დიდი მეიარაღენი
ჯოზეფ მენტონი
ლონდონის კენსალ გრინის ძველ სასაფლაოზე ერთ-ერთ საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: ,, მისტერ ჯოზეფ მენტონის ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც 1835 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა 69 წლის ასაკში..."
ჯოზეფ მენტონი, სრულიად სამართლიანად, ყველა დროისა და ერის ყველაზე დიდ მეიარაღედ ითვლება.
მენტონი 1766 წელს დაიბადა და თავისი დროის გამოჩენილი მოღვაწე, უნიკალური პიროვნება გახლდათ. სწორედ ჯოზეფი იყო ინგლისური საიარაღო სკოლის ფუძემდებელი.
ამ ადამიანმა დაიწყო ტექნიკური სიახლეების შემოტანა ესთეტიურ ხედვასთან სინქრონში. ყველა სხვა ინგლისელი მეიარაღე პრაქტიკულად ავითარებდა და ხვეწდა მენტონის სწავლებას(რა თქმა უნდა სიახლეების შეტანით). განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია პერდეს, ბოსის და ლანკასტერის იარაღში. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ყველა მათგანი მენტონის მოსწავლეები იყვნენ.
ჯოზეფ მენტონის უფროსმა ძმამ ჯოიმ(ჯონ ტვიგის მოსწავლე) 1782 წელს კომპანია დააფუძნა. ჯოზეფი თავიდან მასთან მუშაობდა, 1789 წელს კი საკუთარი საქმე წამოიწყო. ორთავე ძმამ სხვადასხვა ტიპის იარაღის დამზადებით დაიწყო მოღვაწეობა, თუმცა ჯოზეფმა მალე მთელი თავისი ძალისხმევა სანადირო თოფების სისტემების გაუმჯობესებასა და განვითარებისაკენ მიმართა. ის ღმერთისაგან დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ, მუდმივ ძიებასა და კვლევაში იყო. ამან არა მარტო მისი ნაწარმისადმი გაზარდა ინტერესი, არამედ საერთოდ, უფრო პოპულარული გახადა ნადირობა და სპორტი.
მენტონს დიდ მხარდაჭერას უწევდა მისი მეგობარი, პოლკოვნიკი პიტერ ჰოკერი, რომელიც ნადირობის დიდი ტრფიალი იყო. პოლკოვნიკი მენტონის იარაღს პრაქტიკულად ცდიდა. ჰოკერისათვის დამზადებულ თოფებს პოლკოვნიკი თავად ანიჭებდა სახელებს. მაგალითად, 1807 წელს გამოშვებული ,,ძველი ჯო", 1814 წელს გამოშვებული ,,დიდი ჯო" და ა.შ.
ჯოზეფ მენტონს ეკუთვნის ბევრი გამოგონება, რომლებმაც დიდწილად გაზარდეს თოფის მანევრირებისა და მართვის შესაძლებლობანი. რამდენიმე მათგანი მიმართული იყო დენთის წვის დაჩქარებისაკენ: ოსტატმა ჩახმახის სვლის მანძილი შეამცირა და გაუძლიერა საბრძოლო ზამბარა, რამაც აფეთქება დააჩქარა; საკეტის სიგანე შეამცირა, რამაც იარაღის ესთეტიური მხარე გააუმჯობესა; სწორედ მენტონმა წამოწია სამიზნე თამასა. ამან დამიზნება გააადვილა, რამეთუ ლულები აღარ ფარავდნენ სამიზნეს. აგრეთვე მენტონმა შემოიღო მცველის განსაკუთრებული ელემენტი, რომელმაც გადატენვის დროს უსაფრთხოება გაზარდა.
აღნიშნულმა გამოგონებებმა ბრიტანული იარაღი განსაკუთრებულ მოწინავე პოზიციებზე გაიყვანა.
მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მეიარაღეებმა სარჭიანი საკეტების გაუმჯობესება და ახალი სისტემების დამზადება დაიწყეს. მენტონიც არ დარჩენილა ამ მოვლენების მიღმა. 1807 წელს შოტლანდიელმა მღვდელმა, ალექსანდრე ჯონ ფორსაიტმა დააპატენტა ფისტონური საკეტი, რომელსაც ,,ფლაკონი" უწოდა. მენტონმა მსგავსი სისტემა 1818 წელს შექმნა და მიიღო მასზე პატენტი, თუმცა მისი საკეტი ,,ფლაკონს" ვერ ჯობნიდა. მოგვიანებით მენტონმა შოტლანდიელი მღვდელის საკეტის გაუმჯობესებაზე დაიწყო მუშაობა და შეძლო კიდეც გაუმჯობესება(გამოგონების მითვისების ბრალდებით, ფორსაიტის საჩივარის საფუძველზე, სასამართლოშიც მოუწია ბლომად სიარული). გაუმჯობესებული ,,ფლაკონი" კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
მენტონის თოფების, სისტემებისა და საკეტების პოპულარობა ძალიან მაღალი იყო. მენტონი აქტიური საქმიანობიდან 1826 წელს გავიდა, თუმცა კიდევ დიდი ხანი აგრძელებფდა კონსულტაციებსა და დახმარებას თავისი მოსწავლეებისათვის, რომლებიც ოსტატობას უფრო და უფრო ხვეწდნენ. ამ ოსტატთა და მათი მასწავლებლის სახელები სამუდამოდ შევიდა მეიარაღეობის ისტორიაში.
წყარო.მონადირეთა კლუბი. ავტ.გურულო