სოფელი სოჭთან საქართველოს დროშით და ქართველი მორაგბეების მხარდასაჭერად დარაზმული პლასტუნკელები
რაგბი ჩვენი თამაშია. არამარტო ჩვენი, ქართველების და არამარტო აქ, საქართველოში... ქართველ ბორჯღალოსნებს რომ მსოფლიოს უამრავ წერტილში ჰყავთ ქომაგები და თანაც, არაქართველები, ეგ ცალკე თემაა და დიდი ხანია, არ გვიკვირს. არც ის გვიკვირს, წამყვან სპორტულ გამოცემებში რომ ჩვენს ბიჭებს ხან ვეფხვებს ადარებენ, ხან კი ავაზებს. ცხადია, ჩვენ ვერც ქართველთა ქომაგობას გავიკვირვებთ - ბევრგან და ბევრნი გვინახავს. მაგრამ ქომაგები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ ქართული სოფლიდან, სადაც ხუთჯვრიანი ქართული დროშა დღემდე ვერ ჩამოახსნევინეს აქაურებს, მაინც ცალკე აღნიშვნას იმსახურებენ, ამიტომ, დღეს მათზე და მათ სოფელზე უფრო ვრცლად მოგიყვებით.
მოკლედ, რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, სოჭში, დღესაც არის ერთ–ერთი სოფელი, სადაც შესასვლელ–გამოსასვლელებში საქართველოს სახელმწიფო, ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს.
ეს სოფელი, რომელსაც პლასტუნკა ჰქვია, თავის დროზე კაზაკებმა დაარსეს. სახელიც შესაბამისი აქვს – „პლასტუნებს" კაზაკ მზვერავებს უწოდებდნენ. თუმცა, უკვე კარგა ხანია, სოფელში კაზაკები აღარ ცხოვრობენ და იგი სუფთა ქართული დასახლებაა.
უფრო ადრე პლასტუნკას, თურმე, მუტიხუასუა ერქვა. იგი მდინარე სოჭის ორივე ნაპირზეა განლაგებული და სოფელში, რუსული ვიკიპედიის მიხედვით, 1.500 ადამიანი ცხოვრობს. დასახლება ორ – ზედა და ქვედა პლასტუნკადაა დაყოფილი. აქ ქართველები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და იმავე ვიკიპედიის მიხედვით, პლასტუნკა რუსეთში ქართველების უდიდესი დასახლებაა, თუმცა, ქართველებთან ერთად რუსებიც ცხოვრობენ.
ახლა კი მთავარი: 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დაწყებისთანავე, 8 აგვისტოს, სოფელ პლასტუნკის შესასვლელსა და გასასვლელში სპეციალურ ფლაგშტოკებზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს და იგი ორ ადგილას დღემდე ფრიალებს. ადგილობრივმა ქართველებმა საგანგებოდ შეარჩიეს მაღალი ფლაგშტოკები, რათა ქართული დროშა სოფლიდან დიდი მანძილზეც ყოფილიყო შესამჩნევი.
უკვე წლებია, ადგილობრივი ხელისუფლება დროშას ვერაფერს უხერხებს: მუნიციპალურმა სამსახურებმა რამდენჯერმე სცადეს მათი ჩამოხსნა, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან იმხელა წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომ განზრახვაზე ხელი აიღეს.
რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო დროშა ბევრ რუს ჟურნალისტს, ბლოგერსა თუ სახელმწიფო მოხელეს შეეჩხირა თვალში. ასე მაგალითად, ერთ–ერთი რუსი ბლოგერის სათუთი მზერა ხუთჯვრიან დროშას ისე გაუღიზიანებია, რომ საკმაოდ ღვარძიანი ბლოგი დაწერა, სადაც კითხულობს: „რატომ არის აღმართული რუსეთი ტერიტორიაზე იმ აგრესორი ქვეყნის დროშა, რომელთანაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენს ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს?" – ბლოგი 2011 წლის 11 აგვისტოთია დათარიღებული.
როცა დროშას ვერაფერი მოუხერხეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვა ხერხი სცადა: პლასტუნკაში 110 წლის წინ, ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით აგებული სკოლა ჯერ 9–წლიანად გადააკეთეს, მერე იქ ქართულის გაკვეთილები შეამცირეს, ბოლო ინფორმაციით კი, ქართული ენა მხოლოდ სპეციალური ლიტერატურის წრის ამარა დატოვეს და საგნის სტატუსი შეუჩერეს, რამაც ადგილობრივ ქართველებში დიდი გულისწყრომა და აღშფოთება გამოიწვია.
სოფელში მცხოვრები ადგილობრივების იმ ოჯახებში, სადაც ერთი ბიჭი მაინც იზრდება, აუცილებლად ნახავთ ქართველი მორაგბეების ფოტოებს. ზოგს ამოუჭრია და კედელზე მიუწებებია, ზოგს - ჩარჩოში ჩაუსვამს. აქაურ ბიჭებს (არამარტო ბიჭებს) მორაგბეები განსაკუთრებით უყვართ, რადგან სხვა ქართველის სპორტსმენებისგან განსხვავებით, მათ თავიანთი თვალებით ხედავენ, მოედანზე მათი დანთებული ცეცხლის ალი კი ტრიბუნებზე მათაც სწვდება.
დიახ, აქაურებმა ზეპირად იციან, რომ როგორც წესი, სწორედ სოჭი მასპინძლობს ხოლმე რუსეთი-საქართველოს ნაკრებთა შეხვედრას რაგბიში. ამ დღეს ისინი ისე ელოდებიან, როგორც ახალი წლის მოსვლას: მამები საგანგებოდ ამზადებენ, გადანახულ ალმებს იღებენ სკივრებიდან, ზოგს ქართული დროშის ფერებში გაფორმებული შარფიც აქვს, ირაზმებიან და სოჭის სტადიონზე მიდიან. საოცარი სანახავია ამ დროს პლასტუნკიდან მომავალი ავტობუსი - ყვითელი "პაზ", რომელიც შიგნიდან სულ თეთრ-წითელ ფერებშია: წითელი ქუდი, თეთრი მაისური, თეთრ-წითელი შარფი და, რაც მთავარია, საქართველოს დროშები და ალმები...
ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამართალდამცველებს კი, დიდად არ ესალბუნებათ ამის ყურება, მაგრამ რას იზამენ: ცნობილია, რომ პლასტუნკელები, ძირითადად, მშვიდი ხალხია, მაგრამ მალე გაბრაზება იციან...
ასე რომ, 12 მარტს, სოჭის სტადიონზე, აქედან ჩასული გულშემატკივრების გარდა, იქ პლასტუნკელებიც იქნებიან.ბორჯღალოსნებისა და დათვების ჯახი ყოველთვის საინტერესო და დრამატულია, მრავალი ფაქტორის გამო, მაგრამ წლევანდელ შეხვედრას კიდევ ერთი დამატებითი დატვირთვა აქვს: Daily Telegraph-მა მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის ყველაზე პრინციპულ 10 შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირებაც დაასახელა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წელს გამართული მატჩი, სადაც ჩვენმა გუნდმა წააგო, ერთადერთი გამონაკლისია და დარჩენილი 18 დაპირისპირებიდან 1 ფრედ დასრულდა, ხოლო 17 შეხვედრა ბორჯღალოსნებმა მოიგეს...