Jump to content


პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
რომაული არმია ძვ.წ. I - ახ.წ. II საუკუნეებში
 
dsa.jpg
რომის არმია მსოფლიო ისტორიაში ცნობილი გახდა თავისი გამძლეობით, მტკიცე დისციპლინით, საუკეთესო შეიარაღებით და მოხერხებული და კარგად გათვლილი ტაქტიკით. ამ არმიით რომმა მსოფლიოს დაპყრობა და 1000 წელიწადი ხმელთაშუა და შავი ზღვების ჰეგემონობა შეინარჩუნა.

 რომის ქვეითი ჯარი - რომის არმიის მთავარ ნაწილს ქვეითი ლეგიონერები შეადგენდნენ. ლეგიონში 4800-5000 ჯარისკაცი შედიოდა, რომლებიც 60 "ცენტურიაში"(რომაული ჯარის ერთეული, რომელშიც 80 ჯარისკაცი შედიოდა და ცენტურიონი მეთაურობდა, ორი ცენტურია "მანიპულს" ქმნიდა). ერთიანდებოდნენ. ცენტურიაში შედიოდნენ "სიგნიფერი"(მედროშე, რომელიც ცენტურიის შტანდარტს ატარებდა), "ოპციონი"(ცენტურიონის დამხმარე დაბალი რანგის ოფიცერი), "კორნიცენე" ან "ბუკინატორი"(მესაყვირის წოდებები) და "ტესერარიუსი" ( პაროლის დამცველი, რომის ყველა ცენტურიას პაროლი ჰქონდა, რათა რაზმში უცხო პირი არ შემოპარულიყო). ექვსი ცენტურია კოჰორტას ქმნიდა (480 კაციანი შენაერთი).
centurion.jpg
                                                               ცენტურიონი


ყველა ლეგიონს დაახლოებით 120 კაციანი ცხენოსანი ჯარი ჰყავდა, ბრძოლის დროს ყველა ლეგიონის ცხენოსნები ერთიანდებოდნენ და ქვეითებისგან განცალკევებით ერთად იბრძოდნენ. ვეტერანი ჯარისკაცები, რომლებსაც 16 წელი გაევლოთ სამხედრო სამსახურში, გადადიოდნენ სპეციალურ ვეტერანთა დანაყოფში -"ვექსილიუმ ვეტირანორუმ", სადაც ისინი თავიანთი სამხედრო სამსახურის ოთხ უკანასკნელ წელს გაივლიდნენ. 
dqewde.jpg
                                                                         სიგნიფერი

ვეტერანთა შენაერთი დაახლოებით ერთინ კოჰორტა, 500 ჯარისკაცი იყო და ის ბრძოლის ველზე ლეგიონთან ერთად ან დამოუკიდებლად მსახურობდა. ლეგიონში ბევრი მონა იყო (კალონები), დაახლოებით 120 მაინც ერთ კოჰორტაზე. მონები სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდნენ და საფრთხის დროს იარაღით ბანაკის დაცვაც შეეძლოთ. ცენტურიები ორ ნაწილად იყოფოდა, წინად და უკანად, რაც მათი წყობა იყო მანიპულში. რომის არმიაში წინა რიგებში ახალგაზრდა და შედარებით მსუბუქი მეომრები, "ჰასტატები" იბრძოდნენ, მეორე რიგში შედარებით გამოცდილი ჯარისკაცები "პრინციპები", მესამე რიგში კი "ტრიარები" ანუ ვეტერანები. 
ro.jpg
წინ - პრინციპი(მარცხნივ), ტრიარი(მარჯვნივ), უკან - ჰასტატი
ძვ.წ. II ს. მეორე ნახევარი
 
ძვ.წ II საუკუნის დასასრულისათვის ლეგიონი 30 მანიპულად იყოფოდა. თითოეულ მანიპულში 120-160 ჯარისკაცი იყო. მანიპულის მეთაურიც ცენტურიონი იყო, რომელიც რაზმის ავანგარდს, პირველ ცენტურიას სარდლობდა, მეორე დამხმარე ცენტურიონი კი მეორე ცენტურიას. პირველი ცენტურიის ცენტურიონს ემორჩილებოდა მეორე ცენტურიის მეთაურიც. ბრძოლის პირველ ხაზს მსუბუქ ქვეითთა ცენტურიონები იკავებდნენ, შემდეგ ჰასტატებისა და პრინციპების ცენტურიონები. ყველაზე უფროსი ცენტურიონები პირველ კოჰორტაში (პრიმო ოპდინეს) მსახურობდნენ. მათ შორის იყვნენ პირველი ხაზის ცენტურიონები(პრიმუს პილუს). პირველი კოჰორტის პირველი ცენტურიის რიგებში იყო ლეგიონის ოქროს არწივის მპყრობელი(აკვილიფერი). ლეგიონის არწივი წმინდა ნიშანი იყო ყველა ლეგიონერისათვის და მისი დაკარგვა უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა. 
img05.jpg
                                                                     აკვილიფერი


ცენტურიონების უდიდესი ნაწილი უბრალო ლეგიონერების რიგებიდან იყვნენ და 10 წლის სამხედრო გამოცდილება ჰქონდათ. ზოგ შემთხვევაში ჯარში მისვლისთანავე ცენტურიონებად ინიშნებოდნენ მხედართა(ექვიტთა) სოციალური ფენის წარმომადგენლები. ამიტომ მათ ლეგიონერზე ბევრად ადრე შეეძლოთ მაღალი ოფიცრობისათვის მიეღწიათ. რომის ლეგიონს საერთოდ მთავარსარდლის ლეგატები მეთაურობდნენ. თითოეულ ლეგატს ჰყავდა ექვსი დამხმარე, რომელთაც სამხედრო ტრიბუნებს უწოდებდნენ. მათ შორის ერთი უფროსი ტრიბუნი იყო. ლეგიონის მეთაურებში შედიოდა სამხედრო ბანაკის საქმეების გამგებელი: პრეფექტ კასტრორუმ. ის აგებდა პასუხს ლეგიონის სამხედრო-საალყო მანქანების მზადყოფნაზე. ჯარში 17 წლიდან იწვევდნენ და ჯარისკაცი არმიაში 46 წლის ასაკამდე მსახურობდა. ლეგიონერის ნორმალურ სიმაღლედ ექვსი რომაული ფუტი ითვლებოდა(1.77 მ).
dser.jpg
           იმპერატორი ვესპასიანე(ცენტრში), კორნიცენე(მარცხნივ), სიგნიფერი(მარჯვნივ)


რომაელებმა მსოფლიო თავიანთი სამხედრო წვრთნით, მაღალი დისციპლინით და უდიდესი სამხედრო გამოცდილებით, ამბობდნენ ანტიკური ისტორიკოსები. რომაელთა ჯარი მკაცრ სამხედრო წვრთნას გადიოდა. ახალი ჯარისკაცები და მოხალისეები თავდაპირველად მწყობრში სიარულს სწავლობდნენ. ამბობდნენ, რომ არაფერი ისე არ ადგება ჯარისკაცს ლაშქრობისა და ბრძოლისას, როგორც მწყობრი რიგების დაცვა და შენარჩუნება. ახალბედა ჯარისკაცები ჩვეულებრივი მწყობრი ნაბიჯით 5 საათში 29 კილომეტრს გადიოდნენ, ჩქარი მარშით 35 კილომეტრს, თან თითოეულ ჯარისკაცს დაახლოებით 21 კილოგრამამდე ბარგი ჰქონდა. 
img11.jpg
                                                   რომაელი ლეგიონერი ლაშქრობისას

ეს სიმძიმე ერთგვარი ვარჯიშიც იყო. ამ ბარგის გარდა მეომარს ბევრად უფრო მძიმე აღჭურვილობა უნდა ეტარებინა. ვარჯიშის დროს თუ რომელიმე ჯარისკაცს რამე შეეშლებოდა, მას მაშინვე ფიზიკურად სჯიდნენ. როდესაც ჯარისკაცები მწყობრში სიარულს ისწავლიდნენ შემდეგ მათ სხვადასხვა ტაქტიკურ ხერხს შეასწავლიდნენ. კარე, სამკუთხედი, წრე და კუ(ტესტუდო), რომელსაც მტრის ისრებისგან დასაცავად აკეთებდნენ ფარებით ლეგიონერები. ამის შემდეგ ლეგიონი ითვისებდა იარაღის ხმარებას. ახალბედები ხის იარაღით ეუფლებოდნენ ფარის, მოკლე ესპანური მახვილის(გლადიუსის) და შუბის (პილუმ) ხმარებას. ჯარისკაცები ვარჯიშობდნენ დაახლოებით ორმეტრიანი ხის ბოძებზე. ისინი მოწინააღმდეგესავით ჩეხავდნენ და ჩხვლეტდნენ ხის სვეტს. რომაელთა საყვარელი დარტყმა ჩხვლეტა იყო. 
New+Picture.bmp
                                     ლეგიონერის ძირითადი საბრძოლო მოძრაობები

ისინი მოწინააღმდეგე ხმალს არ უქნევდნენ და პირდაპირ წვეტით უყრიდნენ. დიდი ფარები საიმედოდ იცავდა მეომრებს მტრის დარტყმებისაგან. ახალბედებს ასწავლიდნენ ცურვასაც. ჯარისკაცებმა იცოდნენ სამხედრო ბანაკის აგება და გამაგრება. წვრთნის ბოლოს მათ გამოცდიდნენ და მოჩვენებით ბრძოლებს და ბანაკის აგებას დგავდნენ. ლეგიონერთა წვრთნა მათი ლაშქრობების დროსაც გრძელდებოდა. ჯარისკაცები 16 წელი მსახურობდნენ არმიაში, ვეტერანები კიდევ ოთხი წელი ვეტერანთა კოჰორტა ვექსილიუმის რიგებში მსახურობდნენ. იმპერატორ ავგუსტუსის დროს სამხედრო სამსახური 20 წლიანი გახდა. იმპერიის პერიოდის დასაწყისში ჯარისკაცთა ანაზღაურება 12000 სესტერცი იყო(3000 დინარი). ჯარისკაცი წელიწადში 225 დინარს იღებდა გასამრჯელოს. მეთაურებს რა თქმა უნდა უფრო მეტი გასამრჯელო ჰქონდათ.
ArSestertiusDioscuri.jpg
                                     რესპუბლიკის პერიოდის რომაული სესტერცი

ლეგიონერებს მაღალი საბრძოლო სული ჰქონდათ, რაც ბრძოლისას ერთერთი გადამწყვეტი ნიშანია. ლეგიონების საბრძოლო შეძახილი იყო "ბარა". რომაელი ჯარისკაცების ძალა ერთიანობაში იყო. ყველა მეომარი თავისი ცენტურიის გვერდით იბრძოდა თავის მეგობრებთან ერთად. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯარისკაცთა ზუსტ სვლებს და ერთმანეთის მხარდაჭერას. ერთი ცენტურიის ჯარისკაცები დროს ერთად ატარებდნენ, ერთად ეძინათ, ჭამდნენ და სვამდნენ. რომის ჯარში კვების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა და მეომრები თვითონ ამზადებდნენ საკვებს იმ პროდუქტებისგან, რომელსაც ხელფასთან ერთად იღებდნენ. 
wroxeter-research-009.jpg
                                                   რომაელ ლეგიონერთა ჭურჭელი

ლეგიონები ერთმანეთისაგან რიცხვებითა და დასახელებებით განსხვავდებოდნენ. ყველა ლეგიონს თავისი რიცხვი ჰქონდა. რაც ჯარისკაცთა სამხედრო მსახურის ვადა გაიზარდა მათმა ლეგიონებმა საპატიო სახელები მიიღეს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგიონი იყო მარსის ლეგიონი, რომელიც ძვ.წ 49-42 წლების სამოქალაქო ომებში მონაწილეობდა. ეს სახელი მათ ომის ღმერთის სასახელოდ უწოდეს.
e0040579_111102.jpg
         კეისრის V ლეგიონის სიმბოლო იყო სპილო, რადგან მათ თაფსუსის ბრძოლაში(ძვ.წ. 46) თავი გამოიჩინეს მოწინააღმდეგის სპილოებთან დაპირისპირებისას


ყველა ლეგიონს თავისი ნიშანიც ჰქონდა. მაგალითად ერთი ლეგიონის ნიშანი იყო სპილო, რადგან მათ მოწინააღმდეგის სპილოები დაამარცხეს. მეორეს დელფინი, მესამეს ხარი, მეოთხეს ტახი და ა.შ. არმიაში არსებობდა განსაკუთრებული ჯილდოები, როგორც ახლანდელი მედლები. უმაღლეს სამხედრო ჯილდოდ მუხის გვირგვინი ითვლებოდა და ის ჯარისკაცს ბრძოლაში მეგობრის გადარჩენისთვის ეძლეოდა. არსებობდა გალავნის გვირგვინი. იყო ფულადი ჯილდოებიც. ტრიუმფების დროს ლეგიონერები ამაყად ატარებდნენ თავიანთ ჯილდოებს. განსაკუთრებულ ჯარისკაცებს ბრძოლაში ცხოველის ტყავები ჰქონდათ მოსხმული. მედროშეებს და არწივის მპყრობელებს მუზარადს და მხრებს ცხოველის ბეწვიანი ტყავი უფარავდათ. 
619px-Caliga_Qasr_Ibrim.jpg
                      ეგვიპტეში აღმოჩენილი რომაელი მეომრის ფეხსაცმელი "კალიგა"

არმიაში ყველაზე მძიმე სასჯელი სიკვდილით დასჯა იყო. სიკვდილით მოღალატეებს, დეზერტირებს, საგუშაგოზე ჩაძინებულებს სჯიდნენ. თუ ლეგიონი ბრძოლისას შედრკებოდა, მტერს ზურგს აჩვენებდა და ოქროს არწივს დაკარგავდა, მთავარსარდალი ხშირად მიმართავდა "დეციმაციის" წესს: მთელ ჯარს ერთ ხაზზე დაამწკრივებდა და ყოველ მეათეს სიკვდილით სჯიდა. ჯარისკაცები ტუნიკა ემოსათ, რომელიც ჩვეულებრივი სამოქალაქო ტუნიკისგან არ განსხვავდებოდა. ლეგიონერებს წელზე ჯარისკაცული ქამარი ერტყათ და ფეხზე ჩექმებს (კალიგის) ატარებდნენ. შუბი პილუმი ლეგიონერის მთავარი იარაღი იყო. ეს იარაღი ორ მეტრამდე სიგრძისა გახლდათ. მას 90 სანტიმეტრიანი რკინის დაბოლოება ჰქონდა წვეტამდე. პილუმს დიდი ძალა გააჩნდა და მოწინააღმდეგეს საშინელ ჭრილობას აყენებდა, თუმცა პილუმს სხვა დანიშნულებაც გააჩნდა, რომ მტრის ფარში გაჭედილიყო და ეიძულებინა ეს უკანასკნელი, რომ ფარი დაეგდო. 
img02.jpg
                          რომაელი ლეგიონერები "პილუმებს" სტყორცნიან მტერს

არსებობდა უფრო მსუბუქი პილუმები, რომლებსაც მსუბუქი ჯარისკაცები მტერს ესროდნენ ბერძნული დროტიკების მსგავსად. შუბის წონა 2 კილოგრამს აღწევდა, რესპუბლიკის პერიოდში კი უფრო მძიმე შუბებსაც იყენებდნენ. ლეგიონერის მეორე მთავარი იარაღი ესპანური მოკლე მახვილი, გლადიუსი იყო. წინა რიგის ლეგიონერებს გლადიუსები ჰქონდათ და ფარებისა და ამ მტკიცე მახვილის საშუალებით აკავებდნენ მტრის შეტევას. უფრო უკან მდგომი ლეგიონერები შუბებით და დროტიკებით იბრძოდნენ და მტერს უკნიდან უშენდნენ, რითაც წინებსაც ეხმარებოდნენ. პრეტორიანული გვარდიის ჯარისკაცებიც ჩვეულებრივი ლეგიონერებივით იარაღდებოდნენ, თუმცა უფრო მძიმე შუბები ეკავათ და მდიდრული საჭურველი ჰქონდათ. ლეგიონერების ტუნიკის ფერი ყოველთვის დავის საგანი იყო. ცნობილია, რომ აღლუმების დროს ცენტურიონებს თეთრი სელის ტუნიკები ემოსათ.
7699_scddfsrgrte-500x428.jpg
პრეტორიანული გვარდიის მხედრები
 
ზოგი თვლის, რომ ლეგიონერების ყოველდღიური ტუნიკა წითელი ფერისა იყო. ლეგიონერის ტრადიციული ფარი იყო ოვალური "სკუტუმი", რომელიც 128 სმ სიგრძე და 63.5 სმ სიგანე ჰქონდა. ფარი ხისგან და ლითონის ნაწილებისგან მზადდებოდა. ფარის სისქე ცენტრში 1.5 სმ იყო, კუთხეებში 1 სმ. წონა 10 კგ-მდე აღწევდა. ამას გარდა იყო ოთხკუთხა დიდი ფარებიც. რომელიც უფრო ახ.წ I საუკუნიდან გახდა პოპულარული და შემოღებული. რომაელ ჯარისკაცებს ჰქონდათ ხანჯლებიც. ხანჯალი გლადიუსის პატარა მოდელი იყო, თორემ ისე ყველაფრით გლადიუსს ჰგავდა. ხანჯალი 20-35 სმ-ის სიგრძისა იყო. ხანჯალს ჯარისკაცი მარცხენა მხარეს ატარებდა, მახვილს - მარჯვენა. ლეგიონერების უმეტესობას მძიმე აბჯარი ემოსათ და მხოლოდ მცირე ნაწილს არ ჰქონდა არანაირი დამცავი აღჭურვილობა ფარის გარდა.
New+Picture+(1).bmp
                        II ლეგიონის(Legio II Augusta) ჯარისკაცი, ბრიტანეთი, ახ.წ. 43


იულიუს კეისარი ასეთ მსუბუქად აღჭურვილ ლეგიონერებს მსუბუქი ქვეითებივით იყენებდა და კავალერიასთან ერთად იყენებდა. ძვ.წ I და ახ.წ I საუკუნეების ლეგიონერებს გაუმჯობესებული ლითონის ფირფიტოვანი აბჯარი ( ლორიკა სეგმენტატა) ემოსათ ან რკინის ჯაჭვის პერანგი. აბჯრის სიმძიმე 9 კგ-მდე აღწევდა და მეომარს კარგად იცავდა კისრიდან წელამდე, თუმცა მუცლის ბოლო ნაწილი დაუცველი რჩებოდა და შეიძლება ლეგიონერები აბჯრის შიგნით დარტყმის შემაკავებელ სქელ სამოსს იცვამდნენ. აბჯარი კარგად იცავდა მხრებსაც. ჯარისკაცს თავზე მუზარადი ეხურა, რომელიც თავს კარგად იცავდა. თავდაპირველად ბრინჯაოს მუზარადს ხმარობდნენ, რომელიც გალებისას ჰგავდა, შემდეგ ახ.წ I საუკუნიდან საიმპერატორო იტალიურ მუზარადებს იყენებდნენ, რომელიც უმეტესად რკინისგან მზადდებოდა და მეტი სიმტკიცე ჰქონდა. მუზარადი დაახლოებით 2-3 კგ-ს იწონიდა. რომაული მუზარადი კარგად იცავდა თავსაც, კისერსაც და ყურებსაც. მუზარადი სახეს არ იცავდა და მეომარი ყველაფერს კარგად ხედავდა. რომაელი ჯარისკაცის შეიარაღების ერთიანი წონა 30-40 კგ-ს აღწევდა. ამას გარდა ჯარისკაცებს პირადი ნივთებიც დაჰქონდათ. ეს კიდევ დამატებითი 10-დან 14-კგ-მდე ბარგი იყო.
New+Picture+(4).bmp
                               რომაელი მხედრები თავს ესხმიან გერმანულ სოფელს 
 
რომის ცხენოსანი ჯარი - რომის კავალერია არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი და მრისხანე ძალა, როგორც მაგალითად ჰუნების, გერმანული ტომების, არშაკიდული პართიის, სასანიდური სპარსეთის და კართაგენის. თავდაპირველად რომის კავალერია ძალიან მცირე იყო და მას რომაელი მხედართა კლასის(ექვიტები) წარმომადგენლები და მოკავშირეები ავსებდნენ.
კავალერიის სიმცირე ხშირად დიდი პრობლემა იყო რომისათვის ისეთ ქვეყნებთან ბრძოლაში, როგორიც მაგალითად გენიალური ჰანიბალის სამშობლო კართაგენის ოლიგარქიული რესპუბლიკა გახლდათ, ამიტომ მთელი დატვირთვა ქვეით ჯარს ადგებოდა თავზე. მოგვიანებით რომის კავალერიის რიცხვი გაიზარდა, რადგან იმპერიამ შეიერთა ბევრი ისეთი მხარე, სადაც კარგი მხედრები ცხოვრობდნენ. ამას გარდა რომაელები იქირავებდნენ უცხოელ კავალერისტებსაც. რომაელი ექვიტები და მოკავშირეები (უმთავრესად იტალიური ქალაქები) შეიარაღებულები იყვნენ ლეგიონერების მსგავსად ხმლით (ცხენოსნების ხმალს "სპატა" ერქვა და გლადიუსზე გრძელი იყო), ფარითა და შუბით(მსუბუქი საცხენოსნო შუბი "ლანცა"). 
r.jpg
რომაელი მხედრები
 
ეხურათ ქვეითი მეომრები მსგავსი მუზარადები, ატარებდნენ ფირფიტოვან ან ჯაჭვის აბჯარს და ოვალურ და ბრტყელ, საკმაოდ მოზრდილ ფარს, რომელიც კარგად იცავდა მხედარს ისრებისა და მოწინააღმდეგის დარტყმებისაგან. რომაული კავალერიის ერთეული იყო ტურმა, რომელშიც 32 ჯარისკაცი შედიოდა. ასევე იყო მოკავშირეების კავალერიის შემთხვევაშიც. ისინიც რომაელი მხედრებივით იყვნენ აღჭურვილები და შეიარაღებულები. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ რომაელთა არმიაში შედიოდნენ მსუბუქი ცხენოსნები, რომლებიც მხოლოდ დროტიკებით იყვნენ შეიარაღებულები და არანაირი აბჯარი არ ჰქონდათ. მოგვიანებით რომის კავალერიის დიდ ნაწილს უკვე უცხოელი მოქირავნეები და ბარბაროსული ტომების ცხენოსნები შეადგენდნენ. 
img09.jpg
                                                       მოკავშირე(Auxilia) ქვეითები



ოკავშირეთა ქვეითი ჯარი - მოკავშირეები რომის არმიის დიდ ნაწილს შეადგენდნენ, რადგან მხოლოდ რომს არ შეეძლო მარტოს შეევსო დიდი არმია. მოკავშირეები იტალიური რომის ვასალი ქალაქები იყვნენ, რომელთაც ევალებოდათ არმიისთვის სამხედრო რაზმების გამოყოფა და აღჭურვა. ქვეითი მოკავშირე შეიარაღებული იყო ცხენოსნის ლანცის მსგავსი, მხოლოდ მასზე ცოტათი მძიმე ორი შუბით, ოვალური ბრტყელი ფარით და გლადიუსით.
რომაელებს არმიაში არა მარტო იტალიელი მოკავშირეები, არამედ ესპანელები და ცისალპიელი გალებიც(ალპებს გადმოღმა გალები) ჰყავდათ. იულიუს კეისრის ცხენოსანი ჯარის თითქმის 90 %-ს გალი ცხენოსნები შეადგენდნენ. გალებს ლანცაზე და პილუმზე უფრო მძიმე შუბებით ("გესუმი") იბრძოდნენ და იყენებდნენ გლადიუსზე გრძელ, გალურ ხმალს, სპატას. 
qed.jpg
                                                               ცხენოსანი გალები


რომაული სამხედრო ბანაკი - ბრძოლამდე და ლაშქრობის დროს ღამის გათენებისას, რომაელი მეომრები სამხედრო ბანაკს აგებდნენ. ლაშქრობის დროს რომაული ჯარის კოლონის წინ მიდიოდნენ მონები და სამხედრო ინჟინრები, რომლებიც გზას ასუფთავებდნენ თუ რაიმე დაბრკოლება იყო. ისინი იწყებდნენ ბანაკის მშენებლობასაც. ბანაკში განსაზღვრული იყო რომელი რაზმი სად განლაგდებოდა. ბანაკი გეგმის მიხედვით იგებოდა და თან საოცარი სისწრაფით. ბანაკს უმეტესად მაღალ ადგილზე აშენებდნენ. ჯარისკაცთა კარვების კოლონას გარს მიწაყრილი და თხრილი ერტყა, რომელსაც თუ შესაძლებელი იყო წყლით ავსებდნენ. თუ ბანაკი საკმაო ხნით იგებოდა, მაშინ გალავანს ქვით აგებდნენ, ხოლო თუ მცირე ხნით, მაშინ ხის მორებით. ზოგჯერ საერთოდ არანაირ გალავანს აკეთებდნენ და მხოლოდ მიწაყრილით კმაყოფილდებოდნენ. 
roman-fort.gif
                                                          რომაული ბანაკის გეგმა

ლეგიონი ცდილობდა სასმელი წყლის წყაროსთან ახლოს დაბანაკებულიყო. დაბანაკებული არმიის 20 % მცველებად იდგა და თავიანთ თანამოძმეებს იცავდნენ. მცველები რამდენჯერმე იცვლებოდნენ. ჯარისკაცები ბანაკში ამზადებდნენ საჭმელს, წესრიგდებოდნენ, წმენდდნენ და ფორმაში მოჰყავდათ იარაღი. ჯარისკაცის მთავარი საჭმელი პური იყო, რომელსაც ისინი თვითონ აცხობდნენ. ამას გარდა მეომრებს შეეძლოთ თვითონ ეყიდათ პროდუქტები სამგზავროდ. მაღალი რანგის ოფიცრებს, რომელთაც დიდი ხელფასები ჰქონდათ შეეძლოთ იტალიური ღვინითაც დამტკბარიყვნენ.
romanmobilefort.jpg
საალყო ტექნიკა - რომაელები ბრწყინვალედ ფლობდნენ ციხესიმაგრეებისა და ქალაქების აღების ხერხებს. თავდაპირველად ისინი მტერს ალყაში მოაქცევდნენ ყველა მხრიდან, შემდეგ მის გარშემო თხრილს და მიწაყრილს აკეთებდნენ. თუ ალყა ძალიან გაიწელებოდა, ზოგჯერ მეომრები ხის გალავანსაც უკეთებდნენ მიწაყრილს, რომელსაც მუდამ იცავდნენ და მტერს სურსათისა და იარაღის მიღების გზებს უჭრიდნენ. ზოგჯერ რომაელი მეომრები საალყო კოშკებს და ტარანებს ამზადებდნენ და ისე იღებდნენ მტრის გამაგრებებს. რომაელები ბერძნებზე და სხვა ხალხებზე უკეთ ფლობდნენ საალყო მანქანების გაკეთებისა და გამოყენების ხერხებს.
New+Picture+(3).bmp
                            რომაელი მეომრები უტევენ იუდეის ერთ-ერთ სიმაგრეს

ლეგიონერები ბრძოლაშიც ხშირად იყენებდნენ მსუბუქ კატაპულტებს და ბალისტებს (არბალეტის მსგავსი სისტემით მომუშავე დიდი კატაპულტი, რომლითაც რკინის ისრებს და ქვებს ისროდნენ). რომაელებმა გამოიგონეს ეგრეთწოდებული "მორიელი", რომელსაც გაშლილ ველზე ბრძოლისას ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა. ეს იყო ბალისტა, მხოლოდ პატარა ზომისა და ძალიან დიდი ძალით ისროდა ისრებს. "მორიელის" ისარი თუ მტრის ჯარისკაცს მოხვდებოდა, გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა, რადგან პატარა ბალისტა ისრებს მომაკვდინებელი ძალით და თანაც ძალიან კარგი დამიზნებით ისროდა. რომაელები ზოგჯერ მიწას თხრიდნენ, გვირაბი გაჰყავდათ და ქალაქში გალავნის ქვემოდან შედიოდნენ ან გალავანს ძირს საძირკველიდან უთხრიდნენ. მთაზე მდგომი ციხესიმაგრის ასაღებად (მაგალითად იუდეველთა მასადა") რომაელები მიწაყრილს აკეთებდნენ და ისე გადადიოდნენ მტრის გალავანზე.


ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?