ულამაზესი გარეული ფრინველი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული ობიექტი იყო წარსულში. მისი გავრცელების არეალი, ბოლო ხანებში შემცირდა და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მხოლოდ რამდენიმე ცალი იყო დარჩენილი მდინარე ივრის ჭალებში საგარეჯოსა და სიღნაღის რაიონებში. ამიტომ დღესდღეობით მასზე ნადირობა აკრძალულია!
დურაჯის ადგილსამყოფელი და საბუდარი ადგილებია ხშირი ეკალ-ბარდი, მაყვლიანი, ბროწეულიანი, იალღუნით დაფარული და ჩალიანი ბუჩქნარები. ასეთი ადგილები განსაკუთრებით იზიდავს დურაჯს, თუ ის მდებარეობს მდინარის ან არხის პირას. იგი არ ერიდება ადამიანს და ხშირად მის მეზობლადაც სახლდება.
დურაჯის საკვებია მცენარის კვირტები, ნორჩი ფოთლები, ბალახის თავთავი, ყოველნაირი გარეული ნაყოფი, მცენარეულობის თესლი, მწერები, ლოკოკინები და მცირე ხერხემლიანები.
გაზაფხულზე დურაჯები წყვილდებიან. მამალი დურაჯი მონოგამია, მეტად ერთგულია თავისი მეუღლისა და ოჯახისადმი. აპრილის შუა რიცხვებიდან დურაჯი იწყებს მიწაზე ბუდის გაკეთებას, რომელშიც აფენს ხმელ ბალახს და შიგ 7-9 კვერცხს დებს, ზოგჯერ კი კვერცხების რაოდენობა ორჯერ მეტია. კრუხად უმთავრესად დედალი დურაჯი ზის, მამალი კი ბუდეს დარაჯობს. წიწილების აღზრდის დროსაც მამალი დურაჯი, დედლის თანაბრად არ სცილდება მათ.
ნადირობისათვის საჭიროა თოფი და მეძებარი ძაღლი. დურაჯი საბუდარი ადგილიდან უმთავრესად დილით და საღამოთი გამოდის, მხოლოდ იგი ისეთი ფრთხილი არ არის როგორც ხოხობი, და ხშირად ამ გაუფრთხილებლობის მსხვერპლი ხდება.
მონადირეები სარგებლობენ ამ ფრინველის ასეთი გულუბრყვილო ქცევით, და თუ პირველი აფრენისთანავე სროლას ვერ მოახერხებენ, ადვილად პოულობენ მას მეორე ადგილზედაც.
დურაჯის მოსაპოვებლად საჭიროა 6-7 ნომერი საფანტი.
ნადირობა აკრძალულია