Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სულგუნის ომი
 
 
217abe1c83040f09dec95608eef797f9.jpg
30-06-2014

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოსები და აფხაზები სულგუნის შექმნას ითვისებენ, ხოლო სომხები დაობენ, რომ ეს ყველი მხოლოდ ქართველებს არ ეკუთვნით(!)

მრავალფეროვანი და ორიგინალური კვებითი კულტურის შემქმნელი ქართული ეთნიკური ერთობა თავის თავში ჩაკეტილი და იზოლირებული არ ყოფილა. ქართველები შემოქმედებითად იზიარებდნენ სხვათა მიღწევებსაც, შორს რომ არ წავიდეთ, -მა-ზე დაბოლოებული კერძების სახელწოდებები (ყაურმა, ჩიხირთმა, ტოლმა, ბასტურმა...) თურქთაგან გვაქვს შეთვისებული. მაგრამ მხოლოდ ქართველი ხალხის წიაღშია წარმოქმნილი ბევრი "გასტრონომიული მოვლენა", მათ შორის, ყველის ნაირსახეობანი: თუშური გუდის ყველი, იმერული ყველი, სამცხური ყველი, ჩეჩილი, ტენილი და სულგუნი/სულუგუნი... მაგალითად, შავშეთ-იმერხევში ძირითადად ორი სახეობის ყველს ამზადებდნენ, რომელთაგან ერთ-ერთს ფშვნილაი ერქვა. მას ხის ვედროებში ინახავდნენ. ყველის ხანგრძლივად შენახვის ტრადიცია საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში გვხვდება.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, სულგუნს დასავლეთ საქართველოს მხარეებში (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, ლეჩხუმი, რაჭაში) ამზადებდნენ. სამეგრელოში სელეგინი, სელეგუნი, სიოგინი ერქვა, ზემო იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში - გვაჯილა/გვაჯილი. საქართველოში სულგუნს ამზადებდნენ აფხაზებიც. მათ სახელწოდება (აშელაგუან) მეგრელთა მეტყველებიდან ჰქონდათ ნასესხები. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, "სულუგუნი [არის] გარდაზელილი ბრტყელი ყველი". გადაზელილს უწოდებდნენ სულგუნს გურიაშიც.
შეგახსენებთ, სულგუნი არის ჩვეულებრივი "იმერული ყველი", გადახარშულ-გადაზელილი. შებოლილი და გამხმარი სულგუნი დიდხანს ინახებოდა.

სულგუნის კულტურა თავის დროზე ეთნოლოგმა ნინო თოფურიამ შეისწავლა. წერდა, რომ "მეგრული სულუგუნი საუკეთესო და გაუმჯობესებული ხარისხის პროდუქტია ყველის იმ უამრავ ნაირსახეობას შორის, რომელიც ცნობილია ჩედარიზებულ-დამწიფებული ყველის სახით (ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება იტალიური კაჩოკავალო)".
სამწუხაროდ, ქართული ეთნიკური კულტურის ამ მიღწევას კარგა ხანია სხვები გვედავებიან. ოსი და აფხაზი ავტორები საქართველოს ისტორიას ქურდავენ და ახლა ჯერი ქართულ კულტურაზეც მიდგა:

I. 1987 წელს ბათუმში ჩატარებულ ეთნოლოგთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე აფხაზმა მკვლევარმა გალინა კოპეშავიძემ (ახლა თარჯიმან-ოღლი) წაიკითხა მოხსენება იმის შესახებ, რომ სულგუნის კულტურა აფხაზთა შემონაქმედია და რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ, მეგრელებმა, მისი დამზადება აფხაზთაგან შეითვისეს.
II. ოსი ავტორები (ბორის კალოევი და სხვები) წერენ, რომ სულგუნი ქართველებმა ოსთაგან შეითვისეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოსებმა სულგუნის დამზადება საერთოდ არ იცოდნენ, მიუხედავად ამისა, ბ. კალოევი მკითხველს ატყუებს, რომ მას დასავლეთ ოსეთში (დიგორში) ამზადებდნენ. ის გაუთვითცნობიერებელ მკითხველს აუწყებს, რომ დასავლეთ ოსებმა დაივიწყეს სულგუნის დამზადება მონღოლთა შემოსევებისას, როცა ალან-ოსების მეურნეობა დაკნინდა. სხვაგან კი სულგუნის დასავლეთ საქართველოში შემოტანას ძველ ირანელებს მიაწერს, რომლებიც თურმე კოლხეთში დასახლებულან და საბოლოოდ ქართველთა შემადგენლობაში შესულან.

ჰალუცინაციები არგუმენტებად

კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ ძველი ისტორიის ვერც ერთი სპეციალისტი კოლხეთში ირანელთა დასახლებას ვერ დაასაბუთებს. მდიდარი ირანული კულტურისგან ქართველი ხალხი დიდად დავალებულია, ბევრი რამ ისწავლეს ცივილიზებული მეზობლებისგან, მაგრამ სულგუნის დამზადება ქართველებს არავისგან უსწავლიათ.
ოს ავტორებს მოჰყავთ მათი თანამემამულის, ვასილ აბაევის ნაშრომი. თუმცა იგი მხოლოდ სიტყვა სულუგუნის ეტიმოლოგიას უკავშირებს ოსური ენის დიგორულ დიალექტს. ვასილ აბაევმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ლექსიკური ერთეულის პირველი შემადგენელი სიტყვა სულუ ოსური ენის დიგორულ დიალექტზე შრატია. ამ სიტყვების ავტორს ავიწყდება, რომ სულგუნი/სულუგუნი სალიტერატურო ქართულ ენაზე გამოითქმის, ხოლო მეგრულ მეტყველებაში ის გამოითქმის როგორც სელეგინი/სელეგუნი/სიოგინი. ხოლო თუ ლექსიკური ერთეულის მეორე კომპონენტი არის გინი, მაშინ პირველი კომპონენტია არა სულუ, არამედ სიო/სილო/სელე და მას დიგორული დიალექტის სულუსთან კავშირი არ აქვს. მეტიც, სულგუნი არ მზადდება შრატისგან, ეს სითხე მხოლოდ ყველის დამზადების შემდეგ რჩება. სინამდვილეში სიოგინი/სილოგინი/სელეგინი მეგრული მეტყველების წიაღშია წარმოქმნილი - სირსოუა ნიშნავს ჭყლეტას, სრესას, ხოლო გინი/გინო - აქეთ-იქით, გაღმა-გამოღმას. ამდენად, მეგრული სიტყვა სიოგინი/სილოგინი/სელეგინი პირდაპირ ნიშნავს დასრესილ და აქეთ-იქით გადადებულ ჭყინტ მოხარშულ ყველს.
საინტერესოა, სულგუნის რაჭაში, ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში გავრცელებული სახელწოდება - გვაჯილაც ოსთაგან ჰქონდათ ქართველებს შეთვისებული?

რაც მთავარია, ოსებმა საერთოდ არ იცოდნენ ყველის ასეთი სახეობის (მოხარშული და გადაზელილი) დამზადება. გამოდის, ქართველებმა მისი დამზადება ოსებისგან ისწავლეს, ოსებმა კი დაკარგეს...
მაგრამ ახლა ოსმა ავტორებმა უკვე იმის წერაც დაიწყეს, რომ სულგუნის დამზადება არასდროს შეუწყვეტიათ და ქართველთა მიერ ოსთაგან სულგუნის შეთვისების ახალი თარიღიც შემოგვთავაზეს. მოსკოვში დაბეჭდილ წიგნში ჟცტნბყს (გვ.138) პირდაპირ წერია, რომ ეს XX საუკუნის დასაწყისში მოხდა. ტექსტის ამ მონაკვეთის ავტორს სულგუნის დამზადების ტექნოლოგიაზეც არ აქვს წარმოდგენა. თურმე სულგუნი შრატისგან მზადდება.

სხვისი ისტორია, სხვისი რძე და სხვისი ყველი

აფხაზთა შორის სულგუნი სამეგრელოდან რომ გავრცელდა, ამას მისი სახელწოდებაც ამტკიცებს: აშელაგუან მეგრული სელეგინის ფონეტიკური ვარიანტია. სულგუნი თუ აფხაზთა მიერაა შექმნილი, რატომ არ იცოდნენ მისი დამზადება მათმა ენობრივად და ეთნიკურად მონათესავე ადიღე-ჩერქეზ-ყაბარდოელებმა და უბიხებმა? სულგუნი სცოდნია მხოლოდ აბაზების აშხარელთა ეთნოგრაფიულ ჯგუფს, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროდან ჩრდილოეთ კავკასიაში XVII საუკუნეებში გადასახლდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში შენიშნულია, რომ აშხარელი აბაზები სულგუნის ტიპის ყველს საკუთრად არ მიიჩნევენ. აშხარელ აბაზებში სულგუნი შეიტანა 1864 წელს ფსხუდან გადასახლებულმა აფხაზთა ჯგუფმა (105 ოჯახი, 736 სული).

ხარისხიანი სულგუნი მხოლოდ ძროხისა და კამეჩის რძისგან მზადდება. აფხაზებში კი მესაქონლეობა მეორეხარისხოვანი იყო. ისინი ძირითადად მეთხეობას მისდევდნენ და თივის დამზადების ტრადიციაც კი არ გააჩნდათ. მთავარი კი ისაა, რომ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს (ეთნოსებს) ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო, კლიმატი კარნახობდა კულტურის ამა თუ იმ ფორმის შექმნას. ამ მხრივ სულგუნი ანუ გადახარშულ-გადაზელილი ყველი მხოლოდ კოლხური კულტურაა. კოლხეთში მთელი ისტორიის განმავლობაში ტენიანობის სიჭარბე იყო. გადახარშული და გადაზელილი ჩვეულებრივი ყველი, ან კვამლში და მზეზე გამოყვანილი და გამომშრალი დიდხანს, ჩვეულებრივ, ერთი წლის განმავლობაში ძლებდა და კვებით თვისებებს არ კარგავდა.

მეურნეობის რა ყაიდის მიმდევარ ხალხს უნდა შეექმნა სულგუნის კულტურა? - რა თქმა უნდა, მიწათმოქმედ და არა იმ ხალხს, რომლის საქმიანობის მთავარ სფეროს მეცხოველეობა შეადგენდა. ქართველები უძველესი მიწათმოქმედი ხალხია, საქართველოში მიწათმოქმედება და მესაქონლეობა სიმბიოზურად იყო წარმოდგენილი. მაღალი დონის მიწათმოქმედება მესაქონლეობის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან გამწევი ძალის გარეშე მიწათმოქმედებას მხოლოდ პრიმიტიული ხასიათი ექნებოდა.

მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე მესაქონლე ხალხებს არ სჭირდებოდათ მეცხოველეობის პროდუქტების დიდი რაოდენობით დამზადება და ხანგრძლივად შენახვა. ხოლო მიწათმოქმედ ხალხებში, რომლებსაც პირუტყვი შეზღუდული რაოდენობით ჰყავდათ, ამგვარი პრობლემა იდგა, მით უმეტეს, კოლხეთის დაბლობში - აქ სინესტე მეცხოველეობის პროდუქტების ხანგრძლივად შენახვის საშუალებას არ იძლეოდა. შეზღუდული მესაქონლეობის პირობებში კი ხალხს გვიან შემოდგომიდან, ლაქტაციის შეწყვეტის თუ შემცირების გამო, ადრე გაზაფხულამდე, რძისა და რძის პროდუქტების დეფიციტიც ჰქონდა. ამ დეფიციტის შევსების წყარო კი იყო სწორედ რძის პროდუქტების, ამ შემთხვევაში, ყველის დამზადების ახალი ტექნოლოგიების ძებნა, რასაც ქართველმა მეურნემ ხანგრძლივი დაკვირვებისა და შემოქმედებითი ძიების პროცესში მიაგნო და შექმნა ყველის ისეთი ნაირსახეობა, როგორიცაა სულგუნი.

აფხაზურ-ადიღეური მოდგმის ხალხები და ოსების წინაპარი ალანები ისტორიულად ხელშესახებ პერიოდში ბინადარი ცხოვრებისა და ამასთან ერთად მიწათმოქმედების მიმდევარი არ ყოფილან. ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ადიღეური ტომები ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, რაც ნიშნავს, რომ მათ შორის პრიორიტეტული მეცხოველეობა იყო. მეცხოველეობის პროდუქტები კი საკმარისი რაოდენობით ჰქონდათ და მათ წინაშე რძის პროდუქტის - ყველის ხანგრძლივად შენახვის პრობლემა არ იდგა; არც ისეთ ბუნებრივ-გეოგრაფიულ, კლიმატურ პირობებში ცხოვრობდნენ, რომ მისი ხანგრძლივად შენახვის ტექნოლოგიის შემოღებაზე ეფიქრათ.
ასე რომ, სულგუნი დასავლურქართული კულტურაა/პროდუქტია, კოლხეთის დაბლობში შექმნილი და არა აფხაზური და ოსური.

აბჭოური ძალადობა - მეზობლური "არგუმენტი"?!

2013 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სულგუნზე ოფიციალური პრეტენზია აქვთ სომხებს. ისინი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურაში სულგუნის ქართული კულტურისადმი მიკუთვნებას ეჭვქვეშ აყენებენ და საჩივარში აღნიშნავენ, რომ "სულგუნი არ წარმოადგენს ქართული წარმოშობის ყველს, რადგან ის იწარმოებოდა მთელ საბჭოთა კავშირში"(!) და მიუთითებენ, რომ "საბჭოთა კავშირის პერიოდში პროდუქციის საწარმოებლად გამოიყენებოდა სახელმწიფო სტანდარტები, ე.წ. "გოსტ", რომელიც მთელი ქვეყნისთვის საერთო იყო". ანუ, იმის გამო, რომ საბჭოთა დროს პროდუქციაზე საქართველოს ცალკე "გოსტი" არ ჰქონია, სულგუნი ქართული ეთნიკური კულტურის ნაწილად არ უნდა მიიჩნიონ!

საბჭოთა პერიოდში თუ ქართველი ხალხის დაუკითხავად სულგუნს სომხეთისა და რუსეთის ყველის ქარხნები აწარმოებდნენ, ამით დასტურდება, რომ ის მხოლოდ ქართული ეთნიკური კულტურის ელემენტს არ წარმოადგენდა? განა ქართველი ხალხისგან ვინმე ნებართვას აიღებდა მაშინ მის წარმოებაზე?! სამართლიან საერთაშორისო არბიტრაჟს კი უნდა ვურჩიოთ, სულგუნის დამზადებას დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი), ქართველ გლეხთა სახლებში დაესწროს. საამისოდ სომხეთის სოფლებიც მოიარონ. მოინახულონ თბილისისა და ერევნის, ზუგდიდისა და კიროვაკანის, ქუთაისისა და ლენინაკანის ბაზრებიც, სადაც გლეხები, ბუნებრივია, შინ დამზადებულ ყველს ჰყიდიან. 1890-იანი წლებიდან საქართველოში დამზადებული სულგუნი ფოთიდან დასავლეთ ევროპაში დიდი რაოდენობით გადიოდა გასაყიდად. იქნებ სომეხმა მეცნიერებმა სომხეთიდან ექსპორტად გასული სულგუნის დამადასტურებელი რაიმე საარქივო დოკუმენტიც გვიჩვენონ.

აშკარაა, სომხები ევროკავშირში რუსების მითითებით ჩივიან. დაახლოებით ერთი წლის წინ НТВ-ზე გადაიცა სიუჟეტი მსგავსი ტექსტით, რომელშიც ნაჩვენები იყო სოჭის ბაზარი, რომლის დახლებსაც სულგუნი ამშვენებდა. სიუჟეტის ავტორი კითხვას სვამდა: ნახეთ, რამდენი სულგუნი იყიდება სოჭის ბაზარში, რატომაა ის ქართული პროდუქტი და რატომ უნდა დაარეგისტრიროს ევროკავშირმაო? სამწუხაროდ, ეს ფაქტი ყურადღების მიღმა დარჩა, თორემ გაირკვეოდა, რომ სოჭის ბაზარზე სულგუნი სამეგრელოდან იყო შეტანილი.
საინტერესოა, სულგუნის, ჩურჩხელის, ჩეჩილი ყველისა და გუდის ყველის შემდეგ ქართული კულტურის კიდევ რომელი მიღწევის მითვისებას შეეცდებიან ჩვენი დაუძინებელი მეგობრები?


a9b08f345e69920852b8be8ffeae8cf7.jpg"მოკითხვა" ბეირუთიდან

1990 წლიდან აშშ-ის ბაზარზე, კალიფორნიაში მოქმედი ლიბანური ფირმა  Karoun Dairies-ი მრავალი დასახელების რძის პროდუქტს უშვებს. ბრენდების საფირმო ჩამონათვალში კომპანიის საიტზე მრავალი დასახელებაა ჩამოთვლილი პროდუქტის ტიპისა და მისი წარმოშობის რეგიონის მიხედვით, რომელთა შორის საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები, სულგუნი კი შეტანილია რუსული წარმოშობის პროდუქციაში.
სათავო კომპანიის სხვა საიტზე განმარტებულია, რომ მაგალითად, ხმელთაშუაზღვისპირული ყველის საგანგებო ასორტიმენტი რეალურად არის ტრადიციული სომხური ყველი, რომლებიც ბაღდასარიანების ოჯახის "კარუნის ყველის" მაღალი ხარისხის რეცეპტებით არის დამზადებული. ოჰანეს ბაღდასარიანმა ახლანდელი ფირმის წინამორბედი Laiterie Karoun-ი ბეირუთში 1931 წელს დააფუძნა.

როლანდ თოფჩიშვილი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

იბეჭდება შემოკლებით, ვრცლად იხილეთ ჟურნალი "ისტორიანი" #7

კვირის პალიტრა


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ესენი რა  ხალხია  რა. თავისი  შექმნან ამ ჩემისებმა, სულ სხვების ნაჩალიჩარზე როგორ უკავიათ თვალი ??? სულმნათმა ილიამ როდის დაწერა ქვათა ღაღადი?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დაერხათ ბიჭებს. საქართველოს კუთვნილებად დაპატენტდა და აწი რომ გასკდენ ,სულგუნს  ვეღარ მიითვისებენ


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?