ვისცერული ლეიშმანიოზი
ლეიშმანიოზი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე საშიში და ფართოდ გავრცელებული ინფექციური დაავადებაა.
ლეიშმანიოზს უმარტივესი პარაზიტები – ლეიშმანიები იწვევს. ლეიშმანიების სპეციფიკური გადამტანი მცირე ზომის მწერი – ფლებოტომუსის გვარის მოსკიტია, რომელსაც კბენისას პარაზიტები დაავადებული ცხოველიდან ადამიანზე გადააქვს.
ლეიშმანიოზის რამდენიმე ფორმა არსებობს:
- კანის (ზოონოზური, ანთროპონოზული) ლეიშმანიოზი;
- ვისცერული (ინდოეთის, ხმელთაშუა ზღვის (ბავშვთა), აღმოსავლეთ აფრიკის) ლეიშმანიოზი;
- კანის ლეიშმანიოზი;
- კან-ლორწოვანის ლეიშმანიოზი და ა.შ.
ამათგან საქართველოში და კერძოდ, თბილისში გავრცელებულია ვისცერული ლეიშმანიოზი.
თუ რა არის ვისცერული ლეიშმანიოზი, ამ თემაზე “ამბიონს” ესაუბრება პარაზიტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ზენაიშვილი:
“ვისცერული ლეიშმანიოზი პარაზიტული ინფექციური დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია, უპირატესად, ქრონიკული მიმდინარეობა, ტალღისებური ცხელება, ელენთისა და ღვიძლის გადიდება, პროგრესირებადი ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კახექსია.
ვისცერული ლეიშმანიოზი მსოფლიოს 88 ქვეყანაში ენდემური დაავადებაა. იგი გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში, 40+ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს და 15+ სამხრეთ ნახევარსფეროს შორის, დედამიწის ყველა კონტინენტზე. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ლეიშმანიოზით ინვაზირებულია 14 მილიონი ადამიანი. ყოველწლიურად აღინიშნება დაავადებების 2 მილიონი ახალი შემთხვევა. აქედან 500000 წარმოადგენს ვისცერულ ლეიშმანიოზს. დაავადების შემთხვევის 90% გვხვდება განვითარებად ქვეყნებში. ყოველწლიურად ლეიშმანიოზისგან მსოფლიოში იღუპება 40000-800000 ადამიანი.
საქართველოში აღნიშნული დაავადება გავრცელებულია ქვეყნის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში. ამჟამად, ძირითად კერად ითვლება ქ. თბილისი და მის აღმოსავლეთით მდებარე რაიონები. საქართველოში გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის ვისცერული ლეიშმანიოზი ზოონოზია. მისი გამომწვევია დონოვანი ინფანტუმი. გადამტანი პატარა მწერები, ე.წ მოსკიტები არიან. ისინი კბენენ ცხოველებს და მათგან სისხლთან ერთად ამოაქვთ ლეიშმანიები, მერე კბენენ ადამიანს და აინფიცირებენ. ადამიანის დაავადების ძირითად წყაროს წარმოადგენს ძაღლი.
იშვიათ შემთხვევაში, თუ დედა არის დაინფიცირებული, ინფექცია გადაეცემა დედიდან ნაყოფს. ასევე შესაძლებელია მოხდეს გადაცემა პარაზიტის კულტურაზე მუშაობისას, როცა უსაფრთხოების ზომები არ გახლავთ დაცული.
დაავადების გამომწვევია ერთუჯრედიანი უმარტივესი ეისცმანია დონოვანი, რომელსაც ახასიათებს მონაცვლეობითი პარაზიტიზმი ხერხემლიანი და უხერხემლო ცხოველების ორგანიზმში. ჩვენს პირობებში ლეიშმანია დონოვანის პატრონებს წარმოადგენენ გარეული ძუძუმწოვარი ცხოველები, მტაცებელთა რიგიდან: მელა, ტურა, მგელი და აგრეთვე შინაური ცხოველი – ძაღლი. უმრავლეს შემთხვევაში, ძაღლები ავად ხდებიან ბუნებაში ვისცერული ლეისმანიოზით სპონტანურად დაინვაზიებული მტაცებელი ცხოველებიდან. დაავადების ადრეულ პერიოდში ძაღლი კარგავს აგრესიულობას და მოწყენილია. ერიდება ადამიანთან ურთიერთობას. თუ წინათ იგი თავს ესხმოდა უცნობებს, ავადმყოფობისას გაურბის მათ და ემალება. ხშირად მათ დრუნჩზე უჩნდებათ წყლულები, რომლებშიც დაავადების გამომწვევი ლეიშანიები იმყოფებიან. კვების უნარსა და მადას ძაღლი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს, მაგრამ მიუხედავად კარგი კვებისა, იგი თანდათანობით კარგავს წონას, ფერდები ჩაცვენილი აქვს, ბალანი სცვივა ჯერ თავზე, შემდეგ სხეულის სხვა ნაწილებზე. ძვლები, განსაკუთრებით კიდურებისა, განიცდის დეფორმაციას, სუსტდება და კარგავს საყრდენ ფუნქციას. დამახასიათებელია თვალების დაზიანება. დაავადების ტერმინალურ პერიოდში ძაღლს კანზე უჩნდება წყლულები, რომლებშიც შეიძლება დაავადების გამომწვევის ნახვა. დაავადება, უმეტესწილად, ცხოველის სიკვდილით მთავრდება, იშვიათად – განკურნებით.
ვისცერული ლეიშმანიოზის გადამტანებს მოსკიტები (ფლებოტომუსები) წარმოადგენენ. მოსკიტი პორტუგალიური სიტყვაა და პატარა ბუზს ნიშნავს. სინამდვილეში, ფლებოტომუსები წარმოადგენენ მცირე ზომის (1,5-4,0მმ) მკრთალ, მოყვითალო, ან მოყავისფრო მწერებს მსხვილი შავი თვალებით, გრძელი ფეხებითა და მაღალი აშვერილი ფრთებით. მთელი სხეული და ფრთები დაფარულია ხშირი ბუსუსებით. ფლებოტომუსების მატლები ცხოვრობენ ორგანული ნარჩენების შემცვლელ ნიადაგში და იკვებებიან ამ ნარჩენებით. მატლების განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სულფსტრატის მუდმივი ტენიანობა. ასეთი პირობები იქმნება ფლებოტომუსების ბუნებრივ და ხელოვნურ თავშესაფრებში – გამოქვაბულებში, სოროებში, ტბისა და მიწის ნაპრალებში, ადამიანის საცხოვრებელ შენობებსა და სხვა დამხმარე ნაგებობებში (განსაკუთრებით სარდაფებში, საკუჭნაოებში, შინაურ ცხოველთა სადგომებში), მცენარეთა ფუღუროებში, ტყის ნიადაგის ზედა ფენაში, საიდანაც ისინი გამოფრინდებიან შებინდებისას მსხვერპლის მოსაძებნად სისხლის მოწოვის მიზნით. სისხლს მხოლოდ მდედრი ფლებოტომუსები სწოვენ, მამრები კი მცენარეთა წვენით იკვებებიან.
ცალკეულ ქვეყნებში, საერთოდ, ლეიშმანიოზისა და მათ შორის ვისცერული ლეიშმანიოზის გამომწვევებმა, ადგილობრივი პირობების ზეგავლენით, გარკვეული დამოუკიდებელი თავისებურებები შეიძინეს და ამა თუ იმ სახეობის გეოგრაფიულ ვარიანტებად გადაიქცნენ. დადასტურებულია საქართველოში ვისცერული ლეიშმანიოზის გამომწვევი – ბავშვთა ლეიშმანია. იგი დამოუკიდებელი გეოგრაფიული ვარიანტია.
როგორც ადამიანის, ისე ბუნებაში სპონტანურად დაინფიცირებული ცხოველის სხეულში ლეიშმანიები ლოკალიზირდებიან ძვლის ტვინში, ელენთაში, ღვიძლსა და ლიმფურ კვანძებში, ასევე მაკროფაგებში. ლეიშმანიების სახეობები მორფოლოგიურად არ განირჩევიან ერთმანეთისაგან. მათ ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ახასიათებთ მიკროსკოპული სფეროსებული, უმეტესად კი, ოვალური ფორმა. არ გააჩნიათ შოლტები და იწოდებიან ამასტიგოტებად. ხოლო ძვლის ტვინის ფუნქციით მიღებული მასალის სპეციალურ საკვებ ნიადაგზე ჩათესვის შედეგად კულტურის სითხეში ნახულობენ ლეიშმანიების შოლტიან ფორმებს, ე.წ. პრომასტიგოტებს, რომელთაც თითისტარისებური ფორმა აქვთ. ისინი ვითარდებიან აგრეთვე დაავადების გადამტან ფლებოტომუსის ორგანიზმში და გააჩნიათ უნარი ადამიანის დაინვაზიებისა ამ მწერის კბენის შედეგად. ვისცერული ლეიშმანიოზით დაინვაზიებული ფლებოტომუსის კბენის შემდეგ დაავადების ინკუპაციური პერიოდი 20 დღიდან 10 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს, საშუალოდ – 5-6 თვე. ჩვენთან გავრცელებული ვირუსული ლეიშმანიოზის მიმდინარეობაში არჩევენ: მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მწვავე ფორმა – გვხვდება ძირითადად მცირეწლოვან ბავშვებში. მიმდინარეობს მძიმედ და ხასიათდება მაღალი ლეტალობით.
ქვემწვავე ფორმა – მიმდინარეობს საშუალო სიმძიმით, გრძელდება 5-6 თვე სიმპტომატიკის თანდათან დამძიმებითა და ხშირი გართულებებით.
ქრონიკული ფორმა – გვხვდება ყველაზე ხშირად, ახასიათებს შედარებით კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ხანგრძლივი რემისიებით. გავრცელებულია ძირითადად უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.
როგორ ვლინდება ვისცერული ლეიშმანიოზი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?
დაავადების მიმდინარეობაში არჩევენ სამ პერიოდს: დასაწყისს, კლინიკური სურათის გამოხატვასა და ტერმინალურს.
დასაწყის პერიოდში გამოხატულია საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, ადინამია.
კლინიკური სურათის გამოხატვის პერიოდში წამყვანი კლინიკური სიმპტომია ცხელება, რომელიც ატარებს ტალღისებურ ხასიათს სიცხიანი პერიოდებისა და რემისიების მონაცვლეობით. ცხელება მერყეობს რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე. ასევე ვარიაბილურია რემისიების ხანგრძლივობაც. ტემპერატურას ახასიათებს მერყეობა დღე-ღამის განმავლობაში, ე. წ. როჯერსის სანთლები. ძალიან იშვიათად მოზრდილ ადამიანებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ლეიშმანიოზის უსიცხო მიმდინარეობას ელენთის გადიდების გარეშე.
ვისცერული ლეიშმანიოზის მუდმივ სიმპტომს წარმოადგენს სპლენოჰეპატომეგალია. ელენთას უჭირავს მუცლის ღრუს დიდი ნაწილი. ღვიძლი შედარებით ნაკლებად დიდდება. პალპაციით ორივე ორგანო მკვრივი და უმტკივნეულოა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს პერიფერიული, მეზენტერული, პერიბრონქული და სხვა ჯგუფის ლიმფური კვანძების გადიდებასა და ანთებას. ტერმინალურ სტადიაში, შორსწასულ შემთხვევასა და არანამკურნალევ პაციენტებში, ზოგადი მდგომარეობა მძიმდება, ვითარდება კახექსია. ამ დროს ავადმყოფს აქვს სპეციფიკური გარეგნობის სახე: წვრილი კიდურები და დიდი მუცელი, რომელზეც კარგად ჩანს ვენური ქსელი (ბაყაყის შესახედაობა). ავადმყოფები ღებულობენ მიწისფერს. შეიძლება გამოვლინდეს ნუშურების, ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნეკროზი. ხშირია ჰემორაგიული სინდრომი: სისხლჩაქცევები კანზე, ინფექციის ადგილებზე, სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მდგომერეობის დამძიმებასთან ერთად ვითარდება მეორადი ჰიპერსპლენიზმი, პორტული ჰიპერტენზია, ასციტი, შეშუპება.
მნიშვნელოვანია ლაბორატორიული მონაცემები. ჰემოგრამაში აღინიშნება: ერითროციტებისა და ჰემოგლობინის დონის დაქვეითება 40-50 გ/ლ-მდე, ანიზოციტოზი, პოიკილოციტოზი, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, შედარებითი ლიმფოციტოზის ფონზე – თრომბოციტოპენია. მუდმივი ნიშანია ანეოზინოფილია და ედსის მკვეთრი აჩქარება 90მმ-მდე/ს-ში. გარდა ამისა, ვლინდება ღვიძლის ენზიმების დონის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰოპოპროტეინემია ძირითადად ალბუმინების ხარჯზე.
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ვისცერულმა ლეიშმანიოზმა?
ვისცერული ლეიშმანიოზის გართულებები ძირითადად გამოწვეულია გრანულოციტოპენიითა და აგრანულოციტოზით. ყველაზე ხშირი გართულებებია: ბრონქიტები, ბრონქოპლევმონიები, ოტიტი, ტონზილიტი, პირის ღრუს ლორწოვანის ანთება, წყლულოვანი და აფთოზური სტომატიტი, ნაწლავური ინფექციები, იშვიათად, ნეკროზული გინგივიტი და ნომა. თრომბოციტოპენიის გამო ხშირია ჰემორაგიული სინდრომი: სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენები ცხვირიდან, ინექციის ადგილებიდან, შინაგანი ორგანოებიდან. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, მეორადი ჰიპერსპლენიზმის გამო, ვითარდება პორტული ჰიპერტენზია და ასციტი.
ვისცერული ლეიშმანიოზის დროს ელენთის გასკდომა მეტად იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულებაა, რაც განპირობებულია კაფსულის ტრაბეკულებისა და სისხლძარღვთა კედლის ლიმფოციტური ინფილტრაციით. ამ დროს კლინიკურად ვითარდება ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, კოლაფსი, ეცემა ჰემოგლობინის დონე, რაც წარმოადგენს სასწრაფო ოპერაციული ჩარევის ჩვენებას. მოსალოდნელი გართულების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება.
ვისცერული ლეიშმანიოზის კიდევ ერთ გართულებას წარმოადგენს პოსტ-კალა-აზარ-დერმალური ლეიშმანიოზი. აღნიშნულ გართულებას იწვევს დონოვანი და წარმოადგენს ვისცერული ლეიშმანიოზის გვიანკანისმიერ გამოვლინებას. აღნიშნული გართულება არ გვხვდება ახალი სამყაროს ვისცერული ლეიშმანიოზის დროს. არსებობს ორი ფორმის სახით: ინდური და აფრიკული. აღნიშნული გართულება უვითარდებათ ინდიელი ავადმყოფების 6-20%-ს, კენიელი ავადმყოფების 2-5%-ს, ხოლო სუდანში გვხვდება შემთხვევათა 50%-ში. ამ დროს ავადმყოფებს სახეზე და სხეულის სხვა ადგილებში უჩნდებათ დიდი რაოდენობით კვანძები, ერითემატოზური ლაქები, ან დეპიგმენტიზაციის უბნები. ამ ელემენტებში, როგორც წესი, იმყოფებიან ლეიშმანიები და ხდება ინვაზიის გავრცელება მოსკიტების საშუალებით (ანტროპოზოონოზური ლეიშმანიოზი).
დიაგნოზტიკა – დაავადების დიაგნოსტიკა ემყარება დაავადების კლინიკურ, ეპიდემიოლოგიურ და ლაბორატორიულ მონაცემებს, ხოლო მკურნალობა ტარდება ანტილეიშმანიოზური სპეციფიკური სამკურნალო პრეპარატებით, როგორიცაა გლუკანტიმი, პენტოსტამი, პენტამიდინი და სხვა პრეპარატები. ჩვენ, გარდა გლუკანტიმისა, სხვა პრეპარატები არ გაგვაჩნია.
დაავადების პროგნოზი – ვისცერული ლეიშმანიოზი მძიმე დაავადებაა. სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ადამიანი იღუპება. პროგნოზი განსაკუთრებით ცუდია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. აგრეთვე სხვა მძიმე თანდართული დაავადებების შემთხვევაში.
პროფილაქტიკა – ვისცერული ლეიშმანიოზის პროფილაქტიკა მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, მიმართულ დაავადების წყაროს გადამცემი მექანიზმისა და ინვაზიისადმი მგრძნობიარე ორგანიზმისადმი. დასახლებულ ტერიტორიაზე უნდა აღიკვეთოს მაწანწალა ძაღლების არსებობა, ხოლო ოჯახის ძაღლები უნდა აღრიცხოს ადგილობრივმა ვეტერინარულმა სამსახურმა. ძაღლის ვისცერულ ლეიშმანიოზზე ეჭვის მიტანისას მას აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს პარაზიტოლოგიური კვლევა – ძვლის ტვინის პუნქცია დაავადების დადასტურებისათვის. ძაღლი იზოლირებული უნდა იყოს საცხოვრებელი ადგილიდან.
სასურველია, საღამოს საათებში ბავშვების პარკებსა და ბაღებში სასეირნოდ გაყვანისას მათი სხეული კარგად დავიცვათ ტანსაცმლით, რომ თავიდან ავიცილოთ პატარების დაკბენა ფლებოტომუსებისაგან.