Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

54f917ecdb8d.gif

სისხლდენა

კანის ან სხეულის საფარველის ნებისმიერ დაზიანებას ჭრილობა ეწოდება. არსებობს ღია და დახურული ჭრილობები.
ღია ჭრილობის დროს აღინიშნება კანის საფარველის მთლიანობის დარღვევა. ამასთან ერთად ხშირად ზიანდება კანქვეშ მდებარე სისიხლძარღვები და იწყება გარეგანი სისხლდენა (სისხლი იკარგება ადამიანის ორგანიზმიდან).
დახურული ჭრილობების დროს სისხლი იკარგება სისხლძარღვებიდან, მაგრამ კანის საფარველი დაზიანებული არ არის. ეს მდგომარეობა ცნობილია შინაგანი სისხლდენის სახელწოდებით.
სისხლდენის ტიპები. გულის მუშაობის შედეგად სისხლი მუდმივად მოძრაობს ადამიანის სხეულის სისხლძარღვების უწყვეტ წრეში, რათა უზრუნველყოს ადამიანის სხეულის ყველა ნაწილი საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით.
არსებობს სამი ტიპის სისხლძარღვები: არტერიები, ვენები და კაპილარები. არტერიები – ეს არის სისხლძარღვები, რომელთაც სისხლი მიაქვთ გულიდან სხეულის ყველა ნაწილში. ვენები – სისხლძარღვებია, რომელთა საშუალებით სისხლი ბრუნდება გულში. ვენებსა და არტერიებს შორის განლაგებულია ყველაზე წვრილი სისხლძარღვები – კაპილარები.
იმის მიხედვით, თუ რომელი სისხლძარღვი ზიანდება ჭრილობის დროს არჩევენ სამი ტიპის სისხლდენას – არტერიულს, ვენურს და კაპილარულს.
არტერიული სისხლდენის დროს დაზიანებულია არტერია. ამ დროს ჭრილობიდან შადრევანივით გადმოდის ალისფერი სისხლი. არტერიული სისხლდენა ძალიან საშიშია, რადგან ადამიანი სწრაფად კარგავს დიდი რაოდენობით სისხლს.
ვენის დაზიანების შემთხევაში სისხლი არის მუქი წითელი და ჭრილობიდან მდორედ მოედინება. თუმცა ვენური სისხლდენაც შეიძლება იყოს ძლიერი, მხოლოდ იმ შემთვევაში თუ დაზიანდა დიდი ვენა.
კაპილარული სისხლდენისათვის დამახასიათებელია სისხლის გამოჟონვა ჭრილობიდან. ამ ტიპის სისხლდენა აღინიშნება ფაქტიურად ნებისმიერი ჭრილობის დროს. მიუხედავათ იმისა, რომ სისხლდენა თავდაპირველად ძლიერია, სისხლის დანაკარგი შემთხვევათა უმრავლესობაში უმნიშვნელოა. ხშირად სისხლდენა თავისთავად ჩერდება. ზოგჯერ ზიანდება ერთდროულად რამოდენიმე სისხლძარღვი და სისხლდენა შერეულია.
როგორ ჩერდება სისხლდენა? სისხლი შეიცავს სპეციალურ უჯრედებს – თრომბოციტებს. ისინი ჭრილობის დროს ეკვრიან ერთმანეთს და სისხლის სხვა კომპონენტებთან ურთიერთქმედებაში ქმნის კოლტს (საცობს), რომელიც აჩერებს სისხლდენას.

გარეგანი სისხლდენა

სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვა საკმაოდ საშიშია, რადგან ამ დროს ადამინის სხეულს აკლდება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, თუ როგორია პირველი დახმარება სისხლდენის დროს.

პირველი დახმარება გარეგანი სისხლდენის დროს:

1.პირადი უსაფრთხოების დაცვა – თუ თქვენ სხეულზე გაქვთ ჭრილობები (ნაკაწრი, მცირე ზომის ღია ჭრილობა) სასურველია ისინი დაიფაროს წყალგაუმტარი საფენით მანამ, სანამ თქვენ დაიწყებდეთ დახმარების გაწევას. თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი. სასურველია დახმარების გაწევის წინ და შემდეგ დაიბანოთ ხელები საპნით.
2.ABC შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი გარეგანი სისხლდენისას საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სისხლდენის შეჩერება, თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, პირველ რიგში ჩაატარეთ ABC-ს კონტროლი: შეამოწმეთ სასუნთქი გზების გამავლობა, სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები.
3.სისხლდენის შეჩერების მეთოდები. არსებობს გარეგანი სისხლდენის შეჩერების რამოდენიმე მეთოდი:
· პირდაპირი ზეწოლა.
მოაშორეთ დაზიანებულ არეს ტანსაცმელი. დაათვალიერეთ ჭრილობა. დარწმუნდით, რომ ჭრილობაში არ არის მახვილი საგნები (მაგალითად მინის ნამსხვრევები), რომლებითაც შეიძლება თქვენ დაზიანდეთ. მოახდინეთ ზეწოლა ჭრილობაზე თითებით ან მტევნით. სასურველია ჭრილობა წინასწარ დაფაროთ სუფთა საფენით. მაგრამ ნუ დაკარგავთ დიდ დროს ამ საფენის მოსაძებნად. თუ ჭრილობაში არის უცხო სხეული, არ ამოიღოთ (უცხო სხეულის ამოღებისას შეიძლება გაძლიერდეს სისხლდენა ან გაღრმავდეს დაზიანება). სისხლდენის შეჩერების მიზნით მიიტანეთ ჭრილობის კიდეები უცხო სხეულთან და მოახდინეთ ზეწოლა უცხო სხეულის გარშემო;
სხეულის დაზიანებული ნაწილის (ხელის ან ფეხის) ზემოთ აწევა.
თუ შესაძლებელია, ასწიეთ დაზარალებულის დაზიანებული კიდური გულის დონეზე ზემოთ. ამით შემცირდება სისხლის ნაკადი დაზიანებულ არეში, რაც შეუწყობს ხელს კოლტის განვითარებას და სისხლდენის შეჩერებას. კიდურების მაღლა აწევა არ არის რეკომენდირებული თუ კიდური შეშუპებულია, დეფორმირებულია ან მტკივნეულია, რაც მიუთითებს მოტეხილობის ან ამოვარდნილობის შესაძლებლობაზე;
· დამწოლი ნახვევის დადება.
ჭრილობაზე დადებული სუფთა საფენის ზემოთ დაადეთ დამწოლი ნახვევი. ნახვევი უნდა დაადოთ მჭიდროდ, მაგრამ ისე, რომ არ დაირღვეს სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ. თუ სისხლი ჟონავს დამწოლი ნახვევიდან, ზემოდან დაადეთ მეორე ნახვევი. თუ ჭრილობაში არის უცხო სხეული, მოათავსეთ რამოდენიმე საფენი უცხო სხეულის გარშემო მანამ, სანამ დამწოლი ნახვევის დადებისას ზეწოლა უცხო სხეულზე არ მოხდება. დამწოლი ნახვევის დადების შემდეგ აუცილებელია შეამოწმოთ პულსი და მგრძნობელობა (შეეხეთ დაზარალებულის კანს ნახვევის ქვემოთ და კითხეთ, გრძნობს თუ არა ამას დაზარალებული). პულსისა და მგრძნობელობის შემოწმება აუცილებებლია ყოველ 10 წუთში ერთხელ სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე, შესაძლებელია სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ დაირღვეს;
თუ ნახვევის ქვემოთ პულსი და მგრძნობელობა არ არის და განვითარდა შეშუპება, კანი გახდა მკრთალი და ცივი, დამწოლი ნახვევის ქვემოთ სხეულის ნაწილი დაუბუჟდა, გაქრა პერიფერიული პულსი, შეხსენით ნახვევი და დაადეთ ის ნაკლებ მჭიდროდ;

2018313f71e4.jpg

არაპიდაპირი ზეწოლა სპეციალურ ზეწოლის წერტილში.თუ პირდაპირი ზეწოლა და კიდურების აწევა შედეგს არ იძლევა, შეიძლება არაპირდაპირი ზეწოლის გამოყენება სპეციალურ ზეწოლის წერტილებში. ამ დროს მცირდება სისხლის მიწოდება დაზიანებული არეს ქვევით.
თუ სისხლდენა არის ხელიდან, მოძებნეთ პულსი მხრის შიგნითა ზედაპირის შუა მესამედში, იღლიასა და იდაყვს შორის. პულსის მოძებნის შემდეგ, მოახდინეთ ზეწოლა თითებით ამ წერტილზე.
თუ დაზიანება ფეხზეა, მოძებნეთ პულსი ბარძაყის არტერიაზე საზარდულის მიდამოში, მუცელსა და ბარძაყს შორის. ზეწოლა მოახდინეთ ხელისგულით. ბარძაყის არტერიის ზომის და გარშემო ქსოვილების გამო, ამ მიდამოზე ზეწოლა მოითხოვს გაცილებით დიდ ძალას. ზეწოლის წერტილებში ზეწოლა მოახდინეთ მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ლახტი სისხლდენის გასაჩერებლად. ლახტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანების და სისხლდენის გაძლიერება;
დაზარალებულის მდებარეობა.
სისხლდენის გასაჩერებლად დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები (ჩაუდეთ ფეხებს ქვეშ ბალიში). ამ მდებარეობაში მცირდება სისხლის დინება ფეხებისკენ და სისხლი მეტი რაოდენობით მიედინება ადამიანის სხეულის მნიშვლელოვანი ნაწილებისაკენ (მაგალითად, ტვინში, გულში). ამით თქვენ აიცილებთ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას;
დააფიქსირეთ კიდური, ისე როგორც მოტეხილობის შემთხვევაში;
დროულად გამოიძახეთ სამედიცინო სამსახური.სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე სასურველია დაზარალებული იწვეს ზურგზე და ფეხები ზემოთ ჰქონდეს აწეული. 10 წუთში ერთხელ შეამოწმეთ, ხომ არ დაირღვა სისხლის მიმოქცევა დამწოლი ნახვევის ქვემოთ.

გახსოვდეთ!
განსაკუთრებით საშიშია არტერიული სისხლდენა, რადგან ადამიანი სწრაფად კარგავს დიდი რაოდენობით სისხლს.
არ არის რეკომენდირებული დაზიანებული კიდურის ზემოთ აწევა, თუ კიდური შეშუპებულია, დეფორმირებულია ან მტკივნეულია, რაც მიუთითებს შესაძლო მოტეხილობის ან ამოვარდნილობის არსებობაზე.
სისხლდენის შეჩერებისას ზეწოლის წერტილებში ზეწოლა მოახდინეთ არაუმეტეს 10 წუთისა.
დამწოლი ნახვევის დადების შემდეგ, აუცილებელია ნახვევის ქვემოთ პულსისა და მგრძნობელობის შემოწმება ყოველ 10 წუთში ერთხელ სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე.
ლახტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანების და სისხლდენის გაძლიერება.


შინაგანი სისხლდენა

შინაგანი სისხლდენა ძალიან სერიოზული და ძნელად აღმოსაჩენი დაზიანებაა. ის შეიძლება განვითარდეს ამა თუ იმ ორგანოს ტრავმის, სისხლძარღვების დაზიანების, ზოგიერთი ტიპის (ძირითადად ბარძაყის და მენჯის ძვლების) მოტეხილობის შედეგად. შემავალი ჭრილობა ასევე იწვევს შინაგან სისხლდენას. ზოგჯერ ის ვითარდება გარეგანი დაზიანების გარეშე, სპონტანურად (მაგალითად, შინაგანი სისხლდენა კუჭის წყლულიდან).
შინაგანი სისხლდენა ძალიან საშიშია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სისხლი ამ დროს არ იკარგება ადამიანის სხეულიდან, ის იკარგება სისხლის მიმოქცევის წრიდან. ამის გამო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს (ტვინს, გულს, თირკმელს) შეიძლება დააკლდეს ჟანგბადი. გარდა ამისა სისხლი, რომელიც შინაგანი სიხლდენის დროს გროვდება ადამიანის ორგანიზმის ღრუებში, იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას მათზე ზეწოლის გამო.
როდესაც ტრავმის მიღების შემდეგ აღინიშნება შოკის ნიშნები, მაგრამ არ არის სისხლის თვალსაჩინო დანაკარგი, ეჭვი უნდა მიიტანოთ შინაგან სისხლდენაზე.

შინაგანი სისხლდენის ნიშნები:
მკრთალი ფერის კანი–რადგან შინაგანი სისხლდენის დროს სისხლის დანაკარგი ძალზე მნიშვენელოვანია, ხდება სისხლის გადანაწილება და მისი დინება კანისკენ მცირდება;
ცივი, ნამიანი კანი–ასევე კანში სისხლის დინების შემცირების გამო;
ჩქარი, სუსტი პულსი – სისხლის მოცულობის შემცირების გამო გული იწყებს უფრო ხშირ შეკუმშვას, ამის გამო პულსი ხშირდება, მაგრამ ხდება სუსტი;
ტკივილი – რადგან შინაგანი სისხლდენის დროს ხდება რაიმე ორგანოს დაზიანება, დაზარალებულს ხშირადა აქვს გამოხატული ტკივილი;
წყურვილის შეგრძნება;
აგზნება, ჭირვეულობა, რომელიც შემდგომში იცვლება ცნობიერების დაბინდვითა და უგონო მდგომარეობით – ეს ნიშნები ტვინში ჟანგბადის ნაკლებობის შედეგია;
დაზიანების ადგილზე შეიძლება არსებობდეს სილსისხლჩაქცევა და შეშუპება;
დაჭიმული, შებერილი და მტკივნეული მუცელი;
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან:
-ალისფერი სისხლიანი გამონადენი სწორი ნაწლავიდან ან მუქი კუპრის ფერი განავალი;
-სისხლიანი ან ყავის ნალექის ფერის პირნაღები მასები;
სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;
ხველა სისხლიანი ნახველით;
სისხლი და გამჭირვალე გამონადენი ცხვირიდან და ყურებიდან;
კაპილარული ავსება გახანგრძლივებულია – ფრჩხილზე თითის მოჭერის შემდეგ საწყისი ფერის დაბრუნებისათვის საჭიროა 2 წმ-ზე მეტი დრო. კაპილარული ავსების გახანგრძლივება მეტყველებს მიკროცირკულაციის დარღვევაზე.
შინაგანი სისხლდენის დროს თქვენი ძირითადი მიზანია უზრუნველყოთ დაზარალებულის დაუყოვნებლივი გადაყვანა საავადმყოფოში და შეამციროთ შოკის განვითარების რისკი.

9e049e71361a.jpg

პირველი დახმარება შინაგანი სისხლდენის დროს
1.დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. შეხსენით მჭიდრო ტანსაცმელი კისერზე, გულმკერდზე, წელზე;
2.დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;
3.არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი, წამალი და სასმელი. თუ დაზარალებული გონზეა და აღენიშნება ძლიერი წყურვილის შეგრძნება, დაუსველეთ მას ტუჩები;
4.დაათბუნეთ დაზარალებული – გადააფარეთ საბანი ან ქსოვილი;
5.ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ პულსი, სუნთქვა და ცნობიერების დონე. თუ დაზარალებული კარგავს გონებას, მოათავსეთ უსაფრთხო მდებარეობაში;
6.დააკვირდით, ხომ არ აღენიშნება დაზარალებულს სისხლიანი გამონადენი. თუ ეს შესაძლებელია გაატანეთ ამ გამონადენის ნაცხი სამედიცინო სამსახურს.

acc9df66bb53.jpg

გახსოვდეთ!
შინაგანი სისხლდენა ძალიან სერიოზული და ძნელად აღმოსაჩენი დაზიანებაა.
ეჭვი მიიტანეთ შინაგან სისხლდენაზე, როდესაც ტრავმის მიღების შემდეგ აღინიშნება შოკის ნიშნები, მაგრამ არ არის სისხლის თვალსაჩინო დანაკარგი.
შინაგან სისხლდენაზე ეჭვის შემთხვევაში დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
სასწრაფოს მოსვლამდე აუცილებლად დააწვინეთ დაზარალებული, შეამოწმეთ წნევა, პულსი და ცნობიერება, მიიღეთ შოკის საპროფილაქტიკო ღონისძიებები.


წყარო: narkozi.com


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გადაიკითხეთ ძმებო


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?