შაშვი გავრცელებულია ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკაში.
საქართველოს ფარგლებში შაშვი მოიპოვება თითქმის ყველგან, როგორც მობინადრე ფრინველი.
შაშვი ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ჭალებში, ბაღებში, ვენახებში, ზოგჯერ სოფლის ეზოებში, პარკებში, ქალაქის განაპირა უბნებშიც. ბუდეს იკეთებს მიწაზე, მეტწილად ხის ძირში, ფესვებთან, ხეზე, ბუჩქზე, ზოგჯერ ღობეებში. დებს 4-7 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 14 დღემდე. წელიწადში ორჯერ მრავლდება. საკვებს წარმოადგენენ მწერები, ობობები, ლოკოკინები, ზოგჯერ კენკავს ყურძენს, კენკრას. მავნე მწერების მასობრივად განადგურებით შაშვს მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისთვის.