დამჭკნარი ხელები, სპეტაკი თმები,
ბაგეზე დამდნარი ღიმილის სითბო,
უსაზღვროდ კეთილი, ბავშვური თვალებით,
წარსულის ფიქრებთან დარჩენას ითხოვს,
ძილში ესიზმრება დედულ–მამულეთი,
სოფლის ორღობეებს ჩაივლის თითქოს,
მერე ჭასთან მივა, მოსვამს ცივ ჭის წყალს
და თავისი წარსულის მზეზე სულს ითბობს,
ლოცვით იღვიძებს და უფალს ეფერება
მასთან საუბარით ნატკენ გულს ირთობს
სულში სინანულის ცრემლი ეღვრება და
ფიქრებში დაეძებს დაკარგულ სითბოს,
კეთილი მოხუცი, ბავშვური თვალებით
წარსულის ფიქრებთან დარჩენას ითხოვს...
/ქეთი ალასანია/