პირველ საველე გამოცდაზე მერი გავიყვანე როცა 1 წლის და 3 თვის იყო. დიპლომი კი ავიღეთ, მაგრამ დაბალი ქულებით.
პრინციპში მე მეგონა, რომ საერთოდ უდიპლომოდ დავრჩებოდით. პირველი მუშაობის შემდეგ, ძაღლი ადგილზე დავაწვინე და ველოდი ექსპერტების ბრძანებას, თუ რა გამეკეთებინა.მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა წინა მუშაობის ნიუანსები თავიანთ ბლოკნოტებში ჩაწერეს და მოგცეს მუშაობის გაგრძელების ნიშანი, მე მივეცი ძაღლს ბრძანება გაეგრძელებინა მუშაობა. მერიმ გააკეთა ნახევარი პარალელი და ....დაუბერა სადღაც ჩემს ყვირილს და ბრძანებებს ვინ მიაქცია სულ ყურადღება მე ვიფიქრე, ვსიო, მოგვხსნეს გამოცდებიდან თქო და ძან გამიკვირდა, როცა ექსპერტებმა მითხრეს, "მიდი ძაღლთან და გააგრძელე მუშაობაო". მერი ამ დროს დაახლოებით 300 მეტრში ჩვენგან, "ჩელნოკით" მუშაობდა და სანამ ჩვენ მივუახლოვდებოდით, ნაბულზეც დადგა.
შემდეგ ექსპერტებმა ამიხსნეს, რომ, თურმე პირველი მუშაობის შემდეგ, ზუსტად მანდ ჩამჯდარა ჩვენგან აფრენილი და გადაფრენილი დუპელი. მე არ შემიმჩნევია ნერვიულობისგან, მერის კი დაუმახსოვრებია საით გაფრინდა ფრინველი და "მამიკოს" გასახარად, იქით გაიქცა, რომ რაც შეიძლება მალე ეპოვნა ჩემთვის
გამოცდილი მეძაღლეები ამბობენ, რომ, "ნადირობა აფუჭებს ძაღლს" და მეც ვეთანხმები ამ სიტყვებს. აფუჭებს, თუ აპირებ საველე ღონისძიებებში მონაწილეობას.
საველე გამოცდები და შეჯიბრებები, მოითხოვს ძაღლის სრულ კონცენტრაციას ამ საკითხზე. ნადირობისას კი, ჩვენ, აზარტში შესულები, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას ვითომდა წვრილმან შეცდომებს, დარღვევებს, გადახვევებს, რაც შემდგომში ძაღლს და მის პატრონს, წინ უდგება დაკარგული ქულების და დიპლომების სახით. ჩვენც ასე მოგვივიდა.
მოკლედ, ნადირობა - ნადირობად, საველე გამოცდები და შეჯიბრებები კი მოითხოვს სპეციალურ მომზადებას, როგორც ფიზიკურ, ასევე პრაქტიკულსაც.
ყველა იმ ძაღლს, ვისაც რაიმე დიდი მიღწევა აქვს არა მართო საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი მაშტაბითაც, სპეციალურად ამზადებენ საველე ღონისძიებებისთვის დიდი ხნის განმავლობაში, ხანდისხან რამოდენიმე თვის განმავლობაში. მე სამწუხაროდ, სპეციალურად არასდროს არ "ჩამიჯენია ზბორებზე" ჩემი ძაღლები, რომ რომელიმე შეჯიბრისთვის მომემზადებინა. მაქსიმუმ, რამოდენიმე გასვლა შეჯიბრებების წინ, რათა გარკვეული მინუსები შემესწორებინა. ნადირობებში მიღებული დიდი გამოცდილება, რაც გამოწვეული იყო ხშირი გასვლებით და ფრინველებთან დიდი რაოდენობით შეხვედრებით, პლიუს გენეტიკური მონაცემები (ძლიერი და მყარი ყნოსვა), გაძლიერებული ჩვენი კარგი კონტაქტით, იყო შემდგომში ჩემი ძაღლების მიღწევების მთავარი საფუძველი.
პირველ საველე გამოცდაზე მივიღეთ მესამე ხარისხის დიპლომი, 69 ქულით.
ექსპერტებმა მითხრეს - ძაღლს სადისკვალიფიკაციო შეცდომა არ დაუშვია და რისთვის უნდა მოგვეხსნაო. შენ ბრძანებებს იგნორირება რომ გაუკეთა, მაგისთვის კი დავაკელით ქულებიო.
ჩემი აზრით, საველე გამოცდები აუცილებლად უნდა გაიაროს ყველა იმ მეძაღლემ, ვისაც უნდა, რომ სინამდვილეში კარგი მონადირე ძაღლი ყავდეს. ასეთ გამოცდებზე, გამოცდილი ექსპერტები მიგვითითებენ ისეთ რაღაცეებზე, რასაც მეძაღლე, განსაკუთრებით დამწყები, ძაღლის გაწვრთნისას და ნადირობისას ყურადღებას არ აქცევს. ამის გარდა, იქვე შეიძლება მიიღო კომპოტენტური პასუხი, თითქმის ყველა კითხვაზე, რაც გაწუხებს ძაღლთან დაკავშირებით. ამიტომ, ყველა მეძაღლეს, განსაკუთრებით კი ნაბულიანი ძაღლების პატრონებს, გირჩევთ, გაიყვანეთ საველე გამოცდებზე, შემდეგ კი შეჯიბრებებზე თქვენი ძაღლები, აიღეთ დიპლომები და ნურავის ნუ დაუჯერებთ სიტყვაზე, რომ მისი ძაღლი "მაგრა" მუშაობს. არც ერთ მაგრა მომუშავე მეძებარს არ გაუჭირდება დიპლომის აღება, "ვოობშე მაგრა მომუშავეს" კი, მაღალი ხარისხის.
გამოცდილი ექსპერტებიდან ხშირად გამიგია - თუ მეძებარი "დგას და არ გასდევს" ე.ი. ნაბულზე დგება და აფრენილ ფრინველს არ გასდევს, დიპლომს მიიღებს.