სამკურნალო მცენარეები
ალოე (ალოე | Aloe arborescens)
..
.
.
..
აღწერა
60-70 სმ. სიმაღლის მარადმწვანე მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან. ხორცოვანი, მჯდომარე, 30-40 სმ. სიგრძის ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული. ფესვი გრძელი, დატოტვილი აქვს. ყვავილები წითელი ან ნარინჯისფერია ექვსკბილიანი ყვავილსაფარით და გრძელ მტევანა ყვავილედებადაა შეკრებილი. ნაყოფი სამწახნაგოვანი ცილინდრული ფორმის კოლოფაა. ოთახის პირობებში ძალიან იშვიათად, ზამთარში ყვავის, ნაყოფი არ წარმოიქმნება.
დამზადება
.
.
.
ალოეს ნედლ წვენს ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის შუარიცხვებამდე წურავენ. ეს შემდეგნაირად კეთდება: შეაგროვეთ ქვედა და ღეროს შუაში განლაგებული ფოთლები, რომელთა სიგრძე 18 სმ-ს აღწევს და სამი წლისაა. კარგად გარეცხეთ ადუღებული წყლით, დაჭერით პატარა, 0,2-0,3 სმ ზომის ნაჭრებად, შეახვიეთ დოლბანდში და გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წთ.-ით ადრე.
წვენის მიღების კიდევ ერთი საშუალება: ზემოთ აღწერილი მეთოდით მომზადებული წვენი გაფილტრეთ, ადუღეთ 1000ჩ ტემპერატურაზე 5-10 წთ., დაამატეთ სპირტი (80 მლ. წვენზე 20 მლ. 90%-იანი სპირტი) და დადგით გრილ ადგილას 14-15 დღის განმავლობაში. რადგან ჰაერის და სინათლის ზეგავლენით ნაყენი მუქდება, იგი გრილ, ბნელ ადგილას მუქშუშიან ჭურჭელში შეინახეთ.
ქიმიური შემადგენლობა
ალოეს ფოთლები ალოეემოდინს შეიცავენ. წვენი შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს და ნაკლებად შესწავლილ ფისოვან ნივთიერებებს. ნედლი ფოთლების წვენი მდიდარია ფერმენტებით და ვიტამინებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნია ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური თვისებები, აქტიურია სხვადასხვა მიკრობების: სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების, ნაწლავის და დიფტერიის ჩხირების მიმართ. ალოეს კარგი ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები აქვს, გამოჰყავს რადიაციის პროდუქტები. ალოე ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში, კარგი ბიოსტიმულატორია, ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას.
ალოეს წვენი ამაღლებს იმუნიტეტს.
გამოყენება მედიცინაში
საფენების სახით ნედლ წვენს იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების, ტროფიკული წყლულების, დამწვრობების, აბსცესების, ფურუნკულების სამკურნალოდ. თმის ცვენის დროს მას ღვინოსთან შერეულს იდებენ ან ალოესა და ძმრის ნარევით იბანენ თავს. ალოეს წვენის კომპრესები დასხივებით გამოწვეული თავის დერმატიტის დროს აუმჯობესებს ქსოვილის აღდგენას და თმის ზრდას.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ალოეს ახლადგამოწურულ წვენში დასველებულ ტამპონს საშოში ათავსებენ საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
ამჟამად ალოეს სხვადასხვა პრეპარატს თვალის პრაქტიკაში იყენებენ, ასევე იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ანემიის, დასხივების, პირის ღრუს ანთებითი დაავადებების და სხვ. დროს.
იყენებენ ფილტვების ტუბერკულოზის დროს, კლიმაქტერულ და პოსტკლიმაქტერულ პერიოდში, ამენორეის დროს. ექსტრაქტი გამოიყენება როგორც არასპეციფიკური საშუალება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქალური დაავადებების, კანის ტუბერკულოზიური წყლულების, სკლეროდერმიის, პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებების დროს.
სამკურნალო პრეპარატები
ალოეს წვენს ან ნედლ ფოთლებს გარეგანი გამოყენების დროს სამკურნალო ეფექტი აქვს დამწვრობების, ტროფიკული წყლულის, ინფექციური დაავადების, ოსტეომიელიტის, აბსცესის, ფლეგმონის, მწერის ნაკბენის და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს. გამოიყენეთ საფენების (1-2ჩ.კ) და მოსხურების სახით ჭრილობებზე და დამწვრობებზე.
მიიღეთ გასტრიტის, ენტერიტის, კუჭშეკრულობის დროს 1 ჩ.კ. 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან 2 თვემდე.
ალოე რეკომენდებულია როგორც საფაღარათო საშუალება. ამ მიზნით ალოე ასე მზადდება: 150 გრ. ალოეს ფოთლებს (ეკლიანი კიდეები მოაჭერით) დააქუცმაცეთ ხელით და დაასხით 300 გრ. ცხელი თაფლი (თალი ადუღებამდე არ მიიყვანოთ). დააყენეთ დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ გააცხელეთ, გაწურეთ და მიიღეთ 5-10 გრ. დილით, ჭამამდე 1 საათით ადრე.
მწვავე რინიტის განვითარების შესაჩერებლად ჩაიწვეთეთ ალოეს წვენი თითოეულ ნესტოში 5-8 წვეთი დღეში 3-ჯერ 3-5 საათის ინტერვალით. ნედლი ფოთლების წვენი გამოიყენება ნევრალგიის, თავის ტკივილის და სხვა დაავადებებისას. ასევე საჭმლის მოუნელებლობის დროს და მენსტრუაციის დასარეგულირებლად _ 8-10 წვეთი ერთ ჯერზე.
მიიღეთ ალოეს წვენი 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლლულოვანი დაავადების, ანემიის, ბრონქიალური ასთმის დროს, დიზენტერიის შემდეგ და ინფექციური დაავადებების წინაამღდეგ ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად.
დასუსტებული ავადმყოფებისთვის და ბავშვებისთვის შემდეგი მკვებავი მასა მოამზადეთ: 100 გრ. ალოეს წვენი, 500 გრ. კაკალი, 300 გრ. თაფლი და 3-4 ლიმონის წვენი. მიიღეთ 1 ჩ.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ალოეს წვენში დასველებული ტამპონი საშოში შეჰყავთ საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.
სახლის პირობებში ალოეს წვენი ოთახის მცენარეებიდან მიიღება. ამისთვის მსხვილი ფოთლები დააქუცმაცეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოწურეთ წვენი, სქელ ნაჭერში ან რამდენიმე ფენა დოლბანდში გაფილტრეთ და 3 წთ. ადუღეთ. გამოიყენეთ მაშინვე, რადგან შენახვისას თვისებებს კარგავს. ალოეს ექსტრაქტს თვალის დაავადებებისას, ბლეფარიტის, კონიუნქტივიტის, პიგმენტური რიტინიტის, თვალის ნერვის ატროფიის დროს იყენებენ.
უკუჩვენება
ალოეს პრეპარატების მიღება არ შეძლება ფეხმძიმეთათვის ორსულობის 7 თვის შემდეგ, ჰემოროიდული და საშვილოსნოდან სისხლდენის, კუჭ-ნაწლავის მწვავე მოშლილობის, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების და ცისტიტის დროს.
გავრცელების ადგილები
ალოეს სამშობლო სამხრეთ აფრიკაა. საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის კულტურა.
წყარო:https://samkurnalomc...i.blogspot.com/