Jump to content


ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ჰანიბალის არმია
 
23bf1aed3a153f5ca289e844cff16192.jpg
 
ნაშრომის ძირითადი თემაა მეორე პუნიკურ ომში (ძვ.წ. 218-201 წწ.) კართაგენის არმიის სამხედრო პოტენციალი, შეიარაღება და მეთაურობა. მოქირავნე ჯარი ანტიკური ხანის ხმელთაშუა ზღვისპირეთში; მოქირავნეები როგორც კართაგენის ლაშქრის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათი გამოყვანისა და სამსახურის თავისებურებები, სამხედრო შესაძლებლობები. განხილულია მეორე პუნიკური ომის საკვანძო მომენტები ომის ძირითად თეატრებზე - იტალიაში, ესპანეთსა და აფრიკაში; დაპირისპირებულ მხარეთა მიღწეული წარმატებებისა თუ განცდილი მარცხის მიზეზები სამხედრო თვალსაზრისით. შედარებულია კართაგენისა და მისი მთავარი მოწინააღმდეგე მხარის  - რომის რესპუბლიკის სამხედრო ხელოვნება და მეთაურობა. 
 

შესავალი
 
„ბრძოლის ბედი იმდენად ცვალებადი იყო, 
ხშირად ესა თუ ის გამარჯვებული უფსკრულის პირას დამდგარა. ორივე მხარეს ძალები განუზომელი ჰქონდა, ურთიერთსიძულვილი კი - ამ ძალებზე აღმატებული."

                                                          
ტიტუს ლივიუსი[1]
 
   ძვ.წ. III საუკუნის მიწურულს რომისა და კართაგენის რესპუბლიკები, 23 წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ჰეგემონიისთვის. ამ დაპირისპირებას მეორე პუნიკური ომის (ძვ.წ. 218-201 წწ.) სახელით ვიცნობთ. მეორე პუნიკური ომი 17 წელი გრძელდებოდა და ეს დაპირისპირება ანტიკური ხანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სისხლისმღვრელ ომად შეგვიძლია მივიჩნიოთ.      
   მეორე პუნიკური ომის მთავარი მოქმედი ფიგურა, კართაგენელთა მხედართმთავარი ჰანიბალ ბარკაა, რომელიც პუნთა[2]
 არმიას, მამამისის ჰამილკარ ბარკასა და სიძის ჰასდრუბალის სიკვდილის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. პირველი პუნიკური ომის (ძვ.წ. 264-241 წწ.) დამთავრების შემდეგ ოცი წელი იყო გასული. ჰანიბალის წინამორბედებმა ჰამილკარმა და ჰასდრუბალმა მშვიდობიან პერიოდში მოახერხეს კართაგენისთვის ძველი დიდების დაბრუნება და უფრო მეტიც, გააფართოვეს თავიანთი სამფლობელოები ესპანეთში. ჰანიბალს ყველა გარემოება ხელს უყობდა იმისთვის, რომ რომზე შურისძიებაზე ეფიქრა და ომი, უშუალოდ რომის ტერიტორიაზე ეწარმოებინა. ძვ.წ. 221-219 წლებში ჰანიბალმა საკმაოდ აგრესიული პოლიტიკა აწარმოა ესპანეთში, რასაც საბოლოო ჯამში რომაელთა რისხვა და სრულმაშტაბიანი ომის დაწყება მოჰყვა. ჰანიბალმა იტალიაში შესაღწევად ურთულესი გზა - ალპები აირჩია, რაც მოულოდნელი დარტყმა იყო რომაელთათვის. ომის საწყის წლებში, კართაგენის უპირატესობა საგრძნობი იყო, ბრძოლებმა: მდინარე ტრებიასთან (ძვ.წ. 218 წ.), ტრაზიმენის ტბასთან (ძვ.წ. 217 წ.) და სოფელ კანესთან (ძვ.წ. 216 წ.) რომაელებს იმხელა დარტყმა მიაყენა, რომ„...ნებისმიერი ასეთი კატასტროფა, იმ პერიოდის სხვა, ნებისმიერ სახელმწიფოს იძულებულს გახდიდა კაპიტულაციისთვის ხელი მოეწერა."[3] თუმცა, რომის რესპუბლიკამ, ამდენი მარცხის მიუხედავად, მაინც შეძლო ფეხზე წამოდგომა და საბოლოო ჯამში, ომის თავისდა სასიკეთოდ დასრულება (ძვ.წ. 201 წ.), რომლის შემდეგაც დაიწყო  რომის ბატონობა ხმელთაშუაზღვისპირეთში.         მეორე პუნიკური ომის შესახებ არსებული ანტიკური წყაროები, მნიშვნელოვან ცნობებს იძლევა, ანტიკურ სამხედრო ხელოვნებაზე, როგორც იმ დროინდელ შეიარაღებაზე და ტაქტიკაზე, ასევე მოქირავნე ჯარის ინსტიტუტზე, არმიის ორგანიზებაზე და მომარაგებაზე. ომის შესახებ საკმაოდ დეტალური წყაროები გაგვაჩნია, რომლებსაც ანტიკური ავტორები გვაწვდიან. მათ შორის გამოსარჩევია რომაელი ისტორიკოსის, ტიტუს ლივიუსის (ძვ.წ. I - ახ.წ. სს.) ცნობები.[4] ასევე ბერძენი ისტორიკოსის, პოლიბიოსის (ძვ.წ. III-II სს.) თხზულება„ისტორია"[5]სამხედრო თვალსაზრისით, აღნიშვნის ღირსია სექსტუს იულიუს ფრონტინუსის (ახ.წ. I-II სს.) „სტრატაგემები"[6]რომელიც ძირითადად ლივიუსისა და პოლიბიოსის ცნობებს ეყრდნობა, თუმცა მის ნაშრომში ვხვდებით ისეთი ავტორების ცნობებს, რომელთა შრომებმაც დღევანდელ დღემდე ვერ მოაღწია. ბიოგრაფიული თვალსაზრისით, საინტერესოა პლუტარქოსის (ახ.წ. I-II სს) „პარალელური ბიოგრაფიები"[7], სადაც მოთხრობილია მეორე პუნიკური ომის ორ უმნიშვნელოვანეს მხედართმთავარზე, „რომის ფარად" წოდებულ კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსზე და „რომის მახვილად" ცნობილ მარკუს კლავდიუს მარცელუსზე.       
 მეორე პუნიკური ომზე ქართველ ისტორიკოსებსაც აქვთ ნამუშევარი და საკმაოდ საინტერესო მასალა არსებობს. აღნიშვნის ღირსია ალექსანდრე წერეთლის „ძველი რომის ისტორია"[8], რომელშიც რომის რესპუბლიკის პერიოდია აღწერილი და რამდენიმე გვერდი მეორე პუნიკურ ომსაც ეხება. განსაკუთრებული წვლილი ქართულ ისტორიოგრაფიაში მეორე პუნიკურ ომზე მიუძღვის გრანი ქავთარიას მონოგრაფიას „ჰანიბალი"[9]. ასევე ლევან სანიკიძისა და არსენ გვიმრაძის შრომები.[10]         
  დასავლეთის სამეცნიერო სივრცეში, უშუალოდ პუნიკური ომების შესახებ ათეულობით მონოგრაფია თუ სამეცნიერო სტატია არსებობს, რომელთაგანაც, ყველაზე უფრო გამოსარჩევია ადრიან გოლდსუორთის მონოგრაფია „კართაგენის დაცემა: პუნიკური ომები ძვ.წ. 265-146 წწ." [11] გოლდსუორთის სხვა ნაშრომები[12] მნიშვნელოვანია რომის რესპუბლიკის მხედართმთავრებისა და არმიისათვის. კართაგენისა და ზოგადად პუნიკური ომების ისტორიის შესახებ, საკმაოდ ავტორიტეტული ავტორია დექსტერ ჰოიოსი, რომელიც კონკრეტულად კართაგენის ისტორიაზე, მრავალი წელია მუშაობს[13].  ანტიკურ სამხედრო საქმეზე, მეორე პუნიკური ომის მონაწილეთა და მათ მოკავშირეთა შეიარაღებაზე მასალა საკმაოდ მოიპოვება. აღნიშვნის ღირსია „Osprey"-ს გამოცემის ალმანახების სერიები. ასევი მისი რუსულენოვანი გამოცემა „Новый Солдат".
   მიუხედავად მასალის სიმრავლისა, ჯერ კიდევ რჩება ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი პრობლემა, რომელიც მხოლოდ ვარაუდების დონეზეა და წინამდებარე ნაშრომში, სწორედ ზოგიერთ მათგანს შევეხებით და შევეცდებით ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს ხარვეზები შევავსოთ. მოცემულ ნაშრომში განვიხილავთ ჰანიბალის სამხედრო პოტენციალსა და მის არმიას. შევადარებთ კართაგენელთა და რომაელთა, როგორც ჯარებს, ასევე მეთაურობას. ასევე შევეხებით ანტიკური სამხედრო საქმის განუყოფელ ნაწილს - მოქირავნეებს. ბოლოს კი ვისაუბრებთ პუნიკური ომის იმ საკვანძო ეპიზოდებსა და მიზეზებზე, რომელმაც ომის საწყის ეტაპზე ჰანიბალის წარმატებები, ხოლო დასკნით ეტაპზე მისი მარცხი გამოიწვია.
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
Iმოქირავნე ჯარი კართაგენში
  სანამ უშუალოდ ჰანიბალსა და მის არმიას შევეხებით, აუცილებელია, მიმოვიხილოთ მოქირავნეთა ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ანტიკურ სამყაროში. მეორე პუნიკურ ომში დაქირავებულ მეომრებს იყენებდა როგორც კართაგენი, ასევე რომის რესპუბლიკა. ქვემოთ ვისაუბრებთ თუ როგორ ხდებოდა მეომრების დაქირავება, რომელი ხალხები ჰყიდდნენ თავიანთ საბრძოლო შესაძლებლობებს და რა ჯდებოდა ეს ყველაფერი. ასევე შევეხებით, ანტიკურ ეპოქაში  მოქირავნეთა ერთ-ერთ ყველაზე დიდ აჯანყებას, რომელიც კუნძულ სიცილიაზე მომსახურე დაქირავებულმა მეომრებმა მოაწყვეს, კართაგენის წინააღმდეგ, პირველი პუნიკური ომის დასრულების შემდეგ. ამ ომს „მოქირავნეთა ომის" ან „ლიბიის ომის" სახელით ვიცნობთ (ძვ.წ. 240-238 წწ.). „მოქირავნეთა ომი" ნათელ წარმოდგენას გვაძლევს მოქირავნე ჯარის შენახვასა და მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ანტიკურ ხანაში.          

I.1. მოქირავნეთა მნიშვნელობა და მათი დაქირავება კართაგენში
   დაქირავებული ჯარი უძველესი დროიდან არსებობს და დღევანდელ დღესაც ვხვდებით მათ მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. უძველესი იმპერიები: ასურეთი, აქადი, ბაბილონი, ეგვიპტე, აქემენიდთა ირანი და ა.შ. აქტიურად იყენებდა თავიანთ საბრძოლო კამპანიებში მოქირავნეებს. ანტიკურ ეპოქაში გამონაკლისს არ წარმოადგენდნენ რომის იმპერია, ბერძნული პოლისები, კართაგენი. კართაგენისთვის, როგორც ოლიგარქიული, მდიდარი, სავაჭრო რესპუბლიკისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დაქირავებული ჯარი და მისი სამხედრო პოტენციალის ბირთვს ძირითადად მოქირავნეები შეადგენდნენ. დაქირავებული ჯარისკაცი წარმოადგენდა პროფესიონალ მებრძოლს, რომელიც თავის საბრძოლო უნარს ყიდდა ჯამაგირის სანაცვლოდ და ვალდებული იყო დამქირავებელს დამორჩილებოდა იქამდე, ვიდრე მას ბრძოლის სანაცვლოდ გადაუხდიდნენ. ისინი დახელოვნებულნი იყვნენ კონკრეტულად რაიმე ტაქტიკის გამოყენებაში ან იარაღის ფლობაში. მათი დაქირავება, ძირითადად, სწორედ კონკრეტული სამხედრო უნარის გამო ხდებოდა და ამის ნათელი მაგალითია ბალეარელი მეშურდულეები[14], რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ბალეარის კუნძულებზე ცხოვრობდნენ და მათ ქირაობდნენ როგორც კართაგენელები, ასევე რომაელებიც. ასევე მოქირავნე კრეტელი მშვილდოსნები, რომელთაც ხმელთაშუაზღვისპირეთის ბევრი სახელმწიფო იყენებდა.       
c944bdfa1db37b553813e701bdcdb380.jpg კართაგენელები ქირაობენ ბალეარელ მეშურდულეებს
       
 პოლიბიოსი მოქირავნეთა ომის აღწერისას, მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა უპირატესობა აქვს, არმიაში, დაქირავებული ჯარის ყოლას: „ ...კართაგენელებს ყოველთვის ჰყავდათ მოქირავნეები სხვადასხვა ქვეყნიდან და მრავალი ეროვნებით დაკომპლექტებული არმიით, აღწევდნენ იმას, რომ მოქირავნეები რთულად ახერებდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას, ემორჩილებოდნენ მეთაურებს და მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენდნენ."[15] აქედან თითქოს ჩანს რომ, დაქირავებული რაზმებისაგან ამბოხის რისკი, მინიმალურამდე იყო დაყვანილი, რადგან ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ხალხს გაუჭირდებოდა სერიოზული შეთქმულების მოწყობა, ხოლო მხოლოდ ერთი ეროვნების ხალხს, ამის ძალა არ შესწევდა. მაგრამ ენობრივ ბარიერსა და იმას, რომ სსხვადასხვა ეროვნებას წარმოადგენდნენ, ხელი არ შეუშლია მოქირავნეებისათვის დაეწყოთ „მოქირავნეთა ომი" და საფრთხე შეექმნათ კართაგენისთვის. ასევე გასათვალისწინებელია რომ, თუ დაქირავებულ მეომართა ენობრივ ბარიერს, აჯანყები რისკი მინიმუმამდე დაჰყავდა, იგივე ენობრივი ბარიერი მხედართმთავრებს ურთულებდა არმიის მართვასა და ორგანიზებას, „...რა თქმა უნდა, მხედრთმთავარს არ შეუძლია ყველა ხალხის ენაზე საუბარი თუმცა, ამაზე არანაკლებ რთულია, რამდენიმე თარჯიმანის საშუალებით მიემართა შეკრებილთათვის და ერთი და იგივე საკითხი ოთხი-ხუთჯერ გაემეორებინა. რჩებოდა ერთადერთი გზა: ბრძანებები და გაფრთხილებები მეომრებისთვის, [თავიანთი] მეთაურების საშუალებით გადაეცა"[16] რა თქმა უნდა, ასე მოქმედება ბევრად მარტივი იყო, ვინაიდან მოქირავნეთა მეთაურებმა იცოდნენ როგორც საკუთარი ხალხის, ასევე დამქირავებლის ენა. თუმცა ხდებოდა შემთხვევები, როდესაც უნებლიედ თუ განზრახ, მოქირავნეთა მეთაურები, თავიანთ ხალხს, არასწორ მითითებებს გადასცემდნენ, რასაც დიდი არეულობა მოჰყვებოდა მთელს არმიაში და მისი მოწესრიგება, რიგ შემთხვევაში, შეუძლებელი ხდებოდა.[17]     
    ჰანიბალის არმიაში ვხედავთ ლიბიელებს, მავრებსა და ნუმიდიელებს ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიიდან, ასევე იბერებს, კელტიბერებსა და ლუზიტანელებს პირენეის ნახევარკუნძულიდან, მეშურდულეებს ბალეარის კუნძულებიდან, გალებს, ოსკებს, ლიგურიელებსა და სხვა ლათინებს.[18] დაწვრილებით, მათი ტაქტიკისა და შეიარაღების შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ.[19]    
30a833028c59ac7c6262b1e16085c284.jpg კელტიბერი ქვეითები და რომაელი ტყვე (ანგუს მაკბრაიდის ნახატი) სამწუხაროდ, უცნობია, ზუსტად  რამდენს უხდიდნენ მოქირავნეებს კართაგენში.  სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორი დექსტერ ჰოიოსი მოქირავნეთა ომის აღწერისას, ცდილობს გამოიანგარიშოს კართაგენის ვალი მოქირავნეთა წინაშე. ჰოიოსი ბერძნული გადახდის სისტემას ეყრდნობა და ფიქრობს რომ, დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთშიც, მიახლოებით მსგავსი სისტემა უნდა არსებულიყო. ძვ.წ. III საუკუნის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, დაქირავებული ქვეითი მეომრებისთვის, ორი სახის გადასახადი არსებობდა: opsonion და sitarchia. Opsonion 8 ობოლს შეადგენდა და 1,3 ატიკურ დრაქმას უდრიდა,[20] რომელსაც ჯარისკაცს ყოველდღიურად უხდიდნენ. რაც შეეხება sitarchia-ს, ისიც ყოველდღიური გადასახადი იყო და შეადგენდა საკვები რაციონისა და ფულის ნაზავს: დღიურ საკვებ რაციონს ემატებოდა დაახლოებით 3-3,3 ობოლი. მეთაურები და მხედრები უფრო მეტს იღებდნენ.[21]        
  რა თქმა უნდა, ეს არ ასახავს კართაგენელთა მოქირავნეთათვის გადახდის სისტემის ზუსტ ციფრებს, თუმცა დიდი სხვაობა ბერძნებისა და ანტიკური ეპოქის სხვა ხალხების საგადასახადო სისტემებს შორის, არ უნდა ყოფილიყო. აქედან კი, ნათლად ჩანს, თუ რა ძვირი ჯდებოდა ათასობით მოქირავნის შენახვა, მთელი სამხედრო კამპანიის განმავლობაში.             

 

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
I. 2. მოქირავნეთა ომი (ძვ. 240-238 წწ.)    
 იმ საფრთხის უკეთ გასაგებად, რაც მოქირავნეთათვის ჯამაგირის გადაუხდელობას მოჰყვება, მშვენიერი მაგალითია, მოქირავნეთა ომის ან ლიბიის ომის სახელით ცნობილი აჯანყება, რომელიც პირველი პუნიკური ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. ომის შემდეგ, კუნძულ სიცილიაზე, კართაგენელთა მოქირავნეები იმყოფებოდნენ, თუმცა რომის რესპუბლიკასთან ზავის თანახმად, პუნები იძულებულები იყვნენ, მათი დროშის ქვეშ მომსახურე ყველა ჯარისკაცი, კუნძულიდან გაეყვანათ. უზარმაზარი ჯარი, სიცილიიდან აფრიკაში უნდა დაებრუნებინათ და მათთვის კოლოსალური თანხა - 26 მილიონი დრაქმა გადაეხადათ.[22] კართაგენი სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, მათ რომისათვის სოლიდური რეპარაცია ჰქონდათ გადასახდელი[23], ამიტომ, ყველაზე კარგ გამოსვლად ჩაითვალა ლილიბეუმიდან[24] აფრიკაში ჯარების ნაწილ-ნაწილ გადმოყვანა, რითაც კართაგენელებს საშუალება მიეცემოდათ მოქირავნეთა ვალი, თანდათანობით დაეფარათ. თუმცა, სიტუაცია გამწვავდა, როდესაც მოქირავნეებმა კართაგენში მოიყარეს თავი. კართაგენის ხელისუფლება მიხვდა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, ქალაქში სიტუაციის გაკონტროლება შეუძლებელი გახდებოდა. ამიტომ მოქირავნეებს შესთავაზეს ქალაქ სიკაში[25] გადაბარგებულიყვნენ და იქ დალოდებოდნენ თავიანთ ჯამაგირს.[26] სიკაში მოქირავნეები საკუთარი თავის ბატონ-პატრონებად გრძნობდნენ თავს, მათ ახლიდან დათვალეს ვალი და კართაგენის ხელისუფლებას, რეალურზე მეტი მოსთხოვეს. 
kartageneli%2Bqveitebi.%2B%25D0%2590.%2B კართაგენელი ქვეითების შეტევა (ა. კარაშუკის ნახატი)

1500899_532209970208158_943517456_o.jpg კართაგენელი ქვეითები (ჯუზეპე რავას ნახატი)    სიტუაცია წინ არ იძვროდა, ხელისუფლებასა და მოქირავნეებს შორის ვერ ხერხდებოდა ჯამაგირზე შეთანხმება. განრისხებულმა მოქირავნეებმა სიკადან, თანამედროვე ტუნისის მახლობლად გადაინაცვლეს, რომელიც კართგენიდან 21 კილომეტრით იყო დაშორებული და იქ ბანაკი დასცეს. პოლიბიოსის ცნობით, მოქირავნეთა რაოდენობა 20,000-ს აჭარბებდა.[27] ჩემი აზრით, გამოსაყოფია კართგენელთა ორი შეცდომა: პირველი ის, რომ მათ ყველანაირად უნდა ეცადათ, რომ უკმაყოფილო მოქირავნეთა ასეთ დიდ რაოდენობას, ერთ ადგილზე არ მოეყარა თავი. მეორე კი, ქალაქის ხელისუფლებას არ უნდა გაეშვა კართაგენში მყოფი მოქირავნეთა ცოლები და შვილები, რომლებიც მათ მოლაპარაკებების წარმოების საშუალებას მისცემდა.        
     სიტუაციის გამოსასწორებლად და მოლაპარაკებების საწარმოებლად, ლილიბეუმიდან გესკონი მოიწვიეს, რომელიც ომის დასრულებამდე ლილიბეუმს იცავდა  და მოქირავნეები მას ენდობოდნენ. გესკონმა დაიწყო ფულის დარიგება, თუმცა ამბოხებულთა რიგებში იყვნენ ისეთები, ვისაც არ სურდა კართაგენთან მშვიდობიანად დაესრულებინა საქმე. ერთ-ერთი მათგანი იყო რომაელთაგან გამოქცეული კამპანიელი მონა სპენდიუსი, რომელიც შიშობდა, რომ მას უკან, რომში დააბრუნებდნენ, სადაც მტკივნეული და სამარცხვინო სიკვდილი ელოდა. ამიტომ ყველანაირად ცდილობდა, სიტუაცია უფრო გაემწვავებინა. სპენდიუსთან ერთად, აქტიურობდა ლიბიელი მათოსიც. ის ფიქრობდა, რომ როდესაც მოქირავნეები დაიშლებოდნენ, კართაგენელები თავხედობისთვის იმათ დასჯიდა, ვისი სამშობლოც აფრიკა იყო, ამ შემთხვევაში - ლიბიელებს. სპენდიუსს და მათოსს ბევრი მომხრე გამოუჩნდათ და ქვებით ქოლავდნენ მას, ვინც საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამდა.[28] მეთაურებად არჩეულმა სპენდიუსმა და მათოსმა არ დააყოვნეს და გესკონი და მისი მხლებლები დაატყვევეს, ხოლო თანხის დარიგებას თვითონვე შეუდგნენ, რითაც კიდევ უფრო აიმაღლეს ავტორიტეტი[29]. ახლა, ამბოხებულები უკვე ღია ომში აღმოჩდნენ კართაგენთან და სასწრაფოდ სჭირდებოდათ მოკავშირე, რომელიც მალევე გამოჩნდა, რაშიც დიდწილად თვითონ კართაგენელები იყვნენ დამნაშავეები. საქმე ის გახლავთ, რომ კართაგენელებმა ომის დასაფინანსებლად, მათი მმართველობის ქვეშ მყოფ ლიბიელებს მძიმე გადასახადები შეაწერეს. ასევე, ართმევდნენ მოსავლის ნახევარსაც.[30] როდესაც სპენდიუსმა და მათოსმა ლიბიაში ელჩები გაგზავნეს, „...თითქმის ყველა ლიბიელი გამოეხმაურა მათ თხოვნას დახმარებაზე კართაგენის წინააღმდეგ და გულუხვად აწვდიდნენ, როგორც საჭირო სანოვაგეს, ასევე დამხმარე რაზმებს."[31] ამბოხებულ მოქირავნეებს, ლიბიელებიც შეუერთდნენ, რომელთა რაოდენობაც, პოლიბიოსის გადმოცემით  70,000-მდე უნდა ყოფილიყო.[32] ხოლო, მთლიანად ამბოხებულთა რაოდენობა ჰოიოსის აზრით 90,000-მდე იქნებოდა.[33]  

ძვ.წ. 240 წელს ომი დაიწყო. iberian%2Binfantry.bmp იბერი (ესპანელი) ქვეითი  თუ კართაგენი პირველ პუნიკურ ომში  სიცილიისთვის იბრძოდა, ახლა მას გადარჩენისთვის უნდა ებრძოლა. ომმა ისეთი სახე მიიღო, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისი მშვიდობით, ზავით დასრულება. პუნები სრულიად მოუმზადებლები იყვნენ ამ ომისთვის. პირველმა პუნიკურმა ომმა კართაგენი გამოფიტა. აღარ ჰქონდათ ფინანსები, რომაელებთან მრავალ საზღვაო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ცოტა გემი თუ მოიძებნებოდა, რომელიც მწყობრში იყო. ასევე მათ არ ჰქონდათ  მოკავშირის გაჩენის იმედი. ვინაიდან კართაგენის ძირითად სამხედრო პოტენციალს მოქირავნეები წარმოადგენდნენ, არმიაც ფაქტობრივად აღარ ჰყავდათ.   
   კართაგენელებს ისღა დარჩენოდათ,  მოქალაქეთაგან შეექმნათ ახალ რაზმები. ასევე შეძლეს მცირე თანხის მოძიება მოქირავნეებისთვის და დაზიანებული გემების შესაკეთებლად. მეთაურად ჰანონი დანიშნეს. მისი მთავარსარდლობა არ აღმოჩნდა წარმატებული და სანამ მას მთავარსარდლობას ჩამოართმევდნენ, ჰამილკარ ბარკას 10,000 მეომარი და 70 სპილო ჩააბარეს.[34] ჰამილკარმა კარგად დაიწყო მოქირავნეთა წინააღმდეგ ომი, და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა ბაგრადის მდინარესთან, სადაც მოწინააღმდეგემ 8,000 კაციანი დანაკარგი განიცადა.[35] თუმცა ეს არ იყო საკმარისი ომის დასრულებისთვის და ძალიან დიდ საფრთხეში აღმოჩნდებოდა კართაგენი, რომ არა ნუმიდიელი მხედართმთავრის ნარავასის კართაგენელთა მხარეს გადმოსვლა. ის თავიდან ამბოხებულთა მხარეს იბრძოდა და ჰამილკარით აღფრთოვანებულმა 2,000 ნუმიდიელი მხედრით პუნების მხარე დაიჭირა. ამ მოვლენამ კართაგენელთა საბოლოო გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.[36] მანამდე კი, სიტუაცია რთულდებოდა. კუნძული სარდინია, რომელსაც კართაგენი სამი საუკუნის განმავლობაში ფლობდა - აჯანყდა. ასევე პუნური ქალაქები ჰიპაკრა და უტიკა გადავიდნენ ამბოხებულთა მხარეს. ამ რთულ სიტუაციაში, კართაგენს დახმარების ხელი, სირაკუზის მმართველმა, ჰიერონმა გაუწია და სანოვაგით მოამარაგა პუნები. სავარაუდოდ, ჰიერონს არ აწყობდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დარღვეულიყო ის ძალთა ბალანსი, რომელსაც კართაგენი და რომი წარმოადგენდნენ.  
numidians.jpg ნუმიდიელი მხედრები (ა. ავერიანის ნახატი)
  ჰანონსა და ჰამილკარს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, რომლიდანაც გამარჯვებული ეს უკანასკნელი გამოვიდა და ის მთლიანი სამხედრო ძალების მეთაურად აირჩიეს.[37] ძვ.წ. 238 წელს ჰამილკარმა შეძლო და ამბოხებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ერთ-ერთ ხეობაში გამოკეტა, სადაც შიმშილით გატანჯული მეამბოხეები კანიბალიზმზე გადავიდნენ. ჰამილკარმა მასთან მოლაპარაკებებზე მისული სპენდიუსი   და სხვა მეთაურები დაატყვევა, შემდეგ კი, შიმშილისგან დაუძლურებული 40,000 ამბოხებული ამოხოცა, მეთაურები კი ჯვარს აცვა.[38] მოქირავნეებმა მძიმე დარტყმის შემდეგ მაინც შეძლეს და დაამარცხეს ჰანიბალი[39], მათოსმა კი ის იმავე ჯვარზე გააკრა, რომელზეც სპენდიუსი აცვეს. რეალურად, მოქირავნეთა საქმე უკვე წასული იყო. ჰამილკარი და ჰანონი შერიგდნენ და ერთობლივი ძალებით დაამარცხეს, მოქირავნეთა უკანასკნელი ძალები, ასევე დანებდნენ უტიკა და ჰიპაკრა. ყველა ტყვე ჯვარზე აცვეს გარდა მათოსისა, რომელიც ქალაქში გამარჯვების აღსანიშნავ ტრიუმფზე გამოიყვანეს და საჯაროდ აწამეს.[40] ეს ომი ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორი სიფრთხილე მართებს სახელმწიფოს მოქირავნეთა მიმართ და მათთვის დანაპირების შეუსრულებლობას შესაძლოა სახელმწიფოს სრული განადგურება მოჰყვეს.

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
II. ჰანიბალის არმია
  ჰანიბალის არმიის შემადგენლობის ძირითად ბირთვს მოქირავნეები და კართაგენის დაქვემდებარებაში მყოფი მოკავშირეები წარმოადგენდნენ, თუმცა იყვნენ ასევე კართაგენის მოქალაქეებიც. ჰანიბალის არმიაში, მეორე პუნიკური ომის განმავლობაში, სხვადასხვა ხალხი და საბრძოლო ერთეული მსახურობდა. ქვემოთ ვისაუბრებთ ჰანიბალის ჯარის სამხედრო პოტეციალზე, აღჭურვილობაზე, ტაქტიკაზე, ორგანიზებასა და მათ შეტანილ წვლილზე საომარ მოქმედებებში. 

II.1. ჰანიბალის სამხედრო პოტენციალი
 მეორე პუნიკური ომის დაწყებამდე, კართაგენი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო, როგორც ფინანსურად, ასევე სამხედრო პოტენციალითაც. რაც ჯერ ჰამილკარის, ჰასდრუბალისა და შემდეგ, ჰანიბალის აქტიური პოლიტიკის დამსახურებაა. საგუნტუმის[41] ალყისა (ძვ.წ. 219-218 წწ.) და ომის გამოცხადების შემდეგ, ჰანიბალმა გამოსაზამთრებლად ახალ კართაგენს[42] მიაშურა, სადაც ომისთვის სამზადისს შეუდგა. ჰანიბალის აზრით, სანამ თვითონ, ალპების გავლით იტალიაში შეაღწევდა, რომაელებს ესპანეთზე და აფრიკაზე უნდა მიეტანათ იერიში. ამიტომ საჭიროდ ჩათვალა ესპანეთში და აფრიკაში ძლიერი გარნიზონები დაეყენებინა.[43] პოლიბიოსი მოგვითხრობს თუ როგორ გადაანაწილა ჰანიბალმა ჯარები ესპანეთისა და აფრიკის დასაცავად. ამ მოქმედებაში ჰანიბალის გამჭრიახობაა შეიძლება დავინახოთ. მან აფრიკელი მეომრები ესპანეთში გაამწესა, ხოლო ესპანელები აფრიკაში, რითაც თავიდან აირიდებდა მათ ამბოხს და ეს ჯარისკაცები ერთგვარ მძევლებად აქცია.[44] რაც შეეხება მათ რაოდენობას, პოლიბიოსი ზედმიწევნით ზუსტ რიცხვები გვისახელებს და დასძენს, რომ ეს გამოანგარიშება თვითონ ჰანიბალის მიერ არის გაკეთებული სპილენძის ფირფიტაზე, რომელიც ლაცინიუმის კონცხზე იპოვეს.[45] ფირფიტის მიხედვით, ჰანიბალმა აფრიკაში ტერისტები, მასტიანები, ორეტები და ოლკედები[46] გაგზავნა, რომელთაგანაც 1,200 მხედარი იყო, 13,850 კი ქვეითი. ასევე აფრიკაში გაიგზავნა 870 მეშურდულე ბალეარის კუნძულებიდან. ძირითადად ეს გარნიზონი ლიბიაში განლაგდა. ასევე დედაქალაქში, კართაგენში გაიგზავნა 4,000 ლიბიელი, რომლებიც, როგორც ქალაქის დამცველების, ასევე მძევლების როლს შეასრულებდნენ. რაც შეეხება ესპანეთს, ჰანიბალმა აქ მეთაურად თავისი ძმა, ჰასდრუბალი დატოვა, რომელსაც 60-მდე გემი დაუტოვა. კავალერიის შემადგენლობა შემდეგნაირი იყო: 450 ფინიკო-ლიბიელი და ლიბიელი, 300 ილერგეტი[47] და 1,800 ნუმიდიელი. რაც შეეხება ქვეითებს, ჰანიბალმა თავის ძმას 11,850 ლიბიელი, 300 ლიგურიელი და 500 ბალეარელი მეშურდულე. ასევე ჰასდრუბალის განკარგულებაში აღმოჩნდა 21 სპილო.[48] 
Tunisie_Carthage_Ruines_08.JPG კართაგენის ნაშთები, თანამედროვე ქალაქ ტუნისის ტერიტორიაზე

carthage01.jpg ქალაქი კართაგენი (თანამედროვე რეკონსტრუქცია)
ასე გამოდის, რომ აფრიკის დასაცავად, ჰანიბალმა 19,920 ჯარისკაცი დატოვა, ხოლო ესპანეთისთვის - 15,200. რაც შეეხება ჰანიბალის დაქვემდებარებაში მყოფ არმიას, პოლიბიოსი, ლივიუსი და აპიანე, ერთხმად თანხმდებიან, რომ 90,000-მდე ქვეითისა და დაახლოებით 12,000 ცხენოსნისაგან შედგებოდა. ასევე აპიანეს ცნობით, ჰანიბალს, 37 საბრძოლო სპილო ჰყავდა თან.[49] სამწუხაროდ არცერთი ანტიკური ისტორიკოსი ჯარისკაცთა ეროვნებაზე, დაწვრილებით არ გვაწვდის ცნობებს. მთლიანობაში რომ ვიანგარიშოთ, კართაგენსს ომის დასაწყისისთვის, მზადყოფნაში ჰყავდა 137,120 მეომარი, რომელთაგანაც 102,000 იტალიაში მიემართებოდა. ციფრები რა თქმა უნდა შთამბეჭდავია და ხაზს უსვამს ჰანიბალის დიდ სამხედრო პოტენციალს. თუმცა, მეორე მხრივ, სამხედრო ისტორიკოსთა კვლევებისაგან, ჩვენ ვიცით რომ ანტიკურ ხანაში ასეთი რიცხოვნობის არმიების, მოძრაობა, კომუნიკაცია,  მომარაგება და მართვა, განსაკუთრებით რთული იყო და ხშირად წამგებიანიც. ამაზე წარმოდგენა ანტიკურ ავტორებსაც ჰქონდათ. ანტიკური ისტორიკოსი, პირველ რიგში, არის მწერალი, რომელმაც თავშესაქცევი, საინტერესო ამბავი უნდა გადმოსცეს. ამას კი თან მრავალი უზუსტობაც ახლავს. განსაკუთრებით რიცხვებთან დაკავშირებით. მეტი ეფექტისა და მნიშვნელობისთვის, ისინი ხშირად ზრდიდნენ ან საერთოდაც, იგონებდნენ რიცხვებს, რომლებზეც წარმოდგენა არც კი ჰქონდათ. იშვიათი გამონაკლისია, თუნდაც, პოლიბიოსი, ბერძენი ჯარისკაცი და სციპიონ აფრიკელის თანამედროვე, რომლის თხზულებაც პუნიკური ომების ყველაზე ზუსტი წყაროა. მასთან შედარებით, ლივიუსი და აპიანე გაცილებით დაშორებულია რეალობას იმ საკითხებში, რომლებშიც ისევ პოლიბიოსს ეყრდნობიან. შესაბამისად, ჩვენ სიფრთხილე გვმართებს იმ რიცხვებთან დაკავშირებით, რომელთაც ეს ავტორები გვაწვდიან და მათ კრიტიკულად უნდა მივუდგეთ, ეპოქის მახასიათებლებისა და გეოგრაფიული თავისებურებების მიხედვით.[50]
 

legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
II. 2. საბრძოლო სპილოები
  სპილო ერთ-ერთი იმ ცხოველთაგანია, რომელსაც ადამიანები, სამხედრო საქმეში აქტიურად იყენებდა, როგორც იარაღს. ჩვენ ცხენს ვერ ვუწოდებთ მებრძოლს, მისი დანიშნულება, მხოლოდ მებრძოლის სწრაფად გადაადგილების უზრუნველყოფა იყო, ხოლო სპილოები კი ცოცხალი ტანკები იყვნენ, რომლებიც მოწინააღმდეგეთა ასობით მებრძოლს თელავდნენ.[51]             
  არსენ გვიმრაძის აზრით, საბრძოლო სპილოების გამოყენება ბრძოლის ველზე ჰანიბალის ინოვაცია იყო,[52] თუმცა მრავალი წყარო გაგვაჩნია, რომ არა მხოლოდ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, არამედ, კართაგენშიც იყენებდნენ ჰანიბალამდე საბრძოლო სპილოებს. სექსტუს იულიუს ფრონტინუსი მოგვითხრობს: „ლაკედემონელმა ქსანთიპუსმა[53], რომელიც შეშფოთებულმა კართაგენელებმა დაიქირავეს, ერთი მოქმედებით შეცვალა პუნიკური ომის მიმდინარეობა. მან შენიშნა, რომ აფრიკელები მძლავრი კავალერიით და სპილოებით მთებში იყვნენ გამაგრებულნი, ხოლო ქვეითი ჯარით ძლიერი რომაელები, ველზე დაბანაკდნენ. [ქსანთიპუსმა] პუნები ბარში ჩამოიყვანა, სპილოების მეშვეობით არია რომაელთა რიგები და შემდეგ ნუმიდიური კავალერიით დაედევნა უკან. მან გაანადგურა რომაელთა არმია, რომელიც აქამდე, ხმელეთზეც და ზღვაზეც, დაუმარცხებელი იყო."[54] ფრონტინუსი პირველი პუნიკური ომის შესახებ საუბრობს და ნათლად ჩანს, რომ ჰანიბალი არა მსოფლიოში, არამედ კართაგენშიც არ იყო ნოვატორი საბრძოლო სპილოების გამოყენების მხრივ. კართაგენელებს პირველი შეხება საბრძოლო სპილოებთან, ძვ.წ. 278-276 წლებში უნდა ჰქონოდათ პიროსის[55] წინააღმდეგ ბრძოლისას კუნძულ სიცილიაზე. შემდეგ კი მიხვდნენ, რომ მათაც შეეძლოთ მოეთვინიერებინათ აფრიკული ტყის სპილოები, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში მრავლად ბინადრობდნენ. ძალიან მალე, კართაგენს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საბრძოლო სპილოების კორპუსი გააჩნდა მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში. [56]          
   როგორც ზემოთ ითქვა, ჰანიბალსაც ჰყავდა არმიაში სპილოები. ალპების გადალახვის შემდეგ, მდინარე ტრებიასთან ბრძოლაში (ძვ.წ. 218), რომაელებს, გადამწყვეტი დარტყმა, სწორედ სპილოების დახმარებით მიაყენა და ბრძოლა პუნთა სასიკეთოდ დაასრულა.[57]                       Karthagen_Elephant.jpg აფრიკული საბრძოლო სპილო  
122ebb9a00b005b09cf4be2f5878d5da.jpg კართაგენელები ალპებში (ანგუს მაკბრაიდის ნახატი) სპილოებს ბრძოლის ველზე სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდათ იქნებოდა ეს მტრის დაშინება თუ მოწინააღმდეგის საბრძოლო წყობის დაშლა. რა თქმა უნდა სპილოს გამოყენებას ბრძოლის ველზე თავისი ნაკლიც გააჩნდა, რადგანაც ეს ცხოველი ზედმეტად მგრძნობიარეა და მარტივად შეიძლება მისი გაღიზიანება, რაც რიგ შემთხვევებში სავალალო შედეგი ჰქონდა, როგორც სპილოსთვის, ასევე იმ არმიისთვის, რომლის რიგებშიც ეს სპილო იბრძოდა. ამის ნათელი მაგალითია, ლუციუს მეტელუსის[58] მოქმედება პირველ პუნიკურ ომში ჰასდრუბალის წინააღმდეგ, პანორმუსის ბრძოლაში (ძვ.წ. 251 წ.), როდესაც მან მოახერხა გაეღიზიანებინა მოწინააღმდეგის სპილოები, ამ უკანასკნელებმა კი, თავიანთი რიგებისკენ გასწიეს და დიდი ზიანი მიაყენეს კართაგენელებს.[59]   
  სპილო მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში შევიდა, როგორც მძლავრი სამხედრო ერთეული, რომელსაც დიდი ზიანის მიყენება შეეძლო მოწინააღმდეგისთვის. მიუხედავად ამისა, სპილოები კართაგენის არმიის ძირითად დასაყრდენს არ წარმოადგენდა.     

legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
II. 3. კავალერია  
  უძველესი დროიდან XX საუკუნის პირველ ნახევრამდე, კავალერია არმიის ერთ-ერთ მთავარ შენაერთს წარმოადგენდა და მათი დროული და სწრაფი მოქმედების გამო, მრავალი ბრძოლის ბედი გადაწყვეტილა. ჰანიბალი აქტიურად იყენებდა ცხენოსნებს, რომლებიც ძირითადად ნუმიდიელებისა და იბერებისგან შედგებოდნენ.   
   ნუმიდიელები ჩრდილოეთ აფრიკის სხვადასხვა ტომის საერთო სახელწოდება იყო, ეს სახელი მათ ბერძნებმა და რომაელებმა შეარქვეს და მომთაბარეებს (Νομάδες, Numidae) ნიშნავს. ნუმიდიელები შესანიშნავი ცხენოსნები იყვნენ. ისინი ადრეული ასაკიდანვე ჯირითობდნენ. ნუმიდიური კავალერია ძალზედ მსუბუქი და მობილური იყო. მხედრები არ იყენებდნენ არანაირ აღვირს, ლაგამსა თუ უნაგირს და ცხენს მხოლოდ შეძახილითა თუ მათრახით მართავდნენ.[60]
  მათ ძირითად შეიარაღება მსუბუქი შუბები და ხელშუბები უნდა ყოფილიყო, თუმცა, სავარაუდოთ, მხედრებს, მცირე ზომის ხმლები ან ხელჩართული ბრძოლის რომელიმე სხვა სახის იარაღიც უნდა ჰქონოდათ. ტიტუს ლივიუსი, კანეს ბრძოლის (ძვ.წ. 216 წ.) აღწერისას, მოგვითხრობს რომ, ჰანიბალმა რომაელთა რიგებში 500 ნუმიდიელი მხედარი გაგზავნა, რომლებიც რომაელებს „ტყვედ" ჩაბარდნენ. რომაელებმა ნუმიდიელები ჩამოაქვეითეს, განაიარაღეს და მწყობრის ზურგში დააყენეს. როდესაც ბრძოლა გაჩაღდა, ნუმიდიელებმა საგანგებოდ დამალული ხანჯლები იშიშვლეს და რომაელებს ზურგიდან შეუტიეს.[61] პუნიკურ ომებში, არ ვხდვებით იმ ფაქტს, რომ ნუმიდიელები მშვილდს იყენებდნენ. თუმცა კეისართან, რომელიც ბელგების წინააღმდეგ ომს აღწერს (ძვ.წ. 57 წ.), კრეტელ მშვილდოსნებთან და ბალეარელ მეშურდულეებთან ერთად, ნუმიდიელი მშვილდოსნებიცაა დასახელებული.[62] მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ პუნიკურ ომებსა და კეისრის გალიის კამპანიას შორის (ძვ.წ. 58-52 წწ.) დროის დიდი ინტერვალია და შესაძლოა ნუმიდიელებმა, ეს იარაღი, შემდგომ პერიოდში აითვისეს.    ნუმიდიური კავალერია, ჰანიბალმა მეორე პუნიკურ ომში, ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში გამოიყენა. ასევე აფრიკელი მხედრები შესანიშნავად გამოდგებოდნენ, როგორც მოწინააღმდეგის პოზიციის დასაზვერვად, ასევე მტერზე მცირე თავდასხმების მოსაწყობად, რაც ნუმიდიელი მხედრების ცხენზე ჯირითის ოსტატობისა და მათი წარმოუდგენელი მობილურობის დამსახურება იყო.         
8ce944b25249fe2971cb56f0ec75f11c.jpg იბერი ხინეტები მხედრები რომაელი მხედრის წინააღმდეგ
  რაც შეეხება იბერიულ კავალერიას,  იგივე ხინეტებს, მათ მცირე დიამეტრის ფარები და გრძელი შუბები ჰქონდათ, გრძელი ფოთლისებური ბუნიკით. ასევე მათ შეიარაღებაში შედიოდა ხელშუბებიც.[63] ესპანეთი განთქმული იყო ცხენების მოშენებითა და ესპანური ცხენი შეჩვეული იყო რთულ რელიეფურ პირობებს. ამის წყალობით ხინეტები არ ჩამოუვარდებოდნენ ნუმიდიურ კავალერიას მანევრირებასა და ოსტატობაში. თუმცა აფრიკელთაგან განსხვავებით, ხინეტები ჰანიბალის არმიაში მძიმე კავალერიის სახით გამოიყენებოდა.[64]    
  
ნუმიდიელების და ესპანელების გარდა, ჰანიბალი აქტიურად იყენებდა გალ და კელტ-იბერ მხედრებს რომაელთა წინააღმდეგ. კელტების მთავარ ძალას ყოველთვის ქვეითი ჯარი წარმოადგენდა, თუმცა ცხენი, კელტების ცხოვრებაში, საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა. ეს ცხოველი მზის ღმერთთან ასოცირდებოდა და მას ხშირად გამოსახავდნენ, როგორც მხედარს, რომელსაც ხელში მეხი უჭირავს, როგორც შუბი და მზის დისკო, როგორც ფარი.[65] კელტ ცხენოსნებს გრძელი მახვილები ჰქონდათ, რომლებსაც როგორც ლივიუსი გვეუბნება მომრგვალებული წვერი ჰქონდა.[66]მხედრები ასევე მრგვალი ფარებითა და გრძელი შუბებით იყვნენ აღჭურვილნი.[67]

legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
III. რომის არმია
  ჰანიბალის სამხედრო ძალაზე უკეთესი წარმოდგენა რომ შეგვექმნას, აუცილებელია მიმოვიხილოთ რომის არმია და მისი სამხედრო პოტენციალი, რაც საშუალებას მოგვცემს განსხვავება დავინახოთ ამ ორ ძალას შორის. საბოლოო ჯამში, ეს დაგვეხმარება, სხვა ფაქტორებთან ერთად, ვიმსჯელოთ იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია მეორე პუნიკური ომის საწყის ეტაპზე ჰანიბალის წარმატება  და რა იყო იმის მიზეზი, რომ რომის რესპუბლიკამ, ამ დაპირისპირებაში, გარდატეხის შეტანა მოახერხა და ომი თავისდა სასიკეთოთ დაასრულა.             
 კართაგენისგან განსხვავებით, რომის რესპუბლიკის მთავარ დასაყრდენს არა მოქირავნეები, არამედ მოქალაქეთაგან შემდგარი არმია წარმოადგენდა. რომაული არმია ლეგიონებად იყოფოდა, რომელშიც პოლიბიოსის გადმოცემით 4,200, კრიტიკულ სიტუაციაში კი  5,000-მდე ქვეითი მსახურობდა. ასევე ლეგიონის შემადგენლობაში 300 მხედარი ირიცხებოდა.[75]
 ლეგიონი სამი ელემენტისგან შედგებოდა: მსუბუქი ქვეითები - ველიტები (Velites), მძიმე ქვეითები - ჰასტატები (Hastati), პრინციპები (Principes),ტრიარები (Triarii) და კავალერია - ეკვიტები (Equites). ყველაზე პრესტიჟულ დანაყოფს ეკვიტები წარმოადგენდნენ. ეკვიტები ანუ მხედრები რომაული საზოგადოების ცალკე ფენასაც წარმოადგენდნენ და პლებსსა და პატრიციებს შორის იდგნენ. მრავალი პოლიტიკური მოღვაწე, თავის სამხედრო კარიერას სწორედ კავალერიაში მსახურობით იწყებდა. თითოეულ ლეგიონს 300 მხედარი ჰყავდა, რომლებიც 10 ტურმაში (Turma)იყვნენ გადანაწილებულნი, თითოეულ ტურმაში 30 მხედარი იყო, რომელსაც 3 დეკურიონი ხელმძღვანელობდა. მხედრები მრგვალ ფარებს, ბრინჯაოს მუზარადსა და აბჯარს ატარებდნენ. რაც შეეხება იარაღს, ცხენოსანი შეიარაღებული იყო გრძელი მახვილით, რომელსაც სპათა (Spatha) ეწოდებოდა. ასევე მას ჰქონდა ერთი ან მეტი ხელშუბი.[76]             
ANcyO.jpg რომაელი პრინციპი (უკან მარცხნივ), ჰასტატი (უკან მარჯვნივ), ველიტი (წინ)   4,200 ქვეითისაგან 3,000 მეომარი მძიმედ იყო აღჭურვილი, ხოლო დანარჩენი 1,200 - მსუბუქი ველიტები იყვნენ. მძიმე ქვეითები მანიპულებად იყოფოდნენ, თითოეული საბრძოლო ერთეული ათ მანიპულს ქმნიდა. ჰასტატებისა და პრინციპების თითოეული მანიპული 120 მეომრისგან შედგებოდა, ხოლო ტრიარებისა - 60 მეომრისგან.[77] მძიმე ქვეითების ყველაზე ახალგაზრდა და გამოუცდელ ნაწილს ჰასტატები წარმოადგენდნენ, რომლებიც ყოველთვის წინა ხაზზე იბრძოდნენ. მეორე ხაზი პრინციპებისგან შედგებოდა, რომელთაც უკვე გადაებიჯებინათ ყმაწვილობის ასაკიდან. მესამე ხაზი კი ვეტერანი ტრიარებისგან ეწყობოდა. ყოველი მათგანი აღჭურვილი იყო ოვალური დიდი ფარით, იგივე სკუტუმით და ბრინჯაოს მუზარადით. მდიდარი მეომრები ფირფიტოვანი აბჯარით (Lorica Segmentata) ან ჯაჭვით იყვნენ შემოსილნი. ლეგიონერის მთავარი იარაღი გახლდათ ესპანური მახვილი გლადიუსი.[78] ტრიარები გრძელი, ბერძნული შუბებით იყვნენ შეიარაღებულნი, ხოლო წინა ორი ხაზი, ჰასტატები და პრინციპებიპილუმებით,[79] რომლებსაც სატყორცნად იყენებდნენ.[80] რაც შეეხება მსუბუქ ქვეითებს - ველიტებს, ისინი ყველაზე ღარიბი მოქალაქეებისგან შემდგარი დანაყოფი იყო, ან კიდევ, იმ მეომრებისგან ივსებოდა, რომელთაც ჯერ ასაკი არ უწყობდათ ხელს ჰასტატების რიგებში მოხვედრილიყვნენ. ველიტები პატარა მრგვალ ფარებით, ხელშუბების კონითა და რიგ შემთხვევაში, გლადიუსითაც იყვნენ აღჭურვილნი. მათ ჯავშანი არ გააჩნდათ, ხოლო მუზარადის მაგივრობას, რომელიმე ცხოველის ტყავი უწევდათ. სავარაუდოდ, ველიტები არ იყოფოდნენ რაიმე ფორმირებულ დაჯგუფებებად და მათი ამოცანა, კავალერიისა და მძიმე ქვეითების დახმარება იყო.[81]                 
roman%2Barmy%2Bformation.bmp რომაელ ქვეითთა სამრიგიანი წყობა roman%2Bcommanders.bmp რომაელი მხედართმთავრები (წინ), სიგნიფერი ანუ ლეგიონის ნიშნის მპყრობელი (უკან)
  როგორც ვხედავთ, რომაელთა არმია ბევრად უფრო ორგანიზებული და მოწესრიგებული იყო, ვიდრე - კართაგენელების, რომელთაც არანაირი კონკრეტული სამხედრო სისტემა არ ჰქონდათ დანერგილი, რადგან მათი ჯარი სხვადასხვა სამხედრო ტაქტიკისა და შეიარაღების მქონე უცხოელი მოქირავნეებისგან შედგებოდა. რომაულ არმიაში ლეგიონების გარდა, იყვნენ ე.წ. მოკავშირეები, რომლებიც ძირითადად ლათინები იყვნენ. ასევე ჯარში მსახურობდნენ იმ ხალხებისგან შემდგარი მოქირავნეები, რომლებსაც ჰანიბალი ქირაობდა.[82]      
    მეორე პუნიკურ ომის დასაწყისში, რომაელთა სამხედრო პოტენციალზე საკმაოდ დეტალურ რიცხვებს იძლევა პოლიბიოსი. მისი გადმოცემით, რომაელ კონსულებს ოთხი ლეგიონი ჩააბარეს, თითოეული კი 5,200 ქვეითისაგან და 300 მხედრისაგან შედგებოდა. ორივე კონსულს თან ახლდა მოკავშირეთა არმია, რომელთა საერთო რაოდენობა 30,000 ქვეითსა და 2,000 მხედარს შეადგენდა. რომაელთა დასახმარებლად გამოცხადდნენ საბინები და ტირენები, რომელთა ჯარი 50,000 ქვეითისა და 4,000 ცხენოსნისაგან შედგებოდა. რომაელებმა ისინი ტირენიის საზღვრებთან დააყენეს. უმბრებისაგან, სარსინატებისგან, ვენეტებისგან და ცენომანებისგან შეიკრიბა 40,000 მეომარი, რომლებიც გალატიის საზღვართან დააყენეს. რომში, სარეზერვო ჯარის სახით, დატოვეს 20,000 რომაელი ქვეითი და 1,500 მხედარი. ქალაქის დასაცავად დარჩენილი მოკავშირეების არმია კი 30,000 ქვეითისა და 2,000 ცხენოსანს ითვლიდა.[83] რომ დავითვალოთ, საბოლოო ჯამში, რომაელებს ჰანიბალისგან თავდასაცავად მზადყოფნაში ჰყავდათ 201,500 მეომარი. რა თქმა უნდა, ეს რიცხვები საკმაოდ არარეალურად გამოიყურება და გადაჭარბებულია. თუმცა ამაზე არ ჩერდება პოლიბიოსი. მისი თქმით, იმ ხალხის საერთო რაოდენობა, რომელსაც იარაღის ხელში ჭერა შეეძლო, როგორც რომაელების, ასევე მოკავშირეების რაოდენობა დაახლოებით 700,000 ქვეითი და 70,000 ცხენოსნი იყო.[84] ეს რიცხვიც თავისთავად გადაჭარბებულია, თუმცა, რაც არ უნდა გაბერილ ცნობებს გვაწვდიდეს პოლიბიოსი, აშკარაა, რომ რომაელებს სერიოზული სამხედრო პოტენციალი ჰქონდათ, რაც იმით აიხსნება, რომ ომის საწყის ეტაპზე, ოთხ ბრძოლაში რომაელთა უმძიმესი მარცხის შემდეგ,[85] ჰანიბალმა მაინც ვერ გარისკა დედაქალაქზე გალაშქრება.[86] 
New%2BPicture%2B%25286%2529.jpg რომაელი ველიტები და პრინციპები კართაგენელთა სპილოების წინააღმდეგ
  მეორე პუნიკურ ომში, მთლიანად პროფესიონალი მოქირავნეთაგან დაკომპლექტებული ჰანიბალის არმია, კარგად ორგანიზებულ რომაულ სამხედრო ძალას დაუპირისპირდა, რომელიც საკუთარი მიწისა და სამშობლოსთვის იბრძოდა. რა თქმა უნდა, ძლიერი არმია არაფერს არ ნიშნავს, თუ მას სათანადო მხედართმთვარი არ ჰყავს. შემდეგ თავში, შევეცდებით მიმოვიხილოთ მეორე პუნიკური ომის ის სარდლები, რომლებაც გარდამტეხი როლი შეასრულეს ომის სხვადასხვა პერიოდში, როგორც კართაგენელთა, ასევე რომაელთა მხრიდან.

legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
IV. მეთაურობა  
   მეორე პუნიკურ ომში არაერთმა სარდალმა გამოიჩინა თავი, როგორც კართაგენის, ასევე რომის რესპუბლიკის მხრიდან. თუმცა, იყვნენ მხედართმთავრებიც, რომლებმაც, თავიანთი სულსწრაფობისა და უგუნურობის გამო, საფრთხის წინაშე დააყენეს თავიანთი სამშობლო. თუ პუნებს მუდმივი სარდლები ჰყავდათ, რომის შემთხვევაში ასე არ გახლდათ. რომის რესპუბლიკაში, ყოველი წლის ბოლოს, იმართებოდა არჩევნები, სადაც ორ კონსულს ირჩევდნენ ერთი წლის ვადით. კონსულები იყვნენ უმაღლესი მხედართმთავრები. გამონაკლის შემთხვევებში, ირჩევდნენ ერთ დიქტატორს. ასევე, კონსულებს ზოგჯერ უგრძელდებოდათ საკონსულო უფლებამოსილება გარკვეული დროით, პროკონსულის სტატუსით, სანამ კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად მათი მეთაურობა საჭირო იყო. ამ მხრივ, უპირატესობა კართაგენს უნდა ჰქონოდა, მაგრამ სწორედ ეს „უპირატესობა" აღმოჩნდა, კართაგენელთა მარცხის ერთ-ერთი მიზეზი. რომაელებმა, ხანგრძლივი ომის განმავლობაში, ალღო აუღეს ჰანიბალის ტაქტიკას, სტრატეგიასა და ცბიერებას, რითიც, ასე რომ ვთქვათ „ჩაახშვეს" ჰანიბალის გენიალური სამხედრო ნიჭი და ომის სადავეები თავად იგდეს ხელთ. ქვემოთ მოკლედ ვისაუბრებთ იმ სარდლების შესახებ, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მეორე პუნიკურ ომში და წარუშლელი კვალი დატოვეს ისტორიაში.                           
 
IV. 1. კართაგენელი სარდლები
  კართაგენის მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, გამოსარჩევია ჰანიბალ ბარკა, რომელიც, ანტიკური ეპოქის, ერთ-ერთ უდიდესი სტრატეგი და არა მხოლოდ მეორე პუნიკური ომის, არამედ მთლიანად კართაგენის სიმბოლოა. ჰანიბალი იმ მხედართმთავართა რიცხვში შედის, რომლის შესახებაც, მხოლოდ მისი მტრებისგან გვაქვს ცნობები. თუმცა, ანტიკური ავტორები, მაინც მოწიწებითა და აღფრთოვანებით მოიხსენიებენ მას.[87]ტიტუს ლივიუსი წერს: „არავინ იყო ჰანიბალივით უშიშარი საფრთხის ჟამს, არც არავინ იჩენდა მასსავით წინდახედულებას ყველაზე მძიმე წუთებში. არავითარ შრომას არ შეეძლო გაეტეხა იგი ფიზიკურად და სულიერად. სიცხესა და სიცივეს ერთნაირი მოთმინებით იტანდა... როგორც მხედრებს, ისე ქვეით ჯაარისკაცებს შორის ჰანიბალზე გაწაფული მეომარი არ იყო. ბრძოლაში პირველი გადაეშვებოდა, ბრძოლის ველს კი უკანასკნელი ტოვებდა." [88] ჰანიბალის მხრიდან, რომის რესპუბლიკისთვის, მიყენებული ძლიერი დარტყმის მიუხედავად, რომაელი ავტორები ივიწყებდნენ მის მიმართ ზიზღს და არ შეეძლოთ დაეფარათ მისი სიდიადე. თუმცა ლივიუსი, მისი ქების შემდეგ, იმ პიროვნულ ნაკლოვანებებზეც წერს, რომელიც ჰანიბალს გააჩნდა: „ამ დიდ ღირსებებთან ერთად, ასევე დიდი ნაკლოვანებანიც ახასიათებდა - არაადამიანური სიმკაცრე და გაუგონარი მუხანათობა. მისთვის არ არსებობდა არავითარი ჭეშმარიტება, არავითარი სიწმინდე, სრულიად არ ჰქონდა ღმერთების შიში, არაფრად უღირდა ფიცის გატეხა." [89] რიგით ადამიანზე საუბრისას, რა თქმა უნდა, ეს მახასიათებლები მის პიროვნებაზე უარყოფით შთაბეჭდილებას შეგვიქმნიდა. თუმცა, ჰანიბალის შემთხვევაში, სწორედ ამ თვისებებში შეიძლება ვეძებოთ მისი გენიალურობის ფორმულა. ომიანობის პერიოდში, ნებისმიერი მუხანათური მოქმედება, რომელიც წარმატებას მოიტანს, გასამართლებელია და იშვიათად თუ მოიძებნება მსოფლიო ისტორიაში ძლიერი მხედართმთავარი თუ მმართველი, რომელიც ჰუმანური იყო და არ ცდილობდა ნებისმიერი გზით მიეღწია საწინდარისთვის.       ჰანიბალის არმია ჭრელი იყო, თუმცა მათ ერთი რამე აერთიანებდათ. ეს იყო ჰანიბალისადმი სიყვარული და პატივისცემა. ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, ჰანიბალის არმიაში რაიმე მღელვარებას თუ არეულობას ადგილი არ ჰქონია.[90] რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გენიალურობას და ნათლად გვაჩვენებს თუ რა დონის მხედართმთავრის წინააღმდეგ უწევდა რომის რესპუბლიკას დაპირისპირება.
New%2BPicture%2B%25285%2529.bmp სციპიონისა და ჰანიბალის შეხვედრა ჰანიბალის გარდა, კართაგენელთა მხრიდან გამოსარჩევია მისი შუათანა ძმა ჰასდრუბალი, რომელსაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ[91], ესპანეთის დაცვა დაავალა. ჰასდრუბალი შესანიშნავი მხედართმთავარი იყო და ცბიერებითაც გამოირჩეოდა. როდესაც ესპანეთში სენატის გაგზავნილმა კლავდიუს ნერონმა[92] ალყაში მოაქცია ჰასდრუბალი, მან „...დაიწყო მოლაპარაკებები მოლაპარაკებები კლავდიუს ნერონთან და ჰპირდებოდა, რომ გაშვების შემთხვევაში ესპანეთს დატოვებდა. შემდეგ, როდესაც ეშმაკური მოლაპარაკებებით დრო გაჰყავდა, ნელ-ნელა პატარა რაზმებს უშვებდა ვიწრო ბილიკებით, რომელსაც მტერი არ აკონტროლებდა. საბოლოოდ კი დარჩენილ, მცირე ნაწილთან ერთად, თვითონაც ადვილად გავიდა სამშვიდობოზე." [93] როდესაც ჰასდრუბალმა ალპები გადალახა და იტალიაში შეიჭრა მისი ძმის მსგავსად, რომაელები გაორმაგებულმა შიშმა მოიცვა. ტიტუს ლივიუსის თქმით, ამ მომენტში იტალიაში ორი ჰანიბალი იმყოფებოდა.[94] კართაგენელთა სამწუხაროდ, ჰანიბალისა და ჰასდრუბალის არმიების შეერთება ვერ მოხერხდა, ჰასდრუბალი ძვ.წ. 207 წელს კონსულების მარკუს ლივიუსისა და კლავდიუს ნერონის წინააღმდეგ დამარცხდა მეტავრუსის ბრძოლაში, მან გაქცევას, გმირულად სიკვდილი ამჯობინა და თავგანწირვით ეკვეთა მტერს. ჰასდრუბალდ თავი მოკვეთეს და ჰანიბალს გაუგზავნეს.[95] რა თქმა უნდა, კართაგენს ჰყავდა სხვა მხედართმთავრებიც, მაგრამ ჰასდრუბალი ერთადერთი უნდა ყოფილიყო, რომლისაც გულწრფელად ეიმედებოდა ჰანიბალს, განსაკუთრებით კი მძიმე წუთებში.

IV. 2. რომაელი სარდლები
 მხედართმთავარი, რომელმაც თავისი მოთმინებითა და წინდახედულობით, ჰანიბალის წინააღდეგ ომში გამოირჩეოდა „რომის ფარად" წოდებული, ხუთ გზის კონსული[96]კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსია. რომელმაც მაგალითი მისცა რომაელებს, თუ როგორ უნდა ემოქმედათ პუნების წინააღმდეგ. ტრაზიმენის ტბასთნ მძიმე მარცხის შემდეგ, კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი დიქტატორად აირჩიეს.[97] ფაბიუსი უკვე ასაკში იყო და საკმაოდ გამოცდილი სარდალიც გახლდათ. იგი შესანიშნავად ხვდებოდა, რომ ჰანიბალთან დაპირისპირება ბრძოლის ველზე სახიფათო იყო და სხვა გზა უნდა გამოენახათ მის დასამარცხებლად. ფრონტინუსი წერს: „ფაბიუს მაქსიმუსმა, ჰანიბალის წინააღმდეგ ბრძოლისას, რომელიც თავისი სამხედრო წარმატებებით იყო განდიდებული, გადაწყვიტა არ ჩართულიყო გადამწყვეტ ბრძოლებში და მხოლოდ იტალიის დაცვაზე ეზრუნა. ასეთი საქციელით, მაქსიმუსმა კუნქტატორისა[98] და სრულყოფილი მხედართმთავრის წოდება დაიმსახურა."[99] ტაქტიკის მთავარი მიზანი გახლდათ, არ ჩართულიყო ჰანიბალთან გენერალურ ბრძოლაში, მაგრამ ასევე არ მიეცა მისთვის მოსვენების საშუალება. კანეს ბრძოლის გამოკლებით, რომაელთა ძირითადი მოქმედებები ჰანიბალის წინააღმდეგ ასეთი სახის გახლდათ. ფაბიუს მაქსიმუსი ვერ მოესწრო ომის დასრულებას, იგი ძვ.წ. 203 წელს ჰანიბალის იტალიიდან გაცლის შემდეგ, ავად გახდა და გარდაიცვალა.[100]      
Escipi%25C3%25B3n_africano.JPG სციპიონ აფრიკელი. რომაული ბიუსტი, ძვ.წ. I ს.
 ფაბიუს მაქსიმუსთან ერთად, აუცილებელია ვისაუბროთ მარკუს კლავდიუს მარცელუსზე, რომელიც ერთ-ერთი იყო სულ რაღაც, იმ სამი რომაელიდან, რომელსაც უმაღლესი სამხედრო ჯილდო - Spolia opima ჰქონდა მოპოვებული.[101] მარცელუსი პირველი იყო კანეს ბრძოლის შემდეგ, რომელმაც რომაელებს გამარჯვება მოუპოვა, მართალია არც თუ ისე მნიშვნელოვანი, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომს ნებისმიერი სახის გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა.[102] ფაბიუს მაქსიმუსი და კლავდიუს მარცელუსი ძველი თაობის, გამოცდილი მეომრები იყვნენ, რომლებმაც ყველაზე მძიმე წუთებში გაუწიეს რომს დახმარება.    
  ომის დასრულება საკუთარ თავზე ახალგაზრდა თაობამ აიღო. როგორც ზემოთ ვახსენეთ კლავდიუს ნერონმა, მარკუს ლივიუსთან ერთად, მეტავრუსის ბრძოლაში ჰასდრუბალის დამარცხება შეძლო, სადაც ეს უკანასკნელი გმირულად დაეცა. ამით ნერონმა მთავარი დასაყრდენი გამოაცალა ჰანიბალის იტალიურ კამპანიას. გადამწყვეტი როლი კი პუბლიუს კორნელიუს სციპიონის[103] ვაჟმა, იგივე სახელის მქონე პუბლიუს კორნელიუს სციპიონმა შეასრულა, რისთვისაც საპატიო მეტსახელი  „აფრიკელი" შეარქვეს.[104] სციპიონ აფრიკელი ახალგაზრდა, ენერგიული და სახელის მოხვეჭის მოსურნე მხედართმთვარი იყო, რომელსაც დიდი სამხედრო ნიჭი უმაგრებდა ზურგს. იგი  30 წელზე ცოტა მეტის იყო, როდესაც მეორე პუნიკური ომი ტრიუმფით დაასრულა. სციპიონ აფრიკელი 8 წლის განმავლობაში მხედართმთავარი იყო, მოიპოვა ხუთი დიდი გამარჯვება და არაერთი წარმატებული ალყა აწარმოა. ნებისმიერი სენატორის დამსახურება რესპუბლიკის მიმართ, მასთან შედარებით უმნიშვნელო იყო.[105]
   სციპიონი და ჰანიბალი მეორე პუნიკური ომის მთავარ ფიგურებს წარმოადგენენ, თუმცა, მათი, როგორც მთავარ ოპონენტებად შერაცხვა არ უნდა იყოს მართებული და არც იმაზე მსჯელობა, თუ რომელი უფრო უკეთესი მხედართმთავარი იყო. რეალურად, მათი დაპირისპირება, მხოლოდ ერთხელ შედგა ზამას ველზე (ძვ.წ. 202 წ.), რომელიც სციპიონის გამარჯვებით დამთავრდა. მხოლოდ ამ ბრძოლის მიხედვით რომელიმე მხედართმთავრის უფრო მაღლა დაყენება არსწორად მიმაჩნია, ვინაიდან მათ ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია არ ჩაუტარებიათ. 
 
დასკვნა  
  მოცემულ ნაშრომში, განვიხილეთ მეორე პუნიკურ ომში დაპირისპირებულ მხარეებთან დაკავშირებული ყველა ის ასპექტი, რომელთა შეჯამების შედეგად, შეგვიძლია დასკვნის სახით გამოვიტანოთ ის მიზეზები, რომელმაც ომის საწყის ეტაპზე ჰანიბალს წარმატება მოუტანა, ხოლო შემდეგ დაიწყო გარდამტეხი ეტაპი, რასაც საბოლოოდ კართაგენელთა მარცხი მოჰყვა.           
  ჰანიბალმა ომის საწყის ეტაპზე (ძვ.წ. 218-216 წწ.) ოთხი დიდი გამარჯვება მოიპოვა ბრძოლის ველზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი, შეიძლებ ყოფილიყო მთვარსარდლის ფაქტორი. ჰანიბალი მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ესპანეთში და იმ მეომრების მხარდამხარ იბრძოდა სხვადასხვა ტომების წინააღმდეგ, რომლებთან ერთადაც ალპები გადმოლახა. რომაელებს საქმე სულ სხვაგვარად ჰქონდათ. პირველ რიგში, როდესაც ყოველწლიურად იცვლებოდა კონსული, რთული იყო არმიასა და მხედართმთავარს შორის ინტეგრირება მომხდარიყო და მეორე, რომაელთა არმია ორად იყო გაყოფილი კონსულებს შორის. ომის საწყის წლებში ხშირი იყო უთანხმოება და კონფლიქტი ორ კონსულს შორის, რითაც ჰანიბალმა მშვენივრად ისარგებლა ტრებიისა და კანეს ბრძოლებში.[106]
 აღსანიშნავია არმიის ფაქტორიც. ჰანიბალის მრავალ ბრძოლაში გამოწრთობილი, პროფესიონალი მოქირავნეები, რომაელთა საჩქაროდ შეკრებილ მეომრებს დაუპირისპირდნენ, რომელთაგანაც, უმრავლესობას არ ახსოვდა, ქარქაშს, ხმალი, ბოლოს როდის მოაშორეს.   
   ასეთ ტრიუმფალურ გამარჯვებებს, წესით ომის დამთავრება უნდა გამოეწვია, თუმცა ეს ასე არ მოხდა.  მეცნიერთა გარკვეული ნაწილი, ამაში ჰანიბალს ადანაშაულებს, რომელმაც კანეს ბრძოლის შემდეგ არ გაილაშქრა დედაქალაქზე. სხვა კუთხით რომ შევხედოთ, ჰანიბალს რომის აღების არანაირი შანსი არ ჰქონდა. პირველ რიგში, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ჰანიბალმა ალპების გადმოლახვისას მრავალი მეომარი დაკარგა.[107] ასევე, იმ ოთხ ბრძოლაში, რა თქმა უნდა,  მხოლოდ რომაელები არ იხოცებოდნენ და პუნების რიგებიც თხელდებოდა. ამას ემატება ის, რომ თუ ომის მსვლელობას მთლიანად გადავხეადვთ, დავინახავთ რომ, რომაელები ნებისმიერი სერიოზული დანაკარგის შემდეგ, თითქოს ფენიქსივით აღდგებოდნენ ფერფლიდან და უმოკლეს დროში ავსებდნენ დაზარალებულ ლეგიონებს. ასეთ ვითარებაში, ჰანიბალის რომზე გალაშქრება, გაუმართებელი და წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა, რაც პუნ მხედართმთავარს არ სჩვეოდა.         
  მეორე პუნიკურ ომში გარდამტეხი როლი ნამდვილად კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსს ეკუთვნის. იგი მიხვდა თუ როგორ უნდა ემოქმედა ჰანიბალის წინააღმდეგ და გაამართლა კიდეც ამ „უმოქმედობამ", რასაც მაქსიმუსის ტაქტიკა გულისხმობდა. ჰანიბალმა სწრაფი, დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგაც ვერ შეძლო ომის დასრულება და როდესაც მტერი საერთოდ აღარ ერთვებოდა მასთან ღია ბრძოლაში, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა იტალიის ტერიტორიაზე, ამას ასევე ემატებოდა კართაგენის სენატში არსებული დაძაბულობა, სადაც ბარკიდების ოპოზიცია, ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა ჰანიბალის, როგორც თანხით ასევე, მეომრებით მომარაგებისთვის. მაქსიმუსის ტაქტიკა, რომელიც შემდეგ, სხვა კონსულებმაც გაითავისეს, ნამდვილად იყო ომის რომაელთა წარმატებით განვითარების მიზეზი. თუმცა, საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, რომაელებს მაინც მოუწიათ ბრძოლა.     
   ამ ეტაპზე რამდენიმე ფაქტი შეიძლება გამოვყოთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სციპიონ აფრიკელის გადასვლა ესპანეთში. რამაც, ჰასდრუბალის გაქცევა გამოიწვია პირენეის ნახევარკუნძულიდან და ესპანეთი, კართაგენელთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორია, საიდანაც ხდებოდა ძირითადი სამხედრო ძალის მობილიზება, რომაელებს ჩაუვარდათ ხელში. მეორე ფაქტორი ნამდვილად კლავდიუსი ნერონი და მარკუს ლივიუსის ერთიანი მოქმედებაა, რომელთაც ესპანეთიდან წამოსულ ჰასდრუბალს, საშუალება არ მისცეს ჰანიბალთან გაერთიანებულიყო. დაბოლოს, სციპიონის შესვლა აფრიკაში და კართაგენის მოკავშირის ნუმიდიელი მეფის სიფაქსის დამარცხება, რომელიც თავისი მოკავშირით - ნუმიდიელი მასინისათი ჩაანაცვლა.[108]ამით, რომაელებმა კართაგენელებს მნიშვნელოვანი მოკავშირე წაართვეს პუნები სრულიად მარტო, ალყაში აღმოჩდნენ. გადაჭრით ვერავინ იტყვის თუ რა მოხდებოდა ზამასთან, რომ ჰანიბალს გაემარჯვა. თუმცა, ჩემი აზრით ეს ომს მხოლოდ მცირედით გაახანგრძლივებდა, შედეგი კი იგივე იქნებოდა.  
   საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ჰანიბალი მის არმიასთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მეტოქეს წარმოადგენდა რომაელთათვის, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში, რომის ისტორიაში, არც ერთი მეტოქე არ გაჩერებულა მათ მიწაზე. ცივილიზებულმა ჰანიბალმა შეძლო და ერთი დროშის ქვეშ მოუყარა თავი სხვადასხვა ბარბაროს ეთნოსებს და ერთიან არმიად აქცია, რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელ რომის რესპუბლიკას. ომის საწყისი წლების შემდეგ, ვერავინ ბედავდა გენერალურ ბრძოლაში მის წინააღმდეგ გასვლას. ეს მხოლოდ სციპიონ აფრიკელმა მოახერხა, ისიც მაშინ, როდესაც ჰანიბალი და მისი არმია, იმის ლანდს წარმოადგენდნენ, რაც ომის დასაწყისში იყვნენ, და გაიმარჯვა კიდეც. და მაინც, ომის დასრულების შემდეგ, როდესაც  ბარკიდთა ოპოზიციამ ჰანიბალი აიძულა კართაგენიდან გაქცეულიყო და რეალურად არავითარი ძალა აღარ გააჩნდა, რომაელი ხალხის თვალში, ჰანიბალი ყველაზე სახიფათო პიროვნებად რჩებოდა, მთელ მსოფლიოში.


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჰანიბალ ბარკას ამ წარმოუდგენელი ლაშქრობის შესახებ იცის მთელმა მსოფლიომ და ამიტომ ითვლება რომ არის ყველა დროისა და ხალხის ერთ ერთი საუკეთესო მხედართმთავარი.

 

მაგრამ ბევრმა შეიძლება არ არის ინფორმირებული რომ ჰანიბალმა ევროპის უმაღლესი მთაგრეხილის სისტემა სადაც მწვერვალი მონმბლანია განთავსებული გადალახა მხოლოდ მვიდობიან პირობებში და გზად არცერთი ბრძოლა არ გადაუხდია. სამაგიეროთ არსებობს მეორე მხედართმთავარი რომელმაც იგივე მარშრუტით , ბრძოლებით გადაიარა ალპების მთათა სისტემის უღელტეხილები და ის იყო ქართველი. ბოროდინოს ბრძოლის გმირი-  პეტრე ბაგრატიონი.(მერე დავდებ ინფორმაციას ამ ლეგენდარული გენერლის მიერ განვლილი მარშრუტის შესახებ , რომელმაც ნაპოლეონის არმიის მარცხი გამოიწვია ევროპის საბრძოლო თეატრის არენაზე)

 

ამასთანავე მინდა კმაყოფილებით ავღნიშნო რომ ასევე უკვე რამოდენიმე ქართველი , უკვე ნადირობით გაიკვლიეს ალპები და გაიმეორეს დიდი მხედართმთავრების განვლილი მარშრუტი.

ავე ლეგიონს.

:DDD   :DD   :7_2_210: 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?