეფო. მედგრად დაუდგა მტერს სინდეთის მეფე, მრავალი სპარსი დაიღუპა მის ჯართან ბრძოლაში. თვითონ სინდთა მეფე იბრძოდა მედრად, სპილოზე ამხედრებული, იყო იგი ტანად ახოვანი და გულად უშიშარი.

ღამით სინდთა მეფემ ქალაქის კარიბჭიდან დაშორებით, მტრისგან იდუმალ, ღრმა და განიერი ირმო გაათხრევინა და შიგ ათი საუკეთესო მოისარ-მახვილოსანი ჩაასაფრა. დილით ქალაქიდან ერთი ვიღაც „ბუმბერაზი“ გამოიჭრა ამხედრებული, ქართველთა ბანაკს ნავარდით ჩაუქროლა და საომრად ვახტანგ გორგასალი გამოიწვია. მეფეს დაასწრო „დიდმა ეჯიბმა“ საურმაგმა (არტავაზის ბიძაშვილი). მან ცხენი გააჭენა, სინდელს მიუხტა და შესძახა: შენ მეფესთან შებრძოლების რა ღირსი ხარ, მე შემებრძოლე, ვითარცა მონა მონას შეებმისო. შეუტია საურმაგმა, მაგრამ სინდელმა უცებ ცხენი შეატრიალა და გაიქცა.საურმაგიც უკან დაედევნა. უეცრად ჩასაფრებული ათი სინდელი ამოიჭრა მიწიდან და მოკლე შუბები დაუშინეს ზურგიდან. წამსვე წინ გაქცეული შემოუბრუნდა. საურმაგმა მოასწრო – მოპირდაპირეს შუბი გულში ჩასცა და ჩამოაგდო, მაგრამ თვითონაც მკვდარი გადმოვარდა ცხენიდან, ათამა სინდელმა კი ქალაქს შეაფარა თავი.

სამი დღე-ღამე ჩაიკეტა ვახტანგი კარავში ცხედართან ერთად; „იგლოვაგვამსა გვამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყვარელისა“. საურმაგის დაკრძალვის შემდეგ სინდთა მეფე ორთა ბრძოლაში გამოიწვია ვახტანგმა. შეიბნენ მეფენი სინდთა და ქართველთა.ვახტანგმა სინდთა მეფე ცხენიდან გადმოაგდო, თვითონაც ცხენიდან ჩამოვიდა ფეხში ხელი დაავლო და თრევით პეროზ შაჰს მიჰგვარა, მაგრამ ქართველი მეფის ნებით შაჰს მოუწია სინდთა მეფის შებრალება, მხოლოდ ხარკი დააკისრა და მისი ორი შვილიც მძევლად ჩამოართვა. სინდთა მეფემ, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, „უძღვნა ვახტანგს ძღვენი მიუწვდომლად დიდძალი“.

როდესაც სპარსელები და ქართველები ინდოეთიდან წამოვიდნენ და აბაშეთს მიადგნენ. ეს ქვეყანაც დაამარცხეს და დაიმორჩილეს. შემდგომ ვახტანგმა ლეონ ანთოპატოსს თავისი მოციქულები წარატანა კონსტანტინოპოლისკენ, რომ საქართველოში ჩამოეყვანათ ლეონ პირველის ასული, ასევე საეკლესიო მოღვაწეები პეტრე, სამოელი და კიდევ თერთმეტი სხვა საღვდელო.

დაბრუნება გორგასალისა

როდესაც სამშობლოში დაბრუნდა ვახტანგ გორგასალი, მას ბევრი საზრუნავი გაუჩნდა. დიდი იყო მისი სახელმწიფო, ვრცელი, მძლავრი და ბრწყინვალე, მაგრამ ბევრი სისუსტეც შინაგანად თან ახლდა მბრწყინავ სახელმწიფოს. წარჩინებულები ნელ-ნელა ცდილობდნენ შეევიწროვებინათ „წვრილი ერი“. წარმართობაც ჯერ კიდევ სრულიად არ აღმოფხვრილიყო ქართველთა სულში. ქრისტიანული ეკლესიაც არ იყო მძლავრი საყრდენი მეფის უზენაესი ხელისუფლებისა.

ვახტანგ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში კათალიკოსობა შემოეღო. სწორედ პირველი კათალიკოსად მას უნდა დაესვა პეტრე, ხოლო მცხეთის ეპიკოპოსად – სამოელი. დანარჩენნი ეპისკოპოსებად უნდა გამწესებულიყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამწყსოში. კათალიკოსობის შემოღებას უნდა აღემაღლებინა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე. როდესაც მიქაელ ეპისკოპოსმა შეიტყო მეფის განზრახვა, ძლიერ განრისხდა.

ვახტანგ მეფემ ტფილისის ხეობა მოიხილა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ტფილისის ადგილმდებარეობის სამხედრო, საპოლიტიკო და სამეურნეო მოხერხებულობაში. შემდგომ მან გზა განაგრძო არმაზის ხევთან ვახტანგმა იხილა მცხეთიდან მომავალი ბრწყინვალე ტაძრიონი, რომელსაც წინ მოუძღვოდა მეფის ცამეტი წლის ძე დაჩი. მეფის წინაშე წარსდგა და თაყვანი სცა ჯუანშერ სპასპეტმა. მთელი ტაძრიონი ეთაყვანებოდა დიდებულ გვიგვინოსანს. ამ დროს გამოჩნდა მიქაელ ეპისკოპოსი; როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მან დასწამა მეფეს ვითომ ქრისტიანობა დაუტევებია, ფეხი მოუქნია და ფანდაკით კბილებში სცა საქართველოს დიდებულ ხელმწიფეს, წინა კბილი შეემუსრა და სისხლი წარსდინდა. ვახტანგის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად წაიყვანეს.

ლეონ პირველმა ცამეტი საეკლესიო მოღვაწე და თავისი ასული ელენე დიდძალი ძღვენითურთ და და დიდი სამხედრო ამალით საქართველოსკენ გამოისტუმრა.

აღმშენებლობა გორგასალისა

ვახტანგ მეფე დიდი მშენებლობითი საქმიანობით იყო დაკავებული. მან მცხეთაში, ძველ, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე წამოიწყო ქვის დიდი სიონის მშენებლობა. ეს იყო მცხეთის სახელოვანი სვეტიცხოვლის მეორე ხუროთმოძღვრული გარდასახვა. ახალ დიდ ქართულ ლავრაში ვახტანგმა კათალიკოსად დასვა პეტრე, მის თანაშემწედ– ეპისკოპოსი სამოელი. აქვე მეფემ საქართველოს დედოფლის გვირგვინი თავზე დაადგა თავის მეუღლე - ელენეს, ლეონ პირველის ასულს. იმავე ხანებში ვახტანგმა განასრულა თავისი ახალი რეზიდენცია უჯარმა. ვახტანგის ბრძანებით ასევე აშენდა საეპისკოპოსო ეკლესიები, ნიქოზს, ნინოწმინდას, ჭერემსა და ჩელეთს.

დიდი ომები და გორგასალის გარდაცვალება

ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან ომისთვის, მან დასაჯა სიკვდილით ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი და მაშინვე ომისთვის დაიწყო მზადება, რადგან იცოდა, ვარსქენის მოკვლა სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.

პეროზ შაჰმა უზარმაზარი ურდოები გადმოისროლა საქართველოსკენ, მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა სპარსელებით აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი შვიდი დღე ამაოდ უცდიდა დახმარებას ბიზანტიიდან და ჰუნებისგან, სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ამ ბრძოლის პირველივე შეტაკებაში ვახტანგმა ვერ გაიმარჯვა, წარჩინებულები მეფის ღალატს არ წყვეტდნენ, და მეფე სასწრაფოდ ეგრისში გადავიდა ჯარების შესაკრებად.

საომარი ველი სპარსელთა გვამებით იყო დარეცილი. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, სპარსეთის სარდალს მოუწია უკან გაბრუნება, რადგან პეროზ შაჰი, ისე დაიღუპა ჰუნებთა ბრძოლაში, რომ მისი გვამიც კი ვერ იპოვეს.

სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა ბალაშ (484-488). ამ დროისთვის ვახტანგმა გორგასალმა სავსებით აღიდგინა პირველობა წინა აზიაში. 488 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ბალაში და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავადი (488-531).

სანამ სპარსეთში შიდა არეულობა გრძელდებოდა, ვახტანგ მეფე ტფილისს იდგა და ახალი სატახტოს მშენებლობას მისცემოდა თავდავიწყებით. ამ პერიოდში ქტესოფონიდან მოციქული მოვიდა, რომელმაც მოახსენა, რომ კავად შაჰი მოსთხოვდა ქართველთა მეფეს ბიზანტიაზე ლაშქრობაში მიეღო მონაწილეობა. ვახტანგმა უარი განაცხადა და ომისთვის მზადება დაიწყო.

ვახტანგ გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზავნა. მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ სამი ერისთავი გაგზავნა: დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი. 502 წელს სპარსეთის ურდო შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თვითონ კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოესია ივრის ხეობას, რუსთავს და სამგორს. ქართველთა ჯარი მტერზე ხუთჯერ ნაკლები იყო.

ბრძოლის წინ კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ბრძოლაში გაემართნენ ქართველები, „შეიბნენ იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა ბრძოდეს, და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხვი“. სამი დღე წონასწორად ქანაობდა ბედის სასწორი. მეოთხე დღე გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. ვახტანგმა შეკრა და შეამჭიდროვა შეთხელებული ქართული ჯარი, კვლავ დალოცა ისინი პეტრე კათალიკოსმა.

სამ ნაწილად დაჰყო ლაშქარი ვახტანგმა. ფლანგებზე – მარჯვნივ ჯუანშერ სპასპეტი უსარდლა, მარცხნივ – ადარნასე ერისთავი. თვითონ მეფე შუა ნაწილს ჩაუდგა და საიერიშოდ სპარსელთა ბანაკის შუაგული, თვით შაჰის კასრავი მოინიშნა.

როგორც კი გათენდა ვახტანგმა იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი.

წამით მეფემ ნაცნობი სახე შენიშნა კარვის კალთის მიღმა, მაგრამ ვერ გაიხსენა, სპარსელმა უფლისწულმა მოუქნია ხმალი. მეფემ იფარა ვიგრის ფარი, მარცხენა ხელით ზეასროლილი, იღლია მოუშიშვლდა, იღლიაში გაბჭოლავი ბრჭუალი შეიგრძნო, კარვის კალთის წინ მთელი ტანით აღმართულიყო კაცი გველის უძრავი თვალებით, გაწვართულიყო მშვილდით; ის, ვინც ესროლა გორგასალს შიშველ იღლიას. მაგრამ ტკივილის მიუხედავად ვახტანგმა შუაგაპობილი დააგდო ბარტამი. ხოლო ის მოღალატე გაქრა. ისარი საკმაოდ ღრმად შევიდა სხეულში და მეფემ ვერ ამოიღო. მზის ამოსვლისას დაჭრილი მეფე საღამომდე იბრძოდა, არავის ახლოს არ იყოლებდა, რომ არ შეემჩნიათ ჭრილობა. ისევ იმოდა „დურ აზ გორგასარ“ და სპარსელები ბრძოლის ველიდან გარბოდნენ. გორგასალმა ბრძანა, რომ ყველა სპალალარი და ერისთავი თავის ადგილზე დარჩეს, საომარ წყობით.

ეს ბრძანა და უჯარმა წავიდა. მთელი გზა ცხენზე ამხედრებულმა გაიარა, მხლებლების შეუშველებლად. როდესაც მივიდა უჯარმას,

 

800px-Ujarma_from_road_site.JPG

 

შევიდა სასახლეში და სარეცელზე დაეცა. ძლივს ამოიღეს ისარი დასტაქარებმა მეფის სხეულიდან. მაინც შეიტყვეს სპარსელებმა ვახტანგ მეფის სასიკვდილოდ დაჭრის შესახებ, გაიხარეს და შემობრუნდნენ. რუსთავიდან ტფილისში გადავიდნენ, მაგრამ არმაზის კართან ნერსემ და ბივრიტიანმა უკუაქციეს მტერი. კავად შაჰმა შეიტყო, რომ ბიზანტიის კეისარი ანასტასი მოისწრაფოდა ქართლისკენ დიდძალი ჯარით. შაჰმა სასწრაფოდ აჰყარა თავისი ჯარი და სამხრეთისკენ გაეშურა.

 

Ujarma_%282%29.jpg

კარნუ-ქალაქთან შეიბნენ სპარსელები და ბიზანტიელები. დიდი სისხლისღვრა უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავს გამარჯვებულად, მაგრამ ორივე ხელცარიელი დაბრუნდა თავის სატახტოში.

ვახტანგმა გარდაცვალების წინ გამოაცხადა დაჩი ახალ ხელმწიფედ და დაუტავა ქართველ ერს ანდერძი: ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის. ვახტანგი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა.

7king-gorgasali-grave.jpg?w=480


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვახტანგ გორგასალი

ქართლის მეფე V საუკუნის მეორე ნახევარში.

 

ვახტანგ გორგასლის სახელთან დაკავშირებულია ქართველი ხალხის გმირული ბრძოლა ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ქრისტიანული ეკლესიის გაძლიერება და მისი ორგანიზაციული რეფორმა, ქალაქთა და ეკლესიათა მშენებლობა, ფართო პოლიტიკური თვალსაწიერი, მოქნილი დიპლომატიური სვლები, რის გამოც იგი საერთაშორისო ასპარეზზე ანგარიშგასაწევ ძალად მიაჩნდათ. ვახტანგის სახელი ხალხის მეხსიერებამ სახალხო გმირის შარავანდედით შემოსა, ამაზე მეტყველებს მისდამი მიძღვნილი ხალხური ლექსები, ქართული საბრძოლო დროშის ეპითეტი _“გორგასლიანი”, საბრძოლო ეპიზოდები მისცხოვრებაშიდა სხვ.

ვახტანგი იყო ძე ქართლის მეფის მირდატისა და რანის ერისთავის ასულის, დედოფალ საგდუხტისა. ვახტანგს ჰყავდა უფროსი და ხუარანძე და უმცროსი _ მირანდუხტი. თავად ვახტანგს პირველ ცოლად ესვა შაჰის ასული ბელენდუხტი, რომელიც მალევე გარდაიცვალა. მისგან ვახტანგს დარჩა ქალ-ვაჟი _ დაჩი და ერთი ასული. ვახტანგმა მეორედ იქორწინა ბიზანტიის კეისრის (სავარაუდოდ, იმპერატორ ლეონის 457-474 წწ.) ასულ ელენეზე, რაც ბიზანტიისაკენ მის მკვეთრ შემობრუნებას გამოხატავდა. ელენე ქართლში ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც ვახტანგი ირანის ლაშქრობიდან დაბრუნდა. ელენესთან ვახტანგს შეძენია სამი ძე (ამათგან ცნობილია ორისლეონისა და მირდატის სახელები) და ორი ასული.

ვახტანგი შვიდი წლისა იყო, როდესაც მისი მამა მირდატი გარდაიცვალა. ვახტანგის სრულწლოვანებამდე სამეფოს უძღვებოდა დედოფალი საგდუხტი. ამ პერიოდში ირანის შაჰმა იეზდიგერდ II- (439-457) ხელი აიღო კავკასიის დაპყრობილ ხალხებში სპარსულიწესისქრისტიანობის გავრცელებაზე და პირდაპირ ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელებას შეუდგა. მან (446 წლიდან) დევნა გამოუცხადა ქრისტიანებს და ასეულობით მოგვი გამოგზავნა  კავკასიის ქვეყნებში მაზდეანობის გასავრცელებლად. შაჰის ამ ღონისძიებას 450-451 წლების სომხეთ-ალბანეთის აჯანყება მოჰყვა, რამაც ირანს ხელი ააღებინა კავკასიის ქვეყნებში მაზდეანობის ძალად გავრცელებაზე. V საუკუნის II ნახევრიდან, ვახტანგ გორგასალის სახელმწიფო მოღვაწეობის  პერიოდში ირანი კვლავ ცდილობს ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელებას, მხოლოდ  არა მოგვების მასობრივი შემოყვანით, არამედ ადგილობრივ რენეგატ მოხელეებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ირანმა მეტისმეტად გაამკაცრა სამხედრო ბეგარა და გაადიდა ხარკი. დაუცველი იყო ქართლის ჩრდილოეთი საზღვრები _ კავკასიონის ზეკარებიდან მომთაბარე ჰუნების ნაკადები ირანის დასარბევად მოედინებოდნენ და გზადაგზა ქართლის მიწა-წყალს ანადგურებდნენ. ერთ-ერთი ასეთი შემოსევის დროს, ჯუანშერის ცნობით, ოვსები შემოიჭრნენ ქართლში, მოარბიეს ქვეყანა, გაიარეს რანი, მოვაკანი და დარუბანდის გზით ჩრდილო კავკასიაში დაბრუნდნენ. ამ დროს დაატყვევეს ოვსებმა ვახტანგის და მირანდუხტი. ამ შემოსევაში მკვლევარები გულისხმობენ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ჰუნ-სარაგურთა შემოსევას, რომელიც ბიზანტიელთა მიერ უნდა ყოფილიყო პროვოცირებული ირანის წინააღმდეგ.

ამავე პერიოდში ასევე რთული მდგომარეობა ჩანს ეგრისში _ ეგრისის მეფე გუბაზი რომს ურჩობას უცხადებს. საპასუხოდ ბერძნებმა დაიპყრეს ეგრისის ტერიტორია ეგრის-წყლიდან ვიდრე ციხე-გოჯამდე. A1767,%20krebuli,%20mirian%20mefe,%20vax

ახალგაზრდა მეფემ პირველი დიდი სამხედრო ოპერაცია მოაწყო ჩრდილო კავკასიაში. ამ ბრძოლაში ვახტანგმა დახმარება სთხოვა თავის ბიძასქართლ-ალბანეთის სპარს მარზპანს ვარაზ ბაკურს. ვახტანგის მხარეზე იბრძოდნენ აგრეთვე  “კავკასიანნიმეფენიც. ამ ლაშქრობაში ქართლ-ირანელთა ლაშქარმა დიდი უპირატესობით დაამარცხა მოწინააღმდეგე. ვახტანგმა ტყვეობიდან გამოიხსნა თავისი და გააგზავნა მცხეთაში, ხოლო თავად ლაშქრითურთ გადავიდა დასავლეთ საქართველოში და დაიწყო ბერძენთა მიერ მიტაცებული ციხეების უკან დაბრუნება (“ვიდრე ციხე-გოჯამდე”). დასავლეთ საქართველოში ქართველ-ირანელთა ერთობლივი სამხედრო მოქმედებანი იმდროინდელ პოლიტიკურ რეალობაში ნიშნავდა ირანის ბრძოლას ეგრისში გავლენის აღსადგენად, პრაქტიკულად კი ამ ომის შედეგად ქართლის სამეფომ შეიერთა დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი.

მორიგი დიდი ბრძოლა ბიზანტიის წინააღმდეგ ვახტანგმა ირანელებთან ერთად გადაიხადა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ამ ბრძოლის შედეგად ვახტანგმა დაიბრუნა ბიზანტიის მიერ წინა საუკუნეში მიტაცებული კლარჯეთი. ჯუანშერის გადმოცემით, ვახტანგი სწორედ ამ ლაშქრობის ბოლოს უზავდება ბიზანტიას _  “უკუმოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი, ზღვითგან ვიდრე არსიანთამდე...” ზავის ერთ-ერთი პირობა იყო ვახტანგის დანიშვნა კეისრის ასულზეც. ვახტანგის მოქმედებამ, ცხადია, ირანის შაჰის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მცხეთაში დაბრუნებული ვახტანგი ირანის მოსალოდნელი თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადება. მაგრამ ირანის შურისძიებამ დააყოვნა, რადგან ვახტანგის პოლიტიკური ფერისცვალება დაემთხვა ირანის ტახტის გამო დაწყებულ (457 .) სამწლიან არეულობას. ამ წლებში ვახტანგმა ცეცხლმსახურნი განდევნა ქვეყნიდან. 460 წელს პეროზმა დამსჯელი ლაშქრობა მოაწყო ქართლში. ომი ოთხ თვეს გაგრძელდა, მაგრამ სპარსელებმა მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. ამასობაში ქართლში ვახტანგის დასახმარებლად ბიზანტიელთა ჯარი შემოსულა. ამიტომ სპარსელები ვახტანგს დაზავებიან. ზავის თანახმად, ირანი უარს ამბობდა ქართლის საეკლესიო საქმეებში ჩარევაზე, სამაგიეროდ ირანმა ვახტანგისაგან შაჰისმამად და უფლადაღიარება და მისი უმცროსი დის ცოლად მიცემა მოითხოვა. ამ ზავის შემდეგ შაჰმა ვახტანგი გაიწვია ხანგრძლივ და შორეულ ლაშქრობაშიაბაშთა, ელამთა, ჰინდოთა და სინდთაწინააღმდეგ (ირანის მოსაზღვრე შუა აზიასა და ინდოეთში მდებარე ქვეყნები).

მხოლოდ სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ იწყებს ვახტანგი დიდ ქვეყნის თავდაცვით და აღმშენებლობით საქმიანობას. ქვეყნის უპირველესი საზრუნავი იყო კავკასიის ზეკარების გამაგრება. მეფემაღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და დაადგინნა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი”. ვახტანგი აქტიურ პოლიტიკას ატარებს ქართლის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით _ შემოიერთა ჰერეთი და იგი საერისთავოდ აქცია, ხოლო კამბეჩოვანი _ საუფლისწულო მამულად, ააშენა უჯარმა. ვახტანგს ქართლის საზღვრებში მოუქცევია წუქეთიც. ფაქტობრივად გაერთიანებული ქვეყანა ვახტანგმა ცხრა საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ დაყო. ვახტანგის ადმინისტრაციული ღონისძიებები და ითვალისწინებდა მთისა და ბარის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და მათ შორის საგზაო კომუნიკაციების განვითარებას. საბოლოო ჯამშიყოველივე ეს ხელს უწყობდა მთიანეთისა და ბარის ინტენსიურ კავშირებს და ამ რეგიონებში ეთნოკულტურული პროცესების  გაღრმავებას (. მუსხელიშვილი). 

სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ვახტანგის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იყო ახალი დედაქალაქის თბილისის საფუძვლის ჩაყრა. მის დასრულებას, მართალია, ვახტანგი ვერ მოესწრო, მაგრამ მეფის არჩევანის გონივრულობა სულ მალე დაადასტურა იმ სტრატეგიულმა, ეკონომიკურმა თუ კულტურულმა მნიშვნელობამ, რომელიც თბილისმა შეიძინა მთელი ქვეყნისათვის.

ქვეყნის ცენტრალიზაციის და მისი შინაგანი მთლიანობის განსამტკიცებლად ვახტანგმა უმთავრეს პირობად ეკლესიის ორგანიზაციული სრულყოფა მიიჩნია. ირანის მუდმივი ზეწოლის პირობებში ვახტანგმა გაბედული ნაბიჯები გადადგა ქართლის ეკლესიის გაძლიერების და ორგანიზაციული სრულყოფის მიზნით. ქართული საისტორიო ტრადიცია მის სახელს უკავშირებს  ქართლის ეკლესიის მეთაურად კათალიკოსის თანამდებობის შემოღებას და ახალი 12 ეპარქიის დაარსებას. qartlis%20samefo%20vaxtang%20gorgaslis%2

ქართლში კათალიკოსობის დაწესებას, ჯუანშერის მიხდვით, თან ახლდა კონფლიქტი ვახტანგ გორგასალსა და მიქელ მთავარეპისკოპოსს შორის. ვახტანგმა კათალიკოსად მოიწვია პონტოში გაცნობილი ბერძენი პეტრე, რამაც ქართლის იმჟამინდელი მთავარეპისკოპოსი მიქელი (ასევე ბერძენი) ისე გაანაწყენა, რომ ამხედრებულმა მთავარეპისკოპოსმა მასთან ქვეითად მიახლოებულ მეფეს წიხლი ჩასცხო და კბილი ჩაუმტვრია. ამას მოჰყვა მიქელის გაგზავნა ბიზანტიაში და მისი მღვიძარეთა მონასტერში გამწესებაკონფლიქტის მიზეზების ძიებამ მკვლევარებს უბიძგა ქართლში კათალიკოსობის დაწესების საკითხი განეხილათ საერთაშორისო პოლიტიკურ და რელიგიურ-კონფესიურ მოვლენათა კონტექსტში. ამ ძიებათა შედეგად დაიბადა კონფლიქტის მეცნიერული ინტერპრეტაციები, რომლებიც, მიუხედავად ურთიერთისაგან განსხვავებულობისა, უჩვენებენ იმ პროცესების სირთულესა და მასშტაბს, რასაც V საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ეკლესიაში ჰქონდა ადგილი. კონფლიქტის მიზეზთან ერთად დავას იწვევს კათალიკოსობის დაწესების თარიღიც და ვახტანგ გორგასლის აღმსარებლობითი მრწამსი

კათალიკოსობის დაწესების შესაძლო თარიღად ქართულ ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია  472-484 წლები (ივ. ჯავახიშვილი, . ალექსიძე), 486-487 წლები (. თუმანოვი), 466-468 წლები (. ლომინაძე) 487/488 წელი (. გოილაძე), 484 წელი (. მამულია).

მეცნიერთა ნაწილი კონფლიქტს აღმსარებლობით ნიადაგზე აღმოცენებულად მიჩნევს _ არსებობს მოსაზრება, რომ ქართლის კათალიკოსად პეტრეს მოწვევა ასახავს ქართლის სამეფოში მონოფიზიტებსა და ქალკედონის მოძღვრების დამცველთა შორის დაპირისპირებას. ვახტანგი და მიქელი ერთმანეთს აღმსარებლობით დაუპირისპირდნენ _ ვახტანგი მონოფიზიტურ ფრთას გამოხატავდა, მიქელი _ ქალკედონიტურს (ივ. ჯავახიშვილი, . თარხნიშვილი).  სხვა მოსაზრებით, ვახტანგი ქალკედონიტი იყო, მიქაელიმონოფიზიტი და მისი  ჩამოშორება ვახტანგს ანტიირანული პოლიტიკის გატარებისათვის ესაჭიროებოდა (. ჯანაშია).  ვახტანგი ჰენოტიკონის დამცველი იყო, რასაც არ ეთანხმებოდა მიქელ ეპისკოპოსი (ვან ესბროკი), კონფლიქტი არ ატარებდა კონფესიურ ხასიათს, იგი გამოიწვია მიქელის ვერცხლისმოყვარეობამ, რაზედაც ლაპარაკობს ჯუანშერი (. ალექსიძე, . ლომოური).

დღეს ყველა მეცნიერი თანხმდება იმ აზრზე, რომ კათალიკოსობის შემოღება იმავდროულადAჱჱქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას ნიშნავდა. 12 ეპარქიის დაფუძნება, რაც თან ახლდა კათალიკოსობის შემოღებას, დამატებითი მოწმობად არის მიჩნეული ქართლის ეკლესიის აავტოკეფალურობისა (.ლომინაძე, .ლომოური, . ლორთქიფანიძე, .გოილაძე, .მამულია). ეკლესიაში ჩატარებულ ფართომასშტაბიან რეორგანიზაციას უკავშირდება ვახტანგ გორგასლის მიერ სვეტიცხოვლის ახლად აღშენება თორმეტი მოციქულის სახელზე.

პრობიზანტიური პოლიტიკის ერთგვარ ოფიციალურ დადასტურებას ქართველი მეფეები ახდენდნენ წმინდა მიწაზე მოგზაურობებით და იქაური სიწმინდეების თაყვანისცემით და შეწირულობების გაღებით. ეს ტრადიცია, როგორც ჩანს, მირიანიდან იღებს სათავეს. ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგი დედასთან და დასთან ერთად მოგზაურობს იერუსალიმში, მოილოცავს წმინდა ადგილებს და უხვ შეწირულობებს გაიღებს. შესაძლებელია, არ იყოს სიმართლისაგან შორს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მახლობლად მცხოვრებ მალქიტებს შორის გვიანობამდე შენარჩუნებული ცოდნა, რომ მათი წინაპრები მალხაში დაასახლა ვახტანგ გორგასალმა ჯვრის მონასტრის მტერთაგან დასაცავად.

V საუკუნის 80-იანი წლების დასწყისში ვახტანგი სპარსეთის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა. იმ დროს, როდესაც ირანის ძირითადი ჯარები შუა აზიაში იყო გადატყორცნილი, ალბანეთი  და ქართლი აჯანყდნენ. ვახტანგმა უპირველეს ყოვლისა, იერიში მიიტანა ირანის მომხრე დიდაზნაურებზე, 482 წელს მისი ბრძანებით მოკლეს ვარსქენ პიტიახში, ირანელთა მთავარი დასაყრდენი ქვემო ქართლშიქართლის აჯანყებას მიემხრნენ სომხებიც, ვახტანგი დახმარებას ელოდა ჰონთა ბელადებისაგანაც, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჰონთა ჯარი არ მიუვიდა. სომეხ-ქართველთა გაერთიანებული ჯარი სპარსელებს გადამწყვეტ ბრძოლაში შეება სომხეთში, ჭარმანაინის ველზე. ლაზარ პარფეცის ცნობით, სომეხთა შორის ღალატმა იჩინა თავი, რამაც ირანელებს გაუადვილა გამარჯვება. ამ მარცხის შემდეგ ირანელებმა ვახტანგის შესაპყრობად ჯარი გამოგზავნეს ქართლში. ვახტანგი ეგრისში გადავიდა. ამ დროს, პეროზის დაღუპვის ამბავი მოვიდა და ირანელთა სარდლობა გაბრუნდა. აჯანყებულებმა აიძულეს ირანი დათმობებზე წასულიყო. სომხეთსა და ალბანეთში შეწყვიტეს ქრისტიანთა დევნა, ანგარიში გაეწიათ ადგილობრივი ტრადივციებისადმი.

რამდენიმე წლის შემდეგ ახლად გამეფებულმა ირანის შაჰმა როდესაც ბიზანტიაზე ლაშქრობა გადაწყვიტა, ვახტანგს ირანის სარდლის სარდლობა დაავალა. ვახტანგმა უარი შეუთვალა. ეს გახდა მიზეზი ირანის ახალი შემოსვლისა ქართლში. ბრძოლა მოხდა ივრის ნაპირას. ამ ბრძოლისას მიღებული სასიკვდილო ჭრილობის შედეგად ვახტანგი გარდაიცვალა. სხვადასხვა გამოანგარიშებით, ეს უნდა მომხდარიყო 491 ან 502 წელს. სიკვდილის წინ ვახტანგმა კათალიკოსს, ოჯახის წევრებს და წარჩინებულებს უანდერძა: “ თქუენ, მკვიდრნო ქართლისანო, მოიხსენეთ კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო, და მე ხორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქუენ ნათესავთა ჩემთა. და სახლსა ჩუენსა ნუ შეურაცხჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ”. ვახტანგი დაუსაფლავებიათ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

ვახტანგ გორგასლის ცხოვრების ძირითადი წყაროა ჯუანშერის ავტორობით ცნობილი თხზულება, რომელიც შესულიაქართლის ცხოვრებაში”. ეს თხზულება მრავალ საინტერესო  ფაქტს შეიცავს, მაგრამ იმდენად უხვად არის ზღაპრულ-ლეგენდარული ამბებით ამბებით შეზავებული, რომ ზოგი მკვლევარი ვახტანგ გორგასალს ლეგენდარულ პირად მიიჩნევს. ჯუანშერის ტექსტის კრიტიკულმა შესწავლამ მისი მრავალი ცნობის ჭეშმარიტება დაადასტურა, მაგრამ ასევე გამოავლინა მრავალი ანაქრონიზმი. პირველხარისხოვანი  ცნობები ვახტანგის დროინდელი მოვლენების შესახებ დაცულია აგრეთვე V საუკუნის სომეხ ისტორიკოსთან, ლაზარ პარფეცთან.

 

 

წყაროები და samecniero ლიტერატურა:

1. ჯუანშერი, “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა/ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. I, თბილისი, 1955;
2. ლ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველო შესახებ, თბილისი, 1962;
3. ლ. ჯანაშია, ქართლი V საუკუნის მეორე ნახევარში/ საქართველოს ისსტორიის ნარკვევები, ტ. II, თბილისი, 1973;
4. ივ. ჯავახიშვილი, ქართველის ერის ისტორია, I;
5.
C.Toumanoff, Christian Caucasia between Byzantium and Iran: new Light from old sources , T. t.10, 1954. 163-164).
6. ბ. ლომინაძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაიული ორგანიზაცია V საუკუნეში, საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, VII, გამომცემლობა “ცოტნე”;
7. ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი, 1991;
8. მ. თარხნიშვილი, საქართველოს ეკლესიიის წარმოქმნა და განვითარება/ წიგნში: წერილები, კრებული შეადგინა და გამოკვლევა დაურთო თ. ჭუმბურიძემ,თარგმნეს ც. ბიბილეიშვილმა და მ. ებანოიძემ, თბილისი, 1994;
9. ს. ჯანაშია, შრომები I;
10.
Les plus anciens  homéliaires géorgiens, étude descriptive et historique par Michel van Esbroeck. Publication de l’institut orientaliste de Louvain, 10. Luvain-la-neuve, 1975;
11. ზ.ალექსიძე, ვახტანგ გორგასალსა და მიქაელ მთავაეპისკოპოსს შორის კონფლიქტის გამო/ ძიებანისაქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, 1976;
12. ნ. ლომოური, საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობა V საუკუნეში,1989, გვ. 52;
13. კ. კეკელიძე, კანონიკური წყობილება ძველ საქართველოში, ეტიუდები, IV, თბილისი, 1957;
14. პ. კონჭოშვილი, მოგზაურობა წმ.ქალაქ იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ, ტფილისი, 1901;
15. ბ.ლომინაძე, საქართველოს მართმადიდებლური ელესიის ადმინისტრაციული ორგანიზაცია V ს-ში/საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, VII, 1999;
16. დ. მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 2003;
17. ვ. მ. ლორთქიფანიძე, ქართლი V საუკუნის მეორ ნახევარში, თბილისი, 1979;
18. თ. მგალობლიშვილი, კლარჯული მრავალთავი;
19. ვ. გოილაძე, ქართული ეკლესიის სათავეებთან, გვ. 147-150, გ. მამულია, ქართლის ეკლესია V-VI საუკუნეებში, თბილისი, 1992.

 

მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

:bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დიდი ქართველი და პატრიოტი. ესეთები ადამიანები ჭირდება ქვეყანას.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ ვისაც არ ეზარებოდა ყველა აქ მოდიოდა . ისე ირანიც ხომ ჩვენი "ძმები" არიან?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?