მეგობრებო !
ის რაც 11 მაისს, გამთენიისას მოხდა "ლეგიონისთვის" უმძიმესი დანაკარგია. შეწყდა კარგი ქართველის , კარგი შვილის , კარგი ძმის, კარგი მეუღლის, კარგი მამის , ჩვენთვის კარგი მეგობრის და ერთი უბრალო , მაგრამ ძალიან მოსიყვარულე , თბილი და კარგი ადამიანის გულისცემა. აღარ გვყავს ჩვენი შოთა თავაძე. ჩვენი "ალიბაბა". როგორც თვითონ ხუმრობდა ხოლმე "ალიბაბა და 40 ლეგიონერიო". აღარ არის ჩვენი იუმორით და გულისხმიერებით აღსავსე ადამიანი ჩვენს გვერდით. ვერ გაუძლო ამ წუთისოფლის ორომტრიალს და გადავიდა მარადისობაში. დაგვტოვა და დაგვიტოვა თბილი და სევდით სავსე მოგონებები. კი ვწერ ჩემ სატკივარს , მაგრამ არც მჯერა რომ ჩვენ შოთიკოზე წარსულ დროში უნდა ვილაპარაკოთ. ვერ ვიჯერებ რომ შოთას მოსაგონარს შევსვამთ და როდესაც ჩვენ შოთიკოს გავიხსენებთ ყველანი თვალცრემლიანები ფეხზე წამოუდგებით და სევდანარევი ღიმილით გავიხსენებთ. გავიხსენებთ და ვერ მივუჭახუნებთ ჭიქას. ვეღარ მოვესიყვარულებით და ვეღარასოდეს გვეტყვის "მე რომ საუბარს ვიწყებ მტკვარიც კი აჩერებს თავის დინებას რომ არაფერი გამორჩეს ჩემი ნათქვამიდანო". ვემშვიდობები ჩვენ ერთგულ და გულითად მეგობარს, საპატიო ლეგიონერს და გულში რაღაც სიცარიელეს ვგრძნობ. ასეთი ერთგული და მოსიყვარულე ადამიანის ასე უდროოდ წასვლა ღალატის ტოლფასია. ეს რა ქენი შოთა , ეს რა ქენი შე დალოცვილო ...