სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ მოხდა ისე რომ აქამდე ამ პისტოლეტზე, არც ერთი სიტყვა არ მქონდა დაწერილი. არა და МЦМ-ის, ასევე ცნობილი, როგორც უბრალოდ “მარგოლინის” პისტოლეტებთან მე „ვმეგობრობ“ აგერ უკვე ალბათ 10 წელზე მეტია. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად დაკავებული ვიყავი ამ პისტოლეტის ისტორიის და კონსტრუქციის შესწავლით, მე უბრალოდ წლების განმავლობაში ვისროდი ამ პისტოლეტებიდან, მათ შორის “სკას” ტირში სადაც ორი ასეთი პისტოლეტი ინახებოდა. წლების განმავლობაში ყოველი შაბათი-კვირა მე მანდ ვატარებდი, მეტ წილად ჩემი მცირეკალიბრიანი შაშხანებით, მაგრამ ყოველ მისვლაზე გადავდები ვაზნების ერთ კოლოფს “მარგოლინიდან” სასროლად. ერთი პერიოდი მქონდა ჩემი საკუთარი ორი „მარგოლინიც“, ასე რომ პისტოლეტს კარგად ვიცნობ და როგორც ხვდებით ის მე ძალიან მომწონს.
მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს დიდი წარმოდგენა საბჭოთა იარაღებზე, უნდა ვაღიარო, რომ საბჭოთა წარმოების მცირეკალიბრიანი იარაღის მოყვარული ყოველთვის ვიყავი. საქართველოში ასეთი იარაღები უხვად არის, მათი ფასი, როგორც წესი არც ისე მაღალია, ხოლო მათი კონსტრუქცია ხსიათდება გამძლეობით, დამზადების ტრადიციული მეთოდებით, (ხე, ფოლადი, ფრეზირება) და ყველა ასეთ იარაღს, როგორც წესი აქვს ძალიან კარგი ხარისხის ლულები. ყველა ეს იარაღი, იქნება ეს ცალ ვაზნიანი ТОЗ-8 თუ სპორტული ИЖ-35, მუშაობს, მუშაობს კარგად, არის ზუსტი და იშვიათად ფუჭდება. მათი ძირითადი მტერი არის ძველი ვაზნები, რომლებიც იჭედება ლულაში. მსროლელი ვერ ამჩნევს ამას და ისვრის მეორეჯერ. წნევა არ არის იმდენად მაღალი, რომ ლულა გახეთქოს, მაგრამ არხში ჩნდება წრიული ფორმის შებერილობა, რომელიც ადვილად შესამჩნევია ლულის არხის ზედაპირული დათვალიერებისას და გამოიყურება როგორც მუქი რგოლი ლულის არხში. შეიძლება შენახვის ცუდი პირობების გამო, რკინის დეტალები იყოს ჟანგით დაფარული, ხე დაზიანებული მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში ეს იარაღები, 50-ან, 60-ან წლებში გამოშვებულები, მაინც ძალიან კარგ მუშა მდგომარეობაში არიან. ეს ასევე ეხება “მარგოლინის” პისტოლეტებსაც. ამ სტატიაში მე მოგიყვებით ამ პისტოლეტის შექმნის მოკლე ისტორიას, აღვწერ მის მოწყობილობას, მოგიყვებით ჩემ პირად გამოცდილებაზე და ასევე გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ მოიყვანოთ პისტოლეტი წესრიგში და უზრუნველყოთ მისი ხანგრძლივი და უპრობლემო ექსპლუატაცია.
დავიწყოთ იმით, რომ როგორც ბევრს უკვე ალბათ გსმენიათ, პისტოლეტის ავტორი, კიევში დაბადებული მიხაილ მარგოლინი იყო ბრმა. გაცილებით ნაკლებმა ალბათ იცით, რომ მარგოლინმა დაიწყო იარაღების კონსტრუირება, უკვე დაბრმავების შემდეგ, როგორც ჰობი რომ თავი გაერთო. ყოველ შემთხვევაში ასე იუწყება ოფიციალური ისტორია. ძალიან ბევრი ნაბეჭდი სტატია და ინტერნეტ რესურსი დეტალებში აღწერს, როგორ ქმნიდა მარგოლინი იარაღებს, რა მეთოდებს იყენებდა, როგორ სწავლობდა კოსნტრუირებას. ჩემი გამოცდილებით ასეთ ისტორიებს საბჭოთა კავშირიდან დიდი სკეპტიციზმით უნდა შევხედოთ. ძალიან ბევრი, რამ ასეთ ისტორიებში არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს უბრალო პროპაგანდას, რომლის მიზანი იყო ყველას დარწმუნება, რომ საბჭოთა კავშირი იყო საოცნებო საცხოვრებელი ადგილი. ბრმა ომის ვეტერანი, რომელიც გახდა იარაღების წარმატებული კონსტრუქტორი, კარგად ჯდება ამ ნარატივში და ნაკლებად ჯდება იმ რეალურ სურათში, რომელიც იმ დროს არსებობდა. გამძაფრებული კონკურენცია კონსტრუქტორებს შორის, ნეპოტიზმი, კორუფცია. ყოველ იარაღს, რომელიც ხვდებოდა წარმოებაში მოყვებოდა ჯილდოები, ფულადი პრემიები, სამეცნიერო წოდებები და ასე შემდეგ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ არენაზე თამაშის უფლება მიცემოდა ბრმა თვითნასწავლ კონსტრუქტორს. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, გამყარებული ასევე იმით, რომ პისტოლეტს არ დაერქვა კონსტრუქტორის სახელი. ახალ იარაღს დაერქვა МЦ, სადაც М არ ნიშნავს მარგოლინს. МЦ გაიშიფრება როგორც Модель ЦКИБ იგივე, როგორც ჩვენთან კარგად ცნობილი სანადირო თოფები. აღნიშნული აიხსნა იმით, რომ სწორედ „ცკიბში“ (Центральное конструкторско-исследовательское бюро спортивного и охотничьего оружия), მოხდა პისტოლეტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მაგრამ რეალობა შეიძლება სულ სხვა ყოფილიყო. ასევე არსად არ არის ხსენებული რა ტიპის ჯილდოები მიიღო მარგოლინმა პისტოლეტის შექმნის შემდეგ. შეიძლება მე ვცდები, შეიძლება ოფიციალური ისტორია არის სრული სიმართლე, აღნიშნული უნდა იყოს კვლევის საგანი იარაღის ისტორიით დაინტერესებული ხალხისთვის, მაგრამ ამჟამად რუსეთში ურჩევნიად საბჭოთა პროპაგანდის ტირაჟირება, ხოლო საზღვარგარეთ საკითხი ან საერთოდ არ აინტერსებთ ან უბრალოდ ამ პროპაგანდას იმეორებენ. ასეა თუ ისე, 1948 წელს “МЦ” მზად იყო წარმოებისთვის და მისი მიწოდება დაიწყო სპორტულ სექციებში, ხოლო პისტოლეტის დებიუტი შედგა 1954 წელს, კარაკასში, ვენესუელა, სადაც გაიმართა 36-ე საერთაშორისო ჩემპიონატი სროლაში. დებიუტი წარმატებული გამოდგა, საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა კალინიჩენკომ აიღო 584 ქულა და გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი. 2317 ქულით საბჭოთა ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა. სპორტულ არენაზე, სადაც აქამდე კოლტები და ვალტერები დომინირებდნენ ახალი მოთამაშე გაჩნდა…
1992 წელს იჟევსკში დაიწყო მარგოლინის პისტოლეტის უფრო პრაქტიკული საექსპორტო ვერსიის გამოშვება, რომელსაც მიენიჭა სახელი „მარგო“. ამ პისტოლეტზე „მუშაობდა“ კონსტრუქტორი იარიგინი. მუშაობა ბრჭყალებში, იმიტომ რომ იარიგინმა პრაქტიკულად გააფუჭა შესანიშნავი იარაღი და მიანიჭა თავის ქმნილებას სახელი, რომელიც უფრო წააგავს პისტოლეტის კონსტრუქტორის გვარის დამახინჯების მცდელობას. ახალ პისტოლეტს ერგო მოკლე 98მმ-ნი ლულა, უფრო ხისტი სასხლეტი გრძელი სვლით, რაც უფრო უხდებოდა ასეთი ტიპის იარაღს. მაგრამ პისტოლეტი შესრულდა მცველის გარეშე, ხოლო სამიზნე მოწყობილობები გამოვიდა პრაქტიკულად რეგულირების შესაძლებლობის გარეშე. საბოლოო პროდუქტი გამოდგა კარგი „პლინკერი“ მაგრამ არაადეკვატური სამიზნე მოწყობილობები და შეყენებული ჩახმახის ჩაკეტვის შეუძლებლობის გამო ზღუდავდა მის გამოყენებას, როგორც სანადირო ან მიზანში სასროლი იარაღის. მჭიდის ტევადობაც იყო მხოლოდ 7 ვაზნა, 3 ვაზნით ნაკლები „სტანდარტზე“, რომელიც შეადგენს 10 ვაზნას.
МЦ-ს გამოშვების წლის დადგენა დამღებით ან ნომრით შეუძლებელია. ადრე “იჟევსკის” ქარხანას ქონდა ელ. ფოსტის სპეციალური მისამართი, რომელზეც წერდი იარაღის ნომერს და პასუხად იღებდი გამოშვებული იარაღის წელს. მიახლოებით გამოშვების პერიოდის დადგენა შეიძლება კონკრეტული დეტალების შესრულების და კომპლექტაციის მიხედვით.
პისტოლეტი “მარგო” არის МЦ-ს გამარტივებული, მე ვიტყოდი პრიმიტიული ვარიანტი, არაფრით გამორჩეული .22 კალიბრის “პლინკერი”.
“მარგოლინის” ბაზაზე სხვა იარაღების შექმნის მცდელობებიც იყო. რუსეთში გამოდიოდა ასევე 5.45 კალიბრის პისტოლეტი სახელწოდებით “Дрель”, რომელიც შექმნილი იყო მარგოლინის ბაზაზე. უკრაინა უშვებდა კარაბინს, რომელიც სხვა არაფერს წარმოადგენა თუ არა “მარგოლინის” პისტოლეტს ზედ დაყენებული ხის კონდახით. ასევე უკრაინაში იყიდებოდა ტრავმატული 9მმ-ნი პისტოლეტი აწყობილი მცირეკალიბრიანი მარგოლინის ნაწილების გამოყენებით. მაგრამ ალბათ ყველაზე ცნობილი მარგოლინის მოდიფიკაცია არის “ვარსკვლავეთის ომებიდან” პრინცესა ლეას მინიატურული ბლასტერი, წინა ცხოვრებაში ცეცხლსასროლი “მარგოლინი”.
https://shooterscentral.ge/?p=3978