გიორგი I (საქართველოს მეფე)
გიორგი I გიორგი საქართველოს მეფე მმართ. დასაწყისი: 1014 მმართ. დასასრული: 1027 წინამორბედი: ბაგრატ III მემკვიდრე: ბაგრატ IV დაბ. თარიღი: 998 ან 1002 დაბ. ადგილი: ქუთაისი გარდ. თარიღი: 1027 წლის 16 აგვისტო მეუღლე: 1. მარიამი
2. ალდე შვილები: გურანდუხტი
ბაგრატ IV
კატაი
მართა
დემეტრე დინასტია: ბაგრატიონები მამა: ბაგრატ III დედა: მართა დედოფალი
გიორგი I (დ. 998 ან 1002 — გ. 16 აგვისტო. 1027) — საქართველოს მეფე 1014-იდან, ბაგრატ III-ის ძე.
გამეფებისთანავე დიდგვაროვანი აზნაურები აუჯანყდნენ მცირეწლოვან მეფეს და ჰერეთ-კახეთი საქართველოს ჩამოაშორეს. გიორგი I-მა ისარგებლა იმით, რომ 1014-1016 წლებში ბიზანტიის იმპერატორი ბასილი II ბულგარელებს ეომებოდა, გადალახა ბიზანტიის საზღვარი და ტაო დაიბრუნა. 1019 ბასილ II-მ ბულგარელებთან ომი დაამთავრა და გიორგი I-ს სადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა.
1021 წელს ბიზანტიის ჯარი საქართველოში შემოიჭრა. ქართველები რამდენჯერმე დამარცხდნენ (შირიმნის ბრძოლა და საქართველოს-ბიზანტიის ომი XI საუკუნეში). გიორგი I იძულებული გახდა თრიალეთი გადასულიყო, სადაც მაშველი ჯარი დახვდა. კეისარი მოერიდა ომს, დასაზამთრებლად ქალდიაში (ტრაპიზონის მახლობლად) წავიდა და საქართველოში ახალი ლაშქრობისათვის ემზადებოდა. გიორგი I-მა საზავო მოლაპარაკება დაიწყო და ამავე დროს ხელსაყრელ მომენტს უცდიდა ომის გასაახლებლად. ამ დროს ბიზანტიაში იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ნიკიფორე და ქსიფეს მეთაურობით. გიორგი I-მა ამით ისარგებლა, კავშირი დაამყარა და უარი განაცხადა ბიზანტიასთან არახელსაყრელი ზავის დადებაზე. მაგრამ აჯანყება დამარცხდა. გამომჟღავნდა მასში ქართველთა მონაწილეობაც. კეისარმა გიორგი I-ს კვლავ მოსთხოვა სადავო ტერიტორიების დაცლა. საქართველოს მეფემ განაახლა საზავო მოლაპარაკება, თან ისევ ბრძოლისათვის ემზადებოდა, მაგრამ ბიზანტიამ დაასწრო ომის დაწყება. თავდაპირველად უპირატესობა გიორგი I-ის მხარეზე იყო, მაგრამ საბოლოოდ ქართველები დამარცხდნენ. 1022-1223 წლებში გიორგი I დათანხმდა ზავის მძიმე პირობებს: სადავო ტერიტორია ბიზანტიამ მიიტაცა; ტახტის მემკვიდრე ბაგრატ IV სამი წლის ვადით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში. საქართველომ დაკარგა ე.წ. დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა. ჩანს გიორგი I ემზადებოდა რევანშისათვის: 1025 წელს გამომჟღავნდა ვასპურაკანის მმართველის ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულება იმპერატორის წინააღმდეგ, რომლის მონაწილეც გიორგი I იყო.
გიორგი I-ის დროს დიდ საომარ ოპერაციებთან ერთად მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები. მის მეფობაში აიგო მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი.